Menu
RSS

„საუკეთესო და მიუწვდომელი!“ _ ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ისევ აალაპარაკა

კულუარული კონფლიქტი _ რომელ დეპუტატს სურს რაგბის კავშირის პრეზიდენტობა

მართალია, იაპონიაში მსოფლიო სარაგბო ფორუმი მიმდნიარეობს, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, მთავარი მოვლენა ქართველთათვის, ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. პრინციპში, რაღა ქართველთათვის, ძალოსნობის სამყაროს ერთადერთი კითხვა აწუხებდა _ შეეცდებოდა თუ არა საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებას ადამიანი-მოვლენა, ლაშა ტალახაძე?! იმას, რომ ლაშა, ზედიზედ სამჯერ მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ოქროს მეოთხე მედალსაც სახლში წაიღებდა, კონკურენტებიც არ მალავდნენ, მაგრამ მთავარი იყო რეკორდი და წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის მიერ ნათქვამი, ჩვენი მიზანი ორჭიდის ჯამში, ნახევარი ტონის აწევააო, რამდენად იქნებოდა რეალობასთან ახლოს ანუ ლაშამ ნახევარი ტონა, გეგმის მიხედვით, 2020 წლის ოლიმპიადაზე უნდა აწიოს, მანამდე კი ამ წონას უნდა მიუახლოვდეს.

მოკლედ, 27 სექტემბერს, ტაილანდის ქალაქ პატაიაში, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. მან ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც მცირე ოქროს მედალი გაინაღდა, თუმცა ლაშა ამაზე არ გაჩერდა, მესამე ცდაზე, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა, სომეხმა გორ მინასიანმა, 212 კილოგრამი ასწია ანუ აკვრაში ლაშას უკვე 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. აკვრის დრო დადგა და ტალახაძემ ამჯერადაც სამივე ცდა გამოიყენა. გეგმაზომიერად, მან ჯერ 247 კილოგრამი დაძლია, რითაც ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობა გაინაღდა და ამან შესაძლებლობა მისცა, რეკორდებზე მშვიდად ეზრუნა. მეორე ცდაზე, ტალახაძემ 255 კილოგრამიც დაძლია, რამაც უკვე აკვრაში ჩემპიონობა მოუტანა ანუ მეორე მცირე ოქროს მედალი. 

მესამე ცდაზე კი ქართველმა ძალოსანმა 264 კილოგრამიც ასწია, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და ზედ ორჭიდის მსოფლიო რეკორდიც დაამატა. 

საბოლოო ჯამში, ქართველმა ძალოსანმა, ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამყარა, აკვრაში 264 კილოგრამით დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე, მსოფლიო რეკორდია. 

სანუკვარ ნახევარ ტონამდე კი 16 კილოგრამია დარჩენილი, რაც ძალოსნობის საზომებით, ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ უცხოელი ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ლაშა ყველა დროის, ყველაზე ძლიერი მამაკაცია და მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ჰოდა, თუ ის ნახევარ ტონას დაძლევს, მისი რეკორდის მოხსნას, შესაძლოა, საუკუნეები დასჭირდეს. 

და ერთი, არანაკლებ გამორჩეული ამბავი: 2016 წლის ოლიმპიადაზე, ტალახაძის მთავარი მეტოქე ლეგენდარული ირანელი ძალოსანი, ბეჰდად სალიმი იყო. მაშინ სალიმი ამბობდა, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს, თორემ ვიღაც გურჯი ასე მარტივად ვერ მოუგებდა. ახლა კი, როცა ლაშამ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესის ტიტული, სალიმმა ინსტაგრამზე ტალახაძის ვიდეო გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო: „საუკეთესო და მიუწვდომელი. 220 კილოგრამი ატაცში და 264 აკვრაში. გილოცავ, ძმაო...“ 

* * * 

ახლა, რაც შეეხება მორაგბეებს, „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტურის შეხვედრა ურუგვაისთან გამართეს. თავის მხრივ, ურუგვაელებს ჯგუფში ფიჯი ჰყავდათ სენსაციურად დამარცხებული და ქართველებთან შეხვედრის წინ, დიდ გულზე იყვნენ, მაგრამ შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა, რომ მილტონ ჰეიგის გუნდი არც ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებდა და არც რაიმეს დათმობას. 

საბოლოო ჯამში, ქართველმა მორაგბეებმა ხუთი ლელო დადეს და მსოფლიოს თასზე, პირველად მოიპოვეს პრემიალური ქულა. ახლა წინ 3 ოქტომბერი და ფიჯის ნაკრებია, რომელთან გამარჯვების შემთხვევაში, იმის თქმის საფუძველი გვექნება, რომ პროგრამა მაქსიმუმი შესრულებულია. ის, რომ „ბორჯღალოსნები“ ჯგუფში ავსტრალიასა და უელსს ვერ მოუგებდნენ, ისედაც ცხადი იყო. უელსთან უკვე დავმარცხდით (სხვათა შორის, მათთან ავსტრალიამაც წააგო) და ძალიან დიდი ალბათობით, ვერც ავსტრალიასთან გავაწყობთ რამეს. ამიტომ, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დაანონსებული ორი მოგება და ზედ პრემიალური ქულა, დადებით შედეგად შეფასდება. 

რადგან რაგბიზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ახლავე, ექსკლუზიურად ვაანონსებთ, რომ ბრძოლა დაუნდობელი იქნება. კავშირის პრეზიდენტობას ერთ-ერთი პარლამენტარი შეეცდება უმრავლესობის სრული მხარდაჭერით და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა. თუმცა ამაზე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, რადგან არ გვსურს, მორაგბეებმა ახლა, თამაშის გარდა, სხვა რამეზეც იფიქრონ. 

* * * 

იმის მიუხედავად, რომ ლამის ნახევარი წელია, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე არ გასულა, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენა იტალიურ „ნაპოლის“ სურს. ჩაკვეტაძე ბელგიაშია და თავისი გუნდის ექიმების მეთვალყურეობით, მტკივან მუხლს იშუშებს, თუმცა „გენტის“ მესვეურები არ მალავენ, რომ ქართველი შემტევით, ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და მუდმივად აწუხებენ. ვერ გეტყვით, რამდენადად შესაძლებელია ამ ტრანსფერის განხორციელება, რადგან იანვრამდე, გიორგი სრულ რეაბილიტაციას ვერ შეძლებს, შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, როდის ჩადგება ფორმაში და ძალიან საეჭვოა, მხოლოდ შარშანდელი თამაშის გამო, მასში ისეთმა გრანდმა, როგორიც „ნაპოლია“, დიდი თანხა გადაიხადოს, თუმცა ვინ იცის... 

* * * 

4 ან 5 ოქტომბერს, „ინდიანა პეისერსი“, მუმბაიში საჩვენებელ მატჩებს გამართავს. ჰოდა, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ახალ გუნდში, დებიუტი ექნება გოგა ბითაძეს. ზაფხულის დრაფტზე, NBA-ში წასული ბითაძე, ახალ გუნდში თავდაუზოგავად ვარჯიშობს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. აშშ-ში რეგულარული სეზონი ამ თვეში დაიწყება და იმედია, გოგა NBA-შიც ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც ევროპაში იყო. მანამდე კი... 

„გოგა ძალიან კარგად გრძნობს თამაშს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მას შეუძლია სროლა, პასის მიცემა, დრიბლინგი, კარგად ესმის თამაში, მას უბრალოდ, შესაშური საკალათბურთო ტანი აქვს... და ეს ყველაფერი, 20 წლის ასაკში“, _ განაცხადა „ინდიანას“ თავკაცმა. 

* * * 

კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. რამდენიმე თვეა, ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდიდან ინვესტორი წავიდა და კლუბი ქუთაისის მერიას დაუბრუნა, რომელიც თავის მხრივ, სწორედ იმ ინვესტორს ედავება მთლიანი დავალიანების ანუ დაახლოებით, 3 მილიონი ლარის გადახდას. რამდენიმე დღის წინ კი, „ტორპედოს“ ფეხბურთელებს იმედი გაუჩნდათ _ წელს, ევროპა ლიგაზე თამაშის გამო, ქუთათურებს უეფასგან გარკვეული თანხა ერგებათ, რაც სწორედ ახლა უნდა ჩაირიცხოს კლუბის ანგარიშზე და შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ნაწილი უნდა დაფარულიყო, თუმცა... 

„ევროთასების შესარჩევში მოპოვებული თანხა 240 000 ევროა და ეს თანხა კლუბის ანგარიშზე უნდა დაჯდეს. ახლა კი ირკვევა, რომ ეს ფული ფეხბურთელების ხელფასებში არ წავა. კლუბს ბანკის ვალი აქვს, უეფასგან დარიცხული ფული სესხის თანხას გამოაკლდება ანუ პირდაპირ ანგარიშიდან მოიხსნება, ხოლო ფეხბურთელები, კვლავ გაურკვევლობაში დარჩებიან“, _ გვითხრა კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. 

* * * 

მიმდინარე კვირაში, პეკინი ტრადიციულ საჩოგბურთო ტურნირს მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც 3 665 275 დოლარია, მისი შარშანდელი გამარჯვებული კი ქართველი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ. შესაბამისად, ნიკამ ტიტული უნდა დაიცვას, სხვა შემთხვევაში, 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს, რაც მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად დააზარალებს. არადა, ჩვენებურს ურთულესი ბადე ერგო და გამარჯვებისკენ სავალ გზაზე, ტოპ-ათეულის ჩოგბურთელებთან მოუწევს ჭიდილი. ექსპერტების აზრით, ტრავმისგან ახლადმორჩენილ ნიკას ტიტულის დაცვა ძალიან, ძალიან გაუჭირდება, რადგან ფორმაში შესვლას, უბრალოდ, ვერ მოასწრებს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ამ სიძნელეს დაძლევს და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი 500 სარეიტინგო ქულა და 700 ათასი დოლარი, სწორედ მისი იქნება. 

* * * 

თუ გახსოვთ, გასული სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ისტორია იყო. სალა ფრანგული „ნანტიდან“, „კარდიფში“ გადადიოდა და უელსური გუნდი მასში, კლუბისთვის სარეკორდო, 17 მილიონს იხდიდა. პირველადი შენატანი კი 6 მილიონი უნდა ყოფილიყო... 

21 იანვრის საღამოს, ემილიანო კერძო თვითმფრინავით ნანტში გაემგზავრა, რათა თანაგუნდელებს დაშვიდობებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას დაახლოებით 1 საათი უკლდა, როდესაც თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით, ის ლა მანშის ფსკერზე იპოვეს და ფეხბურთელის გვამიც აღმოაჩინეს. შესაბამისად, ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ საქმე ისაა, რომ სალას კონტრაქტზე ხელი მოწერილი ჰქონდა ანუ ის უკვე „კარდიფის“ ფეხბურთელად ითვლებოდა, ამიტომ „ნანტი“ დაპირებულ მილიონებს ითხოვს. ფიფამ ეს საქმე განიხილა და უელსურ კლუბს იმ 6 მილიონის გადახდა დააკისრა, რომელიც პირველადი შენატანი უნდა ყოფილიყო. „კარდიფი“ ფიფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. ბრიტანელთა აზრით, სალას ტრანსფერი ბოლომდე დასრულებული არ იყო, რადგანაც გარდაცვალების დროს, პრემიერლიგის ფეხბურთელად დარეგისტრირებული არ გახლდათ, თუმცა... ის „კარდიფის“ ფეხბურთელად ოფიციალურად ითვლებოდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში