Menu
RSS

გზა უბერო ქვაბებისკენ

ჩვენს მოგზაურობას ისტორიულ კამბეჩოვანში დიდი ნაკლი ექნება, თუ მის სამხრეთ-დასავლეთ მიწებს არ შევავლებთ თვალს. საამისოდ სიღნაღიდან ზემო და ქვემო ბოდბისკენ უნდა გავწიოთ, იქიდან კი ივრის ჭალებისკენ დავეშვათ. 

სახელდახელო ექსპედიციაში, ჩემს გვერდით, ერთგული თანამოაზრეების, ოპერატორ სოზარ გულბანისა და ბიზნესმენ გერონტი კაჯილაშვილის გარდა, იმყოფება კიდევ ერთი წევრი _ ექიმი გიორგი ხარაზიშვილი, რომელიც თავისი დრონით უნდა დაგვეხმაროს. ზემო ბოდბეში ეტიკობას ადგილობრივი მკვიდრი, ისტორიკოსი გიორგი ჩერქეზიშვილი გვიწევს. იგი თავდაპირველად, ზემო ბოდბესა და ზემო მაღაროს შორის არსებულ იმ ადგილს გვიჩვენებს, რომელსაც ადგილობრივების ცნობით, „მეფის თვისა“ ჰქვია. 

ეს ის ალაგი უნდა იყოს, რომლის თაობაზეც ვახუშტი ბატონიშვილი ასე წერს: „ბოდბის ზევით, ამ ხევზედ არის მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულო“. მართალია, კამბეჩოვნის უმაღლესი დასახლება ჭოტორია (ზღვის დონიდან 960 მ.), მაგრამ მას არც მეზობლად მდებარე ზემო მაღარო ჩამორჩება ძალიან (950 მ.). ასე რომ, ტოპონიმი მაღარო, როგორც ვვარაუდობ, „მაღალო“-ს სახეცვლილი ფორმაა. სოფლისა თუ ტერიტორიის ასეთი მდებარეობა და ჩინებული ჰავა კახეთის მეფეებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთლიანად ეს მიკროქვეყანა (გომბორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის ზეგანზე შეფენილი დასახლებები), რომელსაც უძველეს დროს ბოდბე (ბოდა) ეწოდებოდა, მონაცვლეობით სუჯეთის და კამბეჩოვნის ერთ-ერთ ცენტრად მოიაზრებოდა. 

ზემო ბოდბეში შემონახული გადმოცემის თანახმად, უძველესი სოფელი უფრო ზევით, ზღვის დონიდან 900 მეტრზე მაღლა, იმ ტერიტორიაზე ყოფილა გაშენებული, სადაც ახლა ღვთისმშობლის დარბაზული საყდარი დგას. ეს ეკლესია რამდენიმე წლის წინათ ძველ საძირკველზე რომ ააშენეს, თითქოს, ადრეშუასაუკუნეებს მიამგვანეს, მაგრამ რიყის ქვის ისეთი უცნაური წყობა გამოიყენეს, რომ ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ვერანაირ ეპოქას ვერ გამოხატავს. ჩვენს მთავარ ყურადღებას იპყრობს ამ ტაძრის ჩრდილოეთით, ორიოდ მეტრში შემორჩენილი ძალიან ძველი სამლოცველოს ნაშთები. ამ პატარა ნაგებობიდან მხოლოდ ზეძირკვლის ქვებია გადარჩენილი. 

მახვილი თვალი უთუოდ შეამჩნევს ჩრდ-აღმოსავლეთით, 2-3 კილომეტრში, მთის კალთებში ჩაბუდებულ ბოდბისხევის ორ ეკლესიას _ „წმ. ნიკოლოზს“ და „ღვთისმშობელს“, რომელზეც ერთ-ერთ წინა წერილში (იხ. „ვერსია“-2019წ. №37) გვქონდა საუბარი. 

მართალია, გეზი სამხრეთისკენ გვაქვს, მაგრამ მცირე ხნით მიმართულების შეცვლა გვიხდება და სწორედ ბოდბისხევის მხარეს, ჩრდილოეთით მივეშურებით... რომ არა გიორგი ჩერქეზიშვილი, ერთ საინტერესო საყდარსა და ამბავს გვერდს ავუვლიდით. 

ზემო ბოდბიდან ბოდბისხევში ორი გზა ჩადის _ ერთი ჩვეულებრივი, საავტომობილო, ოღონდ კლაკნილი, მეორე შედარებით ძნელად სავალი, მაგრამ გაცილებით საინტერესო. იგი ერთი მცირე ხევით და ჭაბაანების გავლით ჩაგიყვანთ ბოდბისხევში. ხევის აღმოსავლეთ ნაპირზე, ზემო ბოდბიდან 3 კმ-ზე, დგას ერთი მეტად კოხტა, „კუპოლჰალეს“ ტიპის გუმბათიანი საყდარი (15X7მ.). იგი თითქმის სანახევროდ მიწაში ყოფილა ჩაფლული, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ „ტყვეობიდან“ დაუხსნიათ და ამჟამად მოქმედიც კია. როგორც მისი მოძღვარი, მამა გრიგოლი (ქოჩიაშვილი) ამბობს, რესტავრატორებს მხოლოდ კოსმეტიკურად შეუვლიათ ხელი, რადგან კედლები და გუმბათის ნაწილი გადარჩენილი ყოფილა. 

საყდარი ნაგებია რიყის ქვისა და აგურის ფენების მონაცვლეობით. ეს დაახლოებით ისეთივე ეკლესიაა, როგორც მანავისა და მელაანის გუმბათიანი საყდრები, თუმცა არის საკმაო განმასხვავებელი ნიშნებიც: მართალია, მელაანის საყდრის გუმბათიც ნაგებობის აღმოსავლეთ მონაკვეთშია, მაგრამ იგი ძალიან ყელყელაობს. ამასთანავე, მანავისა და მელაანის XVIII ს-ის ტაძართა ხუროთმოძღვარ-გალატოზნი არც კი ცდილობენ, რომ ინტერიერში ჯვრის ფორმის თუნდაც მოჩვენებითი სივრცე შექმნან (საამისოდ გამბედაობა და ოსტატობა არ ყოფნით). ბოდბელი ოსტატი გაცილებით „ძველია“. იგი ჩრდილოეთისა და სამხრეთის ღრმა დეკორატიული თაღებით ამ მიზანს იოლად აღწევს. ამით მას ხელ-ფეხი ეხსნება, რომ იმიტირებული ჯვრის განივი მკლავების ნიშნულის გაყოლებაზე, საკურთხევლის აქეთ-იქით, სადიაკვნოს და სამკვეთლოს მცირე ოთახებიც შემნას. იგი ორსავე ოთახს არა მარტო ძირითად დარბაზს, არამედ საკურთხეველსაც უკავშირებს თაღოვანი კარებით. ერთი სიტყვით, ყველაფერს ისე აკეთებს, რომ თავისი ნახელავი ცნობილ ჯვარ-გუმბათოვან ტაძრებს დაამგვანოს როგორმე. საამისოდ, იგი სადიაკვანოსა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. სამალავ-სამარტვილო მინიატურული უჯრედების მოწყობაზეც არ ამბობს უარს. ეს მინიატურული სათავსები ფასადზე გამავალი სამერცხულებით ნათდება და ნიავდება. კიდევ ერთი ფრიად საგულისხმო განსხვავება: თუ მანავისა და მელაანის ტაძრები XV_ XVIII საუკუნის სხვა საყდრების მსგავსად, ირანული სტილის თაღ-კამაროვან ფორმებს იმეორებენ, ბოდბელი ოსტატის მიერ შექმნილი ყველა თაღი და კამარა, განვით. შუასაუკუნეების მსგავსად, ნახევარწრიულია და არა შეისრულ-მუზარადოვანი. იგივე ითქმის გუმბათზეც. მისი ყელი მინარეთივით წოპწოპა კი არაა, არამედ ტაძრის ძირითადი მასის პროპორციულია, ზომიერია. გუმბათის ყელის წახნაგებში, რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით წყობაში, ჩასმულია რუხი ქვიშაქვის თლილი ფილები. მათი რელიეფიდან „დნობას“ მხოლოდ ერთი გადარჩენია _ ჯერ კიდევ იკითხება ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. 

აშკარაა, რომ ჩვენს წინაშე „კუპოლჰალეს“ ტიპის ადრეული ნიმუშის XV საუკუნის ტაძარია. ის იმ პერიოდშია აგებული, როცა ირანს ჯერ კიდევ არ შეეძლო შემოქმედებითი სტილის კარნახი. 

ეკლესიის მრევლმაც ასე იცის _ ტაძრის აგებას ალექსანდრე დიდის ეპოქას (1412-1442წწ.) მიაწერს. მაშინ ლანგ-თემურისგან გავერანებული, სისხლით დაცლილი ქვეყანა და განსაკუთრებით კახეთი ხელახლა ეშენებოდა... 

ერეკლე II-ის დროსაც, თითქმის, იგივე სიტუაცია იყო. კახეთს ჯერ კიდევ ვერ შეხორცებოდა შაჰ-აბაზისგან მიყენებული იარები. არადა, ქვეყანა დროულად უნდა მოშენებულიყო. ერეკლემ სიღნაღის აშენება დაიწყო, სადაც ეკონომიკური განვითარების მიზნით, სხვებთან ერთად, სომეხი ვაჭრები და ხელოსნებიც დაასახლა. მათ ერეკლეს თხოვნით მიმართეს, რომ სანამ ახალ ეკლესიას აიშენებდნენ, მანამდე ბოდბის ეს მიტოვებული ეკლესია გადაეცა. ასეც მოხდა, მერე კი, როცა ვაჭრებმა საკუთარი საყდარი აიშენეს, ბოდბის ეკლესია უკანვე დააბრუნეს. მას შემდეგ დაცარიელებულ ტაძარს მოაქჟამამდე არანაირი მრევლი არა ჰყოლია. სწორედ ასეთი ამბის გამო შემორჩა ამ მცირე ხევსა და ალაგს სახელად ნასამხრალი (ნასომხარი). 

ტოპონიმის წარმომავლობაზე არსებობს სხვა მოსაზრებაც _ თითქოსდა, სწორედ ესაა ის ხევი, რომელსაც IX საუკუნის საქართველოს კათალიკოსი არსენ საფარელი ახსენებს. ისტორია ასეთია: სომხეთში, VII საუკუნეში, თეოდორე შტორნის უფლობისას, მოღვაწეობდა ერთი თამამად მოაზროვნე ბერი იოვანე მაირავანელი, რომელიც მწვალებლობისთვის შუბლზე დაღ დასმული გაუძევებია მთავარს. არსენ კათალიკოსი ასე აგრძელებს თხრობას: „და წარვიდა ოტებული კავკასიისა მთასა და მუნით უკუმოიქცა მსწრაფლ, რამეთუ არ შეიწყნარეს იგი მთეულთა კაცთა რამეთუ იყვნეს იგი კერპთმსახურ, და გარდმოვიდა კამბეჩანს და დაემკვიდრა ხევსა მცირესა, რომელსა ჰქვიან ხევი სომხითისა და მრავალნი დაიმოწაფნა არა თუ მას შინა ოდენ, არამედ ამიერ მტკვრისა, არარატს, გარდმანს, ძოროთორს და სომხითს.“ ეს ხევი რომ წმ. ნინოსეული ბოდბის მახლობლად ყოფილიყო, არსენ კათალიკოსს არანარად არ გამოეპარებოდა. როგორც ჩანს, ხევი კამბეჩოვნის სხვა რაიონშია საძიებელი. 

და მართლაც, ბოდბიდან სამხრეთით, ივრის ჭალების სიახლოვეს, პირუკუღმარის ქვაბთა კომპლექსის მიდამოებში, არსებობს მცირე ხევი და ალაგი, რომელსაც ნასომხარი ჰქვია. გარეჯის მრავალმთის უამრავ სამონასტრო კომპლექსში მაირავანელს მართლაც შეეძლო თანამოაზრეების მოძებნა. თუმცა, დიდხანს იქაც ვერ დამკვიდრებულა. როგორც XIII საუკუნის მემატიანე კირაკოს განძაკელი წერს, იგი ქედაბაკის ციხესთან (დღევანდელი კიროვაბადის მახლობლად) გა-დასახლებულა და ფართომასშტაბიანი ქადაგება იქიდან დაუწყია. 

ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს გეზი, მაგრამ, ბუნებრივია, არა იმ ბერის ნაკვალევზე, არამედ კამბეჩოვნის ყველაზე დიდი ქვაბთა ნამონასტრალისკენ, რომელიც გარეჯის მრავალმთის ერთ-ერთი საოცრებაა. 

ზემო ბოდბიდან ქვემო ბოდბეში ვეშვები, იქიდან კი ისევ სამხრეთით, ივრის ჭალების მიმართულებით ვაგრძელებთ გზას. ამჯერად ეტიკობას ქვემობოდბელი ზურაბ ჯანიაშვილი გვიწევს. ძველი თემშარაა, მაგრამ მძიმე სასიარულო არაა. 3-4 კილომეტრის შემდეგ, ხელმარცხნივ, ოლეს ტბა გვრჩება. ლაქაშებით დაფარულსა და დაკმინებულს ვერც კი შევნიშნავდით, რომ ზურაბს არ გაემახვილებინა ყურადღება. ამ ტბიდან ნაჟურ წყალს ქვევით კიდევ ერთი, ოღონდ ძალიან მცირე ტბა, ფაქტობრივად, გუბურა შეუქმნია. ერთი ამხელა მანძილის გავლის შემდეგ, მარჯვენა მხარეს, საკმაოდ შორს ეკლესიის კონტურები ჩანს. ჯანიაშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვემო მაღაროს ტერიტორიულ მიწებზე მდებარე ეკლესია „დავით გარეჯაა“. მოვალე ვართ, რომ მთავარი გზიდან გადავუხვიოთ და საყდარი ვნახოთ. 

გვიანი შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია (7,05X5,17მ.) სიმაღლეში 4,5მ. ყოფილა, მაგრამ ახლა 30 სანტიმეტრით მიწაში ზის და შიგ შესვლისას 2 საფეხურს ჩავდივართ. საკურთხევლის აბსიდი შებრტყელებული ნახევარწრიული ფორმისაა, კონქი და კამარის დამჭერი თაღები _ კვერცხისებრი მოყვანილობის. კედლები ძალიან სქელია _ 1 მეტრზე მეტიც კი. ისინი ნაგებია რიყის ქვის ირეგულარული წყობით, ხოლო აგური აქა-იქაა გამოყენებული ლავგარდანისა და კარის ფორმების გამოსაყვანად. საყდარს ერთადერთი კარი დასავლეთ კედელში აქვს დატანებული. კარის ჩრდილოეთ წირთხლად გამოყენებულია რატომღაც თავდაყირა ჩასმული ქვაჯვარი. ეკლესია ნათდება 3 მცირე სარკმლით, ყოველ კედელში (დასავლეთის გარდა) _ თითო- თითო. საკურთხეველი გამოყოფილია ახალი ხის კანკელით. აქ დავით გარეჯელის ხსენების დღეს, ქვემო მაღაროს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა იყრის თავს და მღვდელიც წირავს. 

...ძველ გზას ვუბრუნდებით და კვლავ სამხრეთისკენ მივეშურებით. სოფელ ქვემო ბოდბედან მე-15 კილომეტრზე, ხელმარჯვნივ ვუხვევთ და შვინდის ყელსა და ქვაბთა მთას შორის არსებული უმნიშვნელო უღელტეხილით დაბლა ვეშვებით. აქედან უკვე მოჩანს კლდეში ნაკვეთი დიდი ქვაბების კომპლექსი, რომელსაც ძველი ბოდბელები ქალაციხესაც უწოდებდნენ. ის ჩვენგან დასავლეთითაა, მაგრამ მის ძირამდე მანქანით მისვლა შეუძლებელია. ამ ადგილებზე ზედგამოჭრილა სტრაბონის ნათქვამი _ „უწყლო და ოღრო-ჩოღრო კამბისენა“, ოღონდ ეს ოღროჩოღროები ახლა სხვა ოღროჩოღროებით შევსებულა: საბჭოთა პერიოდში, იორიდან სარწყავად ამოყვანილი მილები ამოუყრიათ და უზარმაზარი თხრილები დაუტოვებიათ... ისე, თუ მაინცა და მაინც, კომპლექსთან ძალიან მიახლოვება უაზრობაც კია. გამოქვაბულები დიდ სიგრძეზე 4-5 სართულადაა გაჭიმული და თუ ზედ წაადგები, ვერც შენი და ვერც ფოტოკამერის თვალი მასშტაბურს ვერაფერს ვერ დააფიქსირებს. რაც შეეხება ქვაბებში შესვლას, აქ უკაცრავად. 25-30 ქვაბი (გარედან ამდენი მოჩანს, შიგნით კი, ალბათ, ორი ამდენია), პიტალო, აბსოლუტურად შვეულ კლდეშია ჩასმული და მიწის ზედაპირიდან, სართულთა შესაბამისად, 15-60 მეტრის სიმაღლეზეა. ალპინისტებისთვისაც უმჯობესი, ალბათ, ზევიდან თოკებით დაშვებაა, თუმცა, მანძილი გაუსამმაგდებათ. ასეთ შემთხვევაშიც კი, ისინი კომპლესის დათვალიერებასა და აღწერას არა ერთ და ორ თვეს მოანდომებენ. 

ჩვენ ქვაბებს დაახლოებით, 150-200 მეტრით ვუახლოვდებით და საქმეში დრონს ვრთავთ. მანევრირება ჭირს, დაახლოებით 10 მ-ის მანძილზე ვუახლოვდებით, მაგრამ ქვაბებში შეღწევას ვერ ვახერხებთ, ან თუ მოვახერხებთ აპარატს უკან ვეღარ გამოვიყვანთ. 

დიდი ხნის წინათ, კლდის კომპლექსების მკვლევარმა გივი გაფრინდაშვილმა, ალპინისტების დახმარებით, ქვაბთა ერთ-ერთ ქვეკომპლექსში ორი მინიატურული ეკლესიის გამოკვლევა მოახერხა. ერთი მათგანი ჯვარ-გუმბათოვანს ჰგავს, მეორე _ დარბაზულ-გვირგვინოვანს. ეს იყო და ეს. არადა, ვინ იცის, ჯერ კიდევ რა საიდუმლოებას და თუ გნებავთ, მოულოდნელ ამბებს ინახავს ჩვენთვის აქაურობა. ნეტავ, როდის, რომელმა მიწისძვრამ ჩამოაცალა ფასადი დიდი ქვაბების კომპლექსს. ვინ იცის, რამდენი ლუკი, წინკარი, კარიბჭე, კიბე მოწყდა და ჩაიქცა, რამდენი ხელოვნების ნიმუში ჩაიტანა მიწამ?!. 

დიდი ქვაბების კომპლექსიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 150 მ.-ში, ამავე კლდეში კიდევ 3-4 გამოქვაბულია. მათგან ერთ-ერთის ღიობს ღრმა, შელესილი თაღი დასდევს, ეს ქვაბები ცალკე სამონასტრო კომპლექსს ჰგავს. 

აქვე, დიდი ქვაბების კლდის სიახლოვეს, მის პერპენდიკულარულად ჩადის გაცილებით დაბალი სერი, რომელშიც კიდევ რამდენიმე ქვაბია. ისინი უფრო ძველი, VI საუკუნეზე ადრინდელი სადგომებია. დიდ ქვაბთა მონაზვნების წინამორბედები, შესაძლოა, აქ იყვნენ დაფუძნებულები. პარეხები ტლანქია, უსწორმასწორო, სანახევროდ დაუმუშავებელი. პირველი ანატკეცების შემდეგ, ჭერში მეორე პირი წერაქვი აღარ გაუტარებიათ, ხოლო აღმოსავლეთის ქანებში, საკურთხევლის აბსიდის ნაცვლად, მცირე თაღოვანი ნიში გამოუკვეთიათ. ამ სერის ფერდობზე მოწითალო კერამიკული ნაწარმის უამრავი ნამსხვრევია. იგი წვიმის ჩამონარეცხია. 

*** 

ვდგავარ და გავცქერი ამ სანახაობას _ პირველყოფილს, დამაფიქრებელს. მაინც რა არის გარეჯის მრავალმთა _ კუხეთიდან კამბეჩოვნამდე გაშლილი ქედები და სერები _ პრეისტორიულ ხანებში მწვანილოვანნი, ტყიანნი და ხევ-წყაროებიანი... მერმე დამშრალი, გაკაფული, გაუდაუბნოვებული, ქრისტეს ერთგულ მოწაფეთა სახლად, მეორე სინად და მოაბად ქცეული... 

ვდგავარ ამ გრანდიოზულ სანახაობასთან და პარეხთა სიღრმიდან, თითქოს ბერთა ლოცვა- ღუღუნი მომესმის. აგერ, ერთ მცირე სენაკში, ქვის მერხზე პატრუქი ბჟუტავს და მის გარშემო ფარვანა ცეკვავს. _ ნეტავ საიდან მოფრინდა ? _ ფიქრობს მწიგნობარი ბერი, რომელიც ფოლიანტის ერთ თავს ჩაკირკიტებს. მე მგონი, ის უფრო ჩვენთვის გამიზნულ უსტარს წერს... მერედა, შეძლებს ფარვანა ამ უსტარის ჩვენამდე მოტანას ? ვთქვათ და მოიტანა, ჩვენ კი შემძლე ვართ წაკითხვად მისდა ?

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში