Menu
RSS

კორონაგეტოს ქრონიკები _ ვის და რატომ აწყობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

„ჯოჯოხეთის მეცხრე შრე და კუპრის თუხთუხი“ ანუ რა პოლიტიკური ფასი აქვს COVID 19-ს

ხმა იმის შესახებ, რომ პლანეტა მალე მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგებოდა, ბევრს მითი ეგონა. ვიღაცებმა ჩვენი პატრიარქის ქადაგებაც, მეორედ მოსვლა მოახლოებულიაო, რელიგიურ ფანატიზმად მონათლეს, მაგრამ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს შეიქმნა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე მსოფლიო ომიც დაწყებულია და მეორედ მოსვლაც. ეგაა ოღონდ: ანტიქრისტე ვირუსის სახით მოგვევლინა, ვირუსისა, რომელსაც მეცნიერებმა COVID 19 უწოდეს და რომელმაც თითოეული დედამიწელის ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ერთი სიტყვით, ყველა _ პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპერტებით დაწყებული, სოციოლოგებითა თუ მარკეტოლოგებით დამთავრებული თანხმდება, რომ მას შემდეგ, რაც კორონაპანდემია ჩაცხრება, დედამიწა ახალ რეალობაში „გაიღვიძებს“. როგორი იქნება ეს რეალობა? _ ამის თქმა დანამდვილებით არავის შეუძლია, თუმცა უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ პოსტპანდემიურ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყოს. იმის თქმა, რომ ამ ახალ გადანაწილებაში საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია ექნება, ცხადია, არ შეიძლება და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებთ, რომ წილხვედრობის გამო, სამყაროს ღერძი და ჭიპი გავხდებით, მაგრამ ის კი შეიძლება მოხდეს, რომ ახალი კორონავირუსის ბრძოლის ქრონიკებში, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდეს, რომელი ქვეყნებიც 21-ე საუკუნის ჭირს, „ზარბაზნებითა და მეზარბაზნეებით“ შეიარაღებულნი დახვდნენ!

დიახ, ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: პირველი ინფიცირებულის გამოვლენის დღიდან, ქართული სახელმწიფოს მესვეურები ჩვენი გენიალური ეპიდემიოლოგების მითითებებს ზედმიწევნით იცავენ და, შესაბამისად, „კოვიდ 19“-თან ბრძოლაც ამ დრომდე ეფექტურად მიმდინარეობს ანუ ის, რაც ვერ მოახერხეს განვითარებულმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, მაგალითად, იტალიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა, მოახერხა და შეძლო საქართველომ _ 17 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსის შიდა, ესე იგი, მეოთხეული გავრცელების ერთი შემთხვევაც არ არის დაფიქსირებული. 

ამას გარდა, საქართველო არც იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც კორონათი ინფიცირებულებს პირდაპირ ხვრეტენ. ამ მხრივ კი მსოფლიო, კიდევ ერთხელ, ჩრდილოეთ კორეის ბელადმა გააოცა. 

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კორონავირუსთან საბრძოლველად საკმაოდ რადიკალური და სასტიკი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ბრძანებით, უნდა ესროლონ ყველას, ვისაც „კოვიდ 19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი ექნება“, _ იუწყება მსოფლიო მედია. 

სხვათა შორის, გარკვეული სადამსჯელო ღონისძიებები საქართველოშიც მოქმედებს ანუ პირი, რომელიც თვითიზოლაციის წესს დაარღვევს, პატიმრობით დაისჯება. 

„კარანტინის დამრღვევი მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, გარკვეული სანქციები, მათ შორის, პატიმრობაც დაწესდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობის ლიდერს დაავალა, კარანტინის წესების დამრღვევი ადამიანებისთვის სპეციალური კანონპროექტი შემუშავდეს. 

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, მალე გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა სანქციებზე იქნება საუბარი. 

მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ცვლილებები ადმინისტრაციულ ნაწილშიც შევიდეს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, შესაძლოა, ცვლილებები გულისხმობდეს პატიმრობასაც. 

ამ მკაცრი მექანიზმების მიღება აუცილებელი იმიტომაა, რომ თავიდან იყოს აცილებული კორონავირუსის გავრცელების ყველა გზა“, _ ეს ინფორმაცია, 17 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსმა“ გაავრცელა. 

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, რასაკვირველია, პოლიტიკური დღის წესრიგიც შეიცვალა და შესაბამისად, იგივე 8 მარტის მემორანდუმიც, რომლითაც ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების 120/30-ზე ჩატარების სისტემაზე შეთანხმდა, პრაქტიკულად, აღარავის ახსოვს ანუ პოლიტიკური ელიტის მთავარი სალაპარაკო კორონავირუსია და ყველა, ვისაც არ ეზარება, ამ თემაზე საკუთარ აზრებს „აფრქვევს“. 

აი, მაგალითად, ოპოზიციონერმა და იაპონიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„არავის დაფრთხობას ვცდილობ, მხოლოდ ხმამაღლა ვფიქრობ ჩემის მოკლე ჭკუითა: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს საყოველთაო კარანტინი, მიმოსვლის აკრძალვა და ნაჭუჭში ჩაკეტვა? 

წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის წვრილი და საშუალო ბიზნესი შეიძლება ყველაფერ ამას შეეწიროს. მსხვილსაც არ დაადგება კარგი დღე. 

ხალხს და, განსაკუთრებით საქართველოში, არ აქვს დაგროვილი ფული, რომ დიდხანს გაუძლოს ამ უძრაობას. 

ღარიბებში, უბრალოდ, შიმშილი დაიწყება. შიმშილს კი კრიმინალის ზრდა მოჰყვება. მზად არის ქვეყანა ასეთი გამოწვევისთვის? 

საერთოდ, არის ექსტრიმისთვის მზად? 

ტრანსპორტის გაჩერება, ბიზნესის დახურვა და სახლში ჩაკეტვა გამოსავალი არ არის. პირადი ჰიგიენის, დისტანციის დაცვა და რისკჯგუფების იზოლირება არის გამოსავალი. 

ვირუსი მოგკლავს, შიმშილი თუ ყაჩაღის ტყვია, რა მნიშვნელობა აქვს? 

გავიმეორებ: არავის შეშინებას არ ვცდილობ, მაგრამ ბიზნესის, განსაკუთრებით წვრილი და საშუალოს კოლაფსმა, შეიძლება, კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს“. 

ძნელია, ბატონ გამყრელიძეს არ დაეთანხმო: მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, ბოლოს კორონავირუსი მოგვიღებს თუ შიმშილი? 

აი, ამ დრამატული მოცემულობის ფონზე კი ზოგიერთი ოპოზიციური დაჯგუფება დაჟინებით ითხოვს, უფრო სწორად, სვამს კითხვას, თუ რატომ არ აცხადებს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას? 

მოდი, ჯერ ის გავარკვიოთ, თუ რა არის და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, ესე იგი, ერთგვარად, კომენდანტის საათი. 

„გვექნება თუ არა ქუჩაში გასვლის უფლება და სხვა რა შეზღუდვები დაგვიწესდება საგანგებოს გამოცხადების შემთხვევაში?“ _ ამ კითხვებით „ჰოთნიუსმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, მერაბ ქართველიშვილს მიმართა, რომელმაც სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა: 

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არეგულირებს შესაბამისი კანონმდებლობა, საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი, რომელიც მიუთითებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზნებზე -რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოცხადებული ასეთი მდგომარეობა. 

ერთ-ერთი ასეთი მიზანი, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის და ა.შ. გარდა, არის ეპიდემია, როდესაც სახელმწიფოს ეძლევა უფლებამოსილება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ასეთ დროს, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან რომელიმე ნაწილზე. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებას, პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება და ამის შემდეგ ამოქმედებულად ითვლება, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე, პარლამენტში უნდა შეიტანონ დასამტკიცებლად. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, წყდება საგანგებო მდგომარეობა. 

კანონში პირდაპირ არის ჩამონათვალი, რა შეუძლია გააკეთოს მოსახლეობამ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოიცემა დეკრეტი, სადაც შეუძლიათ საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი უფლებების შეზღუდვა. სავარაუდოდ, ეპიდემიის საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, შეიზღუდება ისეთი უფლებები, როგორიცაა მიმოსვლის, თავისუფლად გადაადგილების უფლება; აქციის გამართვის, საზოგადოებრივი თავშეყრის უფლება. თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს გარეშე დაუშვებელია, მაგრამ თუ გამოცხადდა დეკრეტი, ასეთ მიდგომებზე შეიძლება პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების მიზნით, სასამართლოს გარეშეც მოხდეს ეს. შს და თავდაცვის სამინისტროები იქნებიან პასუხისმგებელნი ამ აქტების აღსრულებაზე, სავარაუდოდ, თუ პრემიერი ან პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, ასეთ დროს, თავდაცვის ძალების დახმარებაც ხდება ხოლმე საჭირო. 

შესაძლებელია, დეკრეტში ჩაიწეროს, რომ სახლიდან გასვლა დაუშვებელია, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობისა, რომელზეც კონკრეტული დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული და ამის გამო ქუჩაში გასვლის უფლება მოგვეცეს. რას ჩაწერენ დეკრეტში, ეს ჯერ არ ვიცით. შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა მოერგოს კონკრეტულ ვითარებას. 

იტალიის გარდა, საგანგებო ვითარება გამოაცხადა დანიამ, მიუხედავად იმისა, რომ დანიაში იტალიის მსგავსი ვითარება არაა, პრევენციის მიზნით, მაინც გააკეთა ეს. 

არ მგონია, პანდემიის გამო გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიური აფეთქების საფრთხის დროს კი, ეს შესაძლებელია მოხდეს“. 

17 მარტს, პრემიერმა გახარიამ, პრინციპში, არ დამალა, რომ საქართველო კორონავირუსის ეპიდაფეთქების ზღვარზე დგას, თუმცა იქვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპზე არ განიხილება. ისე, მსოფლიოს არაერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ, ვირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად, სწორედ საგანგებო ვითარების გამოცხადება მიიჩნია. ამ ფონზე, გასაკვირი არ იქნება, რომ ჩვენი მთავრობაც ზუსტად ანალოგიურ გზას დაადგეს, თუმცა აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ისედაც დამფრთხალი მოსახლეობა, კიდევ უფრო დაფრთხება ანუ ხალხს ტერმინი _ „საგანგებო მდგომარეობა“ აშინებს, რისი მიზეზიც, ალბათ, ჩვენს კომუნისტურ წარსულში უნდა ვეძებოთ. 

კერძოდ, ყველას კარგად გვახსოვს 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილი _ მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა თავისუფლებისთვის მებრძოლი უიარაღო ქართველი გოგო-ბიჭები ამოხოცეს და რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები დააყენეს, ქვეყნის ბოლშევიკურმა მმართველობამ თბილისში კომენდანტის საათი გამოაცხადა, რის გამოც ადამიანებს ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება ეკრძალებოდათ და თუნდაც პროდუქტის საყიდლად რომ გასულიყვნენ, ლამის სპეცსაშვები იყო საჭირო. 

სხვათა შორის, საგანგებო მდგომარეობა, როგორც წესრიგის დამყარების უმაღლესი ფორმა, ჩვენს ქვეყანაში უახლოეს წარსულში ორჯერ კიდევ გამოცხადდა: ერთხელ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, მეორედ კი, 2007 წლის ასევე, სისხლიანი 7 ნოემბრის კვალდაკვალ. 

„...22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. 

შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. 

საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით, მათ დაიკავეს ასევე, სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები. შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, დაეკავებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები. 

იმავდროულად, სააკაშვილმა კვლავ მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრწანისისის რეზიდენციასთან აქციების გაგრძელებით დაიმუქრა. 

23 ნოემბერს, 20:00 საათზე, გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. 

პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა. 

24 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა“, _ ესაა ამონარიდი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ქრონიკებიდან. 

რაც შეეხება 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, ამის შესახებ ინტერნეტარქივში წერია: 

„7 ნოემბერს, დილით, საგანგებო ბრიფინგზე, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაქცეულიყო. მისი თქმით, აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა. 

„დიახ, ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის კანონის მოთხოვნა. 2 ნოემბრის შემდეგ არანაირი ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე არ მოძრაობდეს, არ არსებობდა“, _ განაცხადა უგულავამ. 

იმ დროს, სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა დაგმო დილით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის, მათ შორის, მოშიმშილეების დარბევის ფაქტი. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია განაახლა. 

პარლამენტის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე დაიკავეს. 

იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიცია ხელკეტებით უსწორდებოდა მომიტინგეებს, რომლებიც სამანქანო გზის დაკავებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, რომლებმაც მოგვიანებით დატოვეს ტერიტორია. 

დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოიქცა. 

„ეს იყო ქუჩის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობა. მათ აქვთ შესაძლებლობა, განაგრძონ აქცია ქუჩის გადაკეტვის გარეშე“, _ განაცხადა მან. 

პოლიციამ აქციის დასაშლელად, პარლამენტის წინ, ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისაგან განთავისუფლება და ქვეყანა აგრძელებდა „ჩვეულებრივად და ნორმალურად ფუნქციონირებას“. 

„ძალის გამოყენებით გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, შესაბამისად, იქნა მიღებული სპეციალური ზომები რუსთაველის ქუჩის გასახსნელად. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, დასავლური ცრემლსადენი გაზი, რომელი გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი დემონტრაციების დასაშლელად, ის, რაც მოხდა დღეს“, _ განაცხადა ნოღაიდელმა. 

250-მდე ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალეს. 

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდეს ასობით მომიტინგეს, რომლებიც რიყეზე შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა რიყეზე გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მათი აქცია პარლამენტის წინ დაშალა. სამართალდამცავებმა რიყეზე შეკრებილი მომიტინგეებიც დაშალეს. 

ათასობით მომიტინგე მტკვრის სანაპიროსკენ და მეტეხის ტაძრისკენ მიმავალი ტერიტორიებისაკენ მასობრივად გაიფანტა. მათ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სდევნიდნენ; იყო მათ წინააღმდეგ ქვების სროლის შემთხვევებიც. მომიტინგეებს გზა არ გადაუკეტავთ, თუმცა მათი დაშლა მაინც დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, არეულობის დროს, 508 ადამიანი დაშავდა. 

აქციის ძალისმიერად დაშლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას განეცხადებინა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა... 

მიხეილ სააკაშვილმა, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არეულობა იგეგმებოდა. 

„ჩვენ ვიცით, რომ ალტერნატიული მთავრობა უკვე ჩამოყალიბდა მოსკოვში. ბოლო დროს, რუსეთის კონტრდაზვერვამ საქართველოში საქმიანობა გააძლიერა. რუსული კონტრდაზვერვა ცდილობს, ფეხი მოიკიდოს ზოგიერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას შორის. საქართველო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა, ბადრი პატარკაციშვილმა ღიად მოუწოდა მთავრობის დამხობისკენ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, ჩვენ მივიღებთ ყველა ზომებს, რათა აღდგეს წესრიგი თბილისის ქუჩებში და ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნდეს“, _ განაცხადა სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, რამდენიმე დიპლომატი რუსეთის საელჩოში არასასურველ პერსონად გამოცხადდა და ისინი მალე დატოვებდნენ საქართველოს. 

7 ნოემბერს, ღამით, ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიები დაარბიეს, ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინეს და აპარატურა გაანადგურეს. მოგვიანებით ტელეკომპანია „იმედს“, იმავე დღეს, ტელეკომპანია „კავკასიასაც“ შეუწყვიტეს მაუწყებლობა. 

პრეზიდენტმა იმავე დღეს გამოსცა დეკრეტი თბილისში 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით დამხობის მოწოდებებზე. 

„მხოლოდ ეს შეზღუდვები წესდება, სხვა მხრივ, სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება“, _ განაცხადა ნოღაიდელმა მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობის დროს, მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო მაუწყებლობა“. 

მართალია, დღეს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას კი არ არბევს, არამედ, „მომაკვდინებელი“ ვირუსისგან იცავს, მაგრამ მოტივაციას, თუ რა საბაბით გამოცხადდება საგანგებო, მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საგანგებოს შემთხვევაში, ადამიანების გარკვეული უფლებები და თავისუფლებები შეიზღუდება. ეს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მართლაც, ეფექტური ნაბიჯი იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები კარსაა მომდგარი, ოპოზიციას სალაპარაკო მიეცემა, საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების საშუალება არ მაქვსო. 

კულუარებში ხმა დადის, რომ საგანგებოს გამოცხადება, სწორედ ოპოზიციას აწყობს, რადგან ზემოხსენებული შეთანხმება-მემორანდუმის მიუხედავად, როგორც ექსპერტები ამბობენ, მოგებული მაინც „ოცნებაა“ ანუ ძალიანაც რომ მოინდომოს, ოპოზიცია არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევს და აქედან გამომდინარე, ალბათ, შეეცდება, რომ იგივე კორონაპანდემიაც პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, თუმცა „ვერსიის“ წყაროს თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის ანკესს არ წამოეგება და საგანგებო მდგომარეობას არ გამოაცხადებს. 

იმ ეჭვს, რომ საგანგებო ოპოზიციის ინტერესშია, ერთი გარემოებაც აძლიერებს: ოპოზიციასთან აფილირებული პირები საგანგებოს რაღაცნაირად ლობირებენ. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„ხალხო, ნუ ქმნით საგანგებო მდგომარეობისგან მეორედ მოსვლას და ნუ ხატავთ, ლამის ბოსხის ტილოებს და ქუჩაში ეგზეკუციებს! 

დემოკრატიული მმართველობის საგანგებო რეჟიმია მკაცრად აწონილი და ადრესირებული! აბა, ავტორიტარულ სისტემებს სულ არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობები, ისედაც ეგრეა სულ! 

ხვალ, შესაძლოა, საჭირო გახდეს და წინასწარ ნუ ზაფრავთ ხალხს, ვინც გარკვეული არაა! კი ბატონო, ვიდაოთ საჭიროებაზე, ხანგრძლივობაზე, შეზღუდვების ლეგიტიმურობაზე და პროპორციულობაზე, მაგრამ ჯოჯოხეთის მეცხრე შრედ წარმოსახვა და ლამის კუპრის თუხთუხის ხმა სტატუსებში, უპასუხისმგებლობა და არცოდნაა, სულ მცირე!“ 

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, საგანგებო მდგომარეობაში საგანგაშო მართლაც, არაფერია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე აშშ-მ, რომელიც დემოკრატიის ოაზისად ითვლება, საგანგებო სიტუაცია ოთხი დღის წინ გამოაცხადა. 

13 მარტით დათარიღებულ, ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტში სიტყვა-სიტყვით წერია: 

„1. საგანგებო სიტუაციების ფონდიდან გამოიყოფა 50 მილიარდი დოლარი და ყველა საავადმყოფო გაააქტიურებს საგანგებო სიტუაციების გეგმას. 

2. აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტისა და მის ხელმძღვანელის უფლებამოსილება გაფართოვდება და მას ექნება უფლება, გადახედოს სამედიცინო მომსახურების წესებს და შეამსუბუქოს რეგულაციები. 

3. გადაიხედება ექიმების ლიცენზირების კანონმდებლობა, რაც ყველა ექიმს მისცემს საშუალებას, იმუშაოს ყველა შტატში. ამავე დროს, კანონი შემსუბუქდება საავადმყოფოებისთვისაც და მათ ექნებათ საშუალება, თავად განსაზღვრონ, როგორ და სად გაუწევენ სამედიცინო დახმარებას პაციენტებს. 

4. უფრო მეტ მოქალაქეს შეეძლება, ექიმთან კონსულტაცია დისტანციურად გაიაროს. 

5. ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსის 500 000 ტესტი. 

6. ერთ თვეში კი ხელმისაწვდომი გახდება ხუთი მილიონი ტესტი. ასევე, გაიხსნება ექსპრეს-ლაბორატორიები, სადაც მოქალაქეებს მანქანიდან გადმოსვლის გარეშე შეეძლებათ ტესტის გაკეთება. 

ამასთან, მთავრობა არ ურჩევს ტესტის გაკეთებას მათ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. 

7. მთავრობა თანამშრომლობს კომპანია „გუგლთან“, რომელიც შექმნის ვებპლატფორმას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ, მიიღონ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება ვირუსზე ტესტის გაკეთება. 

8. მოხუცთა თავშესაფრებში მნახველების მიღება იკრძალება. 

9. სტუდენტურ სესხებზე პროცენტები დროებით გაუქმდება, რადგან აშშ-ში უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ნაწილი დახურულია. 

10. აშშ ისარგებლებს ნავთობის გაუფასურებით და შეისყიდის მარაგისთვის“. 

ერთი სიტყვით, მოვლენები ელვისებური სიწრაფით ვითარდება და არავინ იცის, ხვალ როგორი რეალობის წინაშე ვიდგებით, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა სპეციალისტები საქართველოში კორონავრუსით დაინფიცირებულთა ზრდას ელოდებიან. ამ ფონზე, გარკვეული ვარაუდების გამოთქმა, ალბათ, არ შეიძლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს პანიკა ჩაწყნარდება და ჩვენ, ადამიანები, ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვისწავლით, ცხადია, გავიგებთ, 2020 წლის „შავი გაზაფხული“ ვის ინტერესში შედიოდა და იგივე საქართველოში, ყველაფერ ამით რომელმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იხეირა! 

ისე, ჩვენ ვიკითხოთ, ამ კორონაგეტოს თავი როგორ დავაღწიოთ, თორემ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მაინცდამაინც არ დაზარალდებიან! აკი, ხუმრობაც კი გაჩნდა, ეს „კორონა“ „ძაან სვეცკი“ ხალხს ემართებაო. 

ჰოდა, ჯანმრთელობას გისურვებთ და კორონაგეტოში გასაძლებად, აწგანსვენებული სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩრკვიანის სიტყვებს დაგიტოვებთ: 

„ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო, 

ფრთხილად ოღონდაც, 

ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს, 

ბებერი, 

რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება 

თქვენი გოლგოთა 

და აღარავინ არ იქნება 

მიმტევებელი!“

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში