Menu
RSS

ხათუნა კიკაბიძის გასაოცარი მატყლის სამყარო

მოძღვრის კურთხევით დაწყებული ხელსაქმე და ქართველი ემიგრანტის იტალიური წარმატება

 

გამოწვევებისა და გადარჩენისთვის ბრძოლის გარეშე, ერთ საუკუნესაც არ ჩაუვლია. ამ მხრივ, გამონაკლისი არც 21-ე საუკუნის დასაწყისია _ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, ცხოვრების თავიდან დაწყება მოჰყვა და ეკონომიურ გასაჭირთან გასამკლავებლად, ჩვენს თანამოქალაქეებს სამშობლოს დატოვება მოუწიათ. უამრავი ადამიანი ემიგრანტი იმიტომ გახდა, რომ შვილებისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა... ნაწილმა ეს იმაზე უკეთ შეძლო, ვიდრე გეგმავდა _ მომავალი მხოლოდ შვილებს კი არ შეუქმნა, არამედ, საქართველო უცხოელებსაც გააცნო და დაანახა, თუ როგორი მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად გამორჩეული ქვეყანა გვაქვს. 

ხათუნა კიკაბიძე 9 წელია, იტალიაში ცხოვრობს, სამსახურის პარალელურად, თექაზე მუშაობს და უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის. თექისადმი დიდი ინტერესი არასოდეს ჰქონია, სანამ მოძღვარმა მის შესწავლაზე კურთხევა არ მისცა. შემდეგ, რომში წავიდა და როგორც ამბობს, თექაზე მუშაობამ იმ სტრესული გარემოდან, რომელშიც გამოკეტილ სახლში, თითქმის 24-საათიან რეჟიმში, მოხუცის მოვლის გამო ჩავარდა, იხსნა. ამასთან, ხათუნა ექსტრემალიცაა _ ერთ-ერთი ლაშქრობისას, აპენინების ყველაზე მაღალ მთაზე, საქართველოს დროშაც კი ააფრიალა. 

„აივანზე ბევრი მცენარე მაქვს და ჩემი საოცნებო, პირველი ბონსაის ხეც გამოვიყვანე, პაწაწინა ატმის ხე“, _ ამბობს ხათუნა.

 

_ უცხო ქვეყანაში, სადაც არავის იცნობდით და ყველაფერი უცხო იყო, თავის დამკვიდრება როგორ მოახერხეთ? ემიგრანტისთვის წარმატების მიღწევა რთული არაა? 

_ წახვიდე ქვეყანაში, სადაც არავინ გყავს და თან ამ ქვეყნის ენაც უცხოა შენთვის, ნამდვილად არაა ადვილი. ბევრი სტრესი და ტკივილი გამოვიარე, თუმცა არასოდეს დამიკარგავს იმედი და ყველა მარცხის შემდეგ, წინ ჯიუტად მივიწევდი. 

_ რას ამბობენ თქვენს ნამუშევრებზე უცხოელები და, საერთოდ, რა იციან საქართველოზე? 

_ საკუთარი ნამუშევრებით დამშვენებულს, ხშირად გავუჩერებივარ ქუჩაში იტალიელებს და უკითხავთ, რა მასალითაა დამზადებულიო. იტალიელები ბუნებით ესთეტები არიან და ყურადღების მიღმა არაფერი რჩებათ. კომუნიკაბელურობა აძლევთ საშუალებას, იკითხონ ყველაფერი, რაც აინტერესებთ. 

სხვათა შორის, რამდენიმე მოლაშქრე ჯგუფის წევრი ვარ, შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში არიან ნამყოფები და ჩვენს საოცარ ბუნებასთან ერთად, ხშირად, ჩვენს კერძებზეც ამახვილებენ ყურადღებას. განსაკუთრებით, ხინკალი და ხაჭაპური მოსწონთ. მართალია, ამ ორი სიტყვის გამოთქმა იტალიელებს ძალიან უჭირთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გემო ახსოვთ. სასიამოვნო მოსასმენია, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, შენს სამშობლოზე დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით გიყვება, ეს მაბედნიერებს! 

_ გამოფენის მოწყობას არ აპირებთ? 

_ რომში პირველი გამოფენა, დები ქოთილაძეების დახმარებით მქონდა. მათ, მამა იოანეს თანადგომით, „მწყემსი სახლი“ დააარსეს. სწორედ, ამ სახლის სახელით წარვადგინეთ ჩვენი თექის ნამუშევრები ვენეციის ბიენალეზე, მე და ეკა ცაბაძემ. პრეზიდენტისგანაც კი დავიმსახურეთ მოწონება. ამ ეტაპზე, ჩემი ყოველდღიურობა იმდენად დატვირთულია, რომ ჯერჯერობით, გამოფენის მოწყობაზე ვერ ვფიქრობ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, უცებ ისეთი ინსპირაცია მომივიდეს, ღამეები გავათენო თექის კეთებაში და გამოფენაც მოეწყოს. 

_ თექის გარდა, სხვა რითი ხართ დაკავებული ? 

_ სასტუმროების ქსელში ვმუშაობ, დღის მეორე ნახევარში, სასტუმროს ბარში აპერიტივს ვაკეთებ. ასევე, ვმუშაობ ოჯახში... მოკლედ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ვცდილობ, თექისთვის დრო გამოვნახო და ახალი ნამუშევრები შევქმნა. 

_ საქართველოში დაბრუნებას, ან ქართველებისთვის თქვენი შემოქმედების გაცნობას არ აპირებთ? 

_ ჩემი გეგმები, ამ ეტაპზე, მხოლოდ იტალიას უკავშირდება, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ საქართველოში გამოფენა გავაკეთო. მართალია, ჩვენს ქვეყანაში თექით ვერავის გავაკვირვებ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ორიგინალურობით გამოირჩევა _ მატყლი საშუალებას მაძლევს, ჩემი ფანტაზია მთლიანად გადმოვცე. 

_ თქვენ წარმატებული ქალბატონი ხართ, მაგრამ მაინც, რა არის ემიგრანტების მთავარი პრობლემა და რას ეტყვით სხვა ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოში დარჩენილ თანამემამულეებს? 

_ თავს წარმატებულად არ ვთვლი, უბრალოდ, შევძელი მეცხოვრა! წარმატების მისაღწევად, მეტი შრომა და ძალისხმევა დამჭირდება და როცა საკუთარი ბრენდის შექმნასა და იტალიურ ბაზარზე გასვლას შევძლებ, თავს წარმატებულად მერე ჩავთვლი! 

ემიგრანტებს კი საკუთარი გამოცდილებით ვურჩევ, რომ არ დანებდნენ. შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ, ნუ განეწყობიან ცუდად მაშინაც კი, როცა თვლიან, რომ არასწორად იქცევიან. ყველაფრიდან შეიძლება სწავლა, სწორედ გასაჭირია სტიმულის მომცემი! განვითარება მხოლოდ მოძრაობაშია. მთავარია, არ დავნებდეთ, გვიყვარდეს, პირველ რიგში, საკუთარი თავი და ადამიანები, რომელთა გვერდითაც გვიწევს ცხოვრება, რადგან ცხოვრება ერთია და აღარასდროს განმეორდება!

ანა ჩოქური

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში