Menu
RSS

აქვს თუ არა ნიკა გვარამიას კომპრომატები მეუფე იაკობზე

ნანა კაკაბაძე: „პატრიარქმა იცის, რომ ამას კარგი პროცესები არ მოჰყვება და შეიძლება, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს!“

საპატრიარქოს სკანდალი დღითიდღე მწვავდება. „ციანიდის საქმის“ „აფეთქების“ შემდეგ, „საპატრიარქოს კარის თამაშებს“ ტაბუ აეხსნა. რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურმა განცხადებამ კი „ძველ სკანდალს“ ახალი „სიცოცხლე შთაბერა“ ანუ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს სურდა პატრიარქის შეცვლა და ამ მიზნით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელთან, მათ შორის, გიორგი გახარიასთან ერთად, საკუთარ კაბინეტში დაიბარა. თავდაპირველად მეუფე იაკობმა თქვა, რომ პატრიარქის ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით, ეს განცხადება უარყო. ეს კი მაშინ მოხდა, როცა უწმინდესს შეხვდა და საპატრიარქოდან გამოსულმა მედიას ამცნო, ქორეპისკოპოსობიდანაც გადავდექი და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარეობაც დავტოვეო. საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ვარაუდით, საკუთარი თავისთვის საზიანო განცხადება მეუფე იაკობმა იმიტომ გააკეთა, რომ მას სოსო ოხანაშვილი და ნიკა გვარამია კომპრომატებით აშანტაჟებენ. 

„საეკლესიო თამაშებზე“ „ვერსია“ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:

_ განცხადება, რომელიც მეუფე იაკობმა გააკეთა, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი. ეს იყო მასზე ზეწოლით განხორციელებული იმიტომ, რომ სასულიერო, თუ სამოქალაქო პირები, რომლებიც მეუფე იაკობმა დაასახელა ანუ ვითომ შეხვედრის მონაწილეები, ამას არ დაადასტურებდნენ, რადგან ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია. ასე რომ ყოფილიყო, სამი წელი, ის უახლოეს ურთიერთობაში იყო პატრიარქთან და მასთან „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებულ საჭირბოროტო საკითხებს იხილავდა. დიახ, ის ძალიან ღია ურთიერთობაში იყო პატრიარქთან და ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქსაც ეტყოდა და ასევე, პატრიარქთან დაახლოებულ ადამიანებსაც, რადგან შეშფოთდებოდა, ასეთი შეხვედრის მონაწილე რომ ყოფილიყო და პატრიარქის ერთგულ ადამიანებს გაუზიარებდა, ხელისუფლება ამას გეგმავსო. 

ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია ანუ ეს არ იყო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება „გაეტარებინა“ (მისივე ჟარგონით რომ ვთქვათ), რადგან მის ყოფაზეც აისახებოდა. ის ცალსახად პატრიარქის მხარეს მოიაზრებოდა და თუ ვინმე პატრიარქს ჩამოიშორებდა, მისი რაობაც ეჭვქვეშ დადგებოდა. 

_ საიდან იცით, რომ მეუფე იაკობმა, კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული „საიდუმლო სერობის“ შესახებ არავის უთხრა? 

_ არავინ ამას არ ადასტურებს. თვითონაც არ უთქვამს, რომ ამას და ამას გავანდე ეს ამბავიო. როცა ასეთი მნიშვნელობის ინფორმაცია არავის გაანდო, თვითონ უნდა მონაწილეობდეს ამაში ანუ პატრიარქის წინააღმდეგ... 

_ ქალბატონო ნანა, ვარაუდობთ, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის შეცვლის პროცესში თავად მონაწილეობდა? 

_ არა. 

_ აბა? 

_ როცა კრიმინალს სჩადიხარ, იმიტომ არ ამბობ, რომ შენ ხარ ამ კრიმინალის მონაწილე. სხვა ლოგიკა ამაში არ არსებობს. ვინაიდან ის არ მონაწილეობდა ამაში და ნამდვილად სისხლხორცეულად იყო პატრიარქზე დამოკიდებული, ის, რა თქმა უნდა, გაანდობდა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც შეძლებდა ხელისუფლების ეს ნაბიჯი დაებლოკა, მაგრამ სამი წლის განმავლობაში ეს არ გაუკეთებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო გამოგონილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ სიბინძურეს თვითონ მეუფე იაკობი გამოიგონებდა. ვინ იყო ის, ვინც ეს გამოიგონა და რატომ დაავალა ეს მეუფე იაკობს? ყველაზე დიდი ინტერესი ვის ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით? რაც გამოკვეთა პროცესებმა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელშიც ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მთელ დანაყოფებს, ასევე, მასთან აფილირებულ პარტიებს. ეს საცოდავი სამნიძე, რომელსაც პირჯვარი არ გადაუწერია, რატომ აღსარებაზე არ მიდიან მამალაძესთანო, ამაზე ქუჩაში იდგა აქციებზე ანუ ამით დაინტერესებული იყო ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული ლიბერალური ფრთა. ამას საინფორმაციო უზრუნველყოფას უკეთებდა „რუსთავი 2“. ნიკა გვარამიამ, ყოფილმა პროკურორმა, რომელსაც შეხება არ ჰქონდა ადვოკატობასთან, ისიც კი გააკეთა, რომ როცა ყველაზე მეტად გაუჭირდა მამალაძეს ანუ როცა მისი ადვოკატები მხოლოდ ჰაერზე საუბრობდნენ და ვერავითარ მტკიცებულებებს ვერ დებდნენ, ჩათვალა, რომ მისი ჩართულობა გააძლიერებდა მამალაძის დაცვის მხარეს ანუ გვარამია წარმოჩინდა, როგორც მხარე. იმ ბინძური კამპანიის დროს, რაც „რუსთავი2“-მა აწარმოა პატრიარქის წინააღმდეგ „ციანიდის საქმის“ მიკერძოებული გაშუქებით, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატრიარქის მხარეს არავინ, არც ერთი ეპისკოპოსი არ მისულიყო „რუსთავი2“-ის ეთერში. „ციანიდელების“ ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე და გამოკვეთილი ფიგურა იყო მეუფე იაკობი და ამის ფონზე, როცა იცოდა პატრიარქისა და ეპისკოპოსების პოზიცია, ის არაერთხელ დაჯდა „რუსთავი 2“-ის ეთერში და საკმაოდ ბუნდოვან და მისთვის საწინააღმდეგო პროცესებში ჩაერთო, რასაც ჩემი ვარაუდით, საპატრიარქოშიც მოყვებოდა რეაქცია. მაშინაც გამიჩნდა ეჭვი: რამ აიძულა იაკობი? მე, რომელიც არც ეპისკოპოსი ვარ, უბრალოდ, პატრიარქის ფრთის ქვეშ გავიზარდე _ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს და რომ ვიცი, პატრიარქს რაღაც არ უნდა, იმას როგორ გავაკეთებ?! შე დალოცვილო, რომელიც ყველაზე მეტი ერთგულებით გამოირჩევი გარეგნულად პატრიარქის მიმართ, ზიხარ იქ, სადაც პატრიარქს არ უნდოდა, მჯდარიყავი! ვიფიქრე, რას შეიძლება, ეიძულებინა და გამახსენდა, რა მეთოდებით მუშაობდა „კაგებე“ ადამიანებზე და რა მეთოდებით აიძულებდა, რომ მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაედგათ, ეს იყო კომპრომატები. გამახსენდა სოსო ოხანაშვილი, რომელთანაც იაკობი იყო ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში და მას ემუქრებოდა ღიად. ოხანაშვილი კომპრომატების შეგროვებით იყო დაკავებული და ყველა ეპისკოპოსზე, მოძღვარსა, თუ ჩვეულებრივ თანამშრომლებზე, ჩანაწერებს აკეთებდა, ალბათ, ნაციონალების დავალებით. ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი, ალბათ, იყო იაკობი, რომლის წინააღმდეგაც ოხანაშვილს ჰქონდა გაკეთებული კომპრომატები. ოხანაშვილისა და გვარამიას ურთიერთობა და კეთილგანწყობა ხომ აშკარად გამოიკვეთა, როცა საზღვარგარეთ გაქცევამდე პრესკონფერენია კი არ ჩაატარა, როგორც ამას აანონსებდა, პირდაპირ „რუსთავი 2“-ზე დაჯდა, რადგან გვარამიამ, ალბათ, ჩათვალა, რომ სხვა ტელევიზიებში შეიძლება, რამე გაპარულიყო. აქედან გამომდინარე, გავაკეთე დასკვნა, რომ კომპრომატები, რომლებიც, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ექნებოდა, გადასცა გვარამიას, მან ამით იმოქმედა იაკობზე და აიძულა, გაეკეთებინა ის, რაც იაკობს არ უნდოდა და რის გამოც, ის შეიძლება, პატრიარქთან მოსულიყო კონფლიქტში. თუ ასეა, მაშინ ეს განცხადებაც გააკეთა იძულებით, რადგან ამას ვერაფრით დაადასტურებს. და რა აზრი ჰქონდა ისეთი რამის თქმას, რასაც არავინ დააადასტურებდა ანუ წინასწარ განწირული განცხადება გააკეთა, რომლის შემდეგაც ჩამოაშორეს ქორეპისკოპოსობასა და იმ თანამდებობებს, რაც ეკავა. აზრი მითხარით, საკუთარი თავის საწინააღმდეგო განაცხდებას რისთვის გააკეთებდა? იმისთვის, რომ მის საწინააღმდეგოდ გაკეთებული კომპრომატები არ გამხდარიყო საჯარო. ეს არის ჩემი ლოგიკა და ვარაუდი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. 

_ როცა ამბობთ, ოხანაშვილი კომპრომატებს აგროვებდა ეპისკოპოსებზე და მათ შორის, მეუფე იაკობზეო, რატომ არ სვამთ კითხვას, თუ რატომ სჩადიან წმინდა სინოდის წევრები, ეპისკოპოსები ისეთ საქციელს, რომ ვინმემ მათი ჩანაწერებით დაშანტაჟება შეძლოს და კომპრომატები შეაგროვოს? 

_ სინოდის წევრები, ისევე, როგორც ქრისტეს მოციქულები, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოკვდავები. კომპრომატი მაინცდამაინც იმას კი არ გულისხმობს, რომ ვიღაც, მაგალითად, ქრთამის აღების, ან სექსუალური აქტის დროსაა გადაღებული... თუნდაც უხერხული პოზა, სუფრასთან ყოფნა ისე შეიძლება იყოს გადაღებული, რომ წარმოგაჩენს შენთვის უჩვეულო ამპლუაში. ქრისტეს მოციქულები ავიღოთ, იუდამ რაა გააკეთა, ან იგივე პეტრემ, რომელმაც სამჯერ უარყო უფალი, ურწმუნო თომამ კი თქვა, არ მჯერა უფლის გამოცხადების, ვიდრე არ ვნახავო... იქიდან გამომდინარე, რომ მოციქულები ქრისტემ ადამიანებით დააკომპლექტა და არა ანგელოზებით, ისინი უშვებდნენ ასეთ შეცდომებს. 

გასაოცარი ეს კი არაა, არამედ ის, რომ ამით იყო დაკავებული ნაციონალური მოძრაობა და ამისთვის ნერგავდა თავის წარმომადგენლებს, რათა დაეშანტაჟებინა ეპისკოპოსები და გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. 

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პროცესებს პატრიარქის გადადგომაც მოჰყვება. ეს რეალურად მიგაჩნიათ? 

_ პატრიარქი გადაიღალა ამდენი სიბინძურით, ამდენი უმადურის ყურებით. მისი ნაკურთხი, მისი ხელდასხმული ადამიანები ასე იქცევიან. გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდეს პატრიარქი, მუდმივად ხედავს, რომ თავისი გაზრდილები, გამორჩეულები ასე უმსგავსოდ იქცევიან. ეს, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან დიდი ტკივილია და მას სჭირდება გამხნევება. ყველა ადამიანი თავის ცოდვებზე აგებს პასუხს და დაე, მათ თავად აგონ პასუხი თავის ცოდვებზე. 

პატრიარქმა იცის, რომ ამას კარგი პროცესები არ მოჰყვება, მაგრამ ის ხედავს, რომ მის რჩეულს, მეუფე შიოსაც ტალახი შეასხეს, თითქოს, პატრიარქს კი არ აურჩევია, არამედ, გარედან მოახვიეს თავს. არადა, ისე გაგიჟდა „ციანიდის პროცესებით“ და ისე გაოგნებული დარჩა, რომ კაცმა თავისი ხელით დაწერა ის, რაც წაიკითხა, რომ ამით ხაზი გაესვა მისი არჩევანისთვის და დღეს მისი ქორეპისკოპოსი ამას ეჭვქვეშ აყენებს. შეიძლება, ის ფიქრობდეს, სიცოცხლის პერიოდში უფრო შევძლებ ჩემი სიტყვის გატანას, ვიდრე შემდგომო და შეიძლება, ამ გაგებით მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თორემ ეს ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება, რადგან პატრიარქი არა მარტო ნომერ პირველი მღვდელმთავარი, არამედ პირველი პოლიტიკოსია, რომლის პოლიტიკურ გამჭრიახობაზე, გადარჩენილი საქართველო დგას.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში