Menu
RSS

ემუქრება თუ არა საქართველოს ნაკრებს „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვედრა

ქეცბაია ლორიასა და კაჭარავას ფინანსურად დააჯარიმებს?

რაც არ უნდა მოხდეს, ოლიმპიადის დაწყებამდე, ჩვენთვის მთავარი სპორტული მოვლენა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, მისი მოხვედრის საინტერესო შანსია. შეგასენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 26 მარტს, საქართველოში, ერთა ლიგის ნახევარფინალის ერთმატჩიან დუელში ბელორუსს ხვდება და მოგების შემთხვევაში, 31 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, ისევ საქართველოში დაუპირისპირდება. აი, ამ შეხვეედრის მოგების შემდეგ კი, საქართველოში 13 მაისი დაბრუნდება, 1981 წლის 13 მაისი, იგივე განწყობა და იგივე შემართება. როცა მატჩის ჩატარების ადგილად საქართველოს ვამბობთ და არა _ თბილისს, იმას ვგულისხმობთ, რომ მატჩი შეიძლება ბათუმში ჩატარდეს, თუ მანამდე ახალი სტადიონის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება მოესწრება.

ევროპა კი, რა თქმა უნდა, არ გველოდება და 30 ნოემბერს, ფინალური ეტაპის წილისყრაც ჩატარდა ანუ ჩვენ უკვე ვიცით, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, რომელ ჯგუფში მოვხვდებით. ჯერ წილისყრის შედეგებს გაგაცნობთ, შემდეგ კი წესებს აგიხსნით. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ევროპის საიუბილეო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კონტინენტის პირველობას რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ქალაქი უმასპინძლებს. 

A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო) _ იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი; 

B ჯგუფი (მასპინძლები: პეტერბურგი, კოპენჰაგენი) _ დანია, რუსეთი, ბელგია, ფინეთი; 

C ჯგუფი (მასპინძლები: ამსტერდამი, ბუქარესტი) _ უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, D გზის პლეი-ოფის გამარჯვებული; 

D ჯგუფი (მასპინძლები: ლონდონი, გლაზგო) _ ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, ჩ გზის პლეი-ოფის გამარჯვებული; 

E ჯგუფი (მასპინძლები: ბილბაო, დუბლინი) _ ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზის პლეი-ოფის გამარჯვებული; 

F ჯგუფი (მასპინძლები: ბუდაპეშტი, მიუნხენი) _ გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზის პლეი-ოფის გამარჯვებული. 

გზა A _ ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი; 

გზა B _ ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია; 

გზა C _ შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი; 

გზა D _ საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი. 

როგორც ხედავთ, ამ წილისყრით, ერთა ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ჩ ჯგუფში უკრაინასთან, ნიდერლანდებსა და ავსტრიასთან მოხვდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა რუმინეთია, ჩვენს დარად, ისიც პლეი-ოფს თამაშობს და თუ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ჩ ჯგუფში საქართველოს ადგილს დაიკავებს, რადგან მშობლიურ ქვეყანაში ითამაშოს, საქართველო კი F ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეებად გერმანია, საფრანგეთი და პორტუგალია ეყოლება ანუ ჩვენი გუნდი, პრაქტიკულად, „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდება, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, რუმინეთს ამ ბარიერის დაძლევა გაუჭირდება, რადგან უპირობო ფავორიტად A ჯგუფის პლეი-ოფში ისლანდია ითვლება. 

* * * 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა და 2016 წლის შემდეგ, თბილისის „დინამომ“ ჩემპიონის ტიტული კვლავ დაიბრუნა. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა 75 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, ბათუმის „დინამოს“ ხუთი ქულით აჯობა. შესაბამისად, ვერცხლის მედლები აჭარულ კლუბს ერგო, ხოლო წინა წლის ჩემპიონმა „საბურთალომ“, მესამე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, თბილისური კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ბათუმელები, „საბურთალო“ და თასის ფინალში გასული „ლოკომოტივი“ კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოში ჩაერთვებიან. 

* * * 

კვიპროსის „ანორთოსისს“ ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია წვრთნის და ეს გუნდსაც ეტყობა: კლუბში მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველები _ ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თამაშობენ. აქედან, ლორია ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა, კაჭარავა ბოლო დროს მოედანს უგოლოდ არ ტოებს, სუპერ-გოლი გაიტანა ოქრიაშვილმა და დაუშვილმაც გამოიჩინა თავი წინა ტურში. შესაბამისად, ქართველების ყოფნა „ანორთოსისში“ გამართლებულია, თანაც გუნდი ჩემპიონატს ლიდერობს და... ბოლო ტურში, რომელიც გუნდმა სტუმრად მოიგო, განაცხადში არც ლორია იყო და არც კაჭარავა. ქეცბაიას ეს გადაწყვეტილება ყველას გაუკვირდა, რადგან არცერთ მათგანს ტრავმა არ აწუხებს, თუმცა ნამატჩევს, მწვრთნელმა ყველაფერი ახსნა: 

„ლორიამ და კაჭარავამ გუნდის სადილზე დააგვიანეს. ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და მეტი მოეთხოვებათ. სხვები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება თვალი დამეხუჭა, მაგრამ ეს ქართველებს არ ეხებათ, ისინი მისაბაძები უნდა იყვნენ ყველასთვის. ამიტომ, ეს დისციპლინარული სასჯელია და არ გამოვრიცხავ, უფრო მკაცრადაც დავსაჯო“, _ განაცხადა ქეცბაიამ. 

კვიპროსული მედია ვარაუდობს, რომ მწვრთნელმა მოთამაშეებს, შესაძლოა, ფინანსური ჯარიმაც დაუწესოს. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თანხმობით, სეზონის წინ ბერძნული „პერისტერი“ ჩაიბარა და დაკისრებულ მოვალეობას არც თუ ურიგოდ ართმევდა თავს. ყველასთვის მოულოდნელად, გასულ კვირას ზუროსს თანამდებობა დაატოვებინეს. 

კლუბმა მისი გაშვება ოფიციალურ გვერდზე, მოკლე წინადადებით გვაუწყა: „ილიას ზუროსთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, რისი მიზეზიც გუნდის სტრატეგიული განვითარების გზაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა“. 

* * * 

რაც შეეხება უცხოურ ფეხბურთს, დიდი გადაადგილებები მოხდა ინგლისის პრემიერ-ლიგის ტოპ-კლუბებში. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალისტის, ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცი, მაურიციო პოიჩეტინო თანამდებობიდან გაუშვეს და მის ნაცვლად, კლუბი ჟოზე მაურინიოს ჩააბარეს. პორტუგალიელმა მაშინვე განაცხადა, ხომ გახსოვთ, მე განსაკუთრებული ვარო და „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი, პრემიერ-ლიგაში კი ორი თამაში მოაგებინა ანუ ჟოზემ სამ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აიღო და სკეპტიკოსები გააჩუმა. 

* * * 

მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა მეორე ლონდონური კლუბი „არსენალი“. ესპანელ უნაი ემერის შიდა ჩემპიონატსა, თუ ევროთასებზე მიჯრით ვერმოგებული მატჩები არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. მის ნაცვლად, გუნდი დროებით, კლუბის ყოფილმა მოთამაშემ, შვედმა ფრედერიკ ლიუნგბერგმა ჩაიბარა. ლიუნგბერგი ის კაცია, ვისაც „არსენალში“ თამაშის დროს, გულშემატკივრები ჰომოსექსუალიზმში სდებდნენ ბრალს და მაშინ ლიბერალიზმი ასე ფეხგადგმული არ იყო. ლიუნგბერგი ეპატაჟური გარეგნობით, წითელ-ყვითლად შეღებილი თმით, ჭორაობის საფუძველს გულშემატკივარს აშკარად აძლევდა, მაგრამ მუდმივად იმას ამბობდა, რომ ვიყო, არ დავმალავდიო. ასეა თუ ისე, ლიუნგბერგი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის მესაჭეა და ვნახოთ, რა გამოუვა. 

* * * 

ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტი, ლეგენდარულმა ლუის ენრიკემ რამდენიმე თვის წინ იმიტომ დატოვა, რომ მძიმე სენით შეპყრობილი 9 წლის გოგონასთვის მეტი დრო დაეთმო. მაშინ ენრიკემ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, თავისი თანაშემწე და უახლოესი მეგობარი, რობერტ მორენო დატოვა. მოლაპარაკება ასეთი იყო: როგორც კი ენრიკეს შვილი გამოჯანმრთელდებოდა, ის თავის პოსტს დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, ენრიკემ შვილი იგლოვა და გადაწყვიტა, სამუშაოს დაბრუნებოდა, თუმცა ნურას უკაცრავად _ რობერტ მორენომ წასვლა არ ისურვა, აქაოდა, ბევრი ვიშრომე და მინდა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები, სწორედ მე ვათამაშოო. გულშემატკივრებით დაწყებული, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, ყველამ ლუის ენრიკეს პოზიცია დაიჭირა და ის მთავარ მწვრთნელად დააბრუნეს, თანაც ისე, რომ მორენოს თანაშემწის სტატუსი არ ჩამოართვეს და მისი ბედიც ენრიკეს ანდეს. 

„ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ახლა კი, უბრალოდ, ვეღარ ვენდობი. ამიტომ, მე სხვა თანაშემწე მეყოლება“, _ განაცხადა ლუის ენრიკემ და მორენო ნაკრებიდან საერთოდ გაუშვა. 

* * * 

სერბი სპეციალისტი, სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიას ებრძვის და მკურნალობის მესამე ეტაპს გადის. პარალელურად, მან ლისაბონის „სპორტინგს“ სასამართლო დავა მოუგო. მიმდინარე წლის 18 ივნისს, პორტუგალიურმა კლუბმა მიხაილოვიჩს კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა სამ დღეში, კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა. 26 ივნისს, მას კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტეს და კომპენსაციის სახით, 300 ათასი ევრო შესთავაზეს. სინიშამ უარი განაცხადა, სარჩელი სასამართლოში შეიტანა და გასულ კვირას მოიგო კიდეც. „სპორტინგს“ მისი 8-დღიანი მუშაობა 3 მილიონი ევრო დაუჯდება. 

* * * 

და ერთიც: ამსტერდამის „აიაქსის“ საფეხბურთო სკოლა მსოფლიოში უძლიერესად ითვლება. თავად განსაჯეთ: მთელი მსოფლიოდან ამსტერდამში, ყოველწლიურად, 3 ათასზე მეტი ბავშვი მიჰყავთ სინჯებზე, საიდანაც გუნდი 300-მდე 5-6 წლის ბიჭუნას იტოვებს, შემდეგ ეს რიცხვი ნელ-ნელა მცირდება და, საბოლოო ჯამში, ბოლომდე 20-25 გადის. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მსოფლიოს ყველა უძლიერეს კლუბში, „აიაქსის“ აღზრდილი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. 

მოკლედ, ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ არ გაგიკვირდეთ ის, რაც ამ გუნდის 12-წლამდელებმა ჩაიდინეს. პატარა „აიაქსელები“, „მაასტრიხტელ“ თანატოლებს შეხვდნენ და კლუბის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით _ 50:1 მოიგეს. გოლის ავტორებს რაც შეეხებათ, გაიტანა ყველამ, ვისაც არ დაეზარა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში