Menu
RSS

„სიდიადეს ძალიან ბევრი მსხვერპლი სჭირდება!“ _ მსოფლიო კობი ბრაიანტს ემშვიდობება

„ანორთოსის“ ხუთი ქართველი ლეგიონერი და მესის ახალი ანტირეკორდი

პირველად ხდება, რომ ქართული სპორტის ნაცვლად, კვირის სპორტულ მოვლენებს უცხოეთით ვიწყებთ: სამწუხაროდ, 41 წლის ასაკში, კალათბურთისა და ზოგადად, მსოფლიო სპორტის ლეგენდა, კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. მისი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასისის მახლობლად ჩამოვარდა. თავიდან ითქვა, რომ ბრაიანტთან ერთად, კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ვერტმფრენში სულ 9 ადამიანი იყო და ყველა დაიღუპა, მათ შორის, ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი ჯიანა.

NBA-ს ლეგენდამ მთელი კარიერა _ 1996-2016 წლები ერთ გუნდში, ლოს ანჯელესის „ლეიკერსში“ გაატარა. ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, ორჯერ დასახელდა საუკეთესო კალათბურთელად და 8-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში. კარიერის დასრულების შემდეგ, მისი 24-ნომრიანი მაისური, „ლეიკერსმა“ დიდების დარბაზში დაკიდა და გამოაცხადა, რომ ამ ნომრით, გუნდის ღირსებას ვეღარასოდეს, ვერცერთი კალათბურთელი დაიცავდა. 

„სავი მამბას“ მეტსახელით ცნობილ კობის უამრავი მეგობარი ჰყავდა და ყველა აღიარებს, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. საუბარი არ არის მხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლებზე, სპორტის სხვა სახეობების ლიდერებზეც იგივე ითქმის. 

კობის გარდაცვალება მისმა მეგობარმა, მოქმედმა კალათბურთელმა, კაირი ირვინგმა ისე განიცადა, რომ თამაშზე უარი განაცხადა და ექიმების დახმარება დასჭირდა. მის გარეშე კი „ბრუკლინი“, „ნიუ იორკთან“ დამარცხდა. 

გარდა წარმატებული კარიერისა, ბრაიანტი ცნობილი ქველმოქმედი იყო და წლიურად, ქველმოქმედებაში 3 მილიონამდე დოლარს ხარჯავდა. მან კარიერის განმავლობაში, ოფიციალურად 700 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა და ფული წარმატებით დააბანდა. 

 

ჯიანას გარდა, კობის კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდა და აქედან ერთი, შარშან შეეძინა. როცა ბრაიანტს კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატების საიდუმლო ჰკითხეს, მან ძალიან საინტერესო პასუხი გასცა და ლეგენდას, სწორედ ამ სიტყვებით ვემშვიდობებით: 

„გინდათ, რომ რამეში საუკეთესოები იყოთ? მაშინ, ამ მიზნით შეპყრობილები უნდა გახდეთ. ბევრი ამბობს, რომ პირველობა უნდა, მაგრამ სინამდვილეში, არ არის მზად მსხვერპლი გაიღოს მიზნებისთვის, სიდიადისთვის. მას სულ რაღაც აწუხებს, სხვა საქმეები აქვს _ მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო და მთავარ ოცნებას წყდება. ეს ნორმალურია _ სიდიადე ყველასთვის არ არის. სიდიადეს ძალიან ბევრი დრო და მსხვერპლის გაღება სჭირდება. ხალხი ვერ ხვდება, თუ რამდენ ძალისხმევასა და მსხვერპლს მოითხოვს ადამიანი, რომელიც თავის ოცნებას მიჰყვება“. 

* * * 

სამწუხარო ინფორმაციით უნდა განვაგრძოთ _ საფრანგეთის „ფედერალ-1“-ის დივიზიონის კლუბ „გრაჰალეტში“ მოთამაშე ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ავტოკატასტროფაში მაშინ დაიღუპა, როცა გუნდის თამაშზე მიემგზავრებოდა. 26 წლის ქართველს ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, „ფედერალ-1“-ის მორიგი ტურის აბსოლუტურად ყველა შეხვედრა გადაიდო და ქართველს პატივი ასე მიაგეს. 

კლუბმა სპეციალური ბაზა შექმნა, სადაც ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხოლო შეგროვებული თანხა, მთლიანად ბექას ოჯახს გადაერიცხება. ამის შესახებ, „გრაჰალეტის“ ვებ-გვერდი წერს. ამ დროისთვის, უკვე 1 500 ევროა შეგროვებული. 

* * * 

იაპონიაში, ახალი სეზონის პირველი ტურნირი დასრულდა. როგორც ვივარაუდეთ, ჰაცუ ბაშო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსით _ 5-10-ზე დაასრულა და შემდეგ ტურნირზე დაქვეითდება. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ბევრს არ ეგონა, რომ ტრავმის გამო, ლევანი ტურნირს ბოლომდე ჩაატარებდა, მაგრამ ქართველმა ტკივილს გაუძლო და 15-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

რაც შეეხება გამარჯვებულს, ყველასთვის მოულოდნელად, იმპერატორის თასი 33 წლის იაპონელი, ტოკოშორიუ გახდა. ტოკოშორიუ დასავლეთის მე-17 მაეგაშირაა და არასდროს მომხდარა, რომ ასეთი დაბალი რანგის სუმოისტს ტურნირი მოეგო. ვეტერანმა სუმოისტმა გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და ბავშვივით ატირდა. 

* * * 

„სპარტაკში“ გატარებული 11-წლიანი კარიერის შემდეგ, ჯანო ანანიძე მოსკოვურ კლუბს დაშორდა და კონტრაქტი „ანორთოსისთან“ გააფორმა. კვიპროსულ გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნის და გიორგი ლორიას, ბუბა დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ნიკა კაჭარავას შემდეგ, ჯანო მისი გუნდის მეხუთე ქართველი ლეგიონერია. ხუთი ქართველის ერთ გუნდში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ „ანორთოსისი“, პრაქტიკულად, ეროვნული ნაკრების საბაზისო გუნდია, ხოლო ადგილობრივი გულშემატკივარი ხმას არ იღებს _ „ანორთოსისი“ ჩემპიონატის ლიდერია და ოქროს მედლების მოპოვების უპირველეს კანდიდატად ითვლება. 

* * * 

ესპანეთის ჩემპიონატში, კვლავ შეუჩერებელია გიორგი შერმადინი. მისმა გუნდმა ამჯერად „ბურგოსი“ დაამარცხა, გიორგიმ კი 23 წუთში, 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, რაც საუკეთესოობისთვის ეყო. შემდეგ ტურში, გიორგის გუნდს „ბარსელონასთან“ შეხვედრა ელის და ამ მატჩს ქართველი გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან. 

* * * 

გასულ წელს, მესტიელმა მოკრივემ, ლაშა გურგულიანმა ჭBF (მსოფლიო კრივის ფედერაცია)-ის ვერსიით, 69 კგ წონაში, მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად, ამ ქამრის შესანარჩუნებლად, ლაშას ბრძოლების გადატანა მოუხდება და აგერ, პირველი პრეტენდენტი გასულ კვირას გამოჩნდა. ლათინო-ამერიკული ქვეყნების ჩემპიონი, მექსიკელი ედგარ ორტეგა თბილისში, სწორედ ქამრის მოსაპოვებლად ჩამოვიდა. საინტერესოა, რომ ამ დონის შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართა და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის ბედი ჩვენს დედაქალაქში პირველად გადაწყდა. მთელი შეხვედრა გურგულიანის უპირატესობით წარიმართა და მერვე რაუნდში, ჩვენებური მეტოქეს იმდენად აღემატებოდა, რომ მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა და ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა. ლაშამ ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა და ახლა, მორიგი პრეტენდენტის მოლოდინშია. 

* * * 

ძიუდოისტთა შორის, მიმდინარე წლის პირველი ტურნირი ჩატარდა. ისრაელში გამართულ გრან-პრიზე, ქართულმა დელეგაციამ მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა და ეს -81 კგ-ში, ლუკა მაისურაძემ შეძლო. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ლუკას მეტოქე „თურქი“ ვედათ ალბაირაკი იყო, მაგრამ ტატამზე, მხოლოდ ქართული შეძახილი ისმოდა. თურქეთის ნაკრების თავკაცი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ირაკლი უზნაძეა, ხოლო ვედათ ალბაირაკი, სინამდვილეში, ვანო რევაზიშვილი გახლდათ. საბოლოო ჯამში, ქართველთა დაპირისპირება მაისურაძის გამარჯვებით დასრულდა. 

* * * 

ასი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალი“ პრიმერადივიზიონს ლიდერობდა და გასულ კვირას, ისევ სათავეში მოექცა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც „ბარსელონამ“ „ვალენსიასთან“ წააგო, ხოლო ამ შეხვედრაში, გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ, საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა _ ლეომ მეტოქის კარში 11-ჯერ დაარტყა და ერთხელაც ვერ გაიტანა. ასეთი რამ კი მხოლოდ 2017 წელს მოხდა _ მაშინ ლეომ „დეპორტივოს“ მეკარეს დაურტყა 11-ჯერ და ბადე ვერ შეარხია. 

ლიდერი დამარცხდა იტალიის ჩემპიონატშიც. ნაპოლი-იუვენტუსის შეხვედრა საინტერესო იმით იყო, რომ სტუმართა გუნდის თავკაცი, მაურიციო სარი, თავის დროზე, ნეაპოლელებს ხელმძღვანელობდა. ადგილობრივი პუბლიკა სარის აგრესიულად დახვდა და უზარმაზარი ბანერიც კი გამოფინა, სადაც სარის კუზიანი ბებერი უწოდეს. „ნაპოლიმ“ 2:1 იმარჯვა და „იუვეს“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და ეს, მის მიერ, ზედიზედ მერვე შეხვედრაში შეგდებული ბურთია. 

* * * 

საჩოგბურთო სამყარო ახალი ვარსკვლავის დაბადებას აღნიშნავს. 15 წლის კოკო გაუფი, ავსტრალიის ღია პირველობაზე, 67-ე ჩოგბურთელის რანგში ჩავიდა და პირველ წრეში, გამოცდილი ვენუს უილიამსი დაამარცხა, შემდეგ არანაკლებ გამოცდილ, რუმინელ მიქაელა კირსტეას მოუგო, მესამე წრეში კი ტურნირის მოქმედი ჩამპიონი, ნაომი ოსაკა, ორ სეტში გაუშვა სახლში და ახლა მორიგ მეტოქეს ელოდება. გაუფი, მოგებული შეხვედრების შემდეგ, ცრემლებს ვერ იკავებს და ყველა გამარჯვებას ემოციურად აღნიშნავს. შედარებისთვის გეტყვით, რომ როცა პატარა კოკო დაბადებული არ იყო, ვენუს უილიამსს, აშშ-ის ღია პირველობა და უიმბლდონი ორ-ორჯერ ჰქონდა მოგებული. რადგან აშშ-ის ღია პირველობაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ მესამე წრიდან დაემშვიდობა ასპარეზობას სერენა უილიამსი. ამერიკელმა ლეგენდამ, ჩინელ ვან სიანთან წააგო. ბოლო 14 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ სერენა ტურნირს ასე ნაადრევად გამოეთიშა, თუმცა 38 წლის ვეტერანი ამ დონეზე რომ ასპარეზობს, უდაოდ აღნიშვნის ღირსია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში