Menu
RSS

სკანდალი _ გერმანული მედია ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩაწყობილ თამაშებში ადანაშაულებს!

სომხური მაფიის საჩოგბურთო ვნებანი და რუსებისგან დაჩაგრული საბა კვირკველია

საუბარი არც თუ სასიამოვნო ამბით უნდა დავიწყოთ _ გერმანულმა სააგენტო ZDF-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც ირკვევა, რომ ბელგიურმა პოლიციამ, ჩოგბურთში თამაშების ჩაწყობის შესახებ, გამოძიება დაიწყო. გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ სქემაში, არც მეტი, არც ნაკლები, 135 ჩოგბურთელია გარეული და ამათგან ერთ-ერთი ისაა, ვინც ტოპ-30-ეულში შედის. გერმანული გამოცემა ამტკიცებს, რომ ტოპ-30-ში შემავალ ეჭვმიტანილ ჩოგბურთელს, ATP-ს სამი ტურნირი აქვს მოგებული. თვალს თუ გადავავლებთ, ასეთი საუკეთესო 30-ეულში, მხოლოდ ხუთი ჩოგბურთელია: იტალიელი მატეო ბერეტინი, არგენტინელი დიეგო შვარცმენი, ავსტრალიელი ალექს დე მინორი, ფრანგი ბენუა პერი და... ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ პოპულარული ინტერნეტ-საიტები _ lance.com-ი და tenniscircus.com-ი, ხელს პირდაპირ ბასილაშვილს ადებენ და წერენ, რომ გარიგებაში მონაწილე ტოპ-30-ის ჩოგბურთელი, სწორედ ქართველია. პროცესში უკვე FBI ჩაერთო და, ბელგიელ პოლიციელებთან ერთად, სწორედ აშშ-ის ფედერალური ბიურო იძიებს ამ საქმეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარიგებების ორგანიზებაში ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნებში მოქმედ სომხურ მაფიას ჰქონდა, მთავარი მოწმე კი გერმანელი ჩოგბურთელი გახლავთ. თუ სასწაული მოხდა და ბასილაშვილის მიმართ არსებული ეჭვები გამართლდა, საუკეთესო შემთხვევაში, ნიკოს კარიერის დასრულება მოუწევს, რაც იმედია, არ მოხდება და უცხოური საიტების ვარაუდი ვარაუდადვე დარჩება, მით უმეტეს, სამართალდამცავებს ქართველი ჩოგბურთელის გვარი, ჯერჯერობით, ერთხელაც არ უხსენებიათ. 

* * * 

გასული კვირა კი იმით დაიწყო, რომ ახალაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა განცხადება გაავრცელა, სამართალდამცავებმა ტყუილად დამაკავეს, მაგინეს და ფიზიკურადაც შემეხნენო. შემდეგ ეს განცხადება სოციალური ქსელიდან გაქრა და ბექაურიც, ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ჩინეთში გაემგზავრა. ცინდაოს მასტერსზე, -90 კილოში, მან ძალიან კარგად იასპარეზა, ფინალამდე იარა და ფინალში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკა შერაზადიშვილს, იპონით სძლია. იმავე მასტერსზე, ბრინჯაოს მედლები ვარლამ ლიპარტელიანმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს. 

ჩვენ კი იმას ვიტყვით, რაც წინა ნომერში ვთქვით _ ბექაური აშკარად ნიჭიერი ძიუდოისტია და საკუთარ სიტყვას სპორტის ამ სახეობაში აუცილებლად იტყვის. კარგი იქნება, თუ მწვრთნელებიცა და ფედერაციის მაღალჩინოსნებიც ჩაერევიან და მას სამართალდამცავებთან შეარიგებენ. სწორედ რომ შეარიგებენ, რადგან რეალურად, ყველაფერი არც ისე იყო, როგორც ძიუდოისტმა დაწერა და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც არ აძლევს არავის იმის უფლებას, სამართალდამცავებს დედა აგინოს. ეს ისე, ცნობისათვის. 

* * * 

დიდი ხანია, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველზე, საბა კვირკველიაზე არ დაგვიწერია. საბა გასულ სეზონში არამარტო „ლოკომოტივში“, არამედ, მთელ ჩემპიონატში გამორჩეული იყო, მთელი სეზონი შეუცვლელად ასპარეზობდა და ზაფხულში, მის სანაცვლოდ, ინგლისური პრემიერლიგის „ლესტერი“ 10 მილიონსაც იხდიდა. მაშინ დაიწერა,რომ რუსული კლუბი 15 მილიონს ითხოვდა და მხარეები ამიტომ ვერ შეთანხმდნენ. 

ასე იყო თუ ისე, საბა რკინიგზულ კლუბში დარჩა და ამით აღფრთოვანება რუს გულშემატკივარს არ დაუმალავს, მსოფლიო დონის მცველი ისევ ჩვენთან ითამაშებსო, თუმცა... ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ქართველი ღრმა თადარიგში აღმოჩნდა და თუ აქამდე მთავარ მიზეზად ტრავმა სახელდებოდა, მერე და მერე გაირკვა, რომ კვირკველია სრულიად ჯანმრთელი გახლდათ და მას, უბრალოდ, არ ათამაშებდნენ. წლის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე, არაფრისმომცემ მატჩში, კვირკველიამ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 90 წუთი კი ითამაშა, მაგრამ არის თუ არა ეს იმის გარანტია,რომ მომავალი წლიდან ძირითადს დაუბრუნდება, ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით, რატომ დასჭირდათ რუსებს ჩვენებურის ასე „გაფუჭება“, რადგან თუ ზაფხულში საბას ფასი 10-12 მილიონი იყო, ახლა მასში ამ თანხის მეოთხედს თუ გადაიხდიან. 

* * * 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უცნაურობები გრძელდება. „საბურთალოსთან“ ერთად, ბრინჯაოს მედლებისა და ქვეყნის თასის მოგების შემდეგ, პოსტიდან მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი წავიდა. ახლა კი ითქვა, რომ თანამდებობა საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრნელმა, ჩისკო მუნიოსმაც დატოვა. ოქროს მედლების მოგების შემდეგ, ჩისკო სამშობლოში გაემგზავრა და კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ აღარ დაბრუნდება. ჰოდა, არ გამორიცხოთ, რომ „დინამოს“ სათავეში, „საბურთალოდან“ წასული ჭიაბრიშვილი ჩაუდგეს. 

რადგან საქართველოს ეროვნულ ლიგაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ იტალიელი ინვესტორები მოდიან და სავარაუდოდ, იმერული კლუბი წელში ისევ გაიმართება. ერთი ეგაა, შესაძლოა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა დატოვოს და თუ ასე მოხდება, ჩხეტიანს უდიდესი ალბათობით, „საბურთალოს“ თავკაცად ვიხილავთ. 

* * * 

კატალონიაში არსებული არეულობის გამო, წელს, ოქტომბერში გასამართი ბარსელონა-რეალის შეხვედრა, 18 დეკემბრისთვის გადაიდო და აჰა, 18-იც მოვიდა. „სამეფო გუნდი“ კატალონიის დედაქალაქში უპრეცედენტო დაცვის თანხლებით ჩადის. გარდა იმისა, რომ სტადიონისკენ მიმავალ ორ ავტობუსს (ერთში ფეხბურთელები, მეორეში _ პერსონალი), პოლიციის 12 ავტომობილი გააცილებს, გადაიკეტება გზა, რომელიც „რეალმა“ უნდა გაიაროს. რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს თან ახლავს პირადი მცველი, რომლებიც ტრიბუნებზე, წინა რიგებში ისხდებიან. ვერ გეტყვით, რას იზამენ პირადი მცველები უშუალოდ მატჩის დროს, მაგრამ ფეხბურთელებმა ასე გადაწყვიტეს. 

ზოგადად, პირადი მცველები სხვა მატჩების დროსაც ტრიბუნებზე არიან, მაგრამ არა წინა რიგში _ ისინი ფეხბურთელების ოჯახის წევრებს იცავენ და მათ გვერდით სხედან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მადრიდელ ფეხბურთელებს ოჯახის წევრები „ნოუ კამპზე“ არ მიჰყავთ. 

* * * 

კალათბურთის ევროპის ფედერაციამ, ევრობასკეტის ლოგოს პრეზენტაცია გამართა. მოგეხსენებათ, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში _ ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიასა და საქართველოში ჩატარდება. შესაბამისად, პრეზენტაცია ოთხივე ქვეყანაში, ერთდროულად გაშუქდა და ახლა მთავარი ის არის, ევროპელებისთვის შეპირებული ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დროზე დაიწყოს, სხვაგვარად, შესაძლოა, მოცემული მასპინძლობა უკანვე წაიღონ და საერთაშორისო მასშტაბით შევრცხვეთ. 

* * * 

ზამთრის დადგომასთან ერთად, სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და, რაღა თქმა უნდა, ტოპ-კლუბები დიდი შენაძენებისთვის ემზადებიან. სპეციალისტთა აზრით, წამყვანი ხუთი ჩემპიონატის საუკეთესო კლუბები ამ ზამთარს, გაძლიერებისთვის დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ და ეს არც არის გასაკვირი _ იგივე „მანჩესტერი“, „არსენალი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და სხვა გრანდები, სასურველ ფეხბურთს ნამდვილად ვერ აჩვენებენ, რაც სეზონის ბოლოს წარუმატებლობად და ასეული მილიონობით დოლარის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეთ. ამიტომ, კლუბის ბოსები ახლა შეიმსუბუქებენ ჯიბეს, ზაფხულში რომ ისევ შეავსონ. ყველაზე ხმაურიანი კი, შესაძლოა, პოლ პოგბას ტრანსფერი გამოდგეს _ „მანჩესტერის“ ფრანგ ვარსკვლავს რამდენიმე კლუბი ეპატიჟება და მის სანაცვლოდ, 150 მილიონის გადახდასაც აპირებენ. 

* * * 

ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა. მართალია, სერენა 38 წლისაა, მაგრამ აქტიური სპორტსმენია და მსოფლიო რეიტინგში მეათე პოზიციასაც იკავებს. ჰოდა, კარიერის განმავლობაში, მხოლოდ ჩოგნის ქნევით 40 მილიონი დოლარის მომგებმა სერენამ განაცხადა, უსამართლობაა, კაცებს რომ უფრო მეტს უხდიან, ვიდრე _ ქალებს. მე კაცებზე მეტი მხოლოდ იმიტომ უნდა გადამიხადონ, რომ ძუძუები მაქვსო. 

ვერ გეტყვით, კარიერის მიწურულს რატომ გაახსენდა სერენას თავისი მკერდი, მაგრამ... აშკარად აქვს. 

* * * 

დასასრულ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა. ნიონში, 16 დეკემბერს გამართულმა კენჭისყრამ, რამდენიმე ისეთი წყვილი გაარკვია, რომლის ნახვაც აშკარად ღირს. მარტო ის რამდენს ნიშნავს, რომ ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი „მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მოკლედ, წყვილები და სამატჩო თარიღები ასე გამოიყურება: 

დორტმუნდი (გერმანია)-პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) 

რეალი (ესპანეთი)-მანჩესტერ სიტი (ინგლისი) 

ატალანტა (იტალია)-ვალენსია (ესპანეთი) 

ატლეტიკო (ესპანეთი)-ლივერპული (ინგლისი) 

ჩელსი (ინგლისი)-ბაიერნი (გერმანია) 

ლიონი (საფრანგეთი)-იუვენტუსი (იტალია) 

ტოტენჰემი (ინგლისი)-ლაიპციგი (გერმანია) 

ნაპოლი (იტალია)-ბარსელონა (ესპანეთი) 

პირველი 1/8-ფინალური მატჩები 18/19 და 25/26 თებერვალს გაიმართება, საპასუხო -10/11 და 17/18 მარტს. მატჩები, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. მეოთხედფინალისა და ნახევარფინალების წილისყრა კი 20 მარტს შედგება. 

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის დარად, ევროპა ლიგის პლეი-ოფების წილისყრაც ჩატარდა. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“, იტალიურ „რომას“ დაუპირისპირდება. ამ წყვილში ყველაზე დიდი ინტრიგა ქართველი შემტევია -რომაული კლუბი ჩაკვეტაძის შეძენაზე დიდი ხანია ფიქრობს და თავის გამოჩენის საუკეთესო შანსი გიოს, სწორედ ამ შეხვედრებში ექნება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში