Menu
RSS

მესი თუ რონალდუ _ ვინ გახდება წლევანდელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი

არაბეთის პრინცი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყიდულობს

2020 წელს, მსოფლიოში მთავარი სპორტული მოვლენა, ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იქნება. მართალია, 2020-ში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიც გაიმართება, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთის მოყვარულთა არმია მცირერიცხოვანი არ გახლავთ, ოლიმპიადას ნამდვილად ვერ გადაწონის. შესაბამისად, ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული და დიდ თუ პატარა ტურნირებზე, სპორტსმენები თავს არ ზოგავენ.

გასულ უქმეებზე, აბუ-დაბიში, ძიუდოისტთა შორის მორიგი გრან-პრი გაიმართა. ჩვენთვის ეს ტურნირი საინტერესო იმით იყო, რომ -90კგ., პრაქტიკულად, ღიაა. სამწუხაროდ, წონა, რომელშიც ოლიმპიური ოქრო ზურაბ ზვიადაურსა და ირაკლი ცირეკიძეს აქვთ მოპოვებული, ჩვენთვის აქილევსის ქუსლი გახდა. ჯერჯერობით, ამ წონაში ოლიმპიადაზე წასვლის პრეტენზია ბექა ღვინიაშვილსა და ავთანდილ ჭრიკიშვილს აქვთ, თუმცა გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე, ვერცერთი სპორტსმენი ვერ აჩვენებს ისეთ ჭიდაობას, ტოკიოში მედალი რომ დავგეგმოთ. ჰოდა, აბუ-დაბიში ჭრიკიშვილი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და მესამე ადგილი დაიკავა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დაისვენა „ჩირიკამ“, ეს ცუდი შედეგი არაა, თუმცა ნახევარფინალში მარცხი ავთომ ისე განიცადა, ეტყობოდა, რომ აბუ-დაბიში, მხოლოდ ოქროს მედლისთვის იყო ჩასული. ოქრო კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილმა ირგუნა. 

ისე, კარს საქართველოს ჩემპიონატი მოგვადგა და ყველა ის ძიუდოისტი გავა ტატამზე, რომელსაც ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია აქვს. სავარაუდოდ, სწორედ შიდა პირველობა გადაწყვეტს -90 კგ-ს ბედს. 

 

* * * 

NBA-ში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა, „კლივლენდის“ წინააღმდეგ 4 წუთი ითამაშა, შემდეგ კი მუხლი ასტკივდა და მოედანი კოჭლობით დატოვა. იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელიცა და ჩვენებურიც ამბობენ, ტრავმა სერიოზული არ არისო, მომდევნო მატჩში, რომელიც „ინდიანამ“ „დეტროიტთან“ გამართა, ბითაძე განაცხადში არ ყოფილა. იმედია, გოგა მომავალი შეხვედრებისთვის, ასი პროცენტით იქნება მზად და ახლა რომ არ გარისკეს, ეს კარგის ნიშანია _ ჩვენებურს უფრთხილდებიან. 

* * * 

ვერ გეტყვით, ბოლოს როდის იყო ასეთი დაძაბული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ოქროს მედლებისთვის, ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის და წინ მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი. პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ 64 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფი თბილისის „დინამო“ 63 ქულას ითვლის, ხოლო მოქმედი ჩემპონი „საბურთალო“, 61 ქულით მესამეა. როგორც ჩანს, ბურთის გარდა, ეს ჩემპიონატი ნერვების თამაშიცაა, რადგან ბათუმისა და თბილისის „დინამოებს“, ბოლო 3 შეხვედრა არ მოუგიათ, „საბურთალოსთან“ უპირატესობაც, სწორედ ამ ჩამორჩენის გამო გაიფლანგა და ამიტომ ჩაება ჭიაბრიშვილის გუნდი ისევ საჩემპიონო რბოლაში. ჰოდა, დარჩენილ 4 ტურში, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და, რა თქმა უნდა, უპირატესობა ბათუმელთა მხარესაა _ ოთხივე მატჩის მოგების შემთხვევაში, გია გეგუჩაძის გუნდი, კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდება. 

* * * 

10 ნოემბერს, იაპონიაში, სუმოისტთა შორის მორიგი ტურნირი, კიუშო ბაშო დაიწყება. ტურნირის დაწყებამდე, სუმოისტთა ახალი რეიტინგი ანუ ბანძუკე გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, კვლავ დაკარგა ოძეკის წოდება და რანგით მესამე წოდება -სეკივაკე მიიღო. თუ ქართველი ფალავანი მომავალ ტურნირზე, მინიმუმ, ათ ბრძოლას მოიგებს, ის ოძეკობას დაიბრუნებს, ხოლო თუ დადებით ბალანსს ვერ აჩვენებს... ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სეკივაკეს ტიტულიც დაკარგოს. 

რაც შეეხება გაგამარუს, იგივე თეიმურაზ ჯუღელს, ის რანგით მეორე ლიგაში, ორი პოზიციით დაქვეითდა და ჯურიოს მეთორმეტე ნომრად არის წარმოდგენილი. თუ ის კიუშო ბაშოზე დადებით ბალანსს ვერ აჩვენებს, მესამე ლიგაში დაქვეითდება და ელიტური სუმოისტის წოდებას დაკარგავს. მოკლედ, ქართველი გოლიათებისთვის აღნიშნული ტურნირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს და, როგორც იაპონელები წერენ, ორივე ჩვენებური განსაკუთრებულ რეჟიმში ემზადება. 

* * * 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შოთა არველაძე და მისი „ფახთაქორი“, უზბეკეთში სასწაულებს ახდენენ. გუნდმა ჩემპიონობა 6 ტურით ადრე გაიფორმა, ახლა კი ქვეყნის თასის ფინალში, „აგმკ“-ს 3:0 სძლია და სეზონს დუბლით ასრულებს. თუ „ფახთაქორი“ ჩემპიონატში დარჩენილ ოთხ შეხვედრასაც არ წააგებს, მთელ ტურნირს წაუგებლად დაასრულებს, რაც რეკორდული და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი იქნება. 

* * * 

ძალიან მალე, ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“, 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელს დაასახელებს. მართალია, 30 ნომინანტია, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ „ოქროს ბურთს“ ლიონელ მესი, ან კრიშტიანუ რონალდუ მიიღებს. „ფრანს ფუტბოლს“ ერთი საინტერესო ტრადიციაც აქვს _ როცა გამარჯვებული სახელდება, მეორე დღეს ჟურნალი, ყდაზე ამ ფეხბურთელის ფოტოთი და ვრცელი ინტერვიუთი გამოდის, რისი მოსწრებაც ერთ საღამოში წარმოუდგენელია. „ფრანს ფუტბოლის“ ჟურნალისტები რამდენიმე კვირით ადრე იღებენ ინტერვიუს, ფოტოსესიასაც აწყობენ ანუ გულშემატკივრების გარდა, ყველამ ყველაფერი იცის. ჰოდა, ახლა ამბობენ, რომ წლევანდელი ოქროს ბურთის მფლობელი რონალდუ იქნება, რადგან „ფრანს ფუტბოლის“ ჟურნალისტები და ფოტოგრაფი ტურინში შენიშნეს, რონალდუ კი, სწორედ ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს და, სავარაუდოდ, ინტერვიუ და ფოტოსესია უკვე შედგა. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, მანამდე საუბარი მაინც რთულია. ისე კი, თუ რონალდუ წელს „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ეს მისთვის მეექვსე ჯილდო იქნება, რითაც ყველა დროის რეკორდს დაამყარებს და მთავარ კონკურენტს, ლიონელ მესისაც გაუსწრებს. 

* * * 

ინგლისური ფეხბურთისთვის ჰარი რედნაპი ლეგენდარული კაცია _ 72 წლის სპეციალისტს არაერთი კლუბი ჰყავს გაწვრთნილი და ზოგადად, ნახევარ საუკუნეზე მეტია, ინგლისურ ფეხბურთში ტრიალებს. გასულ კვირას, რედნაპს Bთ შპორტ-ზე პირდაპირი ჩართვა ჰქონდა და, რაღა თქმა უნდა, მან ფეხბურთზე ექსპერტის როლში ისაუბრა. ჩართვის დასრულების შემდეგ, რედნაპმა ყურში დამაგრებული სასმენი გამოიძრო, მაგრამ ნაწილი შიგნით დარჩა. 

„შემდეგ მოვიდნენ ოპერატორები, მანქანიდან მოიტანეს ბრტყელტუჩა და სცადეს ჩარჩენილი ნაწილის ამოღება, რასაც ის მოჰყვა, რომ ჩატეხილი მეტალი უფრო ღრმად შევიდა ყურში“, _ დაიჩივლა რედნაპმა. 

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 72 წლის სპეციალისტი, სასწრაფო წესით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მცირე ოპერაცია ჩაუტარეს და ყურში ჩარჩენილი ტექნიკის ნაწილი ამოუღეს. 

* * * 

მოჰამედ ბინ სლიმანი, საუდის არაბეთის პრინცი და მისი ფაქტობრივი მმართველია. მის სახელს საუდელი ჟურნალისტის, ხაშოგის მკვლელობა უკავშირდება, რომელიც სტამბოლში მოკლეს. ამის მიუხედავად, სლიმანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და დიდი გავლენითაც სარგებლობს. ჰოდა, მან გადაწყვიტა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყიდოს და ინგლისური გრანდის მფლობელებს, გლეიზერების ოჯახს 3 მილიარდი დოლარი უკვე შესთავაზა. მართალია, სლიმანმა უარი მიიღო, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, გლეიზერები 4 მილიარდს დათანხმდებიან და სლიმანიც ამ წინადადებით მათ უახლოეს მომავალში მიმართავს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის გულშემატკივართა რამდენიმე მილიონიანი არმია საუდის არაბეთის პრინცის ინიციატივას მიესალმება, რადგან ბოლო წლებში, კლუბი არცთუ სახარბიელოდ თამაშობს და რაც მთავარია, გუნდში მსოფლიო დონის ვარსკვლავები, უბრალოდ, აღარ არიან. 

* * * 

არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა მადრიდის „რეალში“. „სამეფო გუნდის“ გულშემატკივრები, კლუბის ხელმძღვანელობისგან კატეგორიულად ითხოვენ შემადგენლობის გაძლიერებასა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოყვანას. შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, „რეალი“ 150 მილიონის სანაცვლოდ, „მანჩესტერიდან“ პოლ პოგბას იყიდის, თუმცა რამდენად არის ფორმიდან ამოვარდნილი და ძველებურად ვეღარ მოთამაშე პოგბა მსოფლიო დონის ვარსკვლავი დღეის მდგომარეოით და რამდენად ღირს 150 მილიონი, ვერ გეტყვით. 

* * * 

იაპონიაში, მორაგბეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 1 ნოემბერს, ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს, უელსი და ახალი ზელანდია შეხვდებიან, ერთი დღის შემდეგ კი, ოქროს მედლებისთვის _ ინგლისი და სამხრეთ აფრიკა იბრძოლებენ, თუმცა ამ ეტაპზე, საინტერესო უფრო სხვა რამეა. 2004 წლის შემდეგ, ინგლისი პირველად მოექცა მსოფლიო რეიტინგის სათავეში და დღეის მდგომარეობით, პლანეტის უძლიერეს ნაკრებად ითვლება ანუ „ვარდებმა“ პირველობა, 15-წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბრუნეს. მესამე პოზიციაზე დაეშვა ახალი ზელანდია, რაც 2003 წლის შემდეგ, მათთვის ყველაზე ცუდი შედეგია. არადა, მსოფლიო რეიტინგი, სწორედ 2003 წელს შემოიღეს და მას შემდეგ, ახალი ზელანდიელები პირველ, ან მეორე ადგილებზე იმყოფებოდნენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში