Menu
RSS

რონალდინიოს კრიმინალური ვნებანი

სქემა, რომლითაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს

ორი კვირაღა დარჩა და მთელი საქართველო, მინიმუმ, ერთი დღით, ფეხბურთით იცხოვრებს. მინიმუმ იმიტომ, რომ 26 მარტს, ბელორუსს რომ მოვუგებთ (სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ განიხილება), შემდეგ, 30 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უძლიერესთან გვიწევს პაექრობა და გამარჯვების შემდეგ (სხვა ვარიანტი არც აქ განიხილება), საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უეფამ ეს ერთა ლიგა ჩვენთვის მოიფიქრა, სხვაგვარად, ევროპაზე ფიქრი და ოცნება წარმოუდგენელი იყო.

ჰოდა, სანამ ერთა ლიგის ევროპის ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩები მოგვიწევს, მანამ ახალი წილისყრა გაიმართა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთა ლიგისა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა. ჩვენი გუნდი ჩ ჯგუფში, სომხეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ესტონეთთან მოხვდა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იდეალური ვარიანტია, რადგან შეიძლებოდა, ბევრად რთული მოწინააღმდეგეები გვყოლოდა და აი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს რომ მოვიპოვებთ, მერე იმავე გზით, მსოფლიოზეც შეიძლება ფიქრი. რაც შეეხება სისტემას, რომლითაც, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ: 

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპიდან 13 გუნდი ითამაშებს. მათგან 10 ნაკრები შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ მოხვდება (10 ჯგუფის პირველადგილოსნები), კიდევ 3 გუნდი პლეი-ოფიდან გავა მუნდიალზე. ეს სამი საგზური კი ასე განაწილდება: 10 ჯგუფის მეორეადგილოსან ნაკრებებს დაემატება 2 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგიდან და პლეი-ოფის სისტემით, ამ 12 გუნდიდან, 3 საუკეთესო მუნდიალის საგზურს მოიპოვებს. 

ერთა ლიგაზე შეირჩევა ის ორი საუკეთესო გუნდი, რომელიც შესარჩევ ეტაპზე, საკუთარ ქვეჯგუფში, ვერც პირველ და ვერც მე-2 ადგილებს ვერ დაიკავებს. აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, უეფას ზუსტად არ აქვს განმარტებული, თუ რა პრინციპით შეირჩევა ორი გუნდი. ოფიციალურად ნათქვამია, რომ ეს იქნება ჯგუფების გამარჯვებული ორი საუკეთესო გუნდი. იმ შემთხვევაში, თუ A და B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულ მინიმუმ, 7 ნაკრებს ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებული, ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიდან მონაწილეობს პლეი-ოფში, ამ შემთხვევაში, С დივიზიონის საუკეთესო გუნდს შეიძლება მიეცეს შანსი პლეი-ოფში თამაშისა, თუმცა ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. 

* * * 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალია დაამარცხა და რაგბი-ევროპის ჩემპიონატზე პირველობა, ოფიციალურად, ერთი ტურით ადრე დაიბევა, მაგრამ ის ერთი ტური ისეთია, ჩემპიონობას რომ გადაწონის. „ბორჯღალოსნები“ 14 მარტს, თბილისში რუსეთს ხვდებიან. თავის მხრივ, რუსეთმა ბოლოსწინა ტურში, შინ რუმინეთის არცთუ სუსტი გუნდი დაამარცხა და საქართველოშიც დიდ გულზე მოდიან, აქაოდა, ჩემპიონს უნდა მოვუგოთო. მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ჩატარდება და ადრე ნათქვამი 18.00 საათის ნაცვლად, 16.00 საათზე დაიწყება, რადგან სტადიონის განათებას პრობლემა აქვს და შემთხვევით, უშუქობის გამო, შეხვედრა რომ არ ჩაიალოს და ათასი კუდი არ გამოებას, მორაგბეები დღის სინთლეზე ითამაშებენ. 

ჰო, რაღა თქმა უნდა, ბილეთები ასი პროცენტით გაყიდულია და ანშლაგი გარანტირებულია. 

* * * 

იაპონიაში, წლის მორიგი სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო დაიწყო და პირველივე დღეს, ჩვენი ლევან გორგაძე დამარცხდა. ტოჩინოშინს ქრონიკული ტრავმა აქვს, შესაბამისად, საუკეთესო ჭიდაობის ჩვენება არ შეუძლია და მოდით, ვაღიაროთ, რომ თუ ტრავმას არ მოირჩენს, მისთვის სუმოში წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. 

ფეხის ტრავმას, მხრის ტრავმაც დაერთო და ლევანი, პრაქტიკულად, ნახევარი ძალით ჭიდაობს, ასე კი წინსვლა გამორიცხულია. 

* * * 

მაროკოში გასამართი ძიუდოისტთა „გრან პრი“, კორონავირუსის საფრთხის გამო ჩაიშალა და შესაბამისად, ჩვენი ნაკრებიც ეკატერინბურგის ტურნირზე გადაერთო. შეჯიბრი რუსეთის ქალაქში, 13-15 მარტს გაიმართება და წინასწარი ვარაუდით, იქ მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი უნდა წასულიყო, ახლა კი მას კიდევ 12 ძიუდოისტი დაემატა. 60 კგ. შაქრო შათირიშვილი, 66 კგ. გიორგი თუთაშვილი, გიორგი ბაზანდარაშვილი, 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, 81 კგ. გიორგი კაციაშვილი, გიგა გიგაური, 90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, 100 კგ. ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, +100 კგ. გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი. 

სხვათა შორის, ეკატერინბურგის გრან-პრის შემდეგ, თბილისის ჯერია და როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, ამ ტურნირს ჩაშლა არ ემუქრება, რადგან ჯერჯერობით, ყველანაირი რეკომენდაციით, შეჯიბრის ჩატარება სახიფათო არ არის. შესაბამისად, მარტის ბოლოს, თბილისში, დაახლოებით, 400 ძიუდოისტი ჩამოვა, ამას დაუმატეთ მწვრთნელები, მედ-პერსონალი და გამოვა, რომ დაახლოებით, 2 ათას კაცს ვუმასპინძლებთ. 

რადგან ძიუდოზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ მსოფლიო ჩემპიონს, ნიკა შერაზადაშვილს მირიგი პატივი დასდეს. ესპანეთში, ცნობილი საავტომობილო გიგანტის, „ტოიოტას“ წარმომადგენლობამ, ჩვენებურს ახალთახალი ავტომობილი გადასცა. შერაზადაშვილმა ფოტო სოცქსელში ატვირთა, „ტოიოტას“ მესვეურებს მადლობა გადაუხადა და... ახლა ის თავის სახელობის ქუჩაზე, ახალი მანქანით ისეირნებს. 

* * * 

კორონავირუსის გამო, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ფედერაციები აქტიურად განიხილავენ ჩემპიონატის შეჩერების საკთხს. არადა, ყველა ჩემპიონატში, მაქსიმუმ, 10 ტური დარჩა ჩასატარებელი და გარდა იმისა, რომ აუცილებელია გამოვლინდეს გამარჯვებული, ისიც გასარკვევია, გაისად ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. ფედერაციები ფიქრობენ, რომ დარჩენილი ტურები მაყურებლების გარეშე ჩაივლის, მაგრამ ეს უკვე კლუბებს არ აწყობთ, რადგან მილიონობით ზარალს ნახავენ და აქ არ იგულისხმება მხოლოდ წლიური აბონემენტის მფლობელთათვის დასაბრუნებელი თანხები, საუბარია ტელეტრანსლირების გაყიდვაზე, მაისურების გასაღებასა და კიდევ უამრავ რამეზე. როგორც კლუბების მესვეურები აცხადებენ, უმაყურებლოდ შეხვედრების ჩატარება, საუკეთესო შემთხვევაში, თითო მატჩის დროს, კლუბს 5 მილიონით მაინც აზარალებს. არადა, სტადიონი ის სივრცეა, სადაც ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა ძალიან დიდია. 

* * * 

იმის მიუხედავად, რომ „ელ კლასიკო“ მოიგო და ერთი კვირით გალიდერდა, მადრიდის „რეალის“ თავკაც ზინედინ ზიდანზე ამბობენ, რომ სეზონის ბოლოს, გუნდს მაინც დატოვებს და კარიერას „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააგრძელებს. „ბებერი სინიორა“ ზიზუს, წლიური ხელფასის სახით, 8 მილიონ ევროს სთავაზობს და მართალია, ამ ეტაპზე ფრანგს ცოტა მეტი აქვს, თუმცა გათავისუფლების შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება. 

რაც შეეხება „სამეფო გუნდს“, მის მომავალ თავკაცად მაურისიო პოჩეტინოს მოიაზრებენ, კაცი, რომელმაც არაფრისგან შექმნა გუნდი და ეს გუნდი, შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა. საუბარი „ტოტენჰემზე“ გვაქვს, რომელიც პოჩეტინოს წასვლისა და ჟოზე მაურინიოს მოსვლის შემდეგ, ისეთ ლაღ ფეხბურთს ნამდვილად ვეღარ თამაშობს. 

* * * 

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რონალდინიო, ყალბი პასპორტის გამოყენების გამო, ძმასთან ერთად, პარაგვაიში დააპატიმრეს. სასტუმროდან მისი გამოყვანის კადრები მძიმე სანახავი იყო _ ძმას ხელბორკილი ეკეთა, ხოლო რონალდინიოს ხელებზე მაისური ჰქონდა გადაფარებული, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მისი ხელბორკილები არ გამოჩენილიყო. მართალია, ძმები მეორე დღეს გაათავისუფლეს, მაგრამ მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. 

ისე, რონალდინიოს არც სამშობლოში აქვს საქმე კარგად. ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო, შარშან თითქმის 3 მილიონი ევროთი დააჯარიმეს, რადგან მისმა სამშენებლო კომპანიამ სტანდარტები არ დაიცვა. 

მართალია, რონიმ თქვა, ეს იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციონერი ვარ და ბრაზილიის პრეზიდენტი მებრძვისო, თუმცა მას გულშემატკივარი არ აჰყვა, რადგან დარღვევა ძალიან თვალსაჩინო იყო. 

* * * 

არგენტინის ჩემპიონატის გასულ ტურში, „ბოკა ხუნიორსმა“ საკუთარ მოედანზე მოიგო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქ გასაკვირი არაფერია, „ბოკა“ 34-ედ გახდა ჩემპიონი, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ როცა მოედნიდან გუნდის კაპიტანი, ვეტერანი კარლოს ტევესი გავიდა, სათადარიგოთა სკამთან მდ¬გარ დიეგო მარადონას ჩაეხუტა და... ტუჩებში აკოცა. აღნიშნული ფაქტი განხილვის თემა გახდა, ბევრმა ისიც გაიხსენა, ფეხბურთელობის დროს, გოლის შემდეგ, მარადონა კლაუდიო კანიჯას რომ კოცნიდა ტუჩებში და ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირეს, მაგრამ თავად მარადონა ამბობს, ვისაც ჩემს ორიენტაციაში ეჭვი გეპარებათ, ცოლები გამომიგზავნეთო.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში