Menu
RSS

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, 40-მდე გაიზარდოს!

ინფექციონისტი: „ეს უკვე პიკია და ეპიდემიას არ ველოდებით!“

10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი _ 56. ახალი კორონავირუსის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ პანდემიის საშიშროება მთელ მსოფლიოში უკვე რეალურია, თუმცა მისივე თქმით, ეს ისეთი პანდემია იქნება, რომლის გაკონტროლებაც მოხერხდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც პროგნოზირებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი გაიზრდება და ამიტომ, მოსახლეობას მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. 

მოკლედ, ახალი კორონავირუსი ის თემაა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და აქტუალობის მიხედვით, ალბათ, ყველა რეკორდი მოხსნა. ამ ვირუსმა მსოფლიოში უამრავი ადამიანი დააავადა და 3 ათასზე მეტი იმსხვერპლა. ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და ახლა, ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებს, განსაკუთრებით იტალიას უტევს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრ მითითებასა და რეკომენდაციას გასცემს _ გადაუდებელი შემთხვევების გარდა, გადავდოთ მოგზაურობა ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვირუსი მძვინვარებს. 

შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ სხვა ქვეყნებში და მოუფრთხილდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს, რადგან რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 15-ვე დაინფიცირებული ახალგაზრდაა, სახიფათოა, რომ ვირუსი ხანდაზმულ ადამიანებზე გავრცელდეს. 

„ვერსია“ შეეცადა, ახალ კორონავირუსთან და მისგან გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გაერკვია და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტს, რევაზ მეჭურჭლიშვილს ესაუბრა:

 

_ ამჟამად, საქართველოში 15 ინფიცირებულია, ორ მათგანს პნევმონია აღენიშნება და მდგომარეობა საშუალოზე მძიმედ ითვლება ანუ მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვთ, თუმცა ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი არაა და იმედია, არც იქნება. 

_ საქართველო ეპიდაფეთქებისთვის მზადაა? 

_ ეპიდემიას არ ველოდებით. ეპიდემია იმაზე მეტი შემთხვევის დაფიქსირებას ნიშნავს, ვიდრე მოსალოდნელია. შესაბამისად, ველოდებით, რომ კიდევ იქნება რამდენიმე შემთხვევა, თუმცა ვიმეორებ: ეპიდაფეთქებას არ ველოდებით! რამდენადაა სახელმწიფო მზად ეპიდაფეთქებისთვის, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ რასაც ვვარაუდობთ, იმდენი შემთხვევისთვის მზად ვართ. 

_ თქვენი გათვლით, საქართველოში კიდევ რამდენი შემთხვევა დაფიქსრიდება? 

_ ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ 40-ზე მეტი შემთხვევა არ დაფიქსირდება. 

_ არსებული მონაცემებით, როგორ ფიქრობთ, როდის დაიხევს უკან ვირუსის გავრცელების ტემპი, ან პიკი როდის იქნება? 

_ მიმაჩნია, რომ საქართველოში პიკი უკვე არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველას კონტაქტს ეძებს და მათი იდენტიფიცირება ხდება. ახალი შემთხვევების შემოტანა, დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი აღარ მოხდება. 

ზოგი ფიქრობს, რომ დათბობა კორონავირუსზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი ეს, დათბობასთან ერთად ისე დამთავრდება, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება ხოლმე. 

_ იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს და ყველა მათგანი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული? 

_ დიახ, როგორც წინა შემთხვევის დროს მოხდა, როცა ჩინეთიდან ჩამოიყვანეს საქართველოს მოქალაქეები, იტალიიდან ჩამოყვანილებთანაც მსგავსი სიტუაციაა _ 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან. თვითიზოლაცია საფრთხის შემცველია და შესაბამისად, მაღალი რისკის დროს, კარანტინს მივმართავთ ხოლმე. 

_ გეფა-ს თანამშრომელმა არ დაიცვა თვითიზოლაციის წესი და ნიკოლოზ გამყრელიძეს ინფექცია გადასდო. ასეთ დროს, კანონი მკაცრად არ უნდა მოქმედებდეს? 

_ ეს ადამიანი იტალიიდან კი არა, ავსტრიიდან ჩამოვიდა. შესაბამისად, მიეცა თუ არა თვითიზოლაციის მითითება, არ ვიცი. რადგან სიმპტომები არ ჰქონდა, ჩათვალა, რომ არ იყო რისკის შემცველი და წავიდა სამსახურში. მისი მიზანმიმართული ლანძღვა ნაკლებადაა მისაღები, რადგან ეს მის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ყველა ადამიანს გადაუდია, ალბათ, სხვისთვის გრიპი, წითელა, ან სხვა ვირუსული დაავადება, შესაბამისად, მისი ლანძღვა არ შეიძლება. 

_ ეს ლანძღვა არაა, თან საუბარია ძალიან სახიფათო ვირუსის გავრცელებაზე! 

_ მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ის ავსტრიიდან ჩამოვიდა. მითითება ეხებოდა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულებს _ ირანს, იტალიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს. ახლა კი, ალბათ, სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. 

_ ბატონო რევაზ, სხვა ვირუსებთან დაკავშირებით როგორი მდგომარეობაა. წინა წლებში, „ღორის გრიპით“ არაერთი გარდაცვალება დაფიქსირდა... 

_ გრიპს აქვს ორი პიკი: ნოემბერ-დეკემბერი და თებერვალ-მარტი. სავარაუდოდ, მეორე პიკი ახლა უნდა იყოს. გრიპის შემთხვევები ისევ არის, თუმცა აჟიოტაჟი მიმართულია კორონავირუსულ დაავადებაზე და შესაბამისად, ის მხედველობიდან გამორჩათ. 

_ ანუ სეზონური გრიპიც საშიშია, არა? 

_ დიახ, საშიშროებას არ კარგავს და არის შემთხვევები, როცა მოდის ჩვენთან პაციენტი, ჰგონია, რომ კორონავირუსი აქვს და ანალიზით აღმოჩნდება, რომ „ა“ ან „ბ“ ტიპის გრიპი აქვს. შესაბამისად, ეს გრიპი არსად წასულა. 

_ თქვენი ვარაუდით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი როდის შეიქმნება? 

_ ებოლას საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ გადიოდა კვლევას და ბოლო ინფორმაცით, ელოდებიან დასკვნას. ეს სწრაფი პროცესი ნამდვილად არაა, რადგან ზოგადად, 15 წელი მაინც სჭირდება ხოლმე ახალი მედიკამენტის დანერგვას, ამ შემთხვევაში, ეს დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. 

რაც შეეხება ვაქცინას, ამ სეზონზე არ მოესწრება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი სეზონისთვის იქნება. 

_ ბატონო რევაზ, რა რეკომენდაციას მისცემთ ჩვენს მკითხველს: სად გადის ზღვარი სიფრთხილესა და პანიკას შორის? 

_ უნდა მოვეროდოთ ხალხმრავალ ადგილებს, შეკრებებს, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადავსებულია. ხელები ხშირად დავიბანოთ, დაბინძურებული ხელი არ მოვიკიდოთ სახის მიდამოში, საიდანაც შეიძლება, ეს ვირუსი ორგანიზმში შეიჭრას. 

ხელები დავიმუშავოთ ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით, რომელიც სადეზინფექციოდ გამოიყენება. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები ჯერ კიდევ არ ამბობენ უარს მოგზაურობაზე და ამ პანდემიის ზღვარზე, ისეთ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია უამრავი შემთხვევა, მაინც მიდიან. მესმის, რომ ბილეთები აქვთ ნაყიდი, მაგრამ მოგზაურობა მხოლოდ მათთვის კი არა, არამედ, სხვებისთვისაც საზიანოა! 

 

_ დაავადების რისკ-ჯგუფში ვინ შედიან? 

_ ასაკოვანი პირები, რადგან ასაკს ისეთი დაავადებები ემატება, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და სხვა. თანხმლები დაავადებების გარეშე, ეს ვირუსი ნაკლებად სახიფათოა. ამ ვირუსული დაავადების მთავარი სიმპტომებია: მშრალი ხველა, ცხელება, დაღლილობა და მოთენთვა. თუ ადამიანს აქვს ეპიდემიოლოგიური ანამნეზი ანუ თუ იმოგზაურა, ან კონტაქტი ჰქონდა საეჭვო შემთხვევის მქონე პირთან და ეს სიმპტომები დაეწყო, უნდა მოგვმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. 

_ როგორ გავიგოთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტაქტი ინფიცირებულთან გვქონდა, თუ არა? 

_ ამას ვერ განვსაზღრავთ, მაგრამ თუ ეს დაავადება გამოვლენილი არ აქვს ანუ ადამიანს არ აქვს ხველა და ცემინება, ბევრად ნაკლებადაა გადამდები. ახლო კონტაქტში იგულისხმება 15-წუთიანი კონტაქტი 1, ან 1.5 მეტრის დისტანციაზე. თუ ეს ადამიანი ახველებს და გამოხატული სიმპტომი აქვს, უნდა მოერიდოთ. დანარჩენ შემთხვევაში, ამ დაავადების გადადების შანსი მინიმალურია.

თათია გოჩაძე

 

დაბრუნება დასაწყისში