Menu
RSS

„სოხუმი“ და პატარა საქართველო ჰოლანდიაში

სოხუმიდან დევნილი იზოლდა კვიციანის წარმატებული ჰააგური ბიზნესი

 

ემიგრანტი ქალები, ვფიქრობ, ჩვენი დროის ყველაზე დიდი გმირები არიან, რადგან უამრავი სირთულის მიუხედავად, შესწევთ ძალა, უცხო ქვეყანაში თავიანთი ლამაზი სამყარო შეიქმნან, მერე ეს სამყარო სხვებსაც გაუზიარონ და ბედნიერება მოუტანონ. ჩემი რესპოდენტი, იზოლდა კვიციანი, 21 წელია, ჰოლანდიაში ცხოვრობს და ჰააგაში ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონია. ჰოდა, თუ ჰოლანდიაში მოხვდებით, გირჩევთ, მის რესტორან „სოხუმს“ ეწვიოთ, სადაც ნამდვილი ქართული ატმოსფერო დაგხვდებათ და იგრძნობთ, რომ ოკუპაცია ვერ დაგვშლის _ სოხუმი ყველგან და ყოველთვის ჩვენია!

„ჩვენი რესტორანი ის ადგილია, სადაც ქართული კერძებით, ჰანგებით, საქართველოს ისტორიითა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ინტერესდებიან. იმედს ვიტოვებ, აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს, დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე და ვიქნებით ბედნიერები... 100 წლისაც რომ ვიყო, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ჩემი ეზო ნანგრევებისგან გავასუფთავო, აგური-აგურზე დავდო და ჩემს შვილებთან _ ვაჟასა და ნინოსთან, რძალ თამუნასთან და შვილიშვილ იზისთან ერთად ავაშენო სახლი, სადაც აღარასდროს გავიხსენებთ იმ მძიმე და მწარე ისტორიას, რასაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ძმათა კვლა, დევნილობის ხვედრი და გაჭირვება ჰქვია“, _ ამბობს ქალბატონი იზოლდა. 

_ ქალბატონო იზოლდა, ჰოლანდიაში როგორ მოხვდით? 

_ 22 წლის ვიყავი, როცა მეუღლე საბჭოთა მილიციამ მომიკლა, ბიძაშვილს გადაეფარა და ორივე ერთად დაიღუპა. იმ დღიდან, მარტომ გავზარდე შვილები. რამდენჯერმე მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყება, მაგრამ სულით მებრძოლი და მშრომელი ადამიანი ვარ და უფლის დახმარებით, დღემდე მოვედი. თურქეთში სავაჭროდ დავდიოდი, იქ შემთხვევით, ჰოლანდიაში მცხოვრები, ხანშიშესული კაცი გავიცანი და ვკითხე, ჰოლანდიაში როგორი ცხოვრებაა-მეთქი. მან ყველაფერი ზღაპრულად აღმიწერა და მითხრა, როგორც სოხუმელს, შვილებთან ერთად, ჰოლანდიაში წასვლა და ლტოლვილად ჩაბარება შემეძლო. გადავწყვიტე, შვილების კეთილდღეობაზე მეზრუნა და ჰოლანდიაში წავედი. ბევრი ვიშრომე. არავის ეგონოს, უცხოეთში ციდან ცვივა ფული და სარგებელი. დღეს, რესტორან „სოხუმის“ მფლობელები ვართ მე და ჩემი შვილი _ ნინო გურჩიანი. შორეულ ჰოლანდიაში ჩვენი მყუდრო გარემო, ჩვენი საქართველო და სოხუმი გვაქვს შექმნილი, ამ წარმატებას დიდი შრომისა და რისკის ფასად მივაღწიეთ. 

_ რატომ დაარქვით თქვენს რესტორანს „სოხუმი“? ეს სიტყვა ჰოლანდიელებისთვის, ალბათ, უცხოა, არა? 

_ „სოხუმი“ იმიტომ დავარქვი, რომ სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. სოხუმი ჩემი ტკივილია. 2009 წელს, როცა დიდი წვალებისა და შრომის ფასად, რესტორანი გავხსენით, ეს სახელი ჩემში ძალიან დიდ ემოციას იწვევდა _ ცრემლები მახრჩობდა, რესტორნის ფანჯარაზე დაწერილ „სოხუმს“ რომ ვხედავდი. 

_ თქვენს რესტორანში მხოლოდ ქართული სამზარეულოა? ყველაზე მოთხოვნადი კერძი რომელია და რა არის ის განსაკუთრებული, რითაც ჰოლანდიელებს თავს ამახსოვრებთ? 

_ ყველაზე მოთხოვნადი კერძი ხაჭაპური, ხინკალი და ნიგვზიანი ბადრიჯანია. სტუმრებს თავს რესტორნის სახელითა და აქ არსებული გარემოთი ვამახსოვრებთ. ქართული სამზარეულო, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია, მათთვის უცხოა. ჩვენს რესტორანს აწერია: GEORGIAN AUTHENTIC KITCHEN  და სახელსაც ვამართლებთ. ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებთ. 

_ როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოელებს, რას ამბობენ რესტორანზე და, საერთოდ, რა იციან საქართველოზე? 

_ სტუმრები ჩვენს რესტორანში მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან. ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, სად მდებარეობს საქართველო. აი, მაშინ კი ვიხსნი მზარეულის ქუდს და გავდივარ დარბაზში, რათა ვუამბო საქართველოსა და მის ოკუპირებულ კუთხეებზე, კულტურასა და კერძებზე. ჩვენი რესტორნის სახელწოდებითა და გარემოთი გაიგო ბევრმა საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და მისი პრობლემის შესახებ. უმრავლესობას სურვილი უჩნდება, რომ წავიდეს და დაათვალიეროს ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხე. დღეს ბედნიერი ქალი ვარ, რომ ვემსახურები საქართველოს და ეს შრომა დამიფასდა. 2018 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამაჯილდოვა. ჯილდო მაქვს აგრეთვე, მიღებული საქართველოს საელჩოსგან. 

_ რესტორან „სოხუმის“ გარდა, სხვას საქმიანობითაც ხართ დაკავებული? 

_ მე და ჩემმა მეგობარმა, ლალი ბუთბაიამ შევქმენით ორგანიზაცია _ World of Diaspora, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ძალიან კარგი პროექტები გვაქვს გეგმაში და მალე განვახორციელებთ. უკვე გავაკეთეთ ერთი პროექტი, ორგანიზაციის პრეზენტაციაც გავმართეთ და საქართველოდან ქართველი მომღერალი, ლაშა ღლონტი მივიწვიეთ. 

_ ბოლოს როდის იყავით საქართველოში? 

_ ახალი წელს საქართველოში შევხვდით. ჩემმა შვილმა, ვაჟამ, ორი წლის წინ, ცოლად ქართველი გოგონა მოიყვანა, ახლა საქართველოში ცხოვრობს. მყავს შვილიშვილი იზი და ახლა მეორეს ველოდებით, ამიტომაც ხშირად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა. 

_ წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებსა და სხვა თანამემამულეებს? 

_ მინდა, ემიგრანტებს ვუთხრა, რომ ყველამ, ვისაც რა შეგვიძლია, თუნდაც ძალიან მცირედი, საქართველოს კეთილდღეობისთვის გავაკეთოთ. ვისურვებდი, რომ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტები, გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ!

ანა ჩოქური

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში