Menu
RSS

მკვლელი სათამაშოები!

რა დაავადებას იწვევს ნივთიერება, რომელსაც სათამაშოები შეიცავენ

გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია, უარყოფითი ზეგავლენა რეპროდუქციულ სისტემასა და თირკმელებზე _ ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიშმა სათამაშომ ბავშვში გამოიწვიოს. ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სათამაშოები არ მოწმდება. ამ პრობლემის შესახებ ღიად საუბარი „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა საბოლოო შედეგსა და მიზანს _ სახელმწიფოს დახმარებით, მაინც ვერ მიაღწია.

ვახტანგ კობალაძის თქმით, ცენტრმა 2017 წლის დასაწყისში კვლევა ჩაატარა, რის შემდეგაც, ხელისუფლებას ნორმატიული აქტი უნდა მიეღო, თუმცა აქტის მიღებამ და ამოქმედებამ 2021 წლამდე გადაიწია. 

ვახტანგ კობალაძე: _ საქართველოში, სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე უსაფრთხოების კონტროლი არ არსებობს. 2017 წლის დასაწყისში, ჩატარდა კვლევა და საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, არც არაფერი შეცვლილა, რადგან შეზღუდვები არ დაწესებულა და არც სახელწიფო მაკონტროლებლები არსებობენ. სათამაშოები შეიცავს სხვადასხვა რისკს, ეს არის ქიმიური, ფიზიკური, აალებადი და რადიოაქტიური ანუ შეიძლება, სხვადასხვა ტიპის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ბავშვი, რომელიც ამა თუ იმ სათამაშოს მოიხმარს. 

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანა სამომხმარებლო პროდუქციისგან წამოსული საფრთხეებისგან დაცული არაა. ძალიან ბევრ და, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის ქვეყნებში, რომლისკენაც მივისწრაფვით, დაწესებულია კონკრეტული მოთხოვნები. სახელმწიფო აწესებს კონტროლს, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევებისა და სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზების სახით, რაც მშობელს არ შეუძლია. უნდა არსებობდნენ მაკონტროლებლები, რომლებიც გააკონტროლებენ, რამდენად ასრულებენ სათამაშოების მაღაზიები და აფთიაქები ამ მოთხოვნებს, თუმცა ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველაფერი ეს, არ არსებობს. 

_ კვლევა ახსენეთ, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა. მოდით, ამ კვლევის შესახებ, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ. 

_ 2017 წლის დასაწყისში, ჩვენმა ორგანიზაციამ 44 სათამაშო, პტალატებსა და კადმიუმზე შვამოწმა და ეს შემოწმება გერმანიის ლაბორატორიაში გაგზავნა. აღმოჩნდა, რომ 44 სათამაშოდან 21-ში, პტალატების გადაჭარბებული რაოდენობა იყო. ეს ნივთიერება გამოიყენება პლასტმასის დამარბილებლად და პირში ჩადების შემთხვევაში, ასევე, ხანგრძლივი ფიზიკური შეხების შემდეგ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ზეგავლენას ახდენს გონებრივ და ფსიქიკურ განვითარებაზე, ნერვულ სისტემაზე, იწვევს ინტოქსიკაციას, ალერგიას, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემასა და თირკმელებზე. რა თქმა უნდა, ბავშვს ერთბაშად და ერთი გამოყენებით, ყველაფერი ეს ზიანს არ აყენებს, მაგრამ როდესაც მას სისტემატიური ხასიათი აქვს, შესაძლოა, განვითარდეს სხვადასხვა დაავადება. პირველ რიგში, ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. 

2019 წელს, გათვალისწინებული იყო სათამაშოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში, ბიზნესს არ უნდა შევუქმნათ პრობლემები და დაბრკოლებები, რომელიც თავისით უნდა განვითარდეს. ბუნებრივია, გვესმის, რომ რეგულაციების ერთბაშად შემოღება და მისი კონტროლი რთულია. ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც განგაში ავტეხეთ, ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთი პასუხი მივიღეთ _ გვესმის, მაგრამ 2019 წლამდე, ვერაფერს გავაკეთებთო, თუმცა 2019 წელიც გავიდა და 2021 წლამდე რა იქნება, არავინ იცის ანუ თავისუფლად შეიძლება, ისევ გადაიწიოს და არგუმენტი იგივე იქნება. 

კანონით, არ შეიძლება ისეთი პროდუქტის გაყიდვა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სათამაშოებთან დაკავშირებით, განსაზღვრული არაა, რა შეიძლება ჩაითვალოს საფრთხედ, რეაგირებაც არაა, რადგან პირდაპირი საფრთხე არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება განსაზღვრული და დამტკიცებული კანონით, რომ ეს სათამაშოები მავნეა და ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულნი, ცხადია, არ დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. 

_ როგორ შეიძლება დაიცვას მშობელმა თავი და რა რეკომენდაციას მისცემთ მოსახლეობას? 

_ ამისგან დაცვა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ უნდა იყოს სახელმწიფო ჩართული და აწესებდეს რეგულაციებსა და ამა თუ იმ შეზღუდვას. 

ამ ეტაპზე, მხოლოდ გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები შეგვიძლია მივცეთ მშობლებს: მოერიდონ ისეთ სათამაშოს, რომელიც უხარისხოდ გამოიყურება, აქვს სპეციფიური სუნი, საღებავი ადვილად გადადის, ასევე, არსებობს ასეთი ვებგვერდი: „რაპექსი“, სადაც ქვეყნდება მავნე და არასასურსათო პროდუქციის ჩამონათვალი ანუ თუკი ადამიანი ამას გაეცნობა, უფრო კარგი წარმოდგენა შეექმნება საფრთხეებზე სათამაშოებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც შეიძლება სათამაშოს ნაწილი მოსძვრეს და ის საფრთხის შემცველი იყოს ბავშვისთვის _ ეს ნაწილი ბავშვმა პირში ჩაიდოს. 

ამიტომ, მშობლებს შეუძლიათ, ვიზუალურადაც დააკვირდნენ და შეამოწმონ სათამაშოს კონსტრუქცია, ხომ არ არსებობს რისკი, რომ ნაწილები მოსძვრეს და ბავშვმა გადაყლაპოს. მოკლედ, მშობელს დიდი ყურადღება მართებს!

მარიამ კალანდაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში