Menu
RSS

ქართველი სპორტსმენების 2019 წლის მონაგარი

ლაშა ტალახაძის მსოფლიო ტრიუმფი და ლევან გორგაძის სამწუხარო რეალობა

როგორც წესი, წლის ბოლოს, ყველა სფეროში ითვლება მიღწევები და ჯილდოები. გამონაკლისი არც სპორტია და შესაბამისად, სპორტის ყველა სახეობაში ითვლიან გუნდურ, თუ ინდივიდუალურ პრიზებს.

დავიწყოთ ძალოსნობით, რამეთუ ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ფენომენად და წლის საუკეთესო სპორტსმენად საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა. ლაშამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს სამი მედალი მოიგო და რაც მთავარია, ახალი რეკორდებიც დაამყარა. 

ახლა სპეციალისტები იმაზე ბჭობენ, არის თუ არა ტალახაძე ყველა დროის უძლიერესი მამაკაცი დედამიწაზე, თორემ სპორტის ამ სახეობაში რომ გამორჩეულია, უკვე შეთანხმდნენ. 

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ლაშას კონკურენტები, ტურნირის წინ პირდაპირ აცხადებენ, მეორე ადგილისთვის საბრძოლველად ჩამოვედით, პირველი ტალახაძეა, რადგან მასთან კონკურენციას კი არა, მიახლოებასაც ვერ ვახერხებთო. 

2020 წელი ოლიმპიური წელიწადია და ქართულ ყულაბაში, ქართველი გოლიათი ოქროს მედალს რომ ჩააჩხრიალებს, თქმა არ უნდა. 

ახლა ძალოსნობის სამყარო იმაზე კი არ მსჯელობს, მოიგებს თუ არა ლაშა ოქროს მედალს, არამედ იმაზე, შეძლებს თუ არა ჩვენებური ორჭიდის ჯამში დაანონსებული ნახევარი ტონის აწევას. 

მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლაშას მონაგარი ორჭიდის ჯამში 484 კილოგრამია ანუ ოლიმპიადაზე ნახევარი ტონის აწევა თუ სურს, 16 კილოგრამის მომატება მოუწევს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა ტალახაძეს ვუყურებთ, გვგგონია, რომ მის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. 

* * * 

1989 წელს, ძიუდოისტთა შორის უმსუბუქეს წონაში -60 კილოგრამში, მსოფლიოს ჩემპიონი ამირან ტოტიკაშვილი გახდა. მას შემდეგ, ქართველთათვის ეს წონა დაუძლეველ ბარიერად იქცა და მსოფლიოზე პირველობას ვერ ვახერხებდით. წელს, ლუხუმ ჩხვიმიანმა გატეხა ნავსი და ტოკიოში, ძიუდოს სამშობლოში, ოქროს მედალი მოიპოვა. 

სიმართლე რომ ითქვას, ლუხუმისგან ოქროს არავინ ელოდა, მაგრამ მან მთელი ტურნირი ძალიან სტაბილურად ჩაატარა და ოქროს მედალიც დამაჯერებლად მოიგო. 

* * * 

მართალია, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, უმაღლეს საფეხურზე ქართველი გოგონა ავიდა. ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელთა ფავორიტს მოუგო და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამის შემდეგ, ჩვენებურმა 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის გამართულ ევროპის პირველობაზე იმარჯვა რუსეთში და ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა. 

მოკლედ, თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ წარმატებული წელი ჰქონდა, ერთ-ერთი პირველი, სწორედ ლიპარტელიანია. 

* * * 

გამორჩეული წელი ჰქონდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. მართალია, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩვენმა გუნდმა ვერ ივარგა, მაგრამ სამაგიეროდ, ერთა ლიგის გათამაშებაში, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რამაც ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ძალიან დიდი შანსი დაუტოვა. 

26 მარტს, ჩვენი გუნდი შინ, ბელორუსს ხვდება და თუ გაიმარჯვებს (დუელი ერთმატჩიანია), ასევე, შინაურ კედლებში, საქართველო კოსოვო-მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და... ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, ბებერი კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს. 

გვერწმუნეთ, ამ მოვლენას ოლიმპიადაზე ნაკლებად არ ელოდება ქართველი გულშემატკივარი და თუ ეს მოხდება, საქართველოში 13 მაისი დაბრუნდება... 1981 წლის 13 მაისი! 

* * * 

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა თბილისის „დინამომ“. ეროვნული პირველობა დაძაბული გამოდგა და ოქროს მედლის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა. თბილისელებს კვალში ბათუმის „დინამო“ ედგა, გუნდი, რომელიც უმაღლესში წელს აღზევდა და მაშინვე საჩემპიონო ამბიცია აღმოაჩნდა. 

ზოგადად, ბათუმში ფეხბურთი გაცოცხლდა, გუნდის ახალი მფლობელები ფინანსურ, თუ ადამიანურ რესურსს არ იშურებენ საქმის საკეთებლად და შედეგიც სახეზეა _ გულშემატკივართა დასწრების მხრივ, წელს ბათუმელთა ფანობა უკონკურენციო იყო. ისინი საყვარელ გუნდს არა მარტო შინაურ კედლებში ქომაგობდნენ, არამედ გასვლით შეხვედრებზეც დაჰყვებოდნენ და ერთგულად ედგნენ გვერდში. 

* * * 

ამას გარდა, ეროვნულ ლიგაში, კიდევ ორი საინტერესო ფაქტი მოხდა. პირველი ის, რომ აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი „საბურთალო“, მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. უმწვრთნელოდ დარჩა... ჩემპიონატის მომგები „დინამოც“ _ ყველასთვის მოულოდენელად, ოქროს მედალოსნებმა, ესპანელი სპეციალისტი ჩისკო მუნიოსი გაუშვეს და მის ნაცვლად, გუნდი კახა ჩხეტიანს ჩააბარეს. არადა, ჩხეტიანი „ტორპედოს“ თავკაცობდა და გუნდი მაშინაც არ მიატოვა, როცა იქიდან ინვესტორი წავიდა, ფეხბურთელებიც უხელფასობის გამო წავიდნენ და ჩხეტიანმა პირველობა, პრაქტიკულად, მეორე შემადგენლობით ჩაამთავრა. 

ახლა „ტორპედოში“ იტალიელი ინვესტორები მოვიდნენ, მაგრამ კახამ დარჩენა არ ისურვა და გულშემატკივარსაც აუგი არ დასცდენია _ კაცმა, ლამის ნახევარი წელი უხელფასოდ იმუშავა მხოლოდ იმისთვის, რომ გუნდი არ დაშლილიყო და უმაღლესი ლიგიდან არ გავარდნილიყო. 

* * * 

წელს კარიერა დაასრულა ზაზა ფაჩულიამ. ჯერჯერობით, ზაზა ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა (ორჯერ) და ძნელი იქნება, იგივე შედეგი ქართველებმა უახლოეს მომავალში დადონ. ეგ კი არა და, კარიერის დასრულების შემდეგ, ისე გამოვიდა, რომ ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში, ქართველი აღარ გვეყოლებოდა, მაგრამ წლევანდელ დრაფტზე, „ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე აირჩია და ჩვენებურმაც იმედები გაამართლა _ მართალია, ბევრს არა, მაგრამ გოგა სტაბილურად თამაშობს და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი სახით, „ინდიანამ“ ძალიან ძლიერი კალათბურთელი დაიმატა. 

* * * 

სამწუხაროდ, ოძეკის ტიტული დაკარგა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. წელს, ტოჩინოშინმა ეს ორჯერ მოასწრო, თუმცა პირველ ჯერზე დაიბრუნა, აი, მეორე ჯერზე კი ნეკნი გაიტეხა და იგივეს განმეორება ვეღარ შეძლო. ამის მიუხედავად, ლევანი არ ნებდება და იანვრის ბაშოსთვის თავდაუზოგავად ემზადება. 

ასევე, სამწუხაროდ, ელიტური სუმოისტის ტიტული დაკარგა მეორე ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმაც. ტრავმის გამო, გაგამარუმ ვერ შეძლო წლის ბოლო ტურნირის დასრულება და რანგით მესამე ლიგაში გავარდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს დროებითია და გაგა პირველივე ბაშოზე შეძლებს უძლიერესთა შორის აღზევებას. 

* * * 

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასი მოიგო. ალბათ, გახსოვთ, რომ ზაზას არც სავარჯიშო პირობები აქვს, არც ძვირადღირებული ნავი და მტკვარზე ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, ის შედეგს აჩვენებს და 2020 წლის ოლიმპიადაზე, მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება. 

* * * 

საჩოგბურთო სამყაროში სკანდალი აგორდა, აქაოდა, რამდენიმე მატჩი ჩაწყობილი იყო და ჩოგბურთელებმა დიდი ფული მოხსნესო. რამდენიმე საიტმა ისიც დაწერა, საქმეში ტოპ-30-ში მყოფი ერთი ჩოგბურთელიც არის გარეულიო და პირდაპირ მიანიშნეს, რომ ის ერთი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ძიება უკვე დაწყებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ უცხოური საიტები, უბრალოდ, ტყუიან. მით უმეტეს, რომ თავად ნიკომაც განაცხადა, მეწყინა, ქართულმა საიტებმა რომ დაიჯერეს, თითქოს ამ საქმეში წვლილი მაქვს, გაუგებარმა იტალიურმა საიტმა დაწერეს ჩემზე და რატომ აიტაცეთო? 

რა თქმა უნდა, თუ ვინმეს გაუხარდება ნიკოლოზის წარმატება, ეს პირველ რიგში, სწორედ ქართული მედიაა, რადგან ჩვენ არამარტო ვწერთ, არამედ ვგულშემატკივრობთ კიდეც ქართველ სპორტსმენებს. 

* * * 

ლევან საგინაშვილზე რომ არ ვთქვათ, არ შეიძლება. „ჰალკის“ მეტსახელით ცნობილმა მკლავჭიდელმა, წელს მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ქამარიც ჩამოიტანა საქართველოში. ერთი ეგაა, ლევანი სპორტის სამყაროს მაღალჩინოსნებიდან უჩივის უყურადღებობას, თორემ გულშემატკივართა მხარდაჭერა და სიყვარული ნამდვილად არ აკლია. 

* * * 

რაც შეეხება უცხოურ სპორტს, ყველაზე პოპულარულ სახეობად, კვლავ ფეხბურთი რჩება და შესაბამისად, ყველაზე დიდი ფულიც აქ ტრიალებს. წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი ლიონელ მესი მეექვსედ დასახელდა, რაც ყველა დროის რეკორდია. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი „ლივერპული“ გახდა, გუნდი, რომელსაც ძველი დიდება გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა დაუბრუნა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მერსისაიდელები პრემიერლიგასაც მოიგებენ. 

* * * 

ახალი წლის დადგომისთანავე, წლევანდელი მონაგარი ისტორიის კუთვნილება გახდება და სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ლიცენზიების გათამაშება დაიწყება. 2020 ოლიმპიური წელია და შესაბამისად, ყველაზე დიდი სპორტული მოვლენაც, სწორედ ტოკიოში გასამართი თამაშებია. რაღა თქმა უნდა, ამ თამაშებზე ქართველებიც იქნებიან და ჩვენს ყულაბაში ერთი ლიცენზია უკვე არის _ ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, ლიცენზია მიმდინარე წლის აპრილში გაინაღდა. 1988 წლიდან, სალუქვაძეს ყველა ოლიმპიადაზე აქვს მიღებული მონაწილეობა, რაც ქართველ სპორტსმენთა შორის, არავის მოუხერხებია. 

რაც შეეხება მსოფლიოს, სალუქვაძეზე უკეთესი შედეგი, მხოლოდ ორ ქალს აქვს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში