Menu
RSS

ორი ნაბიჯი ოცნებამდე _ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს!

რატომ აგინა გია ცეცაძემ მსაჯს და რა განსაცდელის წინაშე დგას ტოჩინოშინი

საუბარი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებით უნდა დავიწყოთ: გია ცეცაძის გუნდმა, ოთხდღიანი ინტერვალით, ორი გასვლითი მატჩი ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ნაკრები ლიდერების გარეშე თამაშობდა, ფაქტია: ძალიან საინტერესო ფეხბურთს აჩვენებდა და ამიტომ უშანსოდ არც ვარსკვლავებით გაძეძგილ ფრანგებთან ვიყავით და არც _ პრაგმატულად მოთამაშე სლოვაკეთთან.

ჰოდა, როგორც მოსალოდნელი იყო, სამფეროვნებმა ჩვენს გუნდს შტურმი მოუწყვეს, 2:0-ით დაწინაურდნენ და ყველას ეგონა, რომ საქართველოს ნაკრები განადგურდებოდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ცეცაძის შეგირდებმა თამაში მალე გამოასწორეს, მეტოქეს ანგარიში გაუთანაბრეს და ქულასაც აიღებდნენ, რომ არა მსაჯის მიკერძოება. დიახ, მსაჯმა 94-ე წუთზე, ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა და თან ისეთი პენალტი, კითხვის ნიშნებს რომ ბადებს. მანამდე კი, წუთით ადრე, ფრანგი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში ვერ დაინახა. 

მოკლედ, ფრანგებმა მსაჯის დახმარებით, 3:2 მოიგეს. ნამატჩევს ცეცაძემ განაცხადა, მსაჯებზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ და ახლაც არაფერს ვიტყვიო, თუმცა... 

 

სლოვაკეთთან შეხვედრაში, ჩვენი გუნდი მერვე წუთზე, ეფექტური კომბინაციის შემდეგ გატანილი გოლით დაწინაურდა და ისე ჩანდა, ამ შეხვედრას მოიგებდა, თუმცა მსაჯმა აქაც „ივარგა“ და პირველივე ტაიმში ჩვენი მცველი გააძევა. მეორე ნახევარში ათი კაცით დარჩენილი საქართველო მაინც იბრძოდა და მსაჯი რამდენჯერმე ისე უხეშად შეცდა, ცეცაძემ ვეღარ მოითმინა და არბიტრს დედა, მამა, სანათესაო, საახლობლო მოუკითხა, თან ეს ისე ემოციურად გააკეთა და იმდენად ხმამაღლა და გამოთქმით, მსაჯმა წითელი ბარათი მასაც უჩვენა და მწვრთნელის გარეშეც დაგვტოვა. 

მოკლედ, სლოვაკებმა 3:2 მოიგეს და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი აღარ აქვს. 

* * * 

ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ: ვლადიმერ ვოისის გუნდმა ევროშესარჩევში ბოლო შეხვედრა შვეიცარიასთან გამართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დამარცხდა. ჩვენებს ცუდი ფეხბურთი არ უთამაშიათ, მაგრამ ამ შეხვედრაზე მასპინძელთათვის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იყო დამოკიდებული _ ამიტომ, მათ მთელი მატჩი შეტევებში გაატარეს და სასურველი გოლი გაიტანეს. ჩვენი ჯგუფიდან ევროპაზე შვეიცარია და დანია გავიდნენ, ჩვენ კი... 

26 მარტი ისტორიული დღეა _ ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ბელორუსს მასპინძლობს. პაექრობა ერთმატჩიანია და უპირატესობა ის გვაქვს, რომ თამაში თბილისშია. ბელორუსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოსა და მაკედონიას წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება და იქაც თუ იმარჯვებს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდება _ ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გვექნება. 

მოკლედ, ჯერ ბელორუსი, მერე _ კოსოვო-მაკედონიას შორის უძლიერესი და... სანუკვარ ოცნებამდე, ზუსტად ორი ნაბიჯია გადასადგმელი. 

* * * 

რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ერთი საინტერესო შედეგის შესახებაც ვთქვათ. იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 9:1 მოუგო. ბოლოს, მეტოქის კარში, 9 გოლი იტალიელებმა რამდენიმე წლის წინ გაიტანეს, ეს მარცხი კი სომხეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდია. მანამდე, ყველაზე დიდი ანგარიშით ჩვენს მეზობლებს 1997 წელს, საქართველოსთან ჰქონდათ წაგებული. მაშინ თბილისური შეხვედრა 7:0 დასრულდა. 

* * * 

იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა წლის ბოლო ტურნირზე ქართველთათვის, პრაქტიკულად, ყველაფერი დასრულდა. ტოჩინოშინმა, რომელმაც გასულ ტურნირზე ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობდა, ნეკნი გაიტეხა, ასპარეზობას გამოეთიშა და მომავალ წელს, რიგითი მაეგაშირას რანგში წარსდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრონიკული ტრავმის პირობებში, ტოჩის ოძეკობამდე ისევ მისვლა ძალიან გაუჭირდება. 

არანაკლებ ცუდ დღეშია თეიმურაზ ჯუღელი _ გაგამარუც ტრავმით ასპარეზობს და ტრავმა იმდენად თვალსაჩინოა, რომ იაპონელი კომენტატორებიც აღნიშნავენ, ასეთ მდგომარეობაში სუმოისტი დოჰიოზე არ უნდა გამოდიოდესო. არადა, გაგას სხვა გზა არ აქვს _ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, ის ელიტური სუმოისტის ტიტულს დაემშვიდობება და, სამწუხაროდ, ყველაფერი ამისკენ მიდის. 

რვა დღის შემდეგ, გაგამარუს ბალანსი 1:7-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 7 შეხვედრაში, ჩვენებურს 7 გამარჯვება სჭირდება. ეს კი, ტრავმის პირობებში, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 

* * * 

საოცარ ამბებს ჩადის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია. თოკოს მეტოქეები ვერც ევროთასზე აჩერებენ და ვერც _ ესპანეთის ჩემპიონატში. შენგელია ტურის MVP-იც გახდა და, როგორც ესპანური მედია წერს, მას NBA-ს არაერთი გუნდი სიამოვნებით დაიმატებდა, თუმცა იმავე ესპანური პრესის ცნობით, თორნიკე ევროპაში ერთ-ერთი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია და შესაბამისად, აშშ-ში წასვლისგან დიდი ალბათობით თავს შეიკავებს. 

* * * 

საუცხოო პერიოდი უდგას ესპანეთში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს. გიორგი შერმადინი „იბერიასტარ ტენერიფეში“ გამორჩეულია და მეტოქის ფარსაც აწიოკებს, თუმცა თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ. 

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, NBA-ში მოთამაშე ერთადერთი ქართველი, „ინდიანას“ რიგებში კარგად ჩაეწერა, სტაბილური სათამაშო დრო აქვს და სპეციალისტებიც კმაყოფილნი არიან. თუ ასე გააგრძელა, მომავალი სეზონიდან გოგას გუნდის ძირითად წევრობაზე სერიოზული პრეტენზია ექნება. 

* * * 

თურქეთში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ცნობილი ძალოსანის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირი გაიმართა. ძალოსნობის ფედერაციამ აღნიშნულ ტურნირზე, ოლიმპიური ლიცენზიისთვის საჭირო ქულებიც გაათამაშა და, შესაბამისად, თურქეთში მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნები ჩავიდნენ. მათ შორის იყო ჩვენი ლაშა ტალახაძეც და, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშამ ძალიან მშვიდად, ოქროს სამ მედალთან ერთად, ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც მოიპოვა. ლაშამ ატაცში 208 კილოგრამი დაძლია, აკვრაში _ 242 და, საბოლოო ჯამში, 450 კილოგრამით ჩემპიონი გახდა. 

* * * 

მაკედონიაში, ქალ ხელბურთელთა პირველობაზე, გასულ უქმეებზე, ერთმანეთს ლიდერები, „კუმანოვო“ და სკოპიეს „მეტალურგი“ შეხვდნენ. 9 ტურის შემდეგ, ორივე გუნდს აქტივში 9 მოგება ჰქონდა და შეხვედრაში ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი „მეტალურგი“ მიიჩნეოდა, თუმცა სკოპიელები 27:38 დამარცხდნენ. ეს ამბავი ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ ჩემპიონის დამარცხებაში ლომის წილი „კუმანოვოს“ ქართველმა ლეგიონერმა, მედეა ჩოხელმა დაიდო. მან მეტოქის კარში ყველაზე მეტი, 10 გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც სამართლიანად გახდა. 

* * * 

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ საქმეები აერია. გუნდის თავკაცმა პორტუგალიელი ბოლო ორ შეხვედრაში შეცვალა, რამაც რონალდუ ისე გააბრაზა, რომ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და „ძუკნის შვილიც“ უწოდა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელებმა კრიშტიანუს ყური აუწიეს, თანაგუნდელებმაც უთხრეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და... 

„რონალდუ ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს. ის თანაგუნდელებს ვახშამზე დაპატიჟებს და ყველა პრობლემაც იქ მოგვარდება“, _ განაცხადა პორტუგალიელის აგენტმა და ისიც დააყოლა, რომ აღნიშნული ვახშამი რონის, დაახლოებით, 120 ათასი ევრო დაუჯდება. 

* * * 

და ერთიც: იტალიის ბავშვთა ლიგაში „ინვიკტასაურომ“ საფეხბურთო კლუბ „მარინას“ 27:0 მოუგო (ფეხბურთზეა საუბარი). შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

„გაოგნებული და შეშფოთებულები ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ჩვენმა გუნდმა „მარინას“ 27:0 მოუგო. ასაკობრივ ფეხბურთში ეს არაეთიკურია, მეტოქეს პატივი უნდა სცე, რაც ამ შემთხვევაში, ასე ნამდვილად არ ყოფილა. როგორც პრეზიდენტი, მეტოქე გუნდს გულწრფელად ბოდიშს ვუხდი და შემიძლია განვაცხადო, რომ დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმების შედეგად, ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი თანამდებობას დატოვებს“, _ განაცხადა „ინვიკტასაუროს“ პრეზიდენტმა, პაოლო ბროჯელიმ. 

„რა უნდა მექნა? ჩემი ბიჭებისთვის მეთქვა, რომ მეტოქისთვის გოლის გატანის საშუალება მიეცათ? ის უფრო სამარცხვინო იქნებოდა, ბურთი დაგვეჭირა და ის მთელი მატჩის განმავლობაში წინ და უკან გვეგორებინა. პირველი 10 წუთის შემდეგ 6:0-ს ვიგებდით, პირველი ტაიმის შემდეგ კი მეტოქის მწვრთნელთან მივედი და ვკითხე, თამაში ხომ არ შეგვეწყვიტა, რაზეც მიპასუხა, რომ ეს საჭირო არ იყო“, _ ეს უკვე მწვრთნელის კომენტარია და... პირველი შემთხვევა ფეხბურთში, როცა მწვრთნელი მოგებული მატჩის გამო მოხსნეს.

 

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში