Menu
RSS

უცნაურობები, რომლებიც მხოლოდ საბერძნეთშია

აგია თეოდორა _ საბერძნეთის ყველაზე საოცარი ეკლესია 

პელოპონესის ნახევარკუნძულის ცენტრში, პატარა სოფელ ვასტასთან ახლოს, მდინარე ხარადოს ხეობაში, საბერძნეთის ყველაზე საოცარი ეკლესია მდებარეობს _ დიდმოწამე თეო-დორას სახელობის სამლოცველო, რომელიც მე-12 საუკუნე¬შია აგებული. წელიწადის ყველა დროს ამ ტაძარს უამრავი პილიგრიმი და მომლოცველი ჰყავს. 

მართლაც სასწაულია აქაურობა: ეკლესიის სახურავზე 17 უზარმაზარი ხეა ამოსული. საოცარი კი ისაა, რომ ისინი „არსაიდან“ იზრდება - მათი ფესვები არ არის არც სახურავში, არც სახურავის ქვეშ, არც კედლებში... მონასტრის ქვემოდან პატარა მდინარე მიედინება. ამბობენ, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ეკლესიისკენ გადმოინაცვლა. ბევრი მეცნიერი ცდილობდა რაციონალურად აეხსნა ეს ფენომენი, მაგრამ ვერანაირი გონივრული პასუხი ვერ მოიძიეს _ ტაძარი ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგება... 

 

ლეგენდის მიხედვით, ბიზანტიის ბატონობის პერიოდში, ყველა სოფელს თავისი სამხედრო-ადმინისტრაციული უწყება ჰქონდა და ყველა ოჯახს უნდა გაეგზავნა ერთი ვაჟი ჯარში, ხოლო ოჯახს, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა, ჯარიმას _ დადგენილ თანხას იხდიდა. დიდმოწამე თეოდორას მშობლებს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდათ და თანაც ძალიან გაჭირვებულები იყვნენ. დიდი მსჯელობის შემდეგ, უფროსმა ქალიშვილმა, 17 წლის თეოდორამ ჯარში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ოჯახი ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებდა. ადმინისტრაციულ უწყებაში თეოდორა ვაჟის ფორმაში გამოწყობილი გამოცხადდა. 

ისე მოხდა, რომ მალევე ხალხი ომში გაიწვიეს და, რასაკვირველია, თეოდორაც წავიდა. თავისი გონიერების, გამბედაობისა და სიმამაცის წყალობით მალე დააწინაურეს... თუმცა ერთ გოგონას შეუყვარდა, ცხადია, თეოდორა მის გრძნობას ვერ უპასუხებდა. გოგონა სხვა ჯარისკაცისგან ფეხმძიმედ დარჩა და თეოდორას დააბრალა, ცილი დასწამა. ხალხი განრისხდა და სრულიად უდანაშაულო თეოდორა ქვებით ჩაქოლეს, მან კი თავი ვერ იმართლა და საიდუმლოს გამჟღავნებას სიკვდილი ამჯობინა. მხოლოდ ჩაქოლვის შემდეგ ნახეს, რომ ჯარისკაცი, სინამდვილეში, ქალი იყო და მისი უდანაშაულობაც გაირკვა, მაგრამ... სიკვდილის წინ, წმინდანმა ღმერთს შეჰღაღადა: „ღმერთო ჩემო, აპატიე ჩემს მტრებს, ჩემი სხეული ეკლესიად გადააქციე, ჩემი თმა _ ხეებად, ჩემი სისხლი კი მდინარედ. ასეც მოხდა. 

წლების შემდეგ, დაახლოებით მე-12 ს-ში, ამ ადგილას აშენდა წმ. თეოდორას სამლოცველო, სადაც წმინდანის ნაწილებია დაკრძალული. სამლოცველო უნიკალური მოვლენაა, ის ერთ-ერთი, ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია არკადიის ტერიტორიაზე. ეკლესია გინესის რეკორდების წიგნშია შესული, ამდენი საუკუნისაა და მაინც კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე 17 ოცმეტრიანი ჭადრის ხეა ამოსული და კედლები კი სულ რაღაც 70 სმ-ის სისქისაა. 

დელფოსი 

როგორც ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, დედამიწის ცენტრი ანუ მისი ჭიპი, ათენიდან 178 კილომეტრში, კორინთოს ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. თქვენ მას დღესაც შეგიძლიათ შეეხოთ- ეს არის ქვა, ე.წ.ომფალოსი, მაგრამ ამისათვის საჭიროა დელფოსი მოინახულოთ. ფრანგმა არქეოლოგებმა ძიება 1863 წელს დაიწყეს ცნობილი მთის - პარნასოს მახლობლად. გათხრები 1935 წლამდე მიმდინარეობდა და არქეოლოგიის ისტორიაში, უდიდესი სენსაციით დასრულდა. მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ სწორედ აქ მდებარეობს დელფოსის ორაკულის ტაძარი. დიდი არქეოლოგიური კომპლექსი მთის ფერდობზეა განლაგებული, იგი შედგება აპოლონისა და ათენა პრონიას ტაძრებისაგან, ანტიკური ქალაქის ნანგრევების, სტადიონისა და ნეკროპოლისისგან. ანტიკურ ხანაში ეს გასაოცრად ლამაზი კომპლექსი იყო: მარმარილოს სასახლეებით, მოხატული ტაძრებით, მარმარილოს მოოქროვილი ქანდაკებებით. 

მითებიდან ვგებულობთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინათ, დელფოსის მიდამოებში არსებობდა დედამიწის ქალღმერთის, გეას ორაკული, რომელსაც ქალღმერთის შვილი პითონი იცავდა. შემდგომში ტაძარი გეამ თემიდას გადასცა, მან კი _ აპოლონს. სხვა ვერსიით, აპოლონმა თავად დაისაკუთრა დელფოსის გვირგვინი, როდესაც განგმირა პითონი ოქროსთავიანი ვერცხლის ისრით. ძველ დროში, დელფოსი თავისი ორაკულის წყალობით გახდა ცნობილი, რომლის მეშვეობითაც მომლოცველები დასმულ კითხვებზე პასუხს ღმერთისგან იგებდნენ, ამისთვის საჭირო იყო _ გარკვეული თანხის გადახდა, იმ წყაროს წყალში განბანვა, რომელსაც „პარნასოს ცრემლებს“ უწოდებდნენ, აპოლონისთვის ცხვრის, თხის ან ვაცის მსხვერპლშეწირვა იმისდამიხედვით, რამდენად შეძლებული იყო მომლოცველი. 

ძველი დროის ბევრი ცნობილი პიროვნება მიმართავდა ორაკულს, მათ შორის იყო ალექსანდრე მაკედონელიც. წინასწარმეტყველი, რომელიც აპოლონის პასუხებს ახმაურებდა, იყო პითია. ქურუმები თეთრ სამოსში იმოსებოდნენ და მკაცრად ინახავდნენ მარხვას. პითია წარმოთქვამდა თავის წინასწარმეტყველებებს. კლდის ნაპრალიდან ამოდიოდა წიწვის, დაფნისა და სურნელოვანი ფისის სურნელი. ამ სურნელს ამატებდნენ საკმევლისა და ლენცოფას ფოთლებს. ამ ბანქისებური არომატის შესუნთქვით პითია ვარდებოდა ტრანსში და იწყებდა მომსვლელისთვის სრულიად გაუგებარი სიტყვების წარმოთქმას. მის წინასწარმეტყველებებს გულმოდგინედ იწერდნენ იქ მყოფი ქურუმები, რომლებიც შემდგომ გადასცემდნეენ ხოლმე სხვა ქურუმინტერპრეტატორებს. ხშირად გამონათქვამები იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ შეიძლებოდა მათი სხვადასხვაგვარად ახსნა. 

ისტორიაში ცნობილია ფაქტი, რომელიც ამგვარი ორაზროვანი წინასწარმეტყველების შედეგად მოხდა. ზღაპრულად მდიდარ ლიდიის მეფეს კრეზს, სპარსეთთან ომის წინ უწინასწარმეტყველეს : „თუ გადალახავ ზღვისპირა მდინარე გალის, მაშინ დაღუპავ დიდებულ სამეფოს'', მაგრამ რომელ სამეფოზე იყო ლაპარაკი, ეს ქურუმებს არ უთქვამთ. კრეზმა ეს წინასწარმეტყველება, რაღა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ ახსნა. დაძრა თავისი ლაშქარი სპარსელების წინააღმდეგ, მაგრამ საშინელი მარცხი განიცადა და ტყვედ ჩავარდა. დელფოს ორაკულის წინასწარმეტყველები ხშირად ემთხვეოდა მიმდინარე მოვლენებს, რადგან ქურუმებს გააჩნდათ ინფორმატორების ფართო ქსელი არამარტო საბერძნეთის ტერიტორიაზე, არამედ მთელ მსოფლიოში. 

საბერძნეთზე თავდასხმების, ომებისა და მიწისძვრის შედეგად, აპოლონის ტაძარი არაერთხელ დაინგრა. დელფოსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 80 წელს, დაარბიეს ტაძარში შეჭრილმა რომაელმა ლეგიონერებმა. იმპერატორმა ნერონმა, რომელსაც თავისი თავი დიდ მსახიობად წარმოედგინა, იმოგზაურა რომიდან საბერძნეთში. დიდების მანიით შეპყრობილმა, ოლიმპიურ თამაშებში შეიტანა კითარაზე დამკვრელთა შეჯიბრი და მიაღწია რა იმას, რომ მისთვის მიენიჭებინათ გამარჯვება, თვითონვე შეიმკო თავი დაფნის გვირგვინით. როდესაც ტოვებდა დელფოსს, ნერონმა ხელახლა გაძარცვა ტაძარი და რომში თან წაიღო 500 -მდე უძვირფასესი ქანდაკება ორაკულის საგანძურიდან. მართალი აღმოჩნდა პითიას ბოლო წინასწარმეტყველება. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ გააგზავნა ელჩები დელფოსის ორაკულთან შეკითხვით: ხომ არ შეუძლია კონსტანტინოპოლს რაიმით დაეხმაროს უკვე კრიზისგადატანილ დელფოსელებს? პასუხი იუწყებოდა: „აუწყე მეფეს, დაინგრა ღმერთის დიდებული ტაძარი და იგი მიწის ქვეშაა. აპოლონს აღარ აქვს აქ თავშესაფარი, წმინდა ლავრა დაჭკნა. მისი წყაროები სამუდამოდ დადუმდა, წყალი დაშრა“. 

ტაძრის მნიშვნელობა კოლონიზაციის პერიოდში გაიზარდა. ბერძენთ არც ერთ კოლონიას არ შეეძლო საბერძნეთიდან წასვლა დელფოს სამისნოს რჩევისა და ამასთან დაკავშირებით უდიდესი შესაწირავის გარეშე. მოგვიანებით, დელფოს სამისნოს გავლენა საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა. ძვ. წ. VI საუკუნეში, დელფოს სამისნო დაიწვა და მაშინვე მის მაგივრად ააშნეს ძველზე გაცილებით უკეთესი. დაახლოებით 390 წელს, ახალი წელთაღრიცხვით, იგი სამუდამოდ გაანადგურა იმპერატორმა თეოდიუსის პირველმა

ნინო ბაჯელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში