Menu
RSS

„დიახ, ეს მაფიოზურ-კლანური ინტერესებია!“

როგორ უნდა გახდეთ სტუდენტი უგამოცდოდ და რა კორუფციული ხვრელები იპოვა „ვერსიამ“ სტუდენტების უცხოეთიდან მობილობაში

ალბათ, თქვენც მოგსვლიათ მესიჯი: „გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე“. ამ შეტყობინებას საქართველოს მოსახლეობა, დიდი ხანია, იღებს. „ვერსია“ იმის გარკვევას შეეცადა, ვინ არის ამ მოკლე ტექსტური შეტყობინების ავტორი და, საერთოდ, რას ნიშნავს სტუდენტად გახდომა გამოცდების გარეშე და, პირველ რიგში, შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე დავრეკეთ, სადაც აგვიხსნეს, რომ აბიტურიენტს ჩააბარებინებენ სომხეთის, ან უკრაინის უნივერსიტეტში, იქ ერთი სემესტრი ისწავლის, რაც 1000 დოლარამდე დაუჯდება და შემდეგ, მობილობის წესით, მხოლოდ უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტს გადმოიყვანენ ნებისმიერ ქართულ აკრედიტებულ სასწავლებელში. 

ამის შემდეგ, „ვერსია“განათლების და მეცნიერების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც აგვიხსნეს, რომ კანონით, ნებისმიერი უცხო ქვეყნის აკრედიტებული უნივერსიტეტიდან, მობილობის წესით, სტუდენტის ქართულ აკრედიტებულ სასწავლებელში გადმოსვლისთვის ერთი ანუ უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება საკმარისია. ასევე, აგვიხსნეს, რომ აქამდე არც ეს ერთი გამოცდა იყო საჭირო და მობილობის წესი მიხეილ ბატიაშვილმა გაამკაცრა. 

ასეა თუ ისე, ჩნდება კითხვები: ხომ არ არის კანონმდებობაში ისეთი „გასაძრომი“, რასაც მავანი კორუფციული სქემისთვის იყენებს, ან რატომ დგებიან აბიტურინეტები ასეთ არათანაბარ მდგომარეობაში ანუ საქართველოში აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს (სამ და მეტ გამოცდას) უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, ვიღაც კი მიდის, ვთქვათ, უკრაინაში, იქ ირიცხება უნივერსიტეტში და, ერთი სემესტრის შემდეგ, მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარებით ხდება ნებისმიერი ქართული აკრედიტირებული სასწავლებლის სტუდენტი? 

ამ კითხვებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს მივმართეთ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, დავით კობახიძე განმარტავს, რომ 2019 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ყველა უცხოური სასწავლებელი თავის ქვეყანაში აუცილებლად ავტორიზებული უნდა იყოს: „როდესაც სტუდენტი ასეთი სასწავლებლიდან სწავლის გაგრძელებას საქართველოში გადაწყვეტს, მოუწევს უნარების გამოცდის ჩაბარება. ასევე, უნდა დაამტკიცოს, რომ საზღვარი გად¬მოკვეთა და უცხოეთში ნამდვილად სწავლობდა ანუ ეს არის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება, თუმცა წლების განმავლობაში, თავდაცვის რეგულაციები არ არსებობდა და სტუდენტები ჩვეულებრივად, მობილობით სარგებლობდნენ, უბრალოდ, საზღვრის კვეთა უნდა დაემტკიცებინათ, რომ უცხოეთში იმყოფებოდნენ 75 დღის განმავლობაში. ამიტომ, ეს წესი გამკაცრდა და უნარების გამოცდა დაემატა“. 

კობახიძის განმარტებითვე, რეგულაციები კიდევ იმიტომ გამკაცრდა, რომ საქართველოშიცაა გახსნილი უცხოური ინსტიტუტების ფილიალები, საქართველოს კანონმდებლობა კი დისტანციურ სწავლებას არ აღიარებს: „ მაგალითად, ჩვენ გვაქვს ქეისები, როდესაც მშობლები შევიდნენ შეცდომაში და არ იცოდნენ, რომ დისტანციურ სწავლებას საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს. ზოგ მშობელს არ აქვს საშუალება, რომ გაუშვას შვილი უკრაინაში, ან სომხეთში, იქ შეინახოს, ასწავლოს და ა.შ. ჩვენ ასევე, ვითხოვთ ლექტორების ჩანაწერს, რომ ნამდვილად იქ სწავლობდა და, უკაცრავად, წამოწოლილი არ იყო“. 

ხარისხის მართვის ცენტრში ასევე, განგვიმარტეს, რომ მათი კომპეტენცია არაა იმაზე საუბარი, კანონი აყენებს თუ არა აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში. ამიტომ ამ კითხვით საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გენადი მარგველაშვილს მივმართეთ:

_ მოდით, თქვენი კითხვა დავყოთ რამდენიმე ნაწილად. პირველი, იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ნამდვილად სწავლობს საზღვარგარეთ და მას აქვს სურვილი, მობილობით გადმოვიდეს საქართველოში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე იქნება, როგორც წესი, სამინისტროსთან არსებული ხარისხის მართვის მიმართულება ვალდებულებას იღებს, შესაბამისობაში მოიყვანოს მისი განათლების დონე ადგილობრივ ხარისხთან და ამის მიხედვით დაუნიშნოს დამატებითი გამოცდა. ეს მიმართულება იმის აღიარების საბუთს იძლევა, რასაც ეს ადამიანი საზღვარგარეთ სწავლობდა და, შესაბამისად, ჩვენთან რას ისწავლის. 

მეორე, რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რასაც მოისმენდით განათლების მინისტრისგან, ეს ევროპული ხარისხის განათლებასთან საქართველოს „მიკავშირებაა“. ყველა უნივერსიტეტის დიპლომი, სამომავლოდ, უეჭველად უნდა იყოს გათანაბრებული ევროპულ ხარისხთან ანუ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები ვალდებულებას იღებენ, სწავლა წარიმართოს იმ თვალსაზრისით, რაც მიღებულია განვითარებულ, ჩვენთვის ყველაზე უფრო მისაღებ ევროპულ ქვეყნებში. 

მესამე, რასაც თქვენ ამბობთ, რომ გადადის ბავშვი და შემდგ, უკან ბრუნდება, თუ ეს არის კორუფციის ელემენტების შემცველი, იმას ვგულისხმობ, რომ ვერ ჩააბარა აქ გამოცდა, წავიდა უცხოეთში, სადაც ჩააბარა ყოველგვარი გამოცდის გარეშე და მობილობის საშუალებით დაბრუნდა უკან, ამას მეც ვეწინააღმდეგები და ალბათ, ნებისმიერი, ნორმალურად მოაზროვნე ქართველიც, მაგრამ თუ იმ ფილტრს გაივლის, რომელსაც ხარისხის აღიარება ჰქვია და იმის შესაბამისად მოუწევს გამოცდის ჩაბარება და შემოწმებული იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც ზუსტად ევროპის განვითარების ხარისხს სჭირდება, რათა ჰქონდეს დიპლომი და იყოს რეალურად მცოდნე და არა _ დიპლომის მქონე, ამის წინააღმდეგი არავინ არ უნდა ვიყოთ. შესაბამისად, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ნებისმიერი სტუდენტი უნდა გადიოდეს ისეთ ფილტრს, რომ არავის გაუჩნდეს ის კითხვები, რაც თქვენ გაგიჩნდათ და ყველა ნორმალურ ქართველს გაუჩნდება. ამ ფილტრში იგულისხმება მხოლოდ ერთი გამოცდა, ორი, სამი, თუ მეტი, ეს სხვა საკითხია. 

_ საქმეც ისაა, რომ მხოლოდ ერთი _ უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება არაა საკმარისი „ფილტრი“, რომ თუნდაც სხვა ქვეყნიდან გადმოსული ადამიანი საქართველოს აკრედიტებული სასწავლებლის სტუდენტი გახდეს! 

_ თქვენ იცით, უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღო გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა _ უნარების კომპონენტი სავალდებულო აღარ გავხადეთ ანუ აღარ აქვთ ვალდებულება უმაღლეს სასწავლევლებს და შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ, ესე იგი, უნარების კომპონენტი უნდა გადავიდეს საგნობრივ გამოცდებში _ მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში. თუ ვიგულისხმებთ, რომ უნარებს ამოწმებენ ქიმიაშიც, ბიოლოგიაშიც და ა.შ., მაშინ ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ იმ ყბადაღებულ უნარებს, რომელსაც ადრე ვგულისხმობდით, ამას ვეწინააღმდეგები, ცხადია. 

_ სხვათა შორის, აქამდე მობილობით გადმოყვანის დროს გამოცდა არ ბარდებოდა და უნარების გამოცდა მხოლოდ ახლა დაემატა ანუ მობილობის წესი გამკაცრდა... 

_ ბოდიში, რომ გაგაწყვეტინეთ, შეხვედრაზე მაგვიანდება და შევეცადე, ჩემი სუბიექტური მოსაზრება რაც შეიძლება, სწრაფად მეთქვა, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, გადაგვემოწმებინა გამოცდების ეროვნულ და ხარისხის მართვის ცენტრში. პირადად მე გეტყვით, რომ მინახავს ბავშვები, რომლებიც მართლა წავიდნენ ამ მიმართულებით პოლონეთში და როცა დაბრუნდნენ, არ აღიარეს მათი განათლება. მათ ერჩიათ, თავიდან ჩაებარებინათ საქართველოში, ვიდრე ის, რაც გააკეთეს ანუ სინამდვილეში, ერთ წელზე მეტი დაკარგეს. საერთოდ, ჩემი მოსაზრება იქნებოდა, ნებისმიერი აბიტურიენტისთვის მიეცათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება უპირველესი უფლებაა არა მარტო ყბადაღებული პარლამენტის არჩევნების დროს, არამედ პროფესიის არჩევის დროსაც და შესაბამისად, ჩვენ ხშირად ბავშვებს 7 და 8 წელს ვაკარგვინებთ, როცა შედიან იმ პროფესიაზე, რომელიც მათთვის აბსოლუტურად სენსიტიური არაა და სულაც არ აინტერესებთ. ამიტომ ეს გზა, რომელიც კორუფციასთანაა დაკავშირებული და რაღაც კითხვის ნიშნებს ბადებს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. 

_ ზუსტად, შესაძლო კორუფციაზე გეკითხებით ანუ ხომ არ არის კანონში ერთგვარი „გასაძრომი“? 

_ თქვენი ნათესავი რომ სწავლობდეს, დავუშვათ, შვეიცარიაში, ქართველი, რომელსაც უწევს გადმოსვლა, რაღაც მეთოდი ხომ უნდა არსებოდეს მისი მიღების? მოკლედ, მკაფიო ფილტრია გასაკეთებელი, ისეთი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციას. არ არის გამორიცხული, რომ უკვე გაკეთებულიცაა და ამიტომ გთხოვთ, რომ იმ ორ მიმართულებას მიმართოთ. 

„ვერსია“ ამ საკითხზე განათლების ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილსაც ესაუბრა, რომელიც აღნიშნული კანონის სასწრაფოდ გაუქმებას ითხოვს და აცხადებს, რომ მობილობა მარტივად არ უნდა ხდებოდეს: „ეს კარგა ხანია, ხდება. მეც მყავს ასეთი სტუდენტები, წერა-კითხვის უცოდინრები, რომლებიც ერევნიდან გადმოვიდნენ, თან _ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. მაფიოზურ-კორუფციულ კლანებზე რომ ვსაუბრობ, ეს პარლამენტის გაკეთებულია, რა თქმა უნდა, მთავრობასა და სამინისტროსთან ერთად. აბა, რას ჰგავს ეს?! ვინ შეიტანა კანონში ასეთი ცვლილება?! ეს ადრე არ იყო, როცა მიიღეს უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების კანონები, არც ერთში ამდაგვარი მუხლი არ იდო. რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებში აყენებს ბავშვებს და გადმოდიან აბსოლუტურად უვიცები. სასწრაფოდ უნდა ამოიღონ ეგ მუხლი, კომიტეტსაც შეუძლია გააკეთოს ინიცირება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასწრაფოდ უნდა დასვას ეს საკითხი და ამოიღონ ეს მუხლი უმაღლესი განათლების კანონიდან, რომ ასე მარტივად არ ხდებოდეს მობილობით გადმოსვლა. დიახ, ეს არის მაფიოზურ-კლანური ინტერესები და ასეთ, ძალიან ბევრ მუხლს შეიცავს ჩვენი კანონმდებლობა. კი ბატონო, გადმოვიდეს უცხო ქვეყნიდან სტუდენტი, მაგრამ უცხო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ჩაბარებული გამოცდები!“

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში