Menu
RSS

რა მსგავსებაა ლუდომანიასა და ნარკოდამოკიდებულებას შორის

იკურნება თუ არა თამაშზე დამოკიდებულება _ ფსიქოთერაპევტ ზვიად ეკიზაშვილის რჩევები და განმარტებები

საზოგადოების უმეტესობა თანხმდება, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაუძლეველი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ლუდომანები კარგავენ ქონებას, ოჯახს, მეგობრებს, ასევე, კარგავენ ყველაზე ძვირფასს _ სიცოცხლეს. „ვერსიას“, რამდენიმე კვირის წინ, ორგანიზაცია _ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა, თამარ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო, ორ თვეში, 17-მა ადამიანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. იმ ფონზე, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლუდომანია მძიმე დაავადებათა ნუსხაში შეიტანა, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, რაც გარკვეულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს გულისხმობს, მაგრამ ეს კანონპროექტი თაროზეა შემოდებული. 

როგორ შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანი აზარტომანია ანუ რა სიმპტომები ახასიათებს ლუდომანიას და თუ ადამიანი ამ პრობლემას აღიარებს, რა გზას უნდა მიმართოს მანიისგან განსაკურნებლად? _ ამ კითხვებით „ვერსიამ“ ფსიქოთერაპევტ ზვიად ეკიზაშვილს მიმართა.

_ ბატონო ზვიად, ცოტა ხნის წინ, ტრაგიკული ამბავი მოხდა _ ახალგაზრდა ოპერატორმა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, თავი მოიკლა. რა ნიშნებით გამოიხატება ლუდომანია და რა ხდება ასეთ დროს, ადამიანის ფსიქიკაში? 

_ ჩვენ ვსაუბრობთ თამაშზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, არის თუ არა ეს აზარტომანია? ახლა, ზუსტად ამაზე მიდის საუბარი სპეციალისტთა წრეებში ანუ ეს არის აზარტომანია, თუ ადამიანში იმპულსის დარღვევა. ჩვენ ვსაუბრობთ ლუდომანიასა და აზარტომანიაზე. სიტყვა „მანია“ და „მანიაკალური სინდრომი“ კი გამომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რაც ნიშნავს ვნებას, გატაცებას. ეს ზუსტად ჯდება აზარტთან. მანია არის ფსიქოპათოლოგიური სინდრომი. ვერ შევალ დეტალებში, მაგრამ დსმ4-ის მიხედვით ანუ მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო, ამერიკულ შკალაზე, აზარტომანია შეტანილია და ეს ურტყამს პოზიტიურ განწყობას, თვითშეფასებას, ძილის პატერნს (ციკლს), მეტყველებასა და სოციალურ აქტივობას. 

ზოგადად, დამოკიდებულება, სიმპტომატიკით ერთმანეთს ჰგავს. საინტერესო ტესტი არსებობს, რომლითაც შეგვიძლია, თვითდიაგნოსტიკა ჩავიტაროთ: 

1. თუ ფიქრობს ადამიანი აზარტულ თამაშებზე და გეგმავს თუ არა ფსონების დადებას ანუ ეს აზრი მის ტვინში ტრიალებს, თუ არა; 2. თუ ფიქრობს ამ გზით თანხის მიღებას; 3. ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში, რამდენად საუბრობს აზარტულ თამაშებსა და ამ გზით თანხის მიღებაზე? 

ამ კითხვებზე პასუხების შეჯამება თავად შეუძლია ადამიანს და მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად რამდენჯერ ხდება. თუ კვირაში 2-3-ზე მეტად ხდება, ეს უკვე პრობლემის სიგნალია. აგრეთვე, თუ ყოფილა პერიოდები, როცა ფსონებს ზრდის მოთამაშე, ან კვირის განმავლობაში თუ უფიქრია ფსონის გაზრდაზე... 

_ ბატონო ზვიად, აზარტომანიის პრობლემა განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანებში, რის შესახებაც რეგულაციები გათვალისწინებულია პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტში. როგორ გამოვიცნოთ, რომ მოზარდი დამოკიდებულია თამაშზე? 

_ არასრულწლოვანებთან სერიოზული პრობლემაა, რადგან მათი ფსიქიკა არაა ბოლომდე გაწონასწორებული და შესაბამისად, თუ თამაშის პერიოდიკა იწვევს შფოთვას, უმწეობის, დეპრესიულ შეგრძნებას ანუ ხასიათის ცვლილება ხდება, ე.ი. რაღაც არ არის ნორმაში. უნდა მივხვდეთ, ამ შკალაზე სად ვიმყოფებით _ ოდესმე თუ გვიფიქრია აზარტული თამაშებისგან თავის დაღწევაზე, ეს უკვე ნიშანია, რომ პრობლემას ვგრძნობთ. 

იწვევს თუ არა დამოკიდებულება პრობლემებს ოჯახის წევრებთან, სამეგობრო წრეში ანუ რესოციალიზაციას? მაგალითად, ხომ არ იწვევს პრობლემებს სკოლაში, სწავლის დონის ვარდნას, კლასელებთან პრობლემებს, სამსახურის დაკარგვას, ოჯახსა და პირად ცხოვრებაში პრობლემებს? თუ გითხოვიათ დახმარება ოჯახის წევრებისთვის? 

რასაც ყველაზე მეტად ურტყამს ეს პრობლემა, ეკონომიკური მდგომარეობაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფინანსებამდე დადის ტოტალიზატორში. 

ასევე, საგანგაშო სიგნალია, თუ ცდილობს ადამიანი, გამოიყენოს მეგობრები, ნათესავები ტოტალიზატორისთვის და თამაშებისთვის ანუ თუ ადამიანი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, სად იშოვოს ფული, აქ შეიძლება გავავლოთ პარალელი ნარკოდამოკიდებულებასთან. 

_ ვის შეიძლება მიმართოს ამ პრობლემით ადამიანმა ანუ საქართველოში არსებობს აზარტომანიის რეაბილიტაციის ცენტრები? 

_დიახ, არსებობს. ჩემი კოლეგა ალინა იყო ჩამოსული რუსეთიდან, რომელიც როგორც თერაპევტი, ჩართული იყო ამ პროგრამაში ქართველ კოლეგებთან ერთად. მარტივად, ინტერნეტში შეგვიძლია მოვძებნოთ ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ამ პრობლემის მქონე ადამიანებს. 

განკურნებისთვის პირველი ნაბიჯი აღიარებაა. პრობლემის გაცნობიერება, როგორც წესი, მოდის ხოლმე ბოლო სტადიაზე. 12-ნაბიჯიან პროგრამაში, პირველი ნაბიჯი არის იმის თქმა, რომ „მე ვარ დამოკიდებული“. უამრავი სპეციალისტია დღეს საქართველოში, რადგან ძალიან დიდი პრობლემაა დამოკიდებულება. 

_ ბატონო ზვიად, აზარტომანიისგან სრულად განკურნება შესაძლებელია? 

_ მნიშვნელოვანია, მწვავე ხაზიდან ეს მდგომარეობა გადავიყვანოთ ქრონიკულში, როცა აქტიური არ არის. ხომ იცით, ამბობენ, ყოფილი ალკოჰოლიკი არ არსებობსო ანუ სახიფათოცაა ითქვას, რომ „მე ყოფილი ვარ“. მნიშვნელოვანია, კონტროლქვეშ იყოს ეს სისუსტე. 

_ ჩვენთვის ცნობილია, რომ კანონპროექტს ქმნით, რომელიც სადაზღვევო პაკეტებში ფსიქოთერაპიის შესვლას გულისხმობს. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ინიციატივა? 

_ კოლეგებთან ერთად, ვაპირებ კანონპროექტის შექმნას, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო პაკეტებში შევა ფსიქოთერაპიის თანადაფინანსება. განვიხილავთ ამ საკითხს ანუ როგორც საზღვარგარეთ ხდება, დაზღვეულ კლიენტებს, 50%-იანი თანადაფინანსებით მაინც შეეძლოთ ფსიქოთერაპიული დახმარების მიღება. 

კოლეგებთან ამ საკითხზე ვსაუბრობ და გვინდა, პაკეტი შევიმუშაოთ, რომელიც ჯერ სამინისტროში, შემდეგ კი პარლამენტში შევა. კარგი იქნება, თუ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაინტერესდებიან, თუ არადა, შეიძლება, კერძო სადაზღვევო კომპანიები დაინტერესდნენ ამ ინიციატივით. 

ჩემთვის სულ ერთია, სადმე თუ გამეხსნა კარი, ეს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს მომხმარებელს. ევროპულ გამოცდილებაზე გეტყვით, რომ იქ მოქმედებს დაზღვევა ფსიქოთერაპიაზე. დაზღვევით ფსიქოთერაპიის დაფინანსება უმნიშვნელოვანესი იქნება აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულთათვის. 

მაგალითად, აზარტომანიის პრობლემა ავიღოთ. საყოველთაო სადაზღვევო პაკეტში რომ იყოს შესული რაღაც დოზით, თუნდაც მხოლოდ დამოკიდებულებების მიმართ ფსიქოთერაპიული დახმარება. მაგალითად, მომხმარებელს აქვს დაზღვევა და გრძნობს, რომ პრობლემა აქვს, რომლის დაძლევაც უნდა. შეიძლება, მივიდეს ოჯახის ექიმთან, უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა, სადაც ჩაერთვება კლინიკური ფსიქოთერაპევტი და თუ დაუსვამენ დიაგნოზს, რომ ლუდომანი ანუ აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, მასზე სახელმწიფო იზრუნებს და 50%, ან 60%-ით დაუფინანსებს 10-20 ინდივიდუალურ, ან ჯგუფურ სესიას ფსიქოთერაპევტთან. ეს შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ამ დახმარების მიღების შანსი ბევრ ადამიანს მიეცემოდა.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში