Menu
RSS

კრივის ვარსკვლავი, რომელიც დღეში შვიდჯერ მასტურბირებს

კორონავირსუმა იტალური ფეხბურთი, შესაძლოა, "მოკლას"

 

მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. შესაბამისად, ჩვენი გუნდი შესარჩევ ეტაპში სიმბოლურად მონაწილეობს, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური ავტომატურად განაღდებული აქვს. ამიტომ, გუნდის თავკაცმა, ილიას ზუროსმა შესარჩევი ეტაპი მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს ანუ ის გუნდი უნდა შეკრას, რომელიც 2021 წელს, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე იბრძოლებს. შვეიცარიასთან თბილისში ჩატარებული პირველი შეხვედრა, ნაკრებმა დამატებით დროში მოიგო და მაშინვე ითქვა, რომ ჯგუფის ყველაზე სუსტ ნაკრებთან ასეთი თამაშით, შორს ვერ წავიდოდით. მით უმეტეს, რომ წინ ბელგრადში, სერბეთის უძლიერეს ნაკრებთან დაპირისპირება გველოდა. სერბეთი-საქართველოს შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც მატებდა, რომ ჩვენს მეტოქეს იგორ კოკოშკოვი წვრთნის, სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნაკრებს თავკაცობდა და კაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც 2017 წელს, ყველასთვის უცნობმა სლოვენიამ, ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს გუნდში სათამაშოდ NBA-მ _ გოგა ბითაძე, ხოლო ესპანურმა „ბასკონიამ“ _ ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია არ გამოუშვეს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და სერბეთი, ბელგრადში დაამარცხა. არადა, სერბების დამარცხება საკუთარ მოედანზე, მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს უჭირთ და ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობებზე, სერბები ერთ-ერთი ფავორიტის როლში ჩადიან ხოლმე. 

*** 

დიუსელდორფში, ძიუდოისტთა შორის, მორიგი გრანდ-სლემი დასრულდა. გერმანული ტურნირი რანგით ძალიან მაღალია და მასში მონაწილეობის მისაღებად, უძლიერესი ფალავნები იკრიბებიან. ქართველ გულშემატკივარს ის აინტერესებდა, როგორ ფორმაში იქნებოდა ტრავმამოშუშებული გურამ თუშიშვილი. ჩვენი მძიმეწონოსანი ოლიმპიადაზე, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიდის. საბედნიეროდ, გურამმა ძალიან კარგი ჭიდაობა აჩვენა, ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ოქროს მედალი ირგუნა ტატო გრიგალაშვილმაც. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ტატოსგან პირველობას არავინ ელოდა, რადგან პირველ წრეში, მეტოქედ მსოფლიოს იაპონელი ჩემპიონი, ნაგასე ჰყავდა, თუმცა ქართველმა მოიგო. ფინალში კი ტატომ, რუსების ოლიმპიური ჩემპიონი, ხასან ხალმურზაევი გააკრა ბეჭებზე და ქართული ჰიმნი ააჟღერა. მეორე ადგილი და შესაბამისად, ვერცხლის მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, ბექა ღვინიაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

საინტერესოა, რომ ბრინჯაომდე, ერთი ნაბიჯი დააკლდა თემურ ნოზაძეს. მან მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა, „ჰოლანდიელ“ თორნიკე ცხადაძესთან დათმო. 

*** 

23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასი გათამაშდა. ჩემპიონი თბილისის „დინამო“, თასის მფლობელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. სხვათა შორის, მატჩამდე, სპეციალურად ამ შეხვედრისთვის, „დინამოელებმა“ მაისურებზე გარდაცვლილი იუნკრების სახელები დაიწერეს. მატჩი კი მინიმალური სხვაობით, „საბურთალომ“ მოიგო და ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასს დაეუფლა. 

მიუხედავად იმისა, რომ სუპერთასი პატარა მოვლენა არაა, მთელი საფეხბურთო სამყაროს სწორება 26 მარტისკენაა. ევროპის ერთა ლიგის ნახევარფინალში, ბელორუსს ვმასპინძლობთ და ვიდრე ჩვენი ფედერაცია ხელებს უმწეოდ შლის, ამ შეხვედრამდე, ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ვერ ჩაატარებს, რადგან ვერ ესწრებაო, მთელი ბელორუსი მხოლოდ ფეხბურთზეა გადასული! ასე განსაჯეთ, ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო პირადად შეხვდა ფეხბურთელებს, ფედერაციის წარმომადგენლებსა და მთავარ მწვრთნელს იმის გასარკვევად, თუ რა სჭირდებათ. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ გადადებულია ყველა საფეხბურთო ღონისძიება, მთელი რესურსი მუშაობს ნაკრებზე, ბაზაზე ფეხბურთელები შეკრებილნი არიან და მწვრთნელს შესაძლებლობა აქვს, მთელი ერთი თვის განმავლობაში, ჩაატაროს ნებისმიერი ექსპერიმენტი და მოსინჯოს ნებისმიერი სქემა. აგერ, გასულ კვირას, ბელორუსებმა ამხანაგურად ბურთი უზბეკეთს გაუგორეს და 1:0 მოუგეს. შეხვედრაში არ უთამაშია ბელორუსთა კაპიტანსა და ლიდერს, ალექსანდრ მარტინოვიჩს, რომელიც ტრავმირებულია და ძალიან დიდი შანსია, თბილისში ვერ ითამაშოს. 

აი, თბილისურ მატჩზე დასასწრები 2 ათასი ბილეთი, ბელორუსმა გულშემატკივარმა უკვე შეიძინა და არ არის გამორიცხული, ერთი ამდენი თბილისში იმისთვის ჩამოვიდეს, რომ სტადიონის გარედან უქომაგოს თავის გუნდს და ხმა მიაწვდინოს. 

მოკლედ, ამ მატჩის გამო, ლუკაშენკომ ქვეყანა „ყაზარმულზე“ გადაიყვანა და რატომღაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენ ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ. თქმა არ უნდა, 26 მარტს, „დინამო არენა“ ბოლომდე გაივსება და ბილეთებზეც ხოცვა-ჟლეტვა იქნება, თუმცა მხოლოდ გულშემატკივრის იმედად თუ აპირებს ჩვენი გუნდი ყოფნას, ძალიან ცუდია. მით უმეტეს, რომ ნაკრების წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას სეზონი ჯერ არ განუახლებია, ან ახლა განაახლებს და ვინც თამაშობს, ძირითადში მოხვედრა მათაც უჭირთ. 

რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების პოტენციურ წევრთა სათამაშო მდგომარეობა, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. ნაკრების საბაზო გუნდად, კვიპროსული „ანორთოსისი“ ითვლება, სადაც თემურ ქეცბაიამ, ერთბაშად, ხუთი ქართველი ფეხბურთელი მიიყვანა, მაგრამ... გათამაშების ლიდერი, გასულ უქმეებზე მოულოდნელად, აუტსაიდერთან 0:5 განადგურდა და ფამაგუსტელები ვერც ქართველებმა იხსნეს. ნამატჩევს, ქეცბაიას დანა პირს არ უხსნიდა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო შედეგია. 

რაღა თქმა უნდა, თუ „ანორთოსისი“ წელს ჩემპიონი ვერ გახდება, ჯოხს სწორედ ქართველებზე გადატეხენ _ ნახევარი გუნდი და მთავარი მწვრთნელი, ჩვენი თანამემამულეა. 

*** 

კორონავირუსის საფრთხემ ევროპასაც გადაუარა და ამის გამო, იტალიაში რამდენიმე შეხვედრა გადაიდო. შეხვედრები ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებში არ ჩატარდა ანუ კორონავირუსის საფრთხე, სწორედ იქ დაფიქსირდა. იტალიური მედიის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში გარდაცვლილია 2 ადამიანი, 79 კი ვირუსის პოტენციურ მატარებლად დააფიქსირეს. არ გამორიცხავენ, რომ იტალიაში საფეხბურთო მატჩები იმ რეგიონებში ჩატარდეს, სადაც კორონავირუსი არ ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“, საკუთარ მოედანზე შეხვედრებს ვერ ჩაატარებენ _ მილანი და ტურინი, კორონავირუსის საფრთხის მატარებელ ქალაქებად ითვლება. 

*** 

ძალიან უცნაური შემთხვევა მოხდა ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში. NHL-ის მორიგ ტურში, „კაროლინა“ „ტორონტოს“ ხვდებოდა. „კაროლინას“ მეკარე, ჯეიმს რიმერი დაშავდა და იგი სათადარიგო კიპერმა, პეტრ მრაზეკმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, გუნდი მეკარის გარეშე დარჩა და ამ დროს, ტრიბუნაზე მჯდომი დევიდ ეირსის ტელეფონზე ზარი გაისმა. 42 წლის ეირსი, ყინულის გასასწორებელ მანქანაზე მუშაობს და პარალელურად, გუნდის მესამე მეკარედაა გაფორმებული, თუმცა ის მოედანზე არასოდეს გასულა და 42 წლის ვეტერანი ვერც იფიქრებდა, რომ ამის გაკეთება მოუწევდა. 

საბოლოო ჯამში, ეირსს სასწრაფო წესით გადააცვეს მეკარის ფორმა და მოედანზე შეუშვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მან პირველი ორი დარტყმა გაუშვა, თუმცა შემდეგ ემოციები მოთოკა, მისი კარისკენ წასული რვა ბურთი მოიგერია და მისმა გუნდმა 6:3 მოიგო. ნამატჩევს, გასახდელში შესული ეირსი შამპანურის წვიმაში აბანავეს. 

*** 

8 აგვისტოს, როჯერ ფედერერი 39 წლის ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, შესაძლოა, კარიერაში ბოლო სეზონს ატარებდეს. მართალია, მხიარული როჯერი ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ თავადაც ადასტურებს, რომ ყველა ტურნირზე გამოსვლა, ფიზიკურად აღარ შეუძლია და ამიტომ, მაისის ბოლომდე, გულშემატკივარს დაემშვიდობა. აი, მაისში კი შვეიცარიელი, დაბრუნებას პირდაპირ უიმბლდონზე აპირებს, ტურნირზე, რომელიც კარიერაში რვაჯერ აქვს მოგებული და ასაკის მიუხედავად, მეცხრედაც გაიწევს. ბალახის მეფეს, უიმბლდონზე თამაში არასოდეს უჭირდა და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი უნდა იყოს, თანაც ამ ასაკში, როჯერი მსოფლიოს მესამე ჩოგანია, რაც მის გენიალურობაზე მეტყველებს. ჩოგნის ქნევით, მან კარიერაში 130 მილიონი იშოვა და სამი ამდენი რეკლამებიდან გამოიმუშავა. 

*** 

ტაისონ ფიური ის კაცია, ვისაც პროფესიულ კრივში მარცხი არ განუცდია. გასულ უქმეებზე, ფიური ჭBჩ-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად, დეონტეი უაილდერს შეხვდა. მოგეხსენებათ, ამ მოკრივეების წინა შეხვედრა ფრედ დასრულდა, ახლა კი ფავორიტად უაილდერი ითვლებოდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ფიურიმ განაცხადა, ტესტოსტერონი ნორმაში რომ მქონდეს, დღეში შვიდჯერ ვმასტურბირებო. აღნიშნული განცხადების გამო, ფიურის მთელმა მსოფლიომ დასცინა, თუმცა... მსაჯმა ბრძოლა მეშვიდე რაუნდში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უაილდერს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და ფიურიმ მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი ისე შემოირტყა, მისასვლელ გზაზე ერთი მარცხიც არ ჰქონია. სხვა მხრივ კი, ორივე მოკრივემ, ამ სანახაობის სანაცვლოდ, 30-30 მილიონი დოლარი მიიღო, რაც მინიმუმ, იმის გარანტიაა, რომ მომავალში, ფიური ხელს აღარ დაღლის.

 

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში