Menu
RSS

ეკლესიის სოდომური სკანდალი _ რა მოხდა რეალურად სასულიერო აკადემიაში 31 წლის წინ

ექსკლუზიური ინტერვიუ მოწმესთან

 

4 ნოემბერს, მამა გიორგი სხილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წილკნელი ეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე (შიოშვილი) მაშინ, როცა სასულიერო აკადემიას ხელმძღვანელობდა, სექსუალურად ძალადობდა სემინარიის სტუდენტზე. ამასთან, სხილაძემ გამოაქვეყნა ხელწერილი, რომელიც მისივე თქმით, მეუფე ზოსიმემ 1988 წლის დეკემბერში დაწერა სემინარიის ხელმძღვანელობიდან გადადგომის შესახებ, თუმცა მეუფე ზოსიმემ ყველაფერი კატეგორიულად უარყო. მამა გიორგი სხილაძე კი ამტკიცებს, რომ ხელწერილი თავად წილკნელმა ეპისკოპოსმა დაწერა და ამის მოწმედ მოჰყავს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, რომელიც მაშინ სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახლდათ. მამა გიორგი სხილაძის თქმით, მაშინ იმის გამო, რომ მეუფე ზოსიმე სოდომურ ცოდვაში ამხილეს, რამდენიმე სტუდენტი სემინარიიდან გარიცხეს, მოგვიანებით, მეუფე ზოსიმე კი, წილკნისა და დუშეთის ეპისკოპოსად დანიშნეს. ზაქარია ფერაძე ჩვენთან ექსკლუზიური ინტერვიუში ადასტურებს გიორგი სხილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

_ მამაო ზაქარია, ყველაფერ ამის შესახებ პატრიარქს მოუყევით? 

_ ერთს გეტყვით მხოლოდ: მე იმ პერიოდში ველაპარაკე პატრიარქს, რა თქმა უნდა. სხვა ინფორმაცია ჰქონდა აბსოლუტურად მიცემული, საწინააღმდეგო, ალბათ, ბოროტი ძალებისაგან და როდესაც მოგვისმინა პატრიარქმა, გულთბილად მოგვეფერა და აღგვადგინა სასწავლებელში და ცოტა ხანში მღვდლადაც მაკურთხა. 

_ ყველა სტუდენტი აღგადგინათ, ვინც მაშინ გაირიცხეთ სემინარიიდან? 

_ყველა აღგვადგინა და მე კიდევ მღვდლად მაკურთხა ძალიან მალე იმიტომ, რომ პატრიარქმა გაიგო მაშინ ძალიან კარგად ყველაფერი ეს. ძალიან დიდი ბრძოლა იყო ეკლესიაზე. უშიშროება, საბჭოთა რეჟიმი იყო ათეისტური რეჟიმი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და ცდილობდა, გაეკონტროლებინა ეკლესია და ცდილობდა, მისი სასურველი ცხოვრება ყოფილიყო ეკლესიაში. 

_ ანუ ფიქრობთ, რომ მაშინდელი უშიშროების ჩარევით მოხდა ზოსიმეს დაწინაურებაც? 

_ რომ ველაპარაკე, თვითონაც თქვა საუბარში, თქვენ არ იცით, ვისთან გექნებათ საქმეო. 

_ ასე მეუფე ზოსიმე დაგემუქრათ? 

_დელიკატურად დაგვემუქრა. მერე აღადგინეს... 

_ მამაო ზაქარია, მაშინ პატრიარქს რა მოუყევით? 

_ მე მოვუყევი ის, რაც იმ ახალგაზრდა კაცმა, 18 წლის ბიჭმა მოგვიყვა და მოვუყევი ის, რაც თვითონ ეპისკოპოსს ველაპარაკე და ჩვენი ურთიერთობა, ყველაფერი მოვუყევი, არ დამიმალავს, მამაა ჩვენი და... 

_ და რა გიპასუხათ პატრიარქმა? 

_ მისი პასუხი იყო ის, რომ ჩვენ აღგვადგინა. ეს იყო მისი პასუხი ჩვენს მიმართ. ჩვენ რომ დამნაშავეებად ვეცანით, არ აღგვადგენდა და არც მღვდლად მაკურთხებდა.... 

კიდევ ერთ დეტალს გეტყვით პატრიარქის დამოკიდებულებაზე: როცა სემინარიაში ვაბარებდი, მაშინ ურთიერთობა მქონდა დისიდენტებთან, ეროვნულ მოძრაობასთან. სოფელ-სოფელ დავდიოდით და ქრისტეს ვქადაგებდით კომუნისტური რეჟიმის დროს, ვაგროვებდით ოცეულებს, რადგან საბჭოთა რეჟიმის დროს 20 კაცი თუ იქნებოდა ეკლესიაში, თუ მოითხოვდა ეკლესიის გახსნას, ამოქმედებას, ვალდებული იყო სახელმწიფო, დაეკმაყოფილებინა. ამ კუთხით მთელი საქართველო ფეხით მქონდა მოვლილი, ამის ფარული კურთხევა იყო პატრიარქისგან იმიტომ, რომ მაშინ არ შეიძლებოდა ამის ხმამაღლა თქმა. ბევრი ეკლესია ავამოქმედეთ ღვთის მადლით და ძალიან გვეხმარებოდნენ მაშინდელი დისიდენტები _ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები. ამ პერიოდში გადავწყვიტე, სემინარიაში მესწავლა და დავუფლებოდი კარგად, რადგან ვქადაგებდი ქრისტეს მოძღვრებას, რომ უფრო ღრმად მესწავლა და როცა გამოცდაზე თავისუფალ თემას ვწერდი სათაურით _ „შეიცან თავი შენი“, პატრიარქთან ერთად შემოვიდა რელიგიის აპარატის უფროსის მოადგილე, ბატონი ოთარ ჯაში, რა თქმა უნდა, უშიშროების წარმომადგენელი. ჩემი გვარი მესმოდა, ფერაძე ვარ და მეგონა, გრიგოლ ფერაძეზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ცოტა ხანში დამიძახა პატრიარქმა და პირდაპირ უთხრა იმ კაცმა პატრიარქს, რომ ამ კაცის სემინარიაში მიღება არ შეიძლება, რადგან ამან ეს და ეს გააფუჭაო, რაღაც ტყუილებს მოყვა. მე გაოგნებული ვუყურებდი და პატრიარქმა თამამად უთხრა, ეს მაგის ჩამდენი არააო და გულში ჩამიკრა. როდესაც სტუდენტი გავხდი, ძალიან მოეწონა ჩემი ნაშრომი და მითხრა, რომ თქვენ სამეცნიერო საბჭოში უნდა იყოთ და ამას მივაქცევ ყურადღებასო. 

მოკლედ, პატრიარქისგან მე სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს. არ შეიძლება, პატრიარქზე ასეთი ლაპარაკი, რაც დღეს ხდება. რაც ხდებოდა მაშინ და ახლაც ხდება, არის კომუნისტური რეჟიმის ზეწოლის შედეგად გადმონაშთი და უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ ჭირია და დაგროვდა შიგნით და არ მოხდა ისე, რომ ამის გამოსწორებისკენ წასულიყო, როგორც ჩანს. 

_ მამაო, ზაქარია, როგორ ფიქრობთ, ყველაფერ ამის შემდეგ, რაც პატრიარქს მაშინ მოუყევით, სამართლიანია, რომ მეუფე ზოსიმე ეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრი გახდა? 

_ ხელმძღვანელი კი არ გახდა, იყო უკვე და სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარშიც იყო, მაგრამ იქიდან გადაიყვანეს. აკადემიიდანაც გაუშვა პატრიარქმა, სვეტიცხოველიდანაც და ეპარქიაში იყო, ჯერ კიდევ მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო, ასე ადვილი არ იყო ვინმეს გაშვება. 

_ თუმცა, შემდეგ წლებში და დღემდე ხომ რჩება ის წმინდა სინოდის წევრად? 

_ ეგ სხვა საკითხია და ზუსტად მაგაზე ვამბობთ, რომ შიგნიდან უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ხომ იცით, იურისპრუდენცია თუ გესმით, თუ ადამიანს არ დაუმტკიცებ დოკუმენტალურად, თუ ამას არ მოინდომებს წმინდა სინოდი, ისე ხომ ძნელია ადამიანს მოკიდო ხელი და უთხრა, წადი აქედანო. შეიძლება, აქეთ გიჩივლოს... რადგან ის კომუნისტური რეჟიმის დანატოვარია, ეტყობა, როგორც ჩანს, პატრიარქმა ჩათვალა, რომ დალოდებოდა თაობათა ცვლას, მან ბევრი პატიოსანი სასულიერო პირი აკურთხა. დრო გავა და თავისთავად ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ახლა მოხდა ასეთი რამ, წამოიწია ეს საკითხი და რადგან წამოიწია, ჩემამდეც მოვიდნენ და მე კიდევ ტყუილის თქმა არ შემიძლია. 

_ მამაო, რას ფიქრობთ ამ პროცესების შესახებ, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე? 

_ არ ვიცი, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, ტყუილის თქმა არ შემიძლია. 

_ როგორ ფიქრობთ, კარგია, რომ ყველაფერი ეს საზოგადოებისთვის საჯარო გახდა? 

_ ძალიან კარგი იქნებოდა, ეს პროცესი შიგნითვე მომხდარიყო, არ უნდა გამოვიდეს, ეს არის ეკლესიის დაუწერელი და დაწერილი კანონი, მაგრამ როგორც ჩანს, არ გვარდება ეს საკითხი და პირიქით, იზრდება. მოხდა ისე, რომ გამოვიდა გარეთ, რადგან ხომ იცით, „არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს“, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმით, რომ ვინმეს მტრობა ან რაიმე ცუდი გვინდა. პირიქით, მე ძალიან მიყვარს პატრიარქი, დიდი ღვაწლი აქვს ჩვენს ეკლესიაზე. დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა, აბა, წარმოიდგინეთ კომუნისტური რეჟიმის დროს ვინ იქნებოდა ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ? _ პატრიარქი და მან ბეწვის ხიდზე გაიარა. აქედან გამოიყვანა ეკლესია, ფეხზე დააყენა და თუ ვინმე ცუდია შიგნით და თუ ვინმე ვერ მოიქცა ისე, როგორც საჭიროა, რა საზოგადოებაც ჩაიბარა ათეისტური რეჟიმის ეპოქაში პატრიარქმა, ისეთი სასულიერო პირები და ერი გამოვიდა, ხედავ, რა მდგომარეობაა გარეთ, გაიხედ-გამოიხედეთ.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში