Menu
RSS

რატომ შეწყვიტა ჯანდაცვის სამინიტრომ ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციების დაფინანსება

ემუქრება თუ არა საქართველოს ჭარბი წონის პანდემია _ ექიმების პრეტენზიები და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები

მორბიდული სიმსუქნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საშიშ დაავადებათა ნუსხაში შეიტანა. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ევროპასა და საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა არაერთი მძიმე დაავადების გამომწვევია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ბარიატრიული ქირურგიის (კუჭის დაპატარავება) დაფინანსება შეწყვიტა. ბარიატრიული ქირურგი, ჯაბა ბაბაევი ამ თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „დღევანდელი ჯანდაცვის სამინისტროს საქციელი არ ეტევა არაფერში!!! იმ დროს, როცა საქართველო ჭარბწონიანთა სიმრავლით გამოირჩევა; როცა ჭარბი წონა (მორბიდული სიმსუქნე), ლამის სოციალურ პრობლემად არის ქცეული ამ ქვეყანაში; როცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ლამის სიმსუქნე პანდემიად გამოაცხადოს, ჩვენს ქვეყანაში ბარიატრიული პაციენტების დაფინანსება მოიხსნა. ეს არის ამ დარგის განვითარების შეფერხება და ამდენი პაციენტის უიმედოდ დატოვების ტოლფასი!!!“ რატომ შეწყვიტა სამინისტრომ ბარიატრიული ქირურგიის დაფინანსება, რა იწვევს მორბიდულ სიმსუქნეს, რომელი დაავადებების ხელშემწყობია ჭარბი წონა და როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ კილოგრამებს? _ ამ საკითხებზე „ვერსია“ ქირურგ ჯაბა ბაბაევსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიას ესაუბრა.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბარიატრიული ქირურგის, ჯაბა ბაბაევის განცხადებით, მორბიდული სიმსუქნე სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რაც ინფარქტის განვითარების, უეცარი სიკვდილისა და თრომბო-ემბოლიის დიდ რისკს ქმნის: „არსებობს ჭარბი წონის გამომხატველი მორბიდული სიმსუქნე, რომელსაც ახლავს ბევრი დაავადება, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სახსრების, ხერხემლის, ვენების პრობლემები, ქვედა კიდურის ვენების პრობლემები. მორბიდული სიმსუქნე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საშიშ დაავადებათა ნუსხაში შეიტანა. ესაა ერთ-ერთი ხელშემწყობი, რათა განვითარდეს სისხლძარღვოვანი პათოლოგიები _ ინფარქტი, გულის უკმარისობა და ა.შ. ასევე, ბოლო დროს, ჭარბი წონა მიჩნეულია ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ ხელშემწყობად. 

ბაბაევი განმარტავს, რომ ეს თემა, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, აქტუალური 21-ე საუკუნეში გახდა, რადგანაც ადამიანები ტექნოლოგიური მიღწევების გამო, ნაკლებად ვმოძრაობთ: „FAST FOD-მა ის გამოიწვია, რომ არ ვიკვებებით სწორად. სწრაფ კვებაზე მოთხოვნილება კი დროის უქონლობის გამო გაჩნდა. მოკლედ, ჭარბი წონა დღეს კაცობრიობის პრობლემაა. აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის, ევროპის ქვეყნებსა და ასევე, კავკასიაში, საკმაოდ აქტუალურია ეს პრობლემა. საქართველო კი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ჭარბი წონის მიხედვით. მოგეხსენებათ, როგორ გვიყვარს ქართული სამზარეულო. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში, 60-იან წლებში დაიწყო ამ ოპერაციების კეთება, თუმცა ლაპარასკოპიით რომ ვერ კეთდებოდა, გაჩერდა. 90-იანი წლებიდან და 21-ე საუკუნეში, განვითარდა აპარატურა და ეს ოპერაციები კეთდება ლაპარასკოპიულად, რაც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა“. 

ქირურგი განმარტავს, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლის რამდენიმე ოპერაციული მეთოდი არსებობს, რომელიცოპერაციის შემდგომ, წონის დაკლებას იწვევს. მისივე განმარტებით, წონის დაკლებას მხოლოდ ესთეტიკური მხარე არ აქვს: „წონის დაკლებასთან ერთად, ფაქტობრივად, ვმკურნალობთ შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, სახსრების, ხერხემლის პრობლემებს და ა.შ. ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, რომლებიც ჭარბი წონის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ, შრომისუუნარონი იყვნენ. ბევრმა ოპერაციის შემდეგ დაიწყო აქტიური ცხოვრება, შრომობს და დოვლათი მოაქვს სახელმწიფოსთვის. მგონი, სახელმწიფოსთვის ეს კარგია“. 

ქირურგი განმარტავს, რომ ყველა მსურველს, ამ ოპერაციაზე, ექიმები არ თანხმდებიან და ოპერაციის აუცილებლობა დამოკიდებულია BMI-ზე ანუ წონისა და სიმაღლის ინდექსზე, რომლის გამოსაყვანი სპეციალური ცხრილი არსებობს. ქირურგის თქმითვე, 30-ის ზემოთ, BMI ითვლება ჭარბ წონად. ბრაზილიაში 35 ითვლება მორბიდულ სიმსუქნედ, იაპონიაში _ 27, საქართველოში კი ოპერაცია ფინანსდებოდა 50 BMI-დან, თუმცა ქირურგის განმარტებით, 40-45 BMI-ზე, უკვე შეიძლება ამ ოპერაციის გაკეთება, თუ სიმსუქნეს დაავადებებიც ახლავს. 

ექიმის განმარტებით, 5 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რის შემდეგაც, დაფინანსება ყველას შეუჩერდა, მათ შორის, ისეთ პაციენტებსაც უთხრეს უარი, რომლებსაც აღნიშნული ოპერაცია უკვე დაფინანსებული ჰქონდათ. ექიმს ვკითხეთ, რით ახსნა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, რაზეც გვიპასუხა, რომ არც ერთი ბარიატრიული ქირურგი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ და ვერც კლინიკის ხელმძღვანელებმა მიიღეს პასუხი. 

რაც შეეხება ოპერაციის ღირებულებას, ქირურგის თქმით, საქართველოში კუჭის დაპატარავება 10-დან 12 000 ლარამდე ჯდება. ბენეფიციარს, რომელიც არც უმწეოა და არც პენსიონერი, სახელმწიფო 7 000 ლარს უფინანსებდა, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს კი _ სრულად. 

არის თუ არა რისკი, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაციის შემდეგ, ადამიანი ისევ გასუქდეს? ამ კითხვაზე, ქირურგი გვპასუხობს, რომ პაციენტი ოპერაციამდე და მას შემდეგაც, რამდენიმე თვის მანძილზე, ენდოკრინოლოგისა და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა: „შემდეგ ცხოვრების წესი უყალიბდება, თუმცა იშვიათად ხდება, რომ წონაში ისევ მოიმატოს“. 

ჯაბა ბაბაევი ასევე, განმარტავს, რომ თავდაპირველად, პაციენტს ენდოკრინოლოგი უტარებს წინასაოპერაციო კვლევებს, ამზადებს საოპერაციოდ, დიეტაზე ამყოფებს და ამის შემდეგ უკეთდება ოპერაცია: „უფრო მეტად მოდიან პაციენტები, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს დიეტა, სპორტსაც მიჰყვებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგს ვერ მიაღწიეს. დამერწმუნეთ, ეს იმხელა მასშტაბის ოპერაციაა, ყველა არ მივა ექიმთან, რომ კუჭი დაიპატარავოს. მოცულობით, საკმაოდ რთული ოპერაციაა, დაახლოებით, საათნახევარი გრძელდება და ოპერაციის მეორე დღესვე, პაციენტი ატქიურია. კლინიკიდან გაწერიდანვე იწყება წონაში კლება. მსოფლიოში BMI დაწიეს ქვეყნებმა, რათა ადამიანებს ოპერაცია დაუფინანსდეთ და ჩვენს ქვეყნაში, სადაც სოციალური პრობლემებია, არ მგონია, დაფინანსების მოხსნა მართებული იყოს. კვირაში 2-3 ოპერაციას ვაკეთებდი და რაც დაფინანსება შეწყდა, თვეში 2-3 ოპერაციას ვაკეთებთ. 

* * * 

„ვერსია“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიასაც ესაუბრა: 

_ სამინისტრო ბარიატრიულ ქირურგიას 2015 წლიდან აფინანსებდა და მაშინდელი მონაცმებით, ამ მიმართულებით, საერთო ხარჯი მილიონი ლარი იყო. შემდეგ ეს ხარჯი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2016 წელს, 6 მილიონი ლარი შეადგინა. შევისწავლეთ ამ სერვისის უტილიზაცია. სერვისი ნაჩვენებია მხოლოდ მაღალი ხარისხის სიმსუქნის შემთხვევაში, როცა სიმსუქნე არის რისკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საერთაშორისო გაიდლაინი მიუთითებს, რომ ბარიატრიული ქირურუგიის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მულტიდისციპლინარულმა გუნდმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოყენებული იქნება სხვა ინტერვენციები, კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა წონის კორექცია მოხდეს. ჩვენს შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა, ბარიატრიულ ქირურგიას იყენებდნენ, როგორც პირადი შერჩევის ინტერვენციას არა მორბიდული სიუმუქნის, არამედ, სიმსუქნეების უფრო დაბალი ხარისხის შემთხვევაში. ეს კი სერიოზულ რისკს ქმნის, მათ შორის, პაციენტისთვისაც, რადგან ამ ოპერაციის სარგებელი რისკს მხოლოდ იმ შემთხვევაში აჭარბებს, როცა საქმე გვაქვს მაღალი ხარისხის სიმსუქნესთან. მტკიცებულებები, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში, შეიძლება ეს ოპერაცია ნებისმიერმა ადამიანმა გაიკეთოს, რა თქმა უნდა, არ არსებობს. სამინისტრომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან აღმოჩნდა, რომ არ ხდებოდა მიზნობრივი გამოყენება. 

_ გასაგებია, მაგრამ შეგეძლოთ, რეგულაციები დაგეწესებინათ და გაგეკონტროლებინათ, რომ დაფინანსება მიზნობრივად გამოყენებულიყო. ყველას რატომ შეუჩერეთ დაფინანსება? 

_ ეს ისედაც დაწესებულია ანუ ეს ინსტრუქცია აქვთ ჯანდაცვის პროფესიონალებს და ეს ყველაფერი, ისედაც ძალიან კარგად იციან... 

_ სხვა რამ გკითხეთ... 

_ ამ ეტაპზე, ამ ოპერაციის გამოყენებამ უკონტროლო ხასიათი მიიღო. ასეთი რეგულაცია ისედაც არსებობდა, მაგრამ სამინისტრო ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ვერ განიხილავს კლინიკური კუთხით დაფინანსების გაცემამდე და ვენდობით ექიმის გადაწყვეტილებას. ამდენად, თუ აუცილებელი საჭიროება იქნება, როგორც 2015 წლამდე იყო, სამინისტროს აქვს რესურსი, გამონაკლისის სახით, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამამ გაითვალისწინოს ასეთი შემთხვევის დაფინანსება. მხოლოდ ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, როგორც კლინიკური, ასევე, ფინანსური კუთხით, რათა სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად და უკონტროლოდ არ დაიხარჯოს, რადგან ზოგ შემთხვევაში, ესთეტიკური მიზნებისთვის დაიწყო ხალხმა ამის გამოყენება ანუ ეს ოპერაცია პროგრამულად აღარ დაფინანსდება. 

_ ქალბატონო თამარ, იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბი წონა მნიშვნელოვან დაავადებებს იწვევს, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის? 

_ სიმსუქნე არის რისკი მთელი რიგი დაავადებებისთვის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბარიატრიული ქირურგია არ არის გადამწყვეტი ყველა ტიპის სიმსუქნისთვის. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს და როგორც გითხარით, ინდივიდუალური განხილვის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებს დააფინანსებს, მაგრამ ყველა ტიპის სიმსუქნეზე ბარიატრიული ოპერაციის ხელშეწყობა რომ დავიწყოთ, ასეთი რამ მეცნიერულად დასაბუთებული არაა. არადა, აშკარად იყო ოპერაციების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, პაციენტებთანაც გვქონდა საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ რამდენიმე მომატებული კილოგრამის დასაკლებად, არსებობს ცხოვრების სტილის მოდიფიკაციის ინტერვენციები: დიეტა, ვარჯიში, ჯანსაღი კვება, რასაც დრო სჭირდება. პაციენტები გვპასუხობენ, სწრაფად გვინდა წონაში დაკლებაო, რაც არაა გამართლება, რათა ასეთი ძვირადღირებული ოპერაცია, ისევ პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში