Menu
RSS

„ნუ მაყვედრით 400-ლარიან ხელფასს!“ _ პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი საქართველოდან მიდის!

რონალდუს მეშვიდასე გოლი და „სუპერ მარიოდ“ გარდაქმნილი ქართველი ფეხბურთელი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა ჯგუფში გამართული ოთხი თამაშიდან 3 წააგო, ერთი მოიგო, საბოლოოდ, მხოლოდ ურუგვაის გაუსწრო და მეოთხე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მთავარი მიზანი ჯგუფში ურუგვაისა და ფიჯის ნაკრებების დამარცხება იყო, რათა მესამე ადგილზე გავსულიყავით და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის საგზური ავტომატურად მიგვეღო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა _ ფიჯიმ 45:10 მოგვიგო და საგზური თავისთვის დაიტოვა.

მოკლედ, მომავალი ტურნირებისთვის „ბორჯღალოსნებს“ ახალი მწვრთნელი ეყოლებათ, რადგან ისედაც გადაწყვეტილი იყო, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, გუნდიდან ჰეიგი აუცილებლად წავიდოდა. 

ცნობისთვის, ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, „ბორჯღალოსნებმა“ 80 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 55-ში გაიმარჯვეს. 

* * * 

რაც შეეხება საფეხბურთო ნაკრებს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და უსიამოვნო ტრადიცია გააგრძელა. თავად განსაჯეთ, ირლანდიელებს, საერთო ჯამში, 11-ჯერ შევხვდით და 2 ფრეს წილ, 9 წაგება გვაქვს, რაც ძალიან, ძალიან ცუდი შედეგია. ესეც არ იყოს, ამ ფრეს შემდეგ გაირკვა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც აღარ გვაქვს და ისევ იმის იმედად ვართ, რომ მარტში, ევროპა-ლიგის ფლეი-ოფში ვივარგებთ და საგზურს ამ გზით მოვიპოვებთ. 

სხვათა შორის, 15 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, გიბრალტარი-საქართველოს მატჩი დაიწყო და მაშინ დასრულდა, როცა გაზეთი უკვე დაბეჭდილი იყო. შესაბამისად, ანგარიში არ ვიცით, მაგრამ ჯგუფში გამართული 5 მატჩიდან, გიბრალტარს 5 წაგება და ბურთების შეფარდება 0:16-თან აქვს. იმედია, ჩვენი გუნდი არათუ მოიგებს, გოლის გატანასაც არ დაანებებს გიბრალტარელებს, რომლებიც მატჩის წინ ამბობენ, რომ ისტორიის დაწერას, სწორედ საქართველოსთან შეხვედრაში აპირებენ. 

* * * 

საქართველოს გარდა, სანაკრებო მატჩები სხვა ქვეყნების ნაკრებებმაც გამართეს და გაირკვა, რომ მაგალითად, უკრაინა და რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ, რადგან მათ საგზურები უკვე მოიპოვეს. დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზე იქნება თურქეთის ნაკრებიც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, სტუმრად ფრე _ 1:1 გაუგორა. თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა გოლი საინტერესო ჟესტით აღნიშნეს და გულშემატკივარს სამხედრო სალამი მისცეს. ეს ექსპერტების მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მხარდაჭერად შეფასდა, რომელიც სამხედრო ოპერაციას ახორციელებს სირიაში. ჰოდა, აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა, ემრე ჯანმა და ილქაი გიუნდოგანმა „დაალაიქეს“, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. ჯანიცა და გიუნდოგანიც გერმანიის ნაკრებში კი თამაშობენ, მაგრამ თურქები არიან და ამბავიც ამის შემდეგ ატყდა. გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ფეხბურთელების დასჯას და ნაკრებიდან მათ მოკვეთას ითხოვს. თავად ფეხბურთელები ამბობენ, რომ „ლაიქი“ მეგობრებს დაუწერეს და არა სამხედრო ოპერაციას. 

სხვათა შორის, გერმანიის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გუნდის ლიდერმა მესუთ იოზილმა, თავის დროზე, ერდოღანთან ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოფინა, რის გამოც ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა. 

* * * 

სანაკრებო თამაშებს კრიშტიანუ რონალდუს მიღწევით მოვრჩეთ. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კარიერაში მეშვიდასე გოლი გაიტანა, რაც ძალიან, ძალიან კარგი შედეგია და თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორ ფორმაშია რონალდუ, ამ შედეგის გაუმჯობესებას ბევრი დრო არ დასჭირდება. პორტუგალიელ თავდამსხმელს, 450 გოლი „რეალის“ მაისურით აქვს გატანილი, 118 – „მანჩესტერ იუნაიტედის“, 95 – პორტუგალიის ნაკრებში თამაშისას, 32 – „იუვენტუსში“, ხოლო 5 – ლისაბონის „სპორტინგში“. 

* * * 

NBA-ში რეგულარული სეზონი მალე დაიწყება და იმის მიუხედავად, რომ ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა, ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში, გოგა ბითაძის სახით, წარმომადგენელი მაინც გვეყოლება. 

NBA-ში ასეთი წესია: გუნდის ახალწვეული ვალდებულია, სეზონის დაწყებამდე, გულშემატკივრის წინაშე, რომელიმე ცნობილი გმირის ფორმაში წარსდგეს და იმღეროს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არც ბითაძეს ასცდა. ქართველი კალათბურთელი „ინდიანას“ გულშემატკივრებს, „სუპერ მარიოს“ ფორმაში გამოწყობილი გამოეცხადა და კრისტინა აგილერას „Genie In a Bottle“ შეასრულა. როგორც გულშემატკივრები აღნიშნავენ, გოგამ დავალებას თავი კარგად გაართვა და მათი მოწონებაც დაიმსახურა. 

* * * 

დღეიდან ანუ 16 ოქტომბრიდან, მაროკოს ქალაქ მარაკეშში, ძიუდოისტთა შორის, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი. 60 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სპორტსმენი არ გვყავს და ისიც ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებში სამი გოგონა იჭიდავებს. 

-66 კგ _ გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე; -81 კგ. _ ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი; -90 კგ. _ ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური; -100 კგ. _ ილია სულამანიძე; +100 კგ. _ გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი; -57 კგ. _ ეთერ ლიპარტელიანი; -70 კგ. _ მარიამ ჭანტურია; +78 კგ _ სალომე მაყიშვილი. ტურნირი 20 ოქტომბერს დასრულდება და აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე, ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილმა ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

* * * 

ძალიან დაიძაბა სიტუაცია საქართველოს სპორტის დეპარტამენტსა და მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ექვსგზის ჩემპიონ ლევან საგინაშვილს შორის. პლანეტის უძლიერესმა მკლავჭიდელმა განაცხადა, რომ მომავალში, სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე სერიოზულად დაფიქრდება, რადგან მოგებული ტურნირის შემდეგ, მას მილოცვითაც კი არავინ მიულოცა და ეს მაშინ, როცა მასთან დამარცხებულ ყაზახ სპორტსმენს, ამ მიღწევის (ანუ ლევანთან რომ დამარცხდა, მაგრამ იმ ეტაპამდე მივიდა, მიღწევად ჩაუთვალეს) გამო, ავტომობილიც აჩუქეს და სოლიდური პრემიაც მისცეს. 

საგინაშვილმა თქვა, მანქანა და პრემია კი არა, ძმაკაცმა დამპატიჟა შაურმაზე, როდესაც ჩამოვედი და წასვლამდე თუ ის ყაზახი ხუთი მწვრთნელის მეთვალყურეობით, სუპერთანამედროვე დარბაზში ვარჯიშობდა, მე შემწვარ კარტოფილზე, პაპანაქება სიცხეში ვცდილობდი ფორმაში შესვლასო. 

სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტმა შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: 

„ლევან საგინაშვილმა, 2018 წელს, საქართველოს ნაკრების სახელით, მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამასთან, ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ, მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია. 2019 წელს, საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ, მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უბრალოდ, საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად. სამინისტრო, მკლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტსა და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას“. 

ამის პასუხად კი უკვე თავად სპორტსმენმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ასევე, უცვლელად გთავაზობთ: 

„მე სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან და, მით უმეტეს, ფედერაციისგან ფული არ მომითხოვია. მე გავაკეთე განცხადება იმაზე, რომ ელემენტარული მოლოცვითაც არავის მოულოცავს, თითქოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავი! რაც შეეხება პრემიებს, მე რასაც ჩემი შრომითა და წარმატებით ვაღწევდი, იმას ვიღებდი და უკვე მერამდენედ მაყვედრით მაგ ფულს, რომელიც დავიმსახურე ჩემი გამარჯვებებით და იმიტომ მივიღე. არავის არაფერი უჩუქებია. ასე რომ, ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს. 

რაც შეეხება ამ ტურნირს, აღიარებულია, თუ არაღირებულია მსოფლიო ფედერაციისგან, ეს შეჯიბრი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანია ამ სპორტში, დღესდღეობით. მე ჩემი ქვეყნის სახელის გასატანად გავედი პირველ რიგში და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის!“ 

ჩვენ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ როცა გყავს ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში უძლიერესი მაჯა აქვს და, პრაქტიკულად, დედამიწაზე ყველაზე ძლიერად ითვლება, მაქსიმალურად უნდა შეეცადო, მოუფრთხილდე და გვერდით დაუდგე, თორემ ლევანის ერთ დაძახებაზე, რამდენიმე ქვეყანა რომ ჩადგება რიგში, ცხადია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში