Menu
RSS

„სიკვდილის კონვეირი!“

რატომ ექმურება თბილისს დანგრევა

საქართველოში, მიწისქვეშა ბიძგები თანდათან მატულობს. საერთოდ, ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც მთელი კავკასია, მაღალი სეისმური აქტივობით გამოირჩევა. განსაკუთრებით, დიდი რისკის ზონად თბილისი ითვლება, სადაც მაღალსართულიანი და ახალ-ახალი მშენებლობები, ადამიანებს უსუსურობის კიდევ უფრო მეტ განცდას უჩენს, რადგან შესაბამის სამსახურებს არ აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბუნებრივ კატაკლიზმებს, შესაძლოა, მომზადებული დავხვდეთ.

წლების მანძილზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ანზორ საკანდელიძე მშენებლობის დაცვის სტანდარტის ამოქმედებისა და სეისმოუსაფრთხოებისთვის იბრძვის. მისი თქმით, საქართველოში სამშენებლო პოლიტიკა არ არსებობს და 30 წელზე მეტია, სეისმომდგრადობაზე, ქვეყანაში ერთი შენობაც არ შემოწმებულა, რადგან 2004 წლიდან, მშენებლობის სამინისტრო გაუქმდა, რომელსაც აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა და გამოსავლის ძიებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა: 

„საქართველოში სამშენებლო პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს. რაც საბჭოთა კავშირის დროს, სამშენებლო ფორმები, სტანდარტები, თუ მეცნიერება იყო, განადგურებულია. 2004 წელს, იქამდე მივედით, რომ გავაუქმეთ მშენებლობის სამინისტრო, რომელიც სხვა, არცერთ ქვეყენას არ გაუუქმებია, რადგან ეს უწყება მშენებლობის დაცვის სტანდარტი იყო. საქართველოში, სეისმოუსაფრთხოების მსგავსი, არაფერი არსებობს, ყველაფერი თავის დინებაზეა მიშვებული. სამინისტროს გაუქმებიდან 16 წელი გავიდა, წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად ინგრევა ყველაფერი და პატრონი არავინაა, რომ ეს უწყება აღადგინოს. 

ქვეყანაში ჩართულია „სიკვდილის კონვეირი“! 

ბოლო დროს, ისეთი შენობები მომრავლდა, რომ მათ მიღება-ჩაბარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! 

30 წელზე მეტია, საქართველოში, სეისმომდგრადობაზე ერთი შენობაც არ შემოწმებულა. ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს, მიწისძვრები მოგვადგა და ჩვენ სახლების მდგრადობაზე არაფერი ვიცით, ამ თემას არავინ ყურადღებას არ აქცევს! ჩვენ თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა დავწერეთ, სამჯერ გავუგზავნეთ ქალაქის მერიას, მაგრამ ყურადღება ერთხელაც არ მოგვაქციეს. ეს უდიდესი ნაშრომია, რომელშიც ჩადებულია ყველაფერი, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქალაქს საშველი დაადგეს, თუმცა ეს არავის აინტერესებს. არადა, ასე გაგრძელების შემთხვევაში, თბილისს განადგურება ელის, რადგან ქალაქი რვაბალიანი მიწისძვრის სეისმოლოგიურ ზონაში მდებარეობს! ასეთი რამ რომ მოხდეს, წარმოუდგენელია, რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს! ქალაქში ქაოსური მშენებლობებია, 12-სართულიანი და ძირითადად, კარკასული შენობები შენდება. არსებობს სეისმოპედაგოგის კანონი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება, ეს კარკასული შენობები 12 სართულზე მეტი იყოს! მიმოვიხედოთ ირგვლივ და მივხვდებით, რომ შენობების უმეტესობა, უკანონო და საშიშია. 

ერთი შენობაც კი ვერ გაუძლებს საპროექტო შემოწმებას და მიწისძვრას, ყველა დასანგრევადაა განწირული! არსებობს კანონი, რომელიც ყველაფერ ამას ზღუდავს, თუმცა რატომღაც, არ იყენებენ. სამშენებლო ზომებს არავინ აწესებს. 

სხვათა შორის, ის მშენებლებიც ზარალდებიან, რომლებიც ხარიასხიანად აშენებენ, რადგან რაც გითხარით, იმ ყველაფერს არავინ ამოწმებს! 

სამწუხაროდ, ყველაფერი ეს, მხოლოდ და მხოლოდ თბილისში არ ხდება, იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც, სადაც საინჟინრო-ბიოლოგიური კვლევები კანონდარღვევით ჩაატარეს! 

საერთოდ, კორპუსები საინჟინრო გეოლოგიაზე უნდა შემოწმდეს, მაგრამ არ არსებობს ამის კვლევები, ვინაიდან 30 მეტრის სიღრმეზე უნდა შემოწმდეს! მიწისძვრას წინასწარ ვერ ვივარაუდებთ, ერთადერთი გამოსავალი კი ის არის, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს შემოწმება, ხოლო ის ზედამხედველობა, რომელიც ახლა მერიის დაქვემდებარეობაშია, ცალკე სტრუქტურად უნდა გამოეყოს, რადგან ის სამსახური ახლა, გამწვანებასაც ემსახურება და სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ასევე, უნდა აღდგეს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც ყველა ძველსა, თუ ახალ შენობას შეამოწმებს და რეალურად შეაფასებს იმ საფრთხეებს, რაც ახლა უყურადღებოდაა მიტოვებული“, _ აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

მარიამ კალანდაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში