Menu
RSS

გუმბათიანი მეზობლები

ხორნაბუჯის ანუ იგივე ჭოეთის ციხიდან ჩრდილო-დასავლეთის გზას უნდა დავადგეთ; ქიზიყის (კამბეჩოვნის) სოფლებისა და ამასთანავე, ძეგლების დიდი უმეტესობა სწორედ ამ მიმართულებითაა. აქ ერთი გარემოებაა აღსანიშნავი: ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონებისგან განსხვავებით, აქ გადარჩენილი ძეგლები ნაკლებადაა. ეს განსაკუთრებით ადრეულ და განვითარებულ შუასაუკუნეებზე ითქმის, რადგან არაბების, შემდეგ კი ხვარაზმელებისა და მონღოლების ძირითადი ჭიშკარი და სათარეშო მხარე ეს იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქ-სელჩუკების თარეშმა კამბეჩოვნის ველებზე დიდი დანალექი გამოიწვია მომთაბარე ელის ტომის დასახლებების სახით. ლანგ-თემურის შემოსევების შემდეგ, ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბებული კახეთის პატრონების მოქნილი პოლიტიკა გვიანი შუასაუკუნეების ძეგლთა მომრავლებითაც თვალში საცემია. ამ პერიოდში ყველაზე უკეთ გამოვლინდა ქიზიყელთა ხასი-ათი, რასაც ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი: „არიან კაცნი მბრძოლნი, მხნენი, ახოვანნი, შემმართებელნი, მაგარნი, მიმყოლნი ურთიერთთა...“ 

...დიახ, გვიანი შუასაუკუნეების ეკლესიები აქ ბლომადააა, ყოველ სოფელში 3-4, მაგრამ ჩვენ აკი, უფრო ძველი ისტორიის გასახსენებლად და წარმოსაჩენად ვმოგზაურობთ. აი, ამიტომ, ვჩერდებით კარგა ხანს სოფელ ოზაანში. 

სოფლის სახელწოდება მასში მცხოვრები ყველაზე გავრცელებული გვარისგან – ოზაშვილისგანაა ნაწარმოები, შესაძლებელია პირიქითაცაა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, პროფესორ ალ. ღლონტის განმარტებით ( იხ. მისი „ქიზიყის ტოპონიმია“), ეს ტოპონიმი უძველეს ფენას არ განეკუთვნება. არადა, სოფელი ძალიან ხნიერი ჩანს. ამის დასტურია დღევანდელ დასახლებასთან ახლოს, ჩრდილოეთით გამოვლენილი ძვ.წ. II ათასწლეულის ნამოსახლარი, სოფლის სავარგულებში აღმოჩენილი VI-VII სს-ის სასანური და ბიზანტიური მონეტების კოლექცია (552 ცალი) და ბოლოს, IX საუკუნის ფრიად წარმოსადეგი ტაძარი „ამაღლება“. იგი სოფლის თავში, შემაღლებულ ადგილზე დგას ტყეში. ეს გახლავთ ქართული ბრტყელი აგურით (23X23X5) ნაგები ჩაწერილი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ტაძარი (17,2X11,4მ.), რომელიც აღმოსავლეთ ფასადზე გამავალი 3 ნახევარწრიული, შვერილი აბსიდით სრულდება. ეს ძირითადი საკურთხევლის და სადიაკვნე-სამკვეთლოს აბსიდებია. შიგნით კონქსა და გუმბათქვეშა თაღებს ნალისებრთან მიახლოვებული ფორმის შემოწერილობა აქვს. გუმბათზე გადასვლა ჯერ კიდევ ტრომპებით ხდება, ხოლო მთელი გუმბათქვეშა საყრდენი წრე ბემის მხრებსა და ორ დამოუკიდებელ სვეტს ეფუძნება. ტაძარს ჰქონია სამხრეთისა და დასავლეთის გვიანდელი მინაშენებიც, რომლებიც ამჟამად ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. 

„ამაღლების“ მთავარი მხატვრული ღირსება კანკელის ფრაგმენტები და ფრესკებია. მათგან, დაზიანების მიუხედავად, ძველი ხიბლი მაინც გამოსჭვივის. კედლები და გუმბათი ერთნაირადაა მოხატული. აქ რამდენიმე ფერწერული შრეა, XI საუკუნით დაწყებული და XIV საუკუნით დამთავრებული. შედარებით ცხადად, საკურთხევლის მხატვრობაა შემონახული, სადაც მოციქულთა და წმინდა სტეფანეს გამოსახულება გვხვდება. 

სოფელში კიდევ რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც უფრო გვიანდელ საუკუნეებს განეკუთვნება. მათგან ორმა: „სამებამ“ და `ზღმურდლის წმ. გიორგიმ“ დაგვაინტერესა. 

„სამება“, რომ ელიც სოფლი ს სამხრეთ-დასავლეთით, მანქანით 10 წუთის სავალზეა, სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთის გ ა გ რ ძ ელე ბ ა ზ ე მიდგმული ორი ნაგებობაა. უფრო სწორად, ძველი ეკლესია დასავლეთიდან დაუგრძელებიათ, თუმცა ღერძულა ხაზი ვერ დაუცავთ. გარდა ამისა, კორტოხის ფართობი არ ყოფნიათ და სუბსტრუქციით დაუგრძელებიათ. საყ-დრის აღმოსავლეთ კედელი უაბსიდოა. ამ კედელზე გვ.შ.ს-ის ე.წ. ხალხოსნური მხატვრობის კვალია დარჩენილი. 

ოზაანის ერთ-ერთ ყოფილ უბანს, რომელიც ახლა სოფელ გამარჯვებას ეკუთვნის, ზღმურდლი ჰქვია. მის ბორცვზე დგას განვითარებული შუასაუკუნეების „წმ.გიორგი“. საყდარი (7,5X5,2მ.) დარბაზულია, ნაგებია რიყის შერჩეული, მრგვალი ქვით, აქვს ორი, თაღოვანი კარი (დასავლეთით და სამხრეთით) და ქვის კანკელის ფრაგმენტი. კამარა შემორჩენილია, მაგრამ ასე, უსახურავოდ, დიდხანს ვერ გაძლებს. 

სოფელ გამარჯვებას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ტახტას მთიდან (ზღვის დონიდან 849მ.) ჩამოუდის ხევი, რომელიც ხირსისხევის სახელითაცაა ცნობილი. იგი უმეტესად მშრალია და მისი იშვიათი წყაროდინება სოფელ ტიბაანს ძლივს უწევს ხოლმე. 

ადრე ასე არ ყოფილა. 

გურაშვილებში არსებობს ცოცხალი გადმოცემა, რომ მათ დიდ პაპას ვანო გურაშვილს, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 50-იან წლებში, ამ ხევიდან 1 კილომეტრში, საწნახელისთვის 1,5 მ. დიამეტრის ხე მოუჭრია. მაშინ, თურმე, ხევში გვარიანად მოედინებოდა წყალი. უფრო მეტიც – ამავე ხევის ზედა მონაკვეთში, მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვეს, იმხელა ტბა ყოფილა, რომ ნავებს იყენებდნენ. ეს ცნობა ნათელს ჰფენს ტოპონიმ ტიბაანის წარმომავლობას. იგი იმ ტბასთანაა კავშირში. გურაშვილების გადმოცემას მხარს უბამს ეპისკოპოს კირიონის ნათქვამიც: „მდინარე ხირსა იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა“. ასურელ მამას ამ მდინარის სიახლოვეში დაყუდების გამო შეერქვა ხირსელიო, -დაასკვნიდა ეპისკოპოსი კირიონი, მაგრამ წმინდანის შესახებ დაწერილ ნარკვევებში, იგი არც მეორე ვერსიას გამორიცხავდა. კერძოდ, იგი ვარაუდობდა, რომ ტოპონიმი შეიძლება თავად სტეფანეს მოტანილი ყოფილიყო სირიიდან, რამეთუ ხერსის სახელით ცნობილი მდინარე, სირიის მეზობელ სამარიაშიც მოედინებოდა. 

ტოპონიმის ასახსნელად არსებობს მესამე ვარიანტიც. ეს არის ასურელი მამების სასულიერო თიკუნი „ღირსი“ და მისგან ნაწარმოები თქმა „ღირს არს“. ყველაზე რეალურია, რომ ტოპონიმი „ხირსა“ მათგან არის ნაწარმოები. იგი თავდაპირველად, ტიბაანის ერთ უბანსა და მდინარეს დაერქმეოდა სტეფანეს პიროვნული თვისების გამო, მერე უკანვე დაუბრუნდებოდა – ხირსელი. ასურელი მამების შემთხვევაში, ასეთივე ნისბის მაგალითები გვაქვს შიო მღვიმელთან და ანტონ მარტყოფელთან. შიო დაემკვიდრა სარკინეს მღვიმეში, რომელსაც შემდეგ შიომღვიმე ეწოდა, ხოლო ასურელ მამას -შიო მღვიმელი. არც მარტყოფი ერქვა იმ ადგილს, სადაც ანტონი დამკვიდრდა. აკრიანი იყო მისი სახელი, მაგრამ მერე, ანტონის მარტომყოფობის გამო, მარტყოფი ეწოდა და ნისბად დაუბრუნდა ღირს მამას -მარ-ტყოფელი. 

...მაგრამ ჩვენ მამა სტეფანე ხირსელს დავუბრუნდეთ. ფრიად სიმბოლურია, რომ კამბეჩოვანს მისული ასურელი მოქადაგე იბერიის განმანათლებლის, კაპადუკიელი ქალის განსასვენებელი სავანიდან სიახლოვეში დაეყუდა. სავარაუდოდ, თავისი უდიდესი სეხნიის, პირველმოწამე სტეფანე დიაკონის, სახელობის ტაძრის მშენებლობის პარალელურად, მან მოციქულთა სწორის სავანის შემკობაზეც იზრუნა. 

ტიბაანში ასურელმა მამამ დიდი სამნავიანი ტაძარი ააგო და ახლა მასშივე განისვენებს. ბაზილიკა (29X19,9მ.) XIX საუკუნეში დასავლეთიდან 3 მეტრით დააგრძელეს დამატებითი სტოვით, თუმცა მას სიგანე დააკლეს (17,3მ.). 

დღეს ხირსის ტაძარში მამათა მონასტერია... 

ეზოში შესვლისთანავე საუკუნეთა სუნთქვა იგრძნობა. 

მაინც რაა ტაძრის ქვა!.. 

თვალი მხოლოდ ერთ რამეს ვერ ეგუება: ბაზილიკას, რომელსაც გარკვეული ხნის შემდეგ გუმბათი დააშენეს და ჩაწერილი ჯვრის ფორმა მისცეს, სიმაღლე აკლია, იგი მიწაშია ჩამჯდარი. ტაძრის ძირითადი სამშენებლო მასალა რიყის ქვაა (თარაზულობა დაცულია), რასაც შემდგომი რეკონსტრუქციებისა და რეაბილიტაციის პერიოდში გამოყენებული ძვ. ქართული აგური, თეთრი ქვიშაქვა და აქა-იქ შირიმი ერევა... მერე ისევ რიყის ქვა და აგური, ოღონდ უკვე გვიანდელი, პეწდაკარგული... 

ტაძრის ინტერიერში და ფასადებზე ამ რესტავრაცია-რეკონსტრუქციების პერიოდების შესაბამისი წარწერები გვხვდება. ჯერ-ჯერობით გამოვლენილ წარწერათა შორის, ყველაზე ძველია გუმბათის საყრდენი, ჩრდილო-აღმოსავლე-თის სვეტში აღმოჩენილი ორსტრიქონიანი ქვა. იგი, ტაძრის ერთ-ერთი აღდგენისას, სამშენებლო მასალის სახით, თავდაყირა ჩაუსვამს უბირ კალატოზს. ნოდარ შოშიაშვილის წაკითხვის თანახმად, ეს წარწერა 886 წლით თარიღდება: „... ოა ერისთ(ა)ობ(ას)ა...2... [ქრ(ო)ნ(ი)კ]ონი იყუის რვ. ა(მე)ნ“. ხორნაბუჯელი ერისთავის სახელი დროჟამს გაუქრია და სამწუხარო დანაკარგია ისტორიისთვის. ეს თარიღი ტაძრის ერთ-ერთი, შესაძლოა, პირველი, აღდგენის მაუწყებელია. 

აღნიშნული წარწერა, ისევე როგორც ლაგოდეხის წარწერა, იმას გვეუბნება, რომ ჰერეთის სახელმწიფო ენა ქართულია ! წარწერათა მიხედვით, საყდრის მეორე აღდგენა XI საუკუნის შუა ხანებში მომხდარა. ტაძრის სამხრეთ ფასადზე ზემო და რელიეფური ჯვრის მკლავებზე ვკითხულობთ: მარცხნივ -„ქრისტე, ადიდე გაგიკ მეფე“, მარჯვნივ -„ქრისტე, ადიდე გლახაკი გიორგი მთავარეპისკოპოსი“. 

ხირსის ტაძრის კიდევ ერთი აღდგენის მაუწყებელი წარწერა XVI საუკუნისაა და იგი სამხრეთ ფასადზე ერთ-ერთი ჯვრის მკლავებშია ჩაწერილი: „ქრისტე, ადიდე მეფობა ლეონისი. ამინ!“ (წარწერაში კახეთის მეფე ლევანია ნახსენები). კიდევ ერთი, ოღონდ უკვე არა ასომთავრული, არამედ მხედრული წარწერაა დასავლეთ შესასვლელის თავზე: „1822. ადიდე ღმერთო იმპერატორი ალექსანდრე პირველი და მხედრობანი მისნი, ამინ... და არხიმანდრიტი ნიკიფორე“. ეპისკოპოს კირიონის ხელთ არსებული ნუსხით, ეს არქიმანდრიტი ერისკაცობაში, თავადი ნიკიფორე ჯორჯაძე ყოფილა. 

ტაძრის კედლები სხვადასხვა ეპოქის, მათ შორის, VI საუკუნის რელიეფებსაც ინახავს.

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში