Menu
RSS

მსოფლიოს სპორტულმა სამყარომ რუსეთს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა!

ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ქართველი ვარსკვლავი _ შესთავაზებენ თუ არა გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს

ქართველმა მკლავჭიდელმა, „ჰალკად“ წოდებულმა ლევან საგინაშვილმა, მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული, ტოპ-8 ტურნირი მოიგო და პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტულიც ალალად დაიმსახურა. ფინალში, ლევანის მეტოქე რუსი სპორტსმენი იყო, რომელიც ქართველმა გოლიათმა მშრალი ანგარიშით _ 6:0 დაამარცხა და ოქროს მედალთან, საჩემპიონო ქამარსა და მილოცვებთან ერთად, 50 ათასი დოლარიც დაიმსახურა.

ამასობაში, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა. მართალია, ბოლო ტურის შეხვედრები ორი კვირის წინ შედგა და ჩემპიონიც გაირკვა, მაგრამ დარჩენილი იყო თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ შეხვდნენ. „საბურთალოელებმა“ მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და 3:1-ით, დამსახურებულად იმარჯვეს. 

 

საინტერესო ამბებიც ნამატჩევს დაიწყო: შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „საბურთალოს“ თავკაცმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ერთ შეხედვით, ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბში ამის შესახებ იცოდნენ და მთავარი მწვრთნელის წასვლა მშვიდად გადაიტანეს. ახლა კი ამბობენ, რომ თბილისურ კლუბს გია ცეცაძე, ან კახა ჩხეტიანი ჩაიბარებს, არადა, პირველი, საქართველოს 21-წლამდელთა მთავარი მწვრთნელია, ხოლო მეორე _ ქუთაისის „ტორპედოსი“. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით, სხვა კანდიდატურები არ განიხილება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ან ნაკრები დარჩება თავკაცის გარეშე, ან _ „ტორპედო“. 

* * * 

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში, „ნიცამ“ საკუთარ მოედანზე, „მეცს“ 4:1 მოუგო. ეს შეხვედრა ჩვენი ყურადღების ცენტრში ვერ მოექცეოდა, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი _ შეხვედრის 83-ე წუთზე, სტუმართა თავკაცმა ცვლილება განახორციელა და მოედანზე... „ფრანგი“ გიორგი მიქაუტაძე შეუშვა. გიორგი 19 წლისაა, თავდამსხმელია და როგორც ფრანგული საიტები წერენ, მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. ის, რომ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ქართველი თამაშობს, არ არის უმნიშვნელო ფაქტი და იმედია, ფეხბურთის ფედერაცია ამ ბიჭით დაინტერესდება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშსაც შესთავაზებს. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ თავდასხმაში ჩვენს გუნდს, აშკარად უჭირს. 

რადგან ეროვნული ნაკრები ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა „გენტის“ 10 ნომერი, გიორგი ჩაკვეტაძე. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, 26 და 31 მარტს, თავისი არსებობის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის და ჩაკვეტაძის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება. იმედია, გიო გაზაფხულამდე, ფორმაში შესვლას მოასწრებს და რაც მთავარია, აღარ დაშავდება. 

* * * 

სამწუხაროდ, არცთუ სახარბიელოდ მისდის საქმეები ნაკრების კიდევ ერთ წევრს _ ჯანო ანანიძეს სათამაშო დროის ნაკლებობაც აქვს, არც სათანადო ფორმაშია და რუსული პრემიერ-ლიგის ბოლო ტურში, თანაგუნდელთან, პირდაპირ მოედანზე იჩხუბა. ამის გამო, ქართველი ნახევარმცველი კლუბმა კი დასაჯა, მაგრამ როგორც რუსული მედია წერს, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, მოსკოველები, პირველ რიგში, სწორედ ჯანოს გაყიდვას შეეცდებიან, რადგან მას სათანადოდ ვერ იყენებენ და ამ დროს, ჩვენებური, გუნდის ერთ-ერთი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. იმავე რუსული მედიის ცნობით, ანანიძე წლიურად, ხელფასის სახით, 2 მილიონ ევროს იღებს. 

* * * 

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, ტურინში, წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართა. ყველასთვის მოულოდნელად, პირველი ადგილი ქართულმა წყვილმა დაიკავა. გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ უშეცდომოდ ისრიალეს და აშშ-ისა და რუსეთის უძლიერეს წყვილებს აჯობეს. 

* * * 

არანაკლებ საოცარი იყო 11-12 წლამდელ გოგონათა შედეგი იაპონიაში. ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა საუცხოოდ იასპარეზეს და ფავორიტი რუსეთი უკან მოიტოვეს. მესამე ადგილზე იაპონელები გავიდნენ, თუმცა პუბლიკამ, სწორედ ქართული ჰიმნი მოისმინა. 

* * * 

ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 19 წლის ლაშა ბექაურმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს, დააკავეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული განცხადება ორ საათში აღარ იძებნებოდა, თუმცა საინფორმაციო საშუალებებმა მისი გავრცელება მოასწრეს და პარალელურად, ინტერნეტში, ბექაურის აყვანის კადრებიც გავრცელდა. 

საბოლოო ჯამში, თავად ძიუდოისტმა განაცხადა, გაუგებრობა იყო და ყველაფერი მოგვარდაო, მაგრამ ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე. ჯერ ერთი, თავად სპორტსმენი წერდა, მცემეს და მაგინესო და მეორეც, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ პოლიცია ბექაურს ხულიგნობას ედავება. ასეა, თუ ისე, 19 წლის ბიჭს ახლა, როგორც მწვრთნელების, ისე მეგობრების გვერდში დგომა და ჭკუის დარიგებაც სჭირდება, რათა მის ნიჭს სწორი განვითარება მიეცეს. მით უმეტეს, რომ ლაშას ჭიდაობა ჩინეთში, წლის შემაჯამებელ ტურნირში მოუწევს. ეს ტურნირი გამორჩეული იმითაა, რომ მასში მონაწილეობის უფლება, მხოლოდ მსოფლიო რეიტინგში, წონებში საუკეთესო 36 ძიუდოისტს აქვს. საქართველოს ნაკრებს, ტრავმის გამო, გურამ თუშიშვილი არ ეყოლება, ქალთა შორის კი, მხოლოდ ერთს, ეთერ ლიპარტელიანს აქვს ჭიდაობის უფლება. 

ეთერის გარდა, ჩვენი ნაკრების ღირსებას შემდეგი ძიუდოისტები დაიცავენ: -60კგ _ ლუხუმ ჩხვიმიანი; -66კგ _ ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი; -73კგ _ ლაშა შავდათუაშვილი; -81კგ _ ტატო გრიგალაშვილი; -90კგ _ ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური; -100კგ _ ვარლამ ლიპარტელიანი; +100კგ _ ლევან მატიაშვილი; გელა ზაალიშვილი; -57კგ _ ეთერ ლიპარტელიანი. ტურნირი ჩინეთის ქალაქ ცინდაოში, 12-14 დეკემბერს ჩატარდება. 

* * * 

კვიპროსზე წარმატებულ სვლას აგრძელებს ქართველთა „ანორთოსისი“. თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ გუნდში, 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და კლუბი ჩემპიონატს წაუგებლად ლიდერობს. ქეცბაიას გარჯა ადგილობრივმა მედიამაც დაუფასა და ზედიზედ მეორედ, ქართველი სპეციალისტი, თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. 

* * * 

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული საუცხოო შეხვედრის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, ტურის MVP-იდ დაასახელეს. გიომ „მურსიას“ წინააღმდეგ შეხვედრაში, თავის გუნდს 25 ქულა შესძინა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 იყო, რაც ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებისთვის საკმარისი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ დაასახელეს. 

* * * 

რუსული სპორტი ისეთ დღეში ჩავარდა, უარესს რომ ვერ მოიფიქრებს კაცი. მსოფლიოს საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტომ, ხანგრძლივი გამოძიება დაასრულა და დაასკვნა, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის მთელი ფედერაცია იყო ჩარეული, რათა სპორტსმენები (სპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობაში) აკრძალული პრეპარატებით გაეჭყიპათ და მათი შედეგები ასე ეჩვენებინათ. 

ამ თემაზე მუშაობდნენ სპეციალურად შექმნილი ლაბორატორიები, იგონებდნენ ახალ წამლებს, ისეთებს, რომლებიც ანალიზში ვერ გამოჩნდებოდა და როგორც დასკვნაში წერია, ყველაფერი ეს, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა (მინისტრებმა, სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელებმა) იცოდნენ. შედეგად, რუს სპორტსმენებს, უახლოესი 4 წლის განმავლობაში, ყველა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა აეკრძალათ. საერთაშორისო ტურნირებში იგულისხმება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები სპორტის ნებისმიერ სახეობაში და ოლიმპიადა. ამასთან, რუს მაღალჩინოსნებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აეკრძალათ, ხოლო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირზე, რუსეთის ჰიმნი და დროშაც აიკრძალა. 

რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას, ყველაფერ ამის გასაჩივრების უფლება მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ სიტუაცია არ შეიცვლება და სანქციების შემსუბუქების შანსი, ნულის ტოლია. 

ისმის კითხვა, რა უნდა ქნან იმ რუსმა სპორტსმენებმა, რომლებიც კეთილსინდისიერად ვარჯიშობდნენ და, მაგალითად, 2020 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ? პასუხი მარტივია _ ისინი გაივლიან უმკაცრეს შემოწმებას და დადებითი პასუხის შემთხვევაში, უფლება ექნებათ, ოლიმპიადაზე მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მაისურზე არ ეწერებათ „რუსეთი“, არ ექნებათ ქვეყნის დროშა და ამის ნაცვლად, ოლიმპიური დროშის ემბლემით დამშვენებული ტანსაცმლით ივლიან. ჩემპიონობის მოპოვების შემთხვვაში, არ შესრულდება რუსეთის ჰიმნი და შესრულდება ოლიმპიური ჰიმნი, რუსული დროშის ნაცვლად კი აიწევა ოლიმპიური დროშა. 

ერთადერთი გამონაკლისი, რუსეთის საფეხბურთ ნაკრებია, რომელმაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური უკვე მოიპოვა და მას ვერ ჩამოართმევენ ანუ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, მაგრამ ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში. 

ეს ამბავი მთელმა რუსეთმა გააპროტესტა და ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაშიც კი იჩივლა, გვიშველეთ, ვიღუპებითო. ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება და სწორედ, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებს. წინასწარი ვარაუდით, ფიფა რუსეთის ნაკრებს, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მისცემს, ოღონდ _ დროშისა და ჰიმნის გარეშე. 

ჰო, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი _ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი გაუქმდა და მას სხვა ქვეყანა უმასპინძლებს. 

„ასეთ მკაცრი სასჯელი იმიტომ გამოვიტანეთ, რომ აქ საუბარი არ იყო ას და ორას სპორტსმენზე, აქ საუბარი იყო ათასობით სპორტსმენზე, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ყველამ ყველაფერი იცოდა, მინისტრები და ფედერაციის ხელმძღვანელები ხელს აწერდნენ დოპინგით სპორტსმენების გაძლიერებაზე და ამაში სახელმწიფო მილიონებს ხარჯავდა“, _ ასეთია საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში