Menu
RSS

ემუქრება თუ არა ხელისუფლებას „ექიმების რევოლუცია“

რატომ დაიწყო მთავრობამ სამედიცინო რეფორმა უკუღმა, ვისი ინტერესები იკვეთება კლინიკებისთვის სატარიფო სისტემის დადგენაში და რატომ ითხოვენ მედიკოსები პრემიერის სკანდალური დადგენილების შეჩერებას

პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილებას მედიკოსთა აღშფოთება მოჰყვა. 25 კლინიკის მედპერსონალმა ღია წერილით უკვე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და ბიზნესომბუდსმენს. სამედიცინო საზოგადოება ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის იმ რეფორმის გამო აღშფოთდა, რომლის ფარგლებშიც, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამაში ცვლილება იგეგმება. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით, ამ პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის ეს დადგენილება და რატომ ერევა სახელმწიფო ასე უხეშად, ტარიფის განსაზღვრით, სამედიცინო სფეროში? ,,ვერსიას'' საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე ესაუბრება, რომელმაც დაგვიზუსტა, რომ 25 კლინიკის გარდა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სხვა კლინიკებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებიც აპროტესტებენ.

_ ბატონო ლევან, რეალურად რა ცვლილებებს გულისხმობს პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილება, რასაც 25 კლინიკის მედპერსონალი აპროტესტებს? 

_ თანმიმდევრულად რომ მოვყვეთ, ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა თქვა, რომ რეფორმები გაგრძელდებოდა. ის, რაც ახლა გაჟღერდა ანუ ტარიფიკაციის ერთიანი სქემა, არ არის ამ რეფორმით გაწერილი, ე.წ. DRG სისტემა (მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით, საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი), რომელიც აყალიბებს გარკვეულ ფასწარმოქმნას სხვადახვა ნოზოლოგიებთან მიმართებაში. ეს სისტემა აშშ-ში, ჯერ კიდევ 1982 წელს, ზუსტად იმისთვის მოიგონეს, რომ კლინიკებში სახელმწიფო დანახარჯებისთვის გარკვეული კონტროლი გაეწიათ, რათა ერთი და იგივე ტიპის ნოზოლოგიები არ დაფინანსებულიყო. ყველაზე მთავარი, რასაც რეფორმის ფარგლებში, ყველა ვაღიარებთ და ვემხრობით, ხარისხის სტანდარტია. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში სამედიცინო სერვისების ხარისხის სტანდარტი უნდა შემოვიღოთ, რაც უმნიშვნელოვანესი საყრდენია და რასაც შემდგომში უნდა დაეფუძნოს ფასთა კვოტირება, ტარიფიკაცია, კლინიკებისთვის კრიტერიუმების ჩამოყალიბება _ ჩაერთვებიან თუ არა სელექტიურ (შერჩევით) კონტრაქტირებაში. სახელმწიფომ ხარისხის სტანდარტი უნდა დაადგინოს და სასურველია, საერთაშორისო სტანდარტი იყოს, რომელსაც შესაძლოა, ქვეყანა დღესვე ვერ აღწევს, მაგრამ უნდა გაიწეროს, რომ პირობითად, ერთი, ან თუნდაც ხუთი წლის შემდეგ ამ სტანდარტზე ვიქნებით. სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფოს ძალიან სერიოზული ბერკეტი ეძლევა და ესაა რეგულაციის მექანიზმი. საქართველოში სულ 270 კლინიკაა _ სხვადასხვა მიმართულებებით, შეუძლია 270-ვეს მიუყენოს ეს სტანდარტი და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღოს. შესაძლოა, ზოგიერთი კლინიკა დახუროს, ზოგიერთი კლინიკა გააფრთხილოს, რათა რაღაც გააუმჯობესოს ანუ მისცეს ვადა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს მიუახლოვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახურავს, ხოლო ზოგ კლინიკას კი პიქირით, ეს სტანდარტი მიანიჭოს, რადგან კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 

სახელმწიფოს საშუალება ეძლევა გადახედოს, რამდენად შეესაბამება მის დადგენილ სტანდარტს ყველა ის კლინიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აი, ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი იმიტომ, რომ 2013 წლიდან, რაც ჯანდაცვის სისტემაში გაკეთდა, ვგულისხმობ სერვისების საყოველთაოობასა და ხელმისაწვდომობას, პოზიტიური შედეგი უკვე მოჰყვა. 2012 წლამდე, ქუჩაში ფეხი რომ მოგეტეხათ, დაზღვევა თუ არ გქონდათ, ან ვიღაცის ახლობელი არ იყავით, კლინიკაში ვერ მოხვდებოდით. 2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ამავდროულად, ბევრი კლინიკა გაიხსნა. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან სფერო განვითარდა, წარმატებული ექიმები დაბრუნდნენ საქართველოში _ საშუალება მიეცათ ისეთი ანაზღაურება მიეღოთ, რომ ნორმალურ პირობებში ემუშავათ, დარგმა სწრაფად განვითარება დაიწყო, მაგრამ ამას გარკვეული ხარვეზებიც მოჰყვა. მაგალითად, ის, რომ ძალიან ბევრი ისეთი კლინიკა გაიხსნა, რომლებსაც ჩვენ ე.წ. ცეხებად მოვიხსენებთ _ პატარა, საშუალო ზომის კლინიკებს ვგულისხმობ, რომლებიც სამწუხაროდ, ხარისხის სტანდარტს არ აკმაყოფილებდნენ, მაგრამ ან გარკვეული მფარველობით სარგებლობდნენ, ან გარიგებულები იყვნენ სხვადასხვა ,,ემერჯენსსა'', თუ ექიმებთან და შედეგად, მანკიერი პრაქტიკა გაჩნდა. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გჭირდება ისეთი სამედიცინო სერვისების მიღება, ან ოპერაციების გაკეთება იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ სახელმწიფო დაფინანსებიდან. სხვათა შორის, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ამის მაგალითია აშშ, სადაც ,,ობამა ქეარმა'', ლამის აშშ-ს მთელი ბიუჯეტი გადაიყოლა! ზოგადად, აღიარებულია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც კი, სამედიცინო სერვისები სახელმწიფოს მიერაა რეგულირებადი, რადგან საბიუჯეტო სახსრები უყაირათოდ არ დაიხარჯოს. ვიცით, რომ ხანდახან კლინიკები სცოდავენ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დავარეგულიროთ, უხარისხო სერვისის მიმწოდებელი კლინიკები უნდა დავხუროთ, ან ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა შევამციროთ, რისთვისაც სამედიცინო მომსახურებისა და მთლიანად, სამედიცინო კლინიკების სტანდარტი გვჭირდება და არა _ ფასების კვოტირება, რაც სტანდარტის მიღების შემდეგ, ძალიან მარტივად დასათვლელი და გასაკეთებელი იქნება. 

_ გასაგებია, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არსებულ მანკიერ პრაქტიკას სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, მაგრამ ამის მიუხედავად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც ფასს ბაზარი განსაზღვრავს, რამდენად სწორი და ადეკვატურია მთავრობის გადაწყვეტილება, დაადგინოს ამა თუ იმ ოპერაციის ფასი? 

_ ერთი შეხედვით, შესაძლოა, ვიღაცას ეს უსამართლოდ მოეჩვენოს, თუმცა როდესაც სახელმწიფო თანხას იხდის, რა თქმა უნდა, მას გარკვეული უფლება აქვს, თქვას, რომ თუ კონკრეტული სამედიცინო სერვისი რაღაც თანხაზე მეტი არ ღირს, ზედმეტს არ გადაიხდის. სახელმწიფო ვალდებულიც კია, ამგვარი კონტროლი განახორციელოს, რადგან ბიუჯეტის თანხას ხარჯავს, თუმცა მნიშვნელოვანია, ყოველი კონკრეტული ნოზოლოგიის შემთხვევაში განმარტოს, თუ რის საფუძველზე გვეუბნება ბევრ ფულს ვიხდი, ცოტას, თუ საკმარისსო? ზუსტად ამისთვისაა საჭირო ხარისხის სტანდარტის დადგენა, რადგან თუ იცი, რა სტანდარტი მოქმედებს, სწორედ მას ეფუძნება მერე DRG სისტემა. ხარისხის სტანდარტის მიხედვით, თითოეულ ნოზოლოგიაზე, სახელმწიფო ჯდება სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ექიმებთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად და იწყებს ფასის დადგენას. მაგალითად, გულის სარქველის გამოცვლა ამდენი ღირს იმიტომ, რომ ასეთი და ასეთი სტანდარტით უნდა გაკეთდეს ოპერაცია, პაციენტის რეანიმაცია ამდენი დღეა საჭირო, ოპერაციას უნდა ემსახურებოდეს ამდენი ქირურგი, ამდენი ექთანი ანუ ხარისხის სტანდარტი უნდა დავადგინოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტანდარტის მიხედვით შეეძლება სახელმწიფოს თქვას, თუ როგორი კვალიფიკაციისა და რა რაოდენობის ქირურგი, ექთანი, ანესთეზიოლოგი სჭირდება, ეს რომ ჩამოყალიბდება, ამის შემდეგ, ფასსაც მარტივად დაადგენს. DRG სისტემა, სწორედ ხარისხის სტანდარტს ეფუძნება და როდესაც ხარისხის სტანდარტი დადგენილი გაქვს, ის ყველა კლინიკისთვის ერთნაირად ამოქმედდება. შესაბამისად, უკვე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა მოქალაქემ ნებისმიერ კლინიკაში, მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქის ცენტრში იქნება, თუ სადმე, შორეულ რაიონში, ერთი და იგივე სტანდარტის პირობებში, გარანტირებულად მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, სახელმწიფოსვე გადახდილი თანხით. ახლა ვნახოთ, რა ქნა 520-ე დადგენილებამ და რატომ არია რეფორმის თანმიმდევრობა. ამ დადგენილებამ დაიწყო არა სტანდარტის დადგენა და DRG სისტემა, არამედ, პირდაპირ ფასების დადგენა! კლინიკების ფინანსისტებისა და ბუღალტრებისგან გამოითხოვა ნოზოლოგიების კალკულაცია და დაეყრდნო უკვე არსებულ პრაქტიკას, გაასაშუალოვა მონაცემები და თქვა, ამ ფასში უნდა ჩაეტიოთო... 

_ უკაცრავად, მაგრამ უფრო გასაგებად და დეტალურად აგვიხსენით, რა მოხდა სინამდვილეში? 

_ სახელმწიფომ კლინიკებს გამოართვა ფასები, რაც 2011-2012 წლებში იყო დადგენილი და დღემდე, სწორედ მაშინდელი ფასებით უხდიდა კლინიკებს სხვადასხვა ოპერაციის თანხას ბიუჯეტიდან. ამის გამო, კლინიკების ხელმძღვანელები სამართლიანად წუწუნებენ, რადგან 2011-2012 წლებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.60 ლარი იყო, ახლა კი თითქმის 3 ლარამდეა. ამასობაში, ოპერაციისთვის საჭირო დამხმარე მასალები გაძვირდა, რაც იმპორტირებულია და ჩვენთან არ იწარმოება არც პირბადე, არც _ დეფიბრილატორი, არც _ გულის სარქველები, არც _ კათეტერები. ყველაფერი ეს შემოდის. ამ 520-ე დადგენილებით, მთავრობამ 2011-2012 წლების ფასებსაც კი დაახლოებით, 20%-30% დააკლო და კლინიკების ხელმძღვანელებს უთხრა, ამ ფასში უნდა ჩაეტიოთო. ისიც გაითვალისწინეთ, რომ 520-ე დადგენილებამდე, შერჩევითი კონტრაქტირების დროს, მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო ოპერაციას უფინანსებდა, შეეძლო, რომ თანადაფინანსებაში შესულიყო ანუ თვითონაც დაემატებინა ოპერაციის თანხა, რათა დამატებითი სერვისი მიეღო. ამ დადგენილებით, თანადაფინანსების ეს მექანიზმი მოისპო, ამიერიდან კლინიკას იურიდიულად აღარ შეუძლია, რომ დამატებითი თანხა მოქალაქისგანაც მიიღოს! 

_ საყოველთაო დაზღვევის პირობებში, როდესაც სახელმწიფო მნიშვნელოვან სოციალურ დახმარებას უწევს მოსახლეობას და რეალურად, ამა თუ იმ ქირურგიულ ოპერაციას აფინანსებს, ფასთა სხვაობა ისედაც თვალში საცემია. მაგალითად, შესაძლოა, პაციენტმა სახელმწიფოსგან 70%-იანი (90%-იანიც, თუ პენსიონერია) დაფინანსება მიიღოს, მაგრამ სხვადასხვა კერძო კლინიკის კალკულაციით გაირკვეს, რომ სინამდვილეში, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პირობებში, პაციენტს 45%-იანი, საუკეთესო შემთხვევაში კი, 50%-იანი დაფინანსება მიუღია, თუმცა დარჩენილი თანხა თავადვე დაუმატებია... 

_ ახლა ვეღარ დაამატებს, რადგან პირდაპირ ეტყვიან, რომ წაიყვანონ იმ კლინიკაში, რომელშიც შესაძლოა, პაციენტს წასვლა არ უნდა. რეალურად, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მოკლედ, პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილების მიხედვით, სახელმწიფომ ფასები კლინიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე განსაზღვრა. ახლა ექიმები ამბობენ და სრულიად სამართლიანადაც, რომ ხომ შეიძლებოდა, ამ დადგენილების მიღებამდე, სამუშაო შეხვედრა გაგვემართა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იტყოდნენ, რომ ამ ოპერაციაზე დავადგინეთ ესა და ეს ფასი, იქნებ, გეთანხმებით, იქნებ, კალკულაციის სწორ გზას გვანახებთ და ჩვენ, ექიმებს გვეშლება რაღაცო? ჩემთვის წარმოუდგენელია ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს პოზიცია, როდესაც აცხადებენ, რატომ უნდა შევხვედროდით ექიმებსა და კლინიკებს, ჩვენ თვითონ დავადგინეთ ფასებიო! სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან კლინიკები, რადგან იმ ფასებით, რაც ამ დადგენილებაშია წარმოდგენილი, კლინიკების ხელმძღვანელებს მედპერსონალის ხელფასების შემცირება მოუწევთ, ან შესაძლოა, იქამდეც კი მივიდეთ, რომ გასტერილებული, მეორადი მასალები გამოჩნდეს ბაზარზე, რაც წარმოუდგენელი და ყოვლად დაუშვებელია! 90-იან წლებში ამოიღეს სტერილიზაცია პრაქტიკიდან და კლინიკები მხოლოდ ერთჯერად საოპერაციო მასალებს იყენებენ. ექიმი გახლავართ და ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნებით, 90-იანი წლების დასაწყისში ვაკეთებდით სტერილიზაციას, მაგრამ ამ დროს, სხვადასხვა ინფექციის რისკი არსებობს. დამხხმარე მასალები _ საოპერაციო ნაჭრით დაწყებული, პირბადით დამთავრებული, ერთჯერადი უნდა იყოს! წარმოგიდგენიათ, მეორადი პირბადე?! კი, ბატონო, უტრირებული მაგალითი მომყავს, მაგრამ საწუხაროდ, ასეთი რეალობაა, რადგან სხვაგვარად, იმ ფასებში, რასაც 520-ე დადგენილებით გვთავაზობს მთავრობა, კლინიკები ვერ ჩაეტევიან! 

_ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რა შედეგს მოუტანს პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს? 

_ ეს გამოიწვევს ჯანდაცვის ხარისხის გაუარესებას და სავარაუდოდ, სიკვდილიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. დღეს, იგივე გულის შეტევით, ძალიან იშვიათად იღუპებიან ადამიანები, რადგან იმდენად კარგადაა კარდიოლოგია განვითარებული, რომ მთავარია, საავადმყოფომდე მიიყვანოთ პაციენტი და გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ. პრაქტიკულად, სიკვდილიანობა შემცირდა, ვინაიდან შუნტირებები, სტენტირებები სწრაფად და ხარისხიანად კეთდება, რაც მთავარია, ძალიან ძლიერი ექიმები გვყავს, თუმცა ამ შემთხვევაში, სტენტირებას კი აღარ გააკეთებს, პირდაპირ ქირურგიულ ოპერაციაზე გაუშვებს პაციენტს, ეტყვის, რომ არ ეტევა ამ ფასში, რაც 520-ე დადგენილებით სახელმწიფომ განსაზღვრა და გაუშვებს ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია უნდა გაუკეთოს, რისთვისაც პაციენტს გულ-მკერდი უნდა გაუჭრას (სტენტირებასა და შუნტირებას გაჭრა არ სჭირდება), ოპერაციას ხომ თავისი გართულებები მოჰყვება, რაც საბოლოოდ, იმას გამოიწვევს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება _ აი, ესაა ხარისხის გაუარესება.

 

სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის ამ დადგენილებას მხოლოდ 25 კლინიკა არ აპროტესტებს, უამრავი ასოციაციაა და ჩემი ინფორმაციით, სხვა კლინიკებიც აპირებენ, ღია წერილით მიმართონ მთავრობას. დამირეკეს და მითხრეს, რომ აღშფოთებულები არიან, ამიტომაც ჩავერთე ამ საკითხში, რადგან ჩემთვის ეს თემა ნაცნობია _ პროფესიით ექიმი და ამავდროულად, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვარ. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფთან შეხვედრისა და მათთან კონსულტაციის გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამ, ყველას შევხვდები და დაველაპარაკებიო, მაგრამ ამ დროს, მინისტრი არავის ელაპარაკება, სწორედ ეს იყო ამ საკითხში ჩემი ჩართულობის მიზეზი. 

გარდა ამისა, როდესაც რეფორმაზეა საუბარი, რეფორმა ხომ პოლიტიკაა, გამოდის, ჯანდაცვის პოლიტიკაში შედის ცვლილება, ამიტომ დიდი ბოდიში, მაგრამ ეს პარლამენტისა და ჯანდაცვის კომიტეტის საქმეა! პირველ რიგში, სამინისტრო ჩვენთან უნდა მოსულიყო და წარმოედგინა რეფორმის პროექტი, შემდეგ უკვე შესაბამის მიზნობრივ ჯგუფსაც ერთად შევხვდებოდით, მაგრამ ამ საკითხზე, ჩვენს კომიტეტშიც კი არ ყოფილა მსჯელობა. ერთადერთ შეხვედრაზე, რომელიც 25 კლინიკის მედპერსონალის პროტესტის გამო, ჩემი დიდი ძალისხმევით შედგა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში და რომელშიც ბიზნესომბუდსმენიც მონაწილეობდა, ახალი მინისტრი არც კი მოსულა, მოადგილეები მოვიდნენ, რომლებმაც მხოლოდ ის თქვეს, რაც გავაკეთეთ, კარგიაო. ძალიან მწვავე დისკუსია იყო, მაგრამ ექიმებს პასუხები ვერ გასცეს და უთხრეს, ხვალ-ზეგ დაგელაპარაკებითო. რას ნიშნავს ეს ,,ხვალ-ზეგ დაგელაპარაკებით'', ამიხსენით? 

_ ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ? 

_ ეს დადგენილება მთავრობამ ცოტა ხნით _ ერთი, ან ორი თვით უნდა შეაჩეროს, რათა ამ საკითხზე ყველა მხარემ ვისმჯელოთ და პოზიციები შევაჯეროთ. ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, კონსტრუქციული მსჯელობა უნდა გაიმართოს, არავინ აპირებს ამ თემით პოლიტიკური ამინდის შექმნას. მესმის, რომ ჯანდაცვის სერვისში უამრავი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამას ფასის დადგენა კი არა, ხარისხის სტანდარტი უშველის. გიმეორებთ, ჯერ ხარისხის სტანდარტი უნდა დაგვედგინა და ამის შემდეგ _ ოპერაციების ფასები, მაგრამ ვინაიდან რეფორმა უკუღმა დაიწყო, ჩნდება ეჭვი, ვიღაცას ხომ არ აქვს ინტერესი, რომ ასეთი ფასების პირობებში, მხოლოდ ისეთი ქსელური კლინიკა გადარჩეს, როგორიცაა ,,ევექსი''? ვინმეს ხომ არ აქვს სურვილი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები დიდ, ქსელურ საავადმყოფოებში გადაქაჩოს მაშინ, როდესაც საშუალო, ან დიდი ზომის, მაგრამ არაქსელურ კლინიკებში მობილიზებულია ყველაზე დიდი პოტენციალი პროფესიონალი ექიმებისა?! კანადიდან და აშშ-დან ჩამოდიან ჩვენთან ოპერაციების გასაკეთებლად და თუ ასეთი კლინიკები დაიხურება, ეს ცნობილი მედიკოსები საზღვარგარეთ წავლენ. გარდა ამისა, პრობლემები შეექმნება სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც, ჩვენთან ჩამოდიან პაციენტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უამრავი ქვეყნებიდან, ისინი აქ იკეთებენ ოპერაციებს, რადგან ქართველ ექიმებს ენდობიან და ამას დავკარგავთ, სწორედ! დარჩებიან მხოლოდ მსხვილი, ქსელური, ან ძალიან წვრილი კლინიკები. ამიტომ მოვუწოდებ სამინისტროსა და მთავრობას, რომ სწორად დაიწყოს მსჯელობა ღია ფორმატში, რისთვისაც მზად ვართ და თუ კლინიკებს გადაცდომები აქვთ, ამაზეც მკაცრად მოვთხოვოთ მათ პასუხი, ოღონდ რეფორმა სწორად უნდა მიმდინარეობდეს და არა უკუღმა. როდესაც უკუღმა იწყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ვიღაცას სხვა ინტერესები აქვს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში