Menu
RSS

ვაქირული ვერსიები

ხირსიდან ბოდბე-სიღნაღში ასულები, კვლავ ალაზნის ველზე ვეშვებით, ოღონდ ამჯერად ჩრდილო-დასავლეთით. კამბეჩოვნის პირველ სოფლებში _ ანაგასა და ვაქირში შევდივართ. რაიმე ისეთის მიგნება გსურს, რაც შორს გაგვიტაცებს, ძალიან შორს, უძველეს დროებაში ჩაგვახედებს და ჩაგვაფიქრებს. ცნება „ძალიან ძველი დრო“ სოფლის მკვიდრებში და ჩემში განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად, ანაგაში მეუბნებიან, რომ არაერთი ძალიან ძველი საყდარი აქვთ, მაგრამ, როგორც მერე ირკვევა, სასაფლაოზე მდგარი „კვირაცხოველიც“ და მშრალი ხევის სიღრმეში არსებული „მთავარანგელოზიც“ გვიანდელი შუასაუკუნეების ეკლესიებია. „კვირაცხოველი“, მგონი, უფრო გვიანდელიცაა, მაგრამ რას გაიგებ _ ერთიანად ცემენტის ხსნარი შეუშხეფებიათ. „მთავარანფელოზი“ გაცილებით ნორმალურად არის აღდგენილი და მამათა სამონასტრო კომპლექსს ეკუთვნის. გვიანდელი შუასაუკუნეებისაა, ასევე, სოფლის ზედა უბანში აღმართული კოშკის ნაშალი. 

ანაგის ყველაზე ძველი ეკლესია „წმ. გიორგია“. იგი ცენტრალური ტრასიდან ქვევით, 600 მეტრში დგას. ეს არის დაახლოებით IX საუკუნის დარბაზული საყდარი აღმოსავლეთის ნახევარწრიული, შვერილი აბსიდით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა. წყობის თარაზულობა ასე თუ ისე დაცულია, წარწერები არ აქვს. აღსანიშნავი ისაა, რომ მას პილასტრები, ინტერიერის ნაცვლად, ფასადებზე აქვს. 

ანაგას ვაქირისგან ერთი ხევი ჰყოფს, რომელიც ცენტრალური გზის გარდიგარდმო ჩარიგებულ სახლებს ისე დაუვიწროვებია, რომ სოფლებს შორის მიჯნა აღარ იკითხება. 

მთავარი სანახავი ვაქირი ყოფილა. 

თავდაპირველად ტოპონიმის შესახებ: 

ერთნი ფიქრობენ, რომ ვაქირი მზის მოულოდნელი ამოსვლით გამოწვეული გაკვირვების შეძახილია, მეორენი კი ამ სიტყვას გაჯიუტებასთან _ გაქირის ქმნასთან აიგივებენ. ვფიქრობ, ამ ვერსიაში, რომელიც, თითქოს,კონსტანტინე კახთა მეფეს უკავშირდება, სიმართლის მარცვლის მოძებნა შესაძლებელია, მაგრამ უფრო რეალური ჩანს საბასეული განმარტება: „ვაქირი-მიზდური მოსარჩლე“, ანუ ქირის მომჩივანი. შესაძლებელია, ძველ დროში სოფლის მკვიდრებს, რაიმე, თუნდაც ტერიტორია ჰქონდათ გაცემული მეზობლებზე ქირით, ვერ იბრუნებდნენ და ტრადიციული დავა ჩამოუყალიბდათ. 

ვაქირი ძველად ქიზიყის ყველაზე დიდი და წელგამართული სოფელი ყოფილა. ამის დასტურად, რამდენიმე საბუთს მოვიშველიებ. 

1772 წელს, საქართველოში სტუმრად მყოფი რუსი მეცნიერისა და მოგზაურის იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ჩანაწერების მიხედვით, ერეკლე მეორესთან და უზარმაზარ ამალასთან ერთად, მას ვაქირშიც შეუვლია, შეუვლია კი არადა, მათთან ერთად, 8 დღე დარჩენილა. გიულდენშტედტს ისე კარგად მოუსვენია, რომ საიმპერატორო აკადემიაში გასაგზავნი რაპორტი აქ დაუწერია. ეს ამბები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვაქირი მდიდარი სოფელი ყოფილა. საშუალო შეძლების მოსახლეობაც კი ერეკლეს უზარმაზარ ამალას ვერ გაუმასპინძლდებოდა. 1817 წლის „საქართველო-იმერეთის სინოდის კანტო-რის აღწერითაც“ ვაქირში, თურმე, 327 კომლი ცხოვრობდა, მაშინ კი ერთ კომლში 7-8 ადამიანი ირიცხებოდა. 

ინგილო ქალის ამბავიც ვაქირთან ყოფილა დაკავშირებული, მაგრამ მამულიშვილური ძარღვის გასაძლიერებლად, აქედან საინგილოში გადაუტანია იაკობ გოგებაშვილს თავის მოთხრობაში. ერეკლე მეფისთვის ქლიავის თავზე დამყრელი გოგო, პატარა ტასო ხელაშვილი ყოფილა. ხელაშვილებში არსებული გადმოცემის თანახმად, შვილის უსაქციელობით შეშინებული მამამისი ერეკლეს ხლებია და მუხლმოდრეკილს უთქვამს: ჩემი ტასო პატარაა და უვიცი, თორემ სტუმარ მეფეს ქლიავებს როგორ დააყრიდაო. ერეკლეს არამარტო უნუგეშებია მამა, არამედ თეთრიც მიუცია _ შენს პატარას ახალი კაბა უყიდე, თორემ ხეებზე ბობღვაში აუცილებლად დაეხეოდაო. 

გავიდა დრო, ტასო ანასტასია გახდა, დაქალდა, გათხოვდა და დაქვრივდა კიდეც. ეს ანასტასიაა ის ქალი, ის ცნობილი დამტირებელი, რომელიც ბოლო გზაზე მიმავალ საქართველოს ბოლო იმედს გოდებით მიაცილებდა: „...ისევ ჩემ ძმას გავვარდეს ბრძოლაში ხმალ-ხანჯალი, მკათათვის სამკალში _ ცელ-ნამგალი, ისევ ჩემ ძმას ეცვას მიწის ჩოხა-ახალუხი, შენ კი გეხვიოს მზისა და მთვარის ყაბალახი. ახა!.. ვაგლახმე, მეფევ ბატონო !“. 

ვაქირი მრავალი ნიჭიერი და სახელოვანი მამულიშვილის გამზრდელია, მათ ჩამოთვლას არ მოვყვები, მაგრამ ერთ პიროვნებას გვერდს მაინც ვერ ავუვლი. ესაა XVIII-XIX ს-ის საქართველოს უგანათლებულესი პიროვნება, თეოლოგი, ფილოსოფოსი და მქადაგებელი, შემდგომში იეროდიაკონი იონა ხელაშვილი. არაერთი შრომის ავტორი ხელაშვილი, სულისა და მატერიის რაობაზე ჯონ ლოკსა და გოტფრიდ ლაიბნიცს ეპაექრებოდა. ამასთანავე, იგი ერეკლე II -ის შვილთა მოძღვარი და პედაგოგიც იყო. მისი სახელი, ,,კალმასობის“ მთავარი გმირის სახით, უკვდავყო იოანე ბატონიშვილმა. 

ვაქირის შემოვლას სასაფლაოთი ვიწყებთ. გარდაცვალებულთა შორის, მარტო გვარია 47. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აქ 2 ეკლესია დგას. მათგან უფრო ძველი ისაა, რომელიც ზევითაა და „კვირაცხოველი“ ჰქვია. ამ მცირე საყდარს (5,75X3მ.), რიყის ქვითა და ძველი აგურით რომ აუშენებიათ, ორი მნიშვნელოვანი ქვა და მხატვრობა ამკობს. აღმოსავლეთის ფრონტოში ზის სანახევროდ დამდნარი რუხი ქვა, რომელზეც გამოკვეთილია ბოლნური ჯვარი. ამავე ფერის მეორე, გაცილებით დიდი ქვა, ჩასმულია სამხრეთ კედლის ძირში, საყდრის ერთადერთი კარიდან აღმოსავლეთით. ნაპირებმომტვრეულ ლოდზე 8-სტრიქონიანი ნუსხური წარწერაა. ნახევარი საუკუნის წინათ ახალგაზრდა მკვლევარ ვალერიან სილოგავას ამ წარწერიდან შემდეგი სიტყვების ამოკითხვა მოუხერხებია: 1) ქრ(ო) ნ(ი)კ(ო)ნი... 2)ქ. სახელითა ღვთისათა 3) ესე ქვ(ა)...მო 4) ვ(ი)ღე ალ...რშ... 5) ამათ კ(ა)რთ(ა) ეკლ(ე) სი(ისათა) მაშენ 6) ებ(ელ) იხ...წ... აგა... 7) წყ(ა)ლ(ო)ბ(ა) (ა)რს 8) კ... 

წარწერაში საუბარია ქვის შეწირვაზე და ეკლესიის კარის აშენებაზე (ბალავრით შემკობაზე). სამწუხაროდ, აღარ იკითხება ქვის შემომწირველის ვინაობა და თარიღი, რომელიც წარწერის ამომკვეთს იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ წინადადების თავში ჩაუსვამს. ამ პირველი სტრიქონის ბოლოში ვ.სილოგავა, თითქოს, ასო „კ“-ს კონტურებსაც ამჩნევს და გაკვირვებულია, რამეთუ ქრონიკონში ამ ასოს ობლად არსებობა (მისი რიცხვითი მნიშვნელობაა 20) წარწერას IX საუკუნის დასაწყისით -800 წლით (780+20) ათარიღებს. პალეოგრაფიული მახასიათებლებით, ასეთი ადრეული პერიოდით დათარიღება არ გამოდგებაო, _ დასძენს მეცნიერი. მაგრამ აქ „კ“-ს ნაცვლად „ს“-ს კონტურების დანახვაცაა შესაძლებელი (100), რომელსაც ათეულთა გამომხატველი რომელიმე ასოც მიებმებოდა სავარაუდოდ. ამდენად, წარწერის დათარიღება X საუკუნეში ინაცვლებს, რაც სავსებით მისაღებია ვ. სილოგავასთვისაც. მას ამგვარი დათარიღების ამოსავალ წერტილად არა მარტო ნუსხურ გრაფემათა მოხატულობა მიაჩნია, არამედ ტექსტში არსებული გამოთქმა „ესე ქვა მოვიღე“, რომლის ანალოგი X_ XI საუკუნეების დიღმის „წმ. გიორგის“ ერთ-ერთ ლაპიდარულ წარწერას შემოუნახავს. 

როგორც ბოლნური ჯვრით, ისე წარწერიანი ქვით ირკვევა, რომ ამ ადგილზე X საუკუნეში სხვა საყდარი მდგარა, მაგრამ ავბედობის ჟამს სრულიად დანგრეულა. ახალი საყდრის აგება ძველ საძირკველზე, მხოლოდ XV საუკუნიდან ანუ მას მერე გამხდარა შესაძლებელი, რაც სოფელი მთიდან ჩამოსული ტაბარუკებით აღორძინებულა. ძველი ტაძრის ბალავარი (წარწერიანი ლოდი), რაკი წირთხლებს ვეღარ გადაწვდებოდა, იქვე, კარის გვერდით ჩაუშენებიათ კედელში, ხოლო ბოლნური ჯვარი შესაფერის ადგილზე ჩაუსვამთ აღმოსავლეთის ფრონტონში. XV საუკუნის საყდარს, ძველისგან განსხვავებით, სიმაღლეც აკლია და ბალავარიც არ აქვს რიგიანი. სანაცვლოდ მაშენებლებს „ფასითა თვისითა“ მთლიანად მოუხატავთ ეკლესია. 

...მაგრამ ვაქირს გაცილებით ძველი და დიდი ისტორია აქვს. 

სოფლის დასავლეთ საზღვართან, საიდანაც დღესაც ადის გზა სიღნაღსა და ბოდბეში (ყურადღება მივაქციოთ ამ ფაქტს), შემაღლებულ ადგილზე აღმართულია დიდი, სამეკლესიანი საყდარი. 

ვაქირის „ნათლისმცემელი“ მოცულობით, ადრეშუასაუკუნეების ისეთ სახელგანთმულ ბაზილიკებს უტოლდება, როგორიც ბოლნისის, ურბნისის და კაწარეთის ტაძრებია. 1893 წელს, მღვდელი შანშიაშვილის მიერ სიღნაღიდან მოწვეულ კალატოზს, გეურქ სააკაშვილს VI საუკუნის საყდრისთვის დასავლეთიდან მაღალი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენებია (იხ. გაზეთი „ივერია“ 1894 წ. #132). მის გაუთვალისწინებლადაც „ნათლისმცემელი“ სიგრძეში 29 მეტრია, ხოლო სიგანეში -19. ამ პარამეტრებით იგი ხირსის „წმ. სტეფანეს“ იმეორებს (ასევე დასავლეთის მინაშენის ჩაუთვლელად), რომელიც თავდაპირველად სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა. საერთოდ, ერთიცა და მეორეც ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ადრეშუასაუკუნეების ტაძრებს შორის, ყველაზე დიდია. მაგრამ „ნათლისმცემელს“ რამდენიმე უპირატესობაც აქვს: 1) ის „ხირსაზე“ ორი-სამი ათეული წლით ხნიერი ჩანს და ამასთანავე, ადრეშუასაუკუნეების საქართვერლოს სამეკლესიან ტაძრებში ყველაზე დიდია; 2) ვაქირის საყდრის ცენტრალური ეკლესიის სიმაღლე შიგნით, იატაკიდან კამარის ბოლო ნიშნულამდე 13 მეტრია, რასაც მიწაში ჩარჩენილი 1 მეტრიც უნდა დაემატოს (როგორც ჩანს, XVI საუკუნეში, როცა ტაძარი ახალი, შეისრულ-მუზარადოვანი თაღ-კამარებით დახურეს, ცენტრალური ეკლესიიდან სრულად არ გაიტანეს ძველი კამარის ნამსხვრევები და იატაკი მასზე დააგეს.). ამას ადასტურებს სამკვეთლოს იატაკის დონე, რომელიც 3 საფეხურით დაბლაა; 3) „ნათლისმცემლის“ ცენტრალური ეკლესიის კედლების სისქე 1,25 მ-ია (გვერდითი ეკლესიების კედლების სისქე-1მ.). შედარებისთვის: ნეკრესის (ჭაბუკაურის) და ყვარლის (დოლოჭოპის) IV და V საუკუნეების ვეება ბაზილიკების კედლების სისქე 1 მ-ია. და კიდევ: „ნათლისმცემლის“ გრძივ კედლებზე, მცირე ინტერვალით, მიდგმულია 80 სანტიმეტრი სისქის _ 3-3 პილასტარი. ეს და აბსიდის ფართო მხრები ეკლესიის კედლებს ბურჯებით გამაგრებული ციხე-გალავნის იერს აძლევს. საყურადღებოა, რომ ტაძარს მეორე სართულიც ჰქონია პატრონიკის სახით. მისგან სრულადაა შემორჩენილი დიდი, საყრდენი თაღი და იატაკის კოჭების ღრმა ფოსოები დასავლეთის კედელში. პატრონიკეში ამავალი კიბის კვალი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში იკითხება ძგიდის ანაბეჭდის სახით. დიდი პატრონიკის არსებობა თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად, ლიტურგიებს დიდგვაროვანთა ოჯახებიც ესწრებოდნენ. ეს უამრავ ვარაუდს აღძრავს. 

ვაქირის წარსულზე ცოტა არ ვილაპარაკე, მაგრამ აქამდე მაინც პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა _ კიდევ რა ისეთი დაიმსახურა სოფელმა, რომ ბოლნისის, კაწარეთის, ურბნისის, ანჩისხატის და სხვა სახელგანთქმული ბაზილიკების ტოლი საყდრით დაჯილდოვდა ? იქნებ ამის პასუხიც ეკლესიას მოეპოვება? ვნახოთ. 

საყდრის ახალგაზრდა წინამძღვარი მამა გიორგი (ზარდლიშვილი), წარმოშობით ადგილობრივი კაცი, ჩრდილოეთ ეკლესიაში გამავალი კარის წირთხლში ჩაშენებულ ღრმა და ფართოსახოვან რელიეფს გვიჩვენებს. იგი ძალიან ძველი უნდა იყოს. 

ბევრად საინტერესო სანახაობა გველის საკურთხეველში, სადაც აბსიდის კედელთან ვჩერდებით. აქ, ახლახან ჩამოშლილი ერთი მოზრდილი ნალესობის ქვეშ ორმა ქვაჯვარმა გამოანათა. მარცხნივ, იატაკის პირიდან დაახლოებით 1 მ-ის სიმაღლეზე, მოჩანს ნაცრისფერი ბრუტალური ქვაჯვარი, რომლის ცენტრში ბოლნურის 

ანაგის ,,მთავარანგელოზი''

მსგავსი ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ამ ჯვრიდან მარჯვენა მხარეს, 20-30 სანტიმეტრში, ჩადგმულია მეორე ქვაჯვარი, რომელიც იატაკს ებჯინება. იგი სიგანეში 0,40 მ. და სიმაღლეში 0.94 მ. ია, მაგრამ რაკი ვიცით, რომ ძველი იატაკი დაახლოებით 1 მეტრით კიდევ უფრო დაბლა იყო, ქვაჯვარი სიმაღლეში, შეიძლება, მეტიცაა. ეს არის თეთრი ქვის სვეტი, რომლის ზედა მონაკვეთში გამოსახულია მსხმოიარე ვაზის ჯვარი. მის განივ მკლავებს ზევიდან კვირტები აზის, ქვევიდან კი მტევნები გამოუსხამს. მკლავების გადაკვეთაზე, ცენტრში, მზის ბორჯღალია. სვეტის ქვედა მონაკვეთის რელიეფური გამოსახულება დამდნარია და არ იკითხება. აღსანიშნავია, რომ ამავე ჯიშის კუბური ლოდი ბოლნური ჯვრის გამოსახულებით, ჩადგმულია ფასადში, ასევე აღმოსავლეთ კედელში, ოღონდ კიდევ უფრო ქვევით, ზეძირკვლის თავში. თუ გავითვალისწინებთ, რომ კედელში საუკუნებრივი „მოსვენების“ მიუხედავად, ინტერიერის ქვაჯვრების ზედაპირი საკმაოდ დაზიანებული, გამოქარულია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, ისინი კედელში მოხვედრამდე, კარგა ხანს ეფიცხებოდნენ კამბეჩოვნის მწველ მზეს. 

 

აქამდე დოგმად იყო ქცეული მოსაზრება, რომ საქართველოში ვერცერთი ქვაჯვარი (სტელა) ვერ დათარიღდებოდა V საუკუნეზე ადრინდელი ეპოქით, მაგრამ განთიადის (დმანისის რ-ნი) სტელამ თავისი უძველესი ქრისტიანული, ქართული ასომთავრული წარწერით და დათარიღებით (329 წელი), ეს დოგმა შეარყია. 

როგორც ჩანს, ვაქირის ტაძრის მშენებლებმა თუ რესტავრატორებმა იქვე აღმართული სტელები სიმბოლიკისა და ეზოთერული სიძლიერის მიზნით, სწორედ საკურთხევლის აბსიდის ზეძირკველს დაასვეს. გაურკვეველია, კონკრეტ-ულად როდის ჩააშენეს ეს უნიკალური ქვაჯვრები კედელში? 

აღსანიშნავია, რომ ასეთივე კონფიგურაციის ჯვარი (ვაზის ნასხლევით შექმნილი, ოღონდ არა ე.წ. „ნინოს ჯვრის“ ფორმის, არამედ სწორკუთხა და არამსხმოიარე) გვხვდება კისისხევის წმინდა ნინოს სახელობის V საუკუნის ეკლესიის კედელშიც. 

და აი, მივადექით მთავარ სათქმელს, რის გამოც 17 საუკუნის წინანდელი წარმოსახვითი სურათის დახატვას შევეცდები: 

...არაგვის ხეობას (წობენი) ივრის ხეობა მოყვა (ჟალეთი, კაწარეთი), ივრის ხეობას _ ალაზნისპირეთი (ქცელდაბა). უღელტეხილები, წავარნები, ლაქაშები... ჯორით ჩაქჩაქი და ხშირად ქვეითად სიარული. ქადაგება ერში და დიდებულებში, წარმართულ ტრადიციებთან ჭიდილი _ დღისა და ღამის დაპირისპირება... დაიქანცა წმინდა ნინო, მაგრამ უკანასკნელ ძალებს იკრებს, სურს, რომ შეძლოს და ბარდავს ჩააღწიოს, რათა რანის უფალთ-უფალი პეროზი და მისი დიდებულები განანათლოს. აკი პეროჟავრი სივნიელიც ამიტომ დაიმგზავრა, როგორც წარმდგენი და იქაურთა ზნეთა მცოდნე. მაგრამ მანამდე უწყლო და ოკრობოკრო კამბისენე (კამბეჩოვანი) აქვს გასავლელი. უქეიფოდ შეიქნა მოციქულთა სწორი, ძალიან უქეიფოდ. მხლებლები დაჟინებით თხოვენ, რომ გზა აღარ გააგრძელონ და მცხეთას გაბრუნდნენ, რამეთუ წინ კამბისენეს ურთულესი მონაკვეთია და ნინო „ვერ შემძლებელ იქნება სლვად“. 

_ სადა ვართ ? _ იკითხავს დაუძლურებული ნინო. 

_ კამბისენეს შემოველთ. _ არის პასუხი. 

_ ვაჰ, ვითარ ანათებს მზე ზამთრისა ! _ გაოცებულია მოციქულთა სწორი და იქაურებს იწვევს სანათლად. მცირედნი მოდიოდნენ სოფლის კაცნი, რამეთუ დიდებულნი ხორანთას ელოდნენ... 

ეს არის მისი უკანასკნელი ქადაგება და მოქცეული დაბა. აქედან ბრუნდება მცხეთისკენ და ტყიან ფერდობებზე გაჭრილი გზით ადის ბოდბეში. იქ მთავრდება მისი მოგზაურობა, იქ აღსრულდება და დადგება იბერიის მანათობელი ვარსკვლავი. განგება ღვთისა იყო ეს. რამდენიმე წლის წინათ, აკი სწორედ ბოდბეს თავზე შეჩერდა მცხეთის ძელიცხოველიდან დაძრული ერთ-ერთი ვარსკვლავი, მაგრამ მაშინ ჯვრის აღსამართად უჯარმა არჩია ნინომ. ჩანს, ღვთისავ ნებით, ბოდბე თავის სადგომად ჰქონდა არჩეული მოციქულთა სწორს... 

მკითხველი უთუოდ მიმიხვდებოდა, რომ წმინდა ნინოს უკანასკნელი ქადაგების ადგილად დღევანდელ ვაქირის იმ ტერიტორიას ვგულისხმობ, სადაც VI საუკუნის დასაწყისიდან ნათლისმცემლის სახელობის დიდი ტაძარი დგას, ხოლო მანამდე ქვაჯვრები იყო აღმართული. 

რატომ? 

იმიტომ, რომ წმ. ნინოს უერთგულესი მოწმეები და პროზელიტები _ სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნიელი არამარტო იმიტომ ისხდნენ წმინდა ნინოს უკანასკნელ სასთუმალთან, რომ მისი თავგადასავალი ჩაეწერათ, არამედ იმიტომაც, რომ მისი ანდერძიც შეესრულებინათ. მათ მსგავსად იქცეოდა სუჯეთის უშიშარი დედოფალი. იმ ადგილებში, რომლებიც წმინდა ნინოს ქადაგებას უკავშირდებოდა, სასწრაფოდ იდგმებოდა ჯვრები და იგებოდა მცირე სამლოცველოები. მომდევნო ხანებში, მეტადრე კი გორგასლისა და დაჩის მეფობის ჟამს, იმავე ადგილებში გამორჩეული ბაზილიკები შენდებოდა: მცხეთა, ჟალეთი, კაწარეთი, ნინოწმინდა (უჯარმის კარი), ჭერემი (ქცელდაბა), ბოდბე ... და ჰა _ ვაქირიც (კამბეჩოვნის კარი)...

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში