Menu
RSS

ტრაგიკული გამარჯვება

ქართული საფეხბურთო საგიჟეთი და კორონავირუსის პანიკა, რომლის გამოც შესაძლოა, იაპონიის ოლიმპიადა ჩაიშალოს

გასულ უქმეებზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. სტარტი ძალიან უცნაური გამოდგა, რადგან მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“, დებიუტანტ „თელავს“ გოლი ვერ გაუტანა და ნულოვან ფრეს დასჯერდა, ვერცხლისმედალოსანმა ბათუმის „დინამომ“, ასევე, დებიუტანტ თბილისის „მერანს“ ვერაფერი მოუხერხა და გოლი არც აჭარაში გასულა. არადა, ორივე გუნდი ფავორიტად ითვლებოდა და დაუგეგმავი ქულები დაკარგა. ისე ჩანს, ეროვნული პირველობა ძალიან საინტერესო გამოვა და თუ ჩემპიონატს მთავარი რამ _ გულშემატკივარი არ მოაკლდება, ცუდი არ იქნება.

ეროვნული პირველობის განახლების მიუხედავად, მთავარ თემად მაინც 26 მარტი და ბელორუსთან სანაკრებო თამაშია. მოგეხსენებათ, ბელორუსები „ყაზარმულზე“ არიან გადასულნი, ამხანაგურ მატჩებს მართავენ და შიდა პირველობაც მთლიანად ნაკრებს მოარგეს. ის, რომ ამ შეხვედრას, როგორც ბელორუსები, ისე საქართველო უდიდესი ინტერესით ეკიდება, იქიდანაც ჩანს, რომ მეტოქისთვის გამოყოფილი ბილეთების 2500-იანი კვოტა უკვე აღარ არსებობს ანუ სულ გაიყიდა. რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს... ფედერაციამ ბილეთები გასაყიდად 22 თებერვალს გამოიტანა და სამ დღეში, აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 26 მარტს, „დინამო არენაზე“ სრული ანშლაგი და ზოგადად, საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო საგიჟეთი იქნება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, გამარჯვების შემთხვევაში, 30 მარტს, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, ისევ თბილისში ხვდება და ამ მატჩის მოგების შემდეგ... ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. 

ეს არამარტო ქართული ფეხბურთის, არამედ მთლიანად ქართული სპორტის უდიდესი წარმატება იქნება. ერთი ეგაა, საქართველოს ნაკრების სავარაუდო კანდიდატების სათამაშო ფორმა, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს. 

* * * 

1 მარტს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირი სურაჯ ჰასანოვმა მოიგო. მან რუსი მეტოქე დაამარცხა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჯერ შეხვედრის დაწყებამდე, შემდეგ კი, მის ბოლოს მოხდა _ სურაჯს შორტზე ქართული ასოებით „საინგილო“ ჰქონდა ამოქარგული, შეხვედრის მოგების შემდეგ კი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ააფრიალა. მერე ითქვა, რომ სურაჯი საინგილოდანაა და მისი ნამდვილი გვარი ფოლადაშვილია, თუმცა ფაქტია, რომ რუსი გულშემატკივრები გაოცებულნი უყურებდნენ მოჩხუბარს, რომლის გვარის გასწვრივ ჰასანოვი ეწერა, ის კი ქართლ დროშას აფრიალებდა. 

* * * 

10 მარტს, ოსაკაში, წლის მეორე სუპერტურნირი „ჰარუ ბაშო“ იწყება, მაგრამ როგორი საქმეა, იაპონიაში კორონავირუსის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არადა, სუმო იაპონიაში სპორტი კი არა, პრაქტიკულად, რელიგიაა და მისი გადადება წარმოუდგენლად ჩანს, ამიტომ სუმოს მესვეურებმა გადაწყვიტეს, „ჰარუ ბაშო“ მაინც ჩაატარონ, ოღონდ მაყურებლების გარეშე. სუმოს გულშემატკივართა უმრავლესობას კი ტურნირზე დასასწრები ბილეთები შეძენილი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თანხა დაუბრუნდებათ, ხოლო ყველა სუმოისტი, ყოველდღიურ შემოწმებას გაივლის ვირუსზე და მხოლოდ ამის შემდეგ გავა საბრძოლველად. 

* * * 

კორონავირუსის გამო, სერიოზული პრობლემები შეექმნა იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატს. კალენდარი იმდენად გადატვირთულია, რომ მატჩების გადადება თითქმის წარმოუდგენელია, ან ისე გამოვა, რომ გუნდები კვირაში სამ შეხვედრას ჩაატარებენ. პარალელურად, იტალიის ფეხბურთის ბოსები ამბობენ, რომ მატჩებმა გულშემატკივრის გარეშე უნდა ჩაიაროს, რაც თავის მხრივ, კლუბებს არ აწყობთ. გარდა იმისა, რომ ისინი შემოსავალს ვერ მიიღებენ, სეზონის წინ წლიური აბონემენტების მფლობელებისთვის თანხის ნაწილის დაბრუნება მოუწევთ, პარალელურად, ამ ზაფხულს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიცაა და იტალიის ნაკრებს მზადებაში ხელი შეეშლება ანუ ჩემპიონატი დაგეგმილ დროს თუ არ დასრულდა, ყველაფერი თავდაყირა შეიძლება დადგეს, თუმცა მეორე მხრივ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი არ არის წლევანდელი სპორტის სამყაროში ყველაზე დიდი ფორუმი. 

2020 წლის ზაფხულში, იაპონიაში, ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს, ყველაზე მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება. შესაბამისად, საფეხბურთო პირველობა კი არა, ოლიმპიადის ჩატარება დგას საფრთხის ქვეშ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშეა. კი ამბობენ, ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება და ზაფხულში მისი გავრცელების შესაძლებლობა ცოტა იქნებაო, მაგრამ... 

* * * 

სამწუხარო ფაქტი მოხდა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭიდაობაში. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ლუკა მარიამიძემ რამდენიმე შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ კი, მის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, დარბაზში მყოფ მამას გული გაუჩერდა. ლუკამ ფინალიც იჭიდავა, სუფთად გაიმარჯვა და ოქროს მედალი გარდაცვლილ მშობელს მიუძღვნა. 

* * * 

გასული კვირა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ესპანეთში, წლის მატჩი „ელ კლასიკო“ გაიმართა. „რეალი“-„ბარსელონას“ დაპირისპირება, მადრიდელებმა 2:0 მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც გალიდერდნენ. სხვათა შორის, 2014 წლის შემდეგ, შიდა ჩემპიონატში, მადრიდელებმა კატალონიელები, საკუთარ მოედანზე პირველად დაამარცხეს. აღნიშნული „ელ კლასიკო“ ლიონელ მესისთვის, კარიერაში 43-ე იყო, სერხიო რამოსისთვის _ 44-ე და ისინი თავისი გუნდების რეკორდსმენები არიან. რადგან „ელ კლასიკოზე“ ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ სეზონის წინ, მადრიდელთა მიერ ზარ-ზეიმით შეძენილმა ედენ აზარმა იმედები ვერ გაამართლა. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი ვერ თამაშობს, მას ტრავმა აქვს, ოპერაციას აშშ-ში გაუკეთებენ, მოედანზე კიდევ, მინიმუმ, ორი თვე ვერ გავა და გულშემატკივრები მის სანაცვლოდ გადახდილ 100 მილიონს მისტირიან. შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ადევნა და შემდეგ ისიც თქვა, „რეალში“ დაბრუნების წინააღმდეგი არ ვიქნებიო. 

მართალია, პორტუგალიელი „იუვენტუსს“ კარგად მოერგო და გოლებიც გააქვს, მაგრამ ხვდება, რომ ოცნების ასრულება და მესამე გუნდში („მანჩესტერის“ და „რეალის“ შემდეგ), ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდება. 

* * * 

„ელ კლასიკოზე“ ისიც ვთქვათ, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, „რეალის“ ხელმძღვანელობამ ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს გუნდის მაისური გადასცა. ნიკო პირველი „ესპანელია“, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მის უზარმაზარ პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ესპანეთში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უკვე მიანიჭეს. 

* * * 

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, გასულ უქმეებზე, აკაპულკოს ტურნირი მოიგო. რაფა 33 წლისაა და ამ ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა, თუმცა საინტერესო სხვა რამაა: 2005 წელს, ნადალმა აკაპულკოს ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო და ის დღემდე, ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად ითვლება ანუ ახლა ყველაზე ახალგაზრდაც და ყველაზე მხცოვანიც აკაპულკოს ტურნირების ისტორიაში, სწორედ ნადალია. ჰო, ამ მოგებით მან საკუთარ ბიუჯეტს 1.2 მილიონი დოლარი შემატა. 

დუბაის ტურნირი მოიგო მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაა. სერბმა კარიერაში 79-ე ტიტული გაიფორმა, ზედიზედ მე-19 შეხვედრაში არ დამარცხდა და რაც მთავარია, მას წელს ჩატარებულ არცერთ შეხვედრაში მარცხი არ განუცდია. ნოვაკის დაუმარცხებელი შეხვედრების სერია 43-ს ითვლის და ახლა ის, პრაქტიკულად, თავისივე რეკორდს უტევს. ჯოკოვიჩი ყველა დროის ჩოგბურთელთა შორის იმითაც გამოირჩევა, რომ კარიერაში ყველაზე მეტი ფული აქვს მოგებული. სარეკლამო კონტრაქტების გარდა, მისმა სუფთა მონაგარმა კორტზე 143 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. შედარებისთვის, ნადალის მიერ მოგებული საპრიზო თანხა 120 მილიონია. 

* * * 

დეონტეი უაილდერმა და ტაისონ ფიურიმ მოკრივეთა შორის მსოფლიოს უძლიერესის გასარკვევად, ერთმანეთს ცხვირ-პირი ორი კვირს წინ რომ გაუერთიანეს, კარგად მოგეხსენებათ, გამარჯვება ფიურის დარჩა და უაილდერს უფლება ჰქონდა, 25 დღეში რემატჩი მოეთხოვა. მოლოდინისამებრ, ის 25 დღის გასვლას არ დაელოდა და რემატჩის მოთხოვნის განაცხადი წარადგინა. შედეგად, 18 ივლისს, საჩემპიონო ქამარზე მათ შორის ორთაბრძოლა ისევ შედგება და... 60 მილიონს ფიური მიიღებს, 40 მილიონს კი _ უაილდერი. წინა ბრძოლის დროს თანხები თანაბრად გადანაწილდა და ორივე მებრძოლს 30-30 მილიონი ერგო. საბოლოო ჯამში კი, ისე გამოვა, რომ სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ერთი მოკრივე 90 მილიონ დოლარს ჩაიჯიბავს, მეორე _ 70-ს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში