Menu
RSS

ქართველი ნიჩბოსანი, რომელიც ევროპის ჩემპიონი ნათხოვარი ნავით გახდა!

„საკვების ფულიც აღარ არის, ეს კატასტროფაა!“ _ გადარჩება თუ არა „ტორპედო“

არ ვიცით, რა სახელი დავარქვათ იმას, რაც 19 ოქტომბერს, წყალტუბოში მოხდა _ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“, სწორედ წყალტუბოში უმასპინძლა. სანამ მთავარს გეტყვით, ამ სიას გადახედეთ და თქვით, ვისი სია შეიძლება იყოს ეს? 13 წლის სოსო კოპალიანი, 15 წლის ლუკა ელბაქიძე, 15 წლის ირაკლი მელქაძე, 15 წლის ლუკა მჟავანაძე, 16 წლის დავით ასათიანი, 16 წლის მურთაზ სანებლიძე, 16 წლის ოთარ აფრიდონიძე, 16 წლის გურამ დეისაძე, 16 წლის სერგი ბაბუნაშვილი, 16 წლის აკაკი მელაძე... ეს არის არასრული სია „ტორპედოს“ სამატჩო განაცხადიდან. ჰო, ქუთაისურ კლუბს 18-კაციან სამატჩო განაცხადში, 11 არასრულწლოვანი ჰყავდა. როგორ გგონიათ, რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ „ტორპედოს“ პატრონი, უბრალოდ, არ ჰყავს! ქუთაისის მერიამ გუნდი კი გადაიბარა, მაგრამ წლევანდელ ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული, გუნდიდან წასულმა რამდენიმე ფეხბურთელმა, კუთვნილი ხელფასის მისაღებად, უეფა-ში იჩივლა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს დუბლ-შემადგენლობა და პატარა ბავშვები შერჩა ხელში და გმირობის ტოლფასია, რასაც ეს კაცი აკეთებს. მას სათამაშოდ ბავშვები რომ არ გაეყვანა, „ტორპედოს“ ტექნიკური წაგება, მომავალში კი _ დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა! 

„ფეხბურთელთა ნაწილი ბაზაზე ცხოვრობდა და უხელფასოდ თამაშობდნენ ბიჭები, მაგრამ უკვე საკვების ფულიც აღარ არის და მშიერი ფეხბურთელი ვერ ირბენს. ამიტომ, ისინი წავიდნენ და დავრჩი დუბლ-შემადგენლობისა და პატარა ბავშვების ამარა. ის მდგომარეობა, რომელიც ახლა „ტორპედოშია“, ერთი სიტყვით ფასდება _ კატასტროფა“, _ ამბობს კახა ჩხეტიანი. 

 

როგორც გავიგეთ, ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა ტიტულებითა და სიძლიერით საქართველოს მეორე კლუბი, თვალსა და ხელს შუა არ შემოადნეს, მაგრამ ფედერაციას ბევრი ბერკეტი არ აქვს და არც ფულის ხარჯვა შეუძლია კონკრეტული კლუბის მიმართლებით. 

ამიტომ, საქმეს ქალაქის მერიამ უნდა მიხედოს და ეგებ, ინვესტორიც გამოჩნდეს, რომელიც განწირული კლუბისთვის მაშველი რგოლის როლს შეასრულებს. 

ჰო, ტორპედო-საბურთალოს შეხვედრა 0:2 დასრულდა და ბავშვების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და თავგანწირვით ითამაშეს. 

* * * 

მაროკოს ქალაქ მარაკეშში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოისტთა შორის, ქართველებისთვის რამდენიმე მიზეზით იყო საინტერესო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს სერიოზული ამბიცია აქვს საუკეთესო არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იყოს. საინტერესო იყო ისიც, ორიოდე თვის წინ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანი, რას იზამდა. მოგეხსენებათ, ეთერი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ძიუდოში კონტინენტის უძლიერესის ტიტული მოიგო და რამდენად იყო მზად მსოფლიოს პირველობისთვის, სწორედ მარაკეშში უნდა გამოჩენილიყო. 

საბედნიეროდ, ლიპარტელიანმა ისტორიის წერა მაროკოშიც გააგრძელა და ოქროს მედალი არც იქ დათმო. რაც ყველაზე საინტერესოა, მან ფინალში, იაპონელ მეტოქეს მოუგო ანუ მეტოქეს, რომელიც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. მანამდე კი, ნახევარფინალში, სამხრეთ კორეელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, გოგონა, რომელიც იაპონელის შემდეგ, ითვლებოდა უძლიერესად. 

პლანეტის უძლიერესის ტიტული ვლადიმერ ახალკაცმა და ლაშა ბექაურმაც მოიპოვეს, ილია სულამანიძე ვერცხლს დასჯერდა, ტატო გრიგალაშვილი _ ბრინჯაოს. საქართველომ გუნდურ პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა და სამწუხარო ის არის, რომ ნახევარფინალში, ჩვენმა გუნდმა რუსეთთან წააგო. არ იყო ეს წასაგები შეხვედრა, მაგრამ... 

* * * 

ახლა მთავარი _ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავდნენ გიგა აბუაშვილი და ლუკა ლომიძე, რუსეთის ნაკრების სახელით გამოდიოდა დალი ლილუაშვილი (რუსეთის ქალთა ნაკრებს თეა დონღუზაშვილი წვრთნის) და ზოგადად, ბოლო დროს, განსაკუთრებით საჭიდაო სახეობებში, ევროპულ ნაკრებებში იმდენი ქართველო გამოჩნდა, მალე შესაძლოა, ევროპის პირველობა ქართველების დაპირისპირებად იქცეს. ესპანელებს ნიკა შერაზადაშვილის სახით, მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავთ, პორტუგალიაში ანრი ეგუტიძე არცთუ ურიგოდ ჭიდაობს, უკრაინელების მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაიაა, აზერბაიჯანელებს მსოფლიოზე ვერცხლი უშანგი კოკაურმა მოუტანა, თურქეთის სახელით გამოდის ბეთქილ შუკვანი... და ეს მხოლოდ ძიუდოში და თანაც, ძალიან მცირე ნაწილი. 

სხვა საჭიდაო სახეობებშიც არანაკლები ქართველია. აქამდეც გვინახავს ქართველის მიერ აჟღერებული სხვა ქვეყნის ჰიმნი და მომავალშიც ვნახავთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერც სპორტსმენს ამტყუნებ და ვერც სახელმწიფოს _ კონკურენცია ძალიან დიდია, წონაში კი ერთი კაცის წაყვანაა შესაძლებელი. 

* * * 

ქართველო ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიო თასიც მოიგო, 2020 წლის ოლიმპიადაზეც გამოვა და ერთ-ერთი ფავორიტიც იქნება. ამის მიუხედავად, ზაზა, რომელიც შეჯიბრებებზე ნათხოვარი ნავით დადიოდა, ძველებურად, მტკვარზე ვარჯიშობს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მასზე სიუჟეტი მოამზადა და აღნიშნა, რომ ქართველი შეუძლებელს აკეთებს და ჩვეულებრივ მდინარეზე ვარჯიშით აღწევს შედეგებს, რომელიც კონტინენტის პირველობისა და მსოფლიოს თასის მოგებაში აისახა. ეს მაშინ, როცა მის კონკურენტებს კონკრეტული ტურნირებისთვის, დაახლოებით, 20-კაციანი ბრიგადა ამზადებს, სადაც მწვრთნელები, დიეტოლოგები, ექიმები, მასაჟისტები და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები შედიან. 

* * * 

2 დეკემბერს, პარიზში, 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოცხადება. უეფა-მ უკვე გამოაცხადა პრეტენდენტები და ძალიან დიდია იმის შანსი, რონალდუ-მესის ჰეგემონია დაემხოს. მოგეხსენებათ, 2008 წლიდან დღემდე, „ოქროს ბურთს“ ან მესი იგებს, ან რონალდუ და იმის გათვალისწინებით, რომ წელს, გამორჩეულად „ლივერპულმა“ იასპარეზა, არ არის გამორიცხული, ამ გუნდის რომელიმე ფეხბურთელი დააჯილდოვონ. მით უმეტეს, კანდიდატთა შორის, „მერსისაიდული“ კლუბის, ერთბაშად, 6 ფეხბურთელია. 

პრეტენდენტთა სრული სია კი ასე გამოიყურება: ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული); ბერნარდო სილვა (სიტი); სონ ჰიონ-მინი (ტოტენჰემი); რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); რობერტო ფირმინო (ლივერპული); ალისონ ბეკერი (ლივერპული); მატიის დე ლიხტი (იუვენტუსი); კარიმ ბენზემა (რეალი); ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული); სერხიო აგუერო (სიტი); ფრენკი დე იონგი (ბარსელონა); უგო ლორისი (ტოტენჰემი); დუშან ტადიჩი (აიაქსი); კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი); კილიან მბაპე (პსჟ); ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული); დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი); პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა); სადიო მანე (ლივერპული); ლიონელ მესი (ბარსელონა); კევინ დე ბრუინი (სიტი); რიად მაჰრეზი (სიტი); კალიდუ კულიბალი (ნაპოლი); ანტუან გრიზმანი (ბარსელონა); მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); მარკინიოსი (პსჟ); ედენ აზარი (რეალი); რაჰიმ სტერლინგი (სიტი); ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო). 

* * * 

სეზონის სტარტზე, საკმაოდ მყარად ჩანდა ზინედინ ზიდანის პოზიცია მადრიდის „რეალში“. ესპანურ გრანდში დაბრუნებულმა მწვრთნელმა გამოაცხადა, რევოლუცია უნდა მოვახდინო, შემადგენლობა ძირეულად შევცვალო და სრული მხარდაჭერა მაქვსო, მაგრამ ამ ყველაფერმა არ გაამართლა. „სამეფო გუნდი“ ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ვარგობს და პრიმერა დივიზიონშიც, „ბარსელონასთან“ არსებული უპირატესობა გაანიავა და პირველი ადგილი კატალონიურ გრანდს, პრაქტიკულად, უბრძოლველად გადაულოცა. ჰოდა, ახლა ამბობენ, რომ ზიდანს თვის ბოლომდე გაუშვებენ და მის ნაცვლად, ჟოზე მაურინიოს დანიშნავენ. პორტუგალიელის დანიშვნის არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ მან რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა, რადგან მისივე განცხადებით, სასურველ წინადადებას ელოდება. 

* * * 

ძალიან საინტერესო ამბავი ხდება „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას თავს. ის კატალონიელია და თან როგორი კატალონიელი _ „ბარსელონას“ ყოფილ კაპიტანსა და მწვრთნელს, კატალონიაში უდიდესი გავლენა და ავტორიტეტი აქვს. კატალონიაში მიმდინარე პროცესები კი მოგეხსენებათ, როგორი დაძაბულია და იქაურმა პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილება მიიღეს -კატალონიის პრეზიდენტი, სწორედ გვარდიოლა გახდეს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი, თავად სპეციალისტის მოსაზრებაა, რომელსაც იგი ხმამაღლა არ გამოთქვამს, თუმცა საინტერესოა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“, მას მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში უმთავრდება და... მის გაგრძელებაზე უარი თქვა, სახლი მომენატრა და კატალონიაში დაბრუნება მსურსო. 

* * * 

დასასრულ, 24 ოქტომბერს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. შესაბამისად, ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად დაელოდება გოგა ბითაძის დებიუტს. მით უმეტეს, რომ ექსპერტები ქართველზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ,შესაძლოა, ბითაძე ახალი სეზონის მთავარი აღმოჩენა გახდესო. თავად გოგა ჯანმრთელადაა და იმედია, იგივეს იზამს, რაც საგამოფენო მატჩში, გასულ კვირას მოახერხა. მწვრთნელის განცხადებით, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, გოგა მოედანზე 3-4 წუთით შეეშვა, რათა გარემოს შეჩვეოდა, მაგრამ „თავხედმა ქართველმა“ ძალიან თამამად ითამაშა, მოედანზე 24 წუთი გაატარა და თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი, 14 ქულა ჩააგდო.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში