Menu
RSS

12 არასრული სტრიქონი

ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ კახეთის გაღმამხარში მოგზაურობა მაჭის ციხესთან დავასრულეთ (იხ. „ვერსია“ №19.2018წ.). რაკი ამ ძეგლის მოსანახულებლად დღის სინათლეს ვეშურებოდით, სხვა გამოსავალი არ გვრჩებოდა _ გზად მიმავლებს, ლაგოდეხიდან ჩრდილოეთით გადახვევაზე და მის ნაეკლესიართან მისვლაზე უარი უნდა გვეთქვა. 

ასეც მოვიქეცით... 

... მოვიქეცით და შევცდით. არქიტექტორ თამაზ დვალის მიერ გადმოცემული ამ ეკლესიის ორი ფოტო კი დავბეჭდეთ გაზეთში, მაგრამ მისი მთავარი ისტორიული ღირსება უნახავი დაგვრჩა. ვინ იცის, ეს ღირსება კიდევ დიდხანს ვერ გამოვლენილიყო, რომ არა თელაველი ძეგლის მკვლევარების მახვილი თვალი. ორნავიანი ეკლესიის ნანგრევების გასუფთავებისას, მათ ყურადღება მიაქციეს სამხრეთ კარიდან ჩამოვარდნილ დაზიანებულ ბალავარს, რომელიც ზურგშექცევით იწვა. მასზე აღმოჩნდა 12 არასრულსტრიქონიანი, რელიეფური, ქტიტორული წარწერა. 

მკვლევარმა გია გაგოშიძემ ამ დაზიანებულ ასომთავრულ წარწერაში ამოიკითხა სახელები: ადარნასე მეფე, დინარ დედოფალი, აბულალ მეფე და ბაქარ ერისთავი, ასევე რამდენიმე სხვა სიტყვა. ვგონებ, რომ სახელების წაკითხვა ეჭვს არ ბადებს. ადარნასე მეფე (იგივე ადარნასე პატრიკი) და მისი მეუღლე დინარ დედოფალი (წარმოშობით ტაოელი ბაგრატიონი, გურგენ ერისთავის და) X საუკუნის პირველი ნახევრის ჰერეთ-რანის მმართველები არიან, მაგრამ ვინ უნდა იყოს მათ მომდევნოდ დასახელებული აბულალ მეფე ? 

ისტორიიდან ვიცით, რომ ადარნასეს და დინარის ვაჟს, ჰერეთის მომდევნო მეფეს იშხანიკი ერქვა, ხოლო იშხანიკის შემდეგ გამეფდა იოანე სენექერიმი. მაშ, ადარნასესა და სენექერიმს შუა სად არის აბულალის ადგილი ? საერთოდ, ეს სახელი XI საუკუნეში სხვაგანაც გვხვდება: მანგლისის ტაძრის ერთ-ერთ ლაპიდარულ წარწერაში და, რაც ყველაზე საგულისხმოა, „მატიანე ქართლისაის“ იმ მონაკვეთში, რომელიც ბაგრატ III-ის მიერ 1008 წელს, კახეთსა და ჰერეთში ლაშქრობას შეეხება: „ იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამთა აღიღო ქვეყანა ჰერეთისა და განაჩინა მთავრად აბულალ...“ იოლი შესაძლებელია, რომ იმჟამად ბაგრატის მიერ ჰერეთის ერთიან მმართველად გამწესებულ აბულალს ბევრი მეფედაც კი მიიჩნევდა და წარწერაში სწორედ იგია ნაგულისხმევი. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, როგორღა მოსდევს წარწერაში ეს აბულალი ადარნასესა და დინარას? ადარნასეს მეფობიდან ბაგრატის ჰერეთში შესვლამდე ხომ 80 წელია გასული !?. ეს შეკითხვა წარწერის ამომკითხველსაც აწუხებდა. ამ თემას შედარებით ვრცლად ქვევით დავუბრუნდებით. ნუთუ, აბულალი და იშხანაკი ერთი და იგივე პიროვნებაა (აბულალი _ ძირითადი სახელი, იშხანიკი _ საგვარეულო თიკუნი), რომელმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლა და სენექერიმის შემდეგ, ბაგრატ III-ის წყალობით, მცირე ხნით კვლავ მმართველად მოევლინა ჰერეთს ? 

ლაგოდეხის (ქოჩალოს ხევის) ეკლესიის არასრული, 12 სტრიქონიანი წარწერა დამატებით სინათლესა და სიცხადეს ჰმატებს ჰერეთის ისტორიას. 

როგორც ვიცით, უძველესი ტრადიციის თანახმად, ეთნარქ ჰეროსის შთამომავლები ანუ ეთნიკური ჰერები, ისეთივე ქართველური ფუძისა და ენის მატარებლები არიან, როგორც ეგროსის სახელის ქვეშ ნაგულისხმევი სან-სვანები, ჭანები თუ მეგრელები. ამავე ტრადიციის თანახმად, რანის და მოვაკანის შთამომავლებს წარმოადგენდნენ კავკასიის ალ-ბანელები, რომლებიც ჰერების აღმოსავლეთით (გიშიდან კასპიის ზღვამდე) და სამხრეთით (კამბეჩოვან-ქიზიყიდან სომხეთამდე), მტკვრის ქვედა დინების მარჯვენა სანაპიროზე სახლობდნენ. დღეს, დაახლოებით ძვ. ჰერულ დიალექტზე ინგილოები მეტყველებენ, ალბანურ ენაზე კი ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში საუკუნის წინათ შემოხიზნული და გადარჩენილი უდები (უტიები). 

IV საუკუნიდან მოყოლებული, როგორც ჰერები, ისე რან-მოვაკანელნი ქრისტეს სჯულზე მოინათლნენ. საეკლესიო განხეთილების შემდეგ, ჰერები, სხვა ქართველურ ტომებთან ერთად, ბიზანტიური მიმართულების ანუ ქალკედონურ-დიოფიზიტურ რწმენაზე დარჩნენ, რანებმა და მოვაკენელებმა კი სომხურ-მონოფიზიტური რწმენა „აირჩიეს“. მათ შორის მოექცა კამბეჩოვნის ერთი ნაწილიც... მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. 627-628 წლებში, ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს მიერ ირანსა და ამიერკავკასიაში ლაშქრობას მონოფიზიტობის წინააღმდეგ დიდი სისხლისღვრა მოჰყვა. 

ამიერკავკასიაში, სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ყველა, ვინც ქალკედონურ სარწმუნოებას მისდევდა, ქართველი იყო, „ქართულად აზროვნებდა“ და ესე იგი ბიზანტიასაც ერთგულებდა. ამიტომ, როცა ამიერ-კავკასიაში ბიზანტიის მოწინააღმდეგე არაბები (მეტადრე მათი აგრესიული, მესისხლე ტალღა) შემოიჭრნენ, ეს „ქართულად მოაზროვნე“ ხალხი დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ამით ისარგებლეს სომხეთის ეკლესიის მესვეურებმა, არაბებთან საერთო ენა გამოძებნეს და ჰერეთსა და ალბანეთზე შეტევა განახორციელეს. ალბანელი ისტორიკოსის მოსე კალანკატუელის თხზულების თანახმად, სომეხთა კათალიკოსმა ელია არჭიშელმა, ალბანეთის კათალიკოსი ნერსე-ბაკური და ქვეყნის მმართველი, მიჰრანიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი სპრამა დედოფალი ხალიფა აბდ-ალ-მალაქთან დააბეზღა _ ორთავე პირწავარდნილი ერეტიკოსია (ე.ი. დიოფიზიტია) და შენი მტერიაო. გაერთიანებული ალბანეთის დედოფალიცა და კათალიკოსიც წამებით მოკლეს ბარდავში. ჯაჭვით დაბმული ალბანელების სასჯელის აღსრულებას უშუალოდ ესწრებოდა სომეხთა კათალიკოსი ელია. ამის შემდეგ მიიღეს განკარგულება, რომ ალბანეთისა და მასთან ერთად ჰერეთის ხელისუფლისა და მწყემსმთავრის ხელდასხმა სომეხთა კათალიკოსის კურთხევით მომხდარიყო. არაბი ხალიფისა და სომეხი კათალიკოსის წინაშე მორჩილების საბუთს ხელს აწერს კამბეჩოვანში მცხოვრები ვინმე ვარაზ იოანნიც. იგი, სავარაუდოდ, VI საუკუნეში სომხეთიდან გადმოხვეწილი იმ ასამ და ვარაზვარად ტარონელი ბაგრატიონების შთამომავალია, რომლებიც VI ს-ის II ნახევარში, გვარამ ერისთავის დროს, ხორნაბუჯში დამკვიდრდნენ, სპარსი მოხელე მოკლეს და კამბეჩობნის მმართველები შეიქნენ. 

აი, ასე შეკვეცილად გადმოვეცი ორი ქრისტიანული კონფესიის უმთავრესი იდეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირება, რომლის უკან ბიზანტია და სპარსეთი, შემდეგ კი ბიზანტია და არაბული სამყარო იდგნენ. ეს ბრძოლა დიდხანს გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასთან პირდაპირაა დაკავშირებული ლაგოდეხის ტაძრის წარწერაში ნახსენები ადარნასე პატრიკი, დინარ დედოფალი, აბულალ მეფე და ბაქარ ერისთავთ-ერისთავი (სავარაუდოდ მაჭის საერისთავოს პატრონი), ასევე VIII-IX-X-XI საუკუნეთა ქართლის, აფხაზეთის, კახეთის მეფე-მთავრები, ერთიანი საქართველოს მესაჭე ბაგრატ III და სხვანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰერეთ-რანი (კამბეჩოვნის ჩათვლით) ცალკე სამეფოდ მაშინ გამოეყო საქართველოს, რაც ქართლის ერისმთავარი (ფაქტობრივად უკანასკნელი გორგასლიან-ხოსროიანი მეფე) ჯუანშერი უმემკვიდროდ გარდაიცვალა. ამ პერიოდიდან _ VIII-IX სს-ის მიჯნიდან იშხანიკ მეფემდე _ ჰერეთ-რანის ტახტის პატრონებს ალბანეთის მონოფიზიტი კათალიკოსები აკურთხებდნენ. დაკარგულის დაბრუნებას „მეფე აფხაზთა“ კონსტანტინე III და კახეთის ქორიკოზი კვირიკე I შეეცადნენ. მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და ადარნასე მეფეს 3 საკვანძო ციხესიმაგრე (არიში, გავაზანი, ორჭობი) ჩამოართვეს. სავარაუდოდ, ამ ამბებთან და პერიოდთან უნდა იყოს დაკავშირებული ადარნასესთვის ცოლად და თანამოსაყდრედ ტაოელი ქალკედონიკი ქალის _ დინარ ბაგრატიონის დასმა. დინარას გადედოფლება ყოველმხრივ გამართლებული ნაბიჯი შეიქნა _ ჰერეთ-რანს მწვანე შუქი აენთო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზაზე. სამეფომ გაძლიერება დაიწყო... მაგრამ რა მოუვიდა ადარნასეს, რომელიც ნაადრევად გარდაცვლილს ჰგავს ? სამეფო კარის გადატრიალების მცდელობისას ხომ არ მოკლეს იგი დინარის მოწინააღმდეგე მონოფიზიტებმა? მაგრამ თავად დინარი ძლიერი აღმოჩნდა, მცირეწლოვანი იშხანიკი (აბულალი?) ჯერ ქალკედონური წესით მონათლა და სამეფოს თავად გაუძღვა, ხოლო როცა იშხანიკს წლები მოემატა, იგი მეფედ მცხეთელ კათალიკოსს აკურთხებინა. მისი ზეობის ჟამს ჰერეთ-რანი, 150 წლის შემდეგ, ადრინდელ სარწმუნოებრივ გზას, და მასთან ერთად, ქართველურ წიაღს უბრუნდება _ „ქართულად აზროვნებს“. მაგრამ ეს მაინც არ იყო საბოლოო გამარჯვება. 

... X საუკუნის მეორე ნახევარში მდგომარეობა იცვლება და ტახტზე ასულ იოანე სენექერიმს კვლავ ალბანეთის მონოფიზიტური ეკლესია და კათალიკოსი აძლევს კურთხევას, დინარ დედოფლისა და იშხანიკის თავს რა ხდება, უცნო-ბია. უცნობია ისიც, თუ რამდენ ხანს მეფობს სენექერიმი... ჰერეთ-რანი თანდათან სუსტდება და შესაძლოა იგი, ალბანეთის მსგავსად, სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ საერთოდ მოინელოს კიდეც, რომ ამ დროს ჰერეთში ბაგრატ III არ შევიდეს. იგი ქვეყნის მმართველად აბულალს (ნუთუ, ბაგრატს ღრმად მოხუცი იშხანიკ-აბულალი გამოჰყავს დილეგიდან?) ნიშნავს. არც ეს აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვება: წავა თუ არა ბაგრატი, მეამბოხე ჰერები აბულალს თავიდან მოიცილებენ და მის ნაცვლად ბაგრატ III-ის მოწინააღმდეგეს _ კახეთის ქორიკოზ დავითს მოიწვევენ... თუ ქალკედონობაა, დაე, ასე იყოს, მაგრამ აფხაზთა მეფეს კარის მეზობელი ქორიკოზი და კახეთი ურჩევნიათ... 

ბაგრატი ორი წლის შემდეგ კვლავ ბრუნდება ჰერეთში და მდგომარეობას ისევ თავის სასარგებლოდ ცვლის. ამ დროს ქორიკოზი დავითი გარდაცვლილია და ბაგრატს ჰერეთის ციხეებში თავისი მეომრების ჩაყენება არ უჭირს. იგი მიდის ჰერეთიდან და როგორც მემატიანე წერს, “დაიჭირა დინარ დედოფალი თავისად“. აქ, ალბათ, ის იგულისხმება, რომ ბაგრატს გარდაცვლილი წმინდანი დედოფლის ნეშტი მიაქვს თან (საუკუნოვანი, ნატანჯი ქალის ცოცხლად ყოფნა ამ დროისთვის ნაკლებად სავარაუდოა). 

აი, როგორ ქრონიკებს აცოცხლებს ლაგოდეხის ეკლესიაში აღმოჩენილი არასრული 12-სტრიქონიანი წარწერა. ეს ხომ პირველი ლაპიდარული ძეგლია, რომელიც ჰერეთის მეფეებისა და მით უმეტეს ლეგენდარული, წმინდა დინარ დედოფლის სახელს ინახავს! 

...მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს წარწერა სხვა, არანაკლები ისტორიული ღირსების მატარებელია: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჰერეთ-რანის დამწერლობა ქართული იყო და არა ალბანური (რომელიც ისევ და ისევ ქართველმა მეცნიერმა ილია ტაბაღუამ აღმოაჩინა ეჩმეაძინის სომხური ხელნაწერების დასტაში). ასევე X საუკუნის ქართულ წარწერებს ვხვდებით დავით გარეჯში, ხოლო ხირსის ტაძარში (კამბეჩოვანი), საერთოდაც, IX საუკუნის წარწერაა ნაპოვნი. მაშ, გამოდის, რომ (ათასმეერთედ მტკიცდება) გარეჯის მთელი კომპლესი-მრავალმთის ყველა მონასტერი, რომელიც კახეთსა და ჰერეთშია _ საქართველოს ტერიტორიაა და აქ აზერბაიჯანელთა მიერ ალბანეთის ისტორიულ სამართალმემკვიდრეობაზე (თანაც ფრიად საკამათოზე) საუბარი ანაქრონიზმია. 

და კიდევ: იმავე დავით-გარეჯში, კომპლექს „საბერეებში“, ერთ-ერთი გუმბათიანი ეკლესიის კედელზე, ჯვარცმის ფრესკაზე, ქართულთან ერთად, დიოფიზიტი ბერძენი და სომეხი ბერების წარწერებია შემონახული. ალბანურის კვალს აქაც ვერ ვხედავთ. 

რას ნიშნავს ეს ? იმას, რომ ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ბერთუბნის ქვაბები არათუ არასდროს არ შედიოდა ალბანეთის საზღვრებში, არამედ თვით ალბანელი ბერებიც კი არ ცნობდნენ ამ ტერიტორიას.

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში