Menu
RSS

სისხლიანი საფეხბურთო მატჩი და 16 გვამი მოედანზე

ვინ იყიდა ქუთაისის „ტორპედო“

საფეხბურთო საზომებით, 26 მარტამდე, ბევრი ნამდვილად არ დარჩა. 26 მარტი, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა და ეს ფეხბურთის ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის _ ევროპის ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველო ბელორუსს მასპინძლობს და ამ ერთმატჩიან დუელში გამარჯვებული, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება. ჩვენი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბელორუსს შინ ვეთამაშებით და გამარჯვების შემთხვევაში, კოსოვოს, ან ჩრდილოეთ მაკედონიასაც სახლში შევხვდებით. აი, მეორე შეხვედრაში გამარჯვება, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს გვაძლევს ანუ ისტორიაში პირველად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს შესაძლებლობა ექნება, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

ჩვენს დარად, დიდ მზადებაშია ბელორუსული მხარეც. უეფას გადაწყვეტილებით, ბელორუსი გულშემატკივრებისთვის, ორი ათასი ბილეთი გამოიყო, რომელთა გაყიდვა ბელორუსში, 15 თებერვლიდან დაიწყება. პარალელურად, ბელორუსული ტურისტული სააგენტოები, იქაურებს შეღავათიან ფასად სთავაზობენ საქართველოში ჩამოსვლას და ასე განსაჯეთ, 25 მარტს, თბილისში, ბელორუსიდან ერთი კაცის ჩამოსვლა, 26-ში _ თამაშზე წასვლა, 27-ში _ უკან გაფრენა და პლუს, სასტუმროს ხარჯები ორჯერადი კვებით, იქაური საზომებით, 275 ევროზე მეტი არ ჯდება. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბელორუსისთვის გამოყოფილ 2 ათასიან კვოტას, სტუმრები ბოლომდე აითვისებენ. „დინამო არენაზე“ 55 ათასი კაცი ეტევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, 50 ათასი ადგილობრივი გულშემატკივარი იქნება და ამ გულშემატკივარს პლუს, ტელევიზორებს მიჯაჭვული ასეულობით ათასი ფანი, არ უნდა გაწბილდეს. ეს არ არის თხოვნა, ესაა მოთხოვნა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აქვს და საქართველოს ნაკრები ვალდებულია, ბელორუსი დაამარცხოს, შემდეგ კი... 31 მარტს, საქართველოში შეიძლება, 1981 წლის 13 მაისის საღამო განმეორდეს. 

ყველაფერი ეს კი იმიტომ მოგიყევით, რომ ბელორუსის ნაკრები გამალებულ მზადებაშია, ამხანაგურ მატჩებსაც გეგმავს და სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ჩვენი ნაკრები კი 26 მარტამდე, ამხანაგურ შეხვედრას არ გამართავს. ამის მიზეზი, თურმე, ის გახლავთ, რომ ფეხბურთელები წინასასეზონო შეკრებაზე არიან, ფორმაში არ გახლავან, მათ სანახავად გუნდის თავკაცი, ვლადიმერ ვაისი სხვადასხვა ქვეყანაში დადის და ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს აკვირდება. გვინდა, გვჯეროდეს, რომ როგორც მწვრთნელმა, ისე ფედერაციამ, საკუთარი საქმე კარგად იცის. სხვაგვარად, მარცხის შემთხვევაში, გულშემატკივარი მხოლოდ ვაისზე რომ არ გადატეხავს ჯოხს, ყველაზე კარგად, სწორედ ფედერაციის პირველმა პირებმა უნდა იცოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება საქართველოში მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, იმისიც გვინდა გვჯეროდეს, რომ ფედერაცია ამ კონკრეტულ შეხვედრაზე გამდიდრებას არ შეეცდება და ბილეთს არარეალურ ფასს არ დაადებს. 

* * * 

რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ საგა დასრულდა და იმერული კლუბი იტალიელმა ინვესტორებმა შეისყიდეს. როგორც ისინი ამბობენ, „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი მძლავრი გუნდი გახდება და ევროთასებზეც ექნებათ პრეტენზია. 

იტალიელების საფეხბურთო გამოცდილებასა და ამ სფეროში საკუთარ პროფესიონალიზმზე ბევრს საუბრობენ, თუმცა... ინტერნეტში არცერთი ინვესტორის გვარი და სახელი ფეხბურთთან კავშირში, უბრალოდ, არ იძებნება და იმედია, ყველაფერი მართლაც ისე იქნება, როგორც გვპირდებიან. 

* * * 

უკვე დაიწყო საკალათბურთო ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. 20 თებერვალს, 19.00 საათზე, სპორტის სასახლეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიას უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10-დან 25 ლარამდე მერყეობს. 23 თებერვალს, ჩვენი გუნდი უკვე ბელგრადში ითამაშებს, სადაც ევროპის ერთ-ერთ ულიერეს ნაკრებს, სერბეთს დაუპირისპირდება. 

მოლოდინის მიუხედავად, ამ შეხვედრებში გამორიცხულია ნაკრების კაპიტნისა და ლიდერის, თორნიკე შენგელიას თამაში. მისი „ბასკონია“ ევროლიგაზე ასპარეზობს და მას ნაკრებში, უბრალოდ, არ გამოუშვებენ. ანალოგიურ მდგომარეობაშია გოგა ბითაძე _ NBA-ში მოთამაშე ერთადერთი ქართველი ნაკრებში მხოლოდ მაშინ ითამაშებს, როცა ამერიკულ საკალათბურთო ასოციაციაში შესვენება იქნება, ახლა კი იქ შესვენება ნამდვილად არ არის. 

საბედნიეროდ, პაუზა აქვს გიორგი შერმადინის გუნდს და იმის გათვალისწინებით, როგორ ფორმაშია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაკრების წარმატება, დიდწილად, სწორედ შერმადინის თამაშზე იქნება დამოკიდებული. 

* * * 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში, ესპანეთი დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ 23:10 მოიგეს და წესით, სასაყვედურო არაფერი უნდა გვქონდეს, მაგრამ მოდით, ყველამ ვაღიაროთ, რომ ჩვენმა გუნდმა რაგბი მხოლოდ პირველ ნახევარში ითამაშა, მეორე ტაიმში ნაჩვენებ ასპარეზობას კი, რაგბი ნამდვილად არ ერქვა. 

სხვათა შორის, 23-ვე ქულა ჩვენმა ნაკრებმა, სწორედ პირველ ტაიმში მოიპოვა და მეორე ნახევარში ღირებული არაფერი შეუქმნია. 

* * * 

24 თებერვალს, სუმოისტთა ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება. იმის გამო, რომ წლის პირველ ტურნირში, ჩვენმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა, რანგით დაქვეითდება, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. საფიქრალი ის უფროა, მომავალ ბაშოზე ტოჩი თუ ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს, შესაძლოა, ელიტარული დივიზიონიდან საერთოდ გავარდეს, რაც ძალიან, ძალიან ცუდი იქნება. იაპონური მედია წერს, რომ ქართველი გოლიათი რეაბილიტაციას გადის, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ამბობს, შეძლებს თუ არა ის მომავალ ტურნირში ასპარეზობას. 

* * * 

და პარიზის ტურნირი... ძიუდოისტთა შორის, მსოფლიოს არაოფიციალურ ჩამპიონატად მონათლული პარიზის პირველობა საინტერესო იმითაც იყო, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტატამზე დაბრუნდა მსოფლიოს რვაგზის, ოლიმპიადის ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ტედი რინერი. ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ტედის სალიცენზიო ქულები სჭირდება და ამიტომაც, ტურნირებზე გამოსვლა მოუწევს. 

რინერმა პირველი ორი შეხვედრა გაჭირვებით მოიგო, მეტოქეები ოდენ დამატებით დროში დაჩაგრა და მესამე შეხვედრაც მძიმედ დაიწყო. მისი მეტოქე იაპონელი კოკორო კაგეურა გახლდათ და... ბოლო 9 წლის განმავლობაში, ფრანგი გოლიათი პირველად დამარცხდა. ტურნირის მთავარ სენსაციადაც ეს ამბავი შეირაცხა. 

რაც შეეხებათ ქართველებს, ჩვენი ნაკრები 12 ვაჟითა და 5 გოგონათი იყო საფრანგეთის დედაქალაქში ჩასული და პირველი დღე, კარგს არაფერს გვიქადდა _ ტატამზე 10 ჩვენებური გავიდა და მედალს ვინ ჩივის, მესამე წრესაც ვერავინ გასცდა. მეორე დღეს, ძალიან კარგად იჭიდავა ვარლამ ლიპარტელიანმა და ფინალამდეც მივიდა, თუმცა ოქროსკენ სავალი გზა ებრაელმა მეტოქემ გადაუღობა და ჩვენებური ვერცხლის მედალს დასჯერდა. მძიმე წონაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი, მესამე ადგილისთვის ჭიდაობდა, თუმცა რუს მეტოქესთან დამარცხდა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, პარიზის დიდი პრიზი ლიპარტელიანის ვერცხლით დავასრულეთ, რაც ძალიან ცუდი შედეგია. 

ისე კი, ისიც ვთქვათ, რომ -90 კილოში, ოქროს მედალი ნიკა შერაზადიშვილმა მოიპოვა, თუმცა ესპანეთის სახელით. 

* * * 

ლამის მთელმა საქართველომ დაიტირა კობი ბრაიანტი, ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. იმავე დღეს, საფრანგეთში, ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რომ ბექას ნაკლები ყურადღება დაუთმეს სამშობლოში, ვიდრე _ ბრაიანტს. სამაგიეროდ, ბურდიაშვილის კლუბმა, ფრანგულმა „გრაულეტუამ“, ჩვენებურს პატივი ბოლომდე მიაგო და გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ქვედა ლიგაში, ბექას საპატივსაცემოდ ტურის ყველა შეხვედრა გადაიდო, მისმა კლუბმა ახალი მაისური დაამზადა, სადაც ბორჯღალი და ქართული სიტყვები _ „ძალა ერთობაშია“ წერია. „გრაულეტუა“ სეზონის ბოლომდე, სწორედ ამ ახალი მაისურებით ითამაშებს. 

* * * 

მოსკოვის „ცსკა“-ს რიგებში, 20 წლის ფეხბურთელი, კონსტანტინე მარადიშვილი გამოჩნდა. როგორც თავად აცხადებს, მამამისი, კობა, რუსეთში დიდი ხნის წინ წავიდა და საქართველოში ნათესავები ჰყავს, თუმცა აქ არასდროს ყოფილა. მარადიშვილზე რუსები დიდ იმედებს ამყარებენ და იმასაც ამბობენ, რომ კოსტია, ნაკრებში მალე დაიმკვიდრებს ადგილს. იმ ნაკრებში, რომლის ერთ-ერთი ლიდერი... გიორგი ჯიქია გახლავთ. 

* * * 

მექსიკაში, საკატეკასის ციხეში, სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პატიმრები იხდიან. ჰოდა, გასულ კვირას, ციხის ადმინისტრაციამ კეთილი ნება გამოიჩინა და პატიმრებს შორის, საფეხბურთო მატჩი გამართა, სახელდახელოდ მოწყობილ ტრიბუნებზე კი მათი ოჯახის წევრები მიიწვია. თამაშს პატიმრების მშობლები, და-ძმები, ცოლები და შვილები ადევნებდნენ თვალს. ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდს, პატიმრებს შორის ჩხუბი მოჰყვა, შედეგად, ბრალდებულებმა დანები იშიშვლეს და ერთმანეთს ოჯახის წევრების თვალწინ დაერივნენ. მატჩის ანგარიშის რა გითხრათ, მაგრამ მოედნიდან 16 გვამი გაიტანეს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში