Menu
RSS

„ძუკნის შვილო!“ _ რატომ აგინა რონალდუმ „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს

ტოჩინოშინმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს

იაპონიაში წლის ბოლო კიუშო ბაშო დაიწყო. სუმოისტთა სუპერტურნირს, როგორც წესი, უამრავი ადამიანი ესწრება, ხოლო მილიონობით გულშემატკივარი ტელევიზიით ადევნებს თვალს. ჩვენთვის ეს ტურნირი გამორჩეული იმით გახლავთ, რომ სუმოს ელიტაში მყოფი ქართველები არცთუ სახარბიელო დღეში არიან. უმაღლეს, მაკუჩი დივიზიონში მოასპარეზე ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, წინა ბაშოზე ოძეკის ტიტული დაკარგა და ახლა კოდობანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 15 შეხვედრიდან, მინიმუმ, ათს ვერ მოიგებს, ოძეკობას საბოლოოდ დაემშვიდობება. ახლა ლევანი სეკივაკეს ტიტულით ასპარეზობს და თუ დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, შესაძლოა, ესეც დაკარგოს. ტოჩის მუხლის ქრონიკული ტრავმა კვლავ აწუხებს და ეტყობა კიდეც, რომ მარჯვენა ფეხზე დაყრდნობა უჭირს.

ტურნირის დაწყებამდე მან ისიც თქვა, თუ ცუდად დავეცი, შესაძლოა, ეს კარიერის დასრულებად დამიჯდესო და... საწყის ორ შეხვედრაში, ჩვენებურმა ორი მარცხი განიცადა და ორივეჯერ დოჰიოზე დაეცა. სასწაული უნდა მოხდეს, ლევანმა დარჩენილი 13 შეხვედრიდან, 10 რომ მოიგოს, მით უმეტეს, იოკუძუნებთან დაპირისპირებები წინ აქვს და კარგი იქნება, თუ დადებით ბალანსსა და სეკივაკეს ტიტულის შენარჩუნებაზე იფიქრებს. იაპონური მედიაც წერს, რომ ტრავმა ლევანს შესაძლებლობას არ მისცემს, ოძეკის ტიტული მეორედ დაიბრუნოს. 

არანაკლებ მძიმე მდგომარეობა აქვს გაგამარუს. მართალია, თემურაზ ჯუღელი ქვედა დივიზიონში ასპარეზობს, მაგრამ ელიტური სუმოისტის ტიტული მაინც აქვს და თუ დადებით ბალანსს არ დააფიქსირებს, მესამე დივიზიონში გავარდება, რაც ტიტულის დაკარგვასთან ერთად, შემოსავლის გვარიანად შემცირებასაც ნიშნავს. სამწუხაროდ, ტოჩინოშინის დარად, ჯუღელმაც საწყისი ორი შეხვედრა წააგო. 

* * * 

ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს თორნიკე შენგელია. ბასკონიას ქართველი კაპიტანი შეუჩერებელია და გარდა იმისა, რომ ევროლიგაზე მატჩის MVP ანუ საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა, ეს შიდა ჩემპიონატშიც მოახერხა და საერთოდაც, მერვე ტურში, მთელი ესპანეთის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მერვე ტურში, თორნიკემ „ობრადორიოს“ 29 ქულა ჩაუგდო, რაც მის ესპანურ კარიერაში საუკეთესო შედეგია. 

არანაკლებ გამორჩეულად თამაშობს გიორგი შერმადინი, რომელიც „იბეროსტარში“ საუკეთესოა და 9 ნოემბერს, „ბურგოსთან“ შეხვედრაში, 28 წუთში ჩაგდებული 22 ქულითა და 10 მოხსნით, მატჩის MVP გახდა. 

* * * 

ზაბიტ მაგომედშარიპოვი დაღესტნელი მებრძოლია, რომელიც ორიოდე დღის წინ, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში, კელვინ კატარს შეხვდა. ორთაბრძოლა მოსკოვში გაიმართა და ათასობით მაყურებელი დაესწრო. ჩვენთვის და, ალბათ, ადგილობრივი გულშემატკივრისთვის გასაკვირად, მაგომედ შარიპოვი რინგზე ქართული მუსიკის თანხლებით გავიდა, ცოტა წაუცეკვა კიდეც და დაძაბულ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. ახლა რუსული მედია იმის განხილვაშია, რატომ აირჩია რუსეთის სახელით მოსაპარეზე ჩემპიონმა ქართული მელოდია. 

* * * 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას, 15 ნოემბერს, შვეიცარიასთან გამართავს. შვეიცარიელებს უეჭველი გამარჯვება სჭირდებათ, რათა ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ და ვლადიმერ ვაისის გუნდს უმძიმესი გამოცდა ელის, თუმცა სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, აღნიშნულ მატჩს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მყარად ვართ მეოთხე ადგილზე და მხოლოდ ყველასგან დაჩაგრულ გიბრალტარს ვუსწრებთ. 

19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში უკვე ხორვატიას გაეჯიბრება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან სპარინგი ცუდი ნამდვილად არაა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ გაზაფხულზე, ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა ელის ბელორუსთან. 

* * * 

თუ იცით, ვინ არის ლიონელ ენგუენე? _ ეს ბიჭი კამერუნელი ფეხბურთელია, რომელიც 2007-2015 წლებში, კატალონიური „ბარსელონას“ აკადემიაში თამაშობდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ეგ კი არა და, 2015 წლის სეზონი მან „ბარსელონას“ მეორე გუნდში დაიწყო, თუმცა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და შემდეგ თურქულ „ანთალიასფორში“ გაუშვეს. 

მოკლედ, ყველაფერი ეს იმიტომ მოგიყევით, რომ ენგუენემ კონტრაქტი საქართველოს ქვედა ლიგის „თელავთან“ გააფორმა და საპატიო, 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ვერ გეტვით, როგორი კონტრასტი იქნება თავად მოთამაშისთვის „ბარსელონადან“ „თელავში“ გადასვლა, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ლიგის გუნდისთვის, ეს ცუდი შენაძენი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თელაველები უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან და ამის არცთუ ცუდი შანსები აქვთ. 

* * * 

ნახევარი წელია, უმძიმესი ტრავმის გამო, გიორგი ჩაკვეტაძეს ბურთი არ გაუგორებია და ვარჯიში ორიოდე კვირის წინ დაიწყო. არადა, საქართველოს ნაკრებსა, თუ „გენტში“ მან ისე ითამაშა, ევროპის გრანდების ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, ევროპულ კლუბებს არც ტრავმირებული ჩაკვეტაძე ავიწყდებათ და ესპანური „ვალენსია“ მზად არის, ქართველი ლეგიონერი იანვრის სატრანსფერო სეზონში წაიყვანოს. 

ბელგიური პრესა ვარაუდობს, რომ „გენტი“ მის სანაცვლოდ, მინიმუმ, 25 მილიონ ევროს მოითხოვს და ეს მაშინ, როცა ერთი წლის წინ, გიორგის ფასი 3-4 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა. 

* * * 

ახლა უცხოელებზეც ვთქვათ. რაც უნდა მოხდეს, კრიშტიანუ რონალდუ ლეგენდარულ ფეხბურთელად მაინც დარჩება, მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 34 წლის (5 თებერვალს 35-ის ხდება) ფეხბურთელი, კარიერის დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს და მაღალ სიჩქარეზე, 90 წუთით თამაში უკვე აშკარად უჭირს. სავარაუდოდ, ამის გამოა, რომ „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ „ხელშეუხებელი“ რონალდუ, ბოლო ორ შეხვედრაში, მოედნიდან გაიყვანა. გაბრაზებულმა ფეხბურთელმა მწვრთნელს ორივე შემთხვევაში გვერდი აუარა, ხელი არ ჩამოართვა და იმასაც ამბობენ, „ძუკნის შვილიც“ მიაძახა პორტუგალიურადო. 

თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს პორტუგალიელი ტურინიდან აიბარგოს და კარიერა ყატარში, ან ჩინეთში გააგრძელოს, სადაც წლიურ 50 მილიონ ჯამაგირს, უბრალოდ, არავინ დაამადლის. 

* * * 

დიონ უეითერსი „მაიამი ჰითის“ კალათბურთელია და არცთუ ურიგო, თუმცა ამის მიუხედავად, კლუბმა ის ათ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ამ ხნის განმავლობაში, ხელფასსაც არ გადაუხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიონი, მინიმუმ, 250 ათასი დოლარით იზარალებს. მიზეზი კი, ცოტა არ იყოს, უცნაურია: ერთ-ერთ შეხვედრაზე მიმავალ უეითერსს, თვითმფრინავში გული აერია. ექიმებმა მას სასწრაფოდ აღმოუჩინეს დახმარება და კალათბურთელი მწყობრში ჩააყენეს, თუმცა გუნდის თავკაცმა მისთვის სისხლის ანალიზის ჩატარება მოითხოვა. გაირკვა, რომ ბატონ დიონს, მარიხუანას შემცველი ნამცხვარი ჰქონდა ნაჭამი და უბრალოდ, „კაიფში“ იყო. სასჯელმაც სწორედ ამის შემდეგ არ დაახანა და ერთი „კაიფი“ უეითერსს, მეოთხედი მილიონი დაუჯდება. 

* * * 

წესების გარეშე ბრძოლაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი დიდი სპორტიდან წასვლაზე ალაპარაკდა. მას მორიგი შეხვედრა ამერიკელ ტონი ფერგიუსონთან უწევს და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს მისი კარიერის ბოლო შეხვედრაც იყოს. სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხაბიბს ამ გადაწყვეტილების მიღება იმ უამრავმა ფულმა აიძულა, რომელიც ბოლო 3-4 წელიწადში იშოვა. მისი ქონება, ლამის ნახევარ მილიარდ დოლარად ფასდება და ნურმაგომედოვს უთქვამს, ცოტა ძნელი აღსაქმელია, ასეთი ფულის პატრონი რინგზე რომ გავდივარ და ვიღაც მიტყაპუნებსო. 31 წლის ხაბიბის მთავარი ბრძოლა, რაღა თქმა უნდა, კონორ მაკგრეგორთან იყო, როცა ლეგენდარული ირლანდიელი მარტივად დაამარცხა და სანაცვლოდ... 150 მილიონი დოლარი მიიღო. 

* * * 

დასასრულ, ძალიან მორიდებული, წესიერი კაცი იყო ფირუზ კანთელაძე. ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მცველი, არასდროს, არავის აწუხებდა და სიცოცხლის ბოლოსაც ასეთად დარჩა _ ის 70 წლის ასაკში, უხმაუროდ წავიდა ამ ქვეყნიდან და არც მთელი ამბები ამტყდარა, ნახეთ, რა კაცი დავკარგეთო. არადა, კანთელაძე „დინამოში“ 1967-დან, 1979 წლამდე თამაშობდა. მან უპირველესი ქართული კლუბის რიგებში, 277 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. იყო საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, 1977 წლის ვერცხლის მედალოსანი და ბრინჯაოს ორგზის პრიზიორი. ასევე, სსრ კავშირის თასის ორგზის (1976-1979) გამარჯვებული. 1976 წლის თასის ფინალში, მან „არარატის“ კარში პენალტი გაიტანა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში