Menu
RSS

ფარული ომი რაგბის კავშირში და არეულობა საკალათბურთო სამყაროში

შუმახერს თავის ტვინის ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ

 

სექემბერ-ოქტომბერის მთავარი სპორტული თემა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი და მასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაა. „ბორჯღალოსნები“ იაპონიაში უკვე ჩაფრინდნენ და პირველი მატჩისთვის მზადებასაც შეუდგნენ. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და ადაპტაციისა თუ დროის სარტყელთან შესაგუებლად, ტურნირამდე ორი კვირით ადრე იაპონიაში ჩასვლა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა... 

ისე ჩანს, რაგბის კავშირში ყველაფერი, ერთ მუშტად შეკრული არ არის ანუ ერთი შეხედვით, მორაგბეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ამ ოჯახს სერიოზული ბზარი აქვს და ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ეს ბზარი ნაპრალად იქცა.

„ნებისმიერი წარმატების საწინდარი ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობაა, არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის, როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც. ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე, არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება, თუმცა ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება არჩიეთ, შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვის გამო მიმდინარე წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში. ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, და ბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემს მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ. ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი“, _ ეს განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა, ბაჩო ხურციძემ გააკეთა, თანამდებობა დატოვა და დააანონსა, რომ წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 

ჩვენ კი სრული სერიოზულობით ვეკითხებით რაგბის კავშირს, ვინ მოიგონა თანამდებობა, რომელსაც „მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი“ ჰქვია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს? 

* * * 

არანაკლები არეულობაა საკალათბურთო სამყაროში. მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ, ყველაზე წარმატებულმა ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და... სოციალურ ქსელში მისი მეუღლის პოსტი გავრცელდა, რომელიც კალათბურთის ფედერაციას საყვედურობდა დუმილის გამო. 

მართლაც, კალათბურთის ფედერაცია არ გამოეხმაურა ზაზას გადაწყვეტილებას. სხვა თუ არაფერი, ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (რაც ქართველთაგან არასდროს არავის გაუკეთებია), ნაკრების კაპიტანი და ლიდერი იყო წლების განმავლობაში და... ფაჩულიას მეუღლის განცხადების შემდეგ, ფედერაციამ ოფიციალური წერილი გაავრცელა, რომელშიც ფაჩულიას და ნაკრების იმ თაობას, რომელიც ზაზასთან ერთად თამაშობდა, მადლობა გადაუხადა. 

ჩვენ კი გავარკვიეთ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა და ფაჩულია ბევრ საკითხზე ვერ თანხმდება, სხვადასხვა მოსაზრება აქვთ და არ არის გამორიცხული, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ ხელმძღვანელობას, სწორედ ფაჩულია დაუპირისპირდეს. 

* * * 

ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ ტრადიციისამებრ, დაპირისპირებაა ძიუდოს სამყაროშიც, სიმშვიდე არც საფეხბურთო ოჯახში გვაქვს და გამოდის, რომ გარედან ყველაფერი ლამაზად შეფუთულია, შიგნით კი... 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთი კვირის განმავლობაში ორი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ჯერ ამხანაგურ მატჩში შეხვდა სამხრეთ კორეას, შემდეგ კი დანიის ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში უმასპინძლა. ვლადიმერ ვაისის გუნდმა ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა _ კორეასთან 2:2, დანიელებთან კი უგოლო ფრე. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს აშკარა პოზიტივია. არავინ ელოდა, თუ ჩვენი ბიჭები დანიელებს ქულას აართმევდნენ. ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგში 94-ე ადგილზეა, დანია _ მე-13-ზე და ამასთან ერთად, სწორედ თვილისში დაკარგული ქულები შესაძლოა, დანიელთათვის დამღუპველი აღმოჩნდეს და მათ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა ვეღარ შეძლონ. 

* * * 

რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „უფას“ გულშემატკივრებმა, აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად „რუსი“... ნიკოლაი ბადრის ძე გიორგობიანი დაასახელეს. გიორგობიანი სოჭშია დაბადებული, იქაური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მაგრამ რუსეთის ნაკრებში არ უთამაშია. ჰოდა, ამ ბიჭს ჩვენი ფედერაცია თუ დაელაპარაკება, არსებობს შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. სხვაგვარად, ისიც გიორგი ჯიქიას გზას დაადგება, რომელიც რუსეთის ნაკრებში გამოდის და ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. 

* * * 

ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანში, მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება ჭიდაობაში. ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს ნაკრებების შემადგენლობა უკვე ცნობილია და ქართული დელეგაცია რამდენიმე წონაში პირველ ადგილს უმიზნებს. 

მაშ ასე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სია ასე გამოიყურება: 

55 კგ. _ ნუგზარ წურწუმია, 60 კგ. _ დავით ჩხარტიშვილი, 63 კგ. _ ლევან ქავჟარაძე, 67 კგ. _ შმაგი ბოლქვაძე, 72 კგ. _ იური ლომაძე, 77 კგ. _ გელა ბოლქვაძე, 82 კგ. _ ლაშა გობაძე, 87 კგ. _ გურამ ხეცურიანი, 97 კგ. _ გიორგი მელია, 130 კგ – იაკობ ქაჯაია. 

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 57 კგ _ ოთარ გოგავა, 61 კგ _ ბექა ლომთაძე, 65 კგ _ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 70 კგ _ ზურაბ იაკობიშვილი, 74 კგ _ ავთანდილ კენჭაძე, 79 კგ _ ნიკა კენჭაძე, 86 კგ _ სანდრო ამინაშვილი, 92 კგ _ ირაკლი მწითური, 97 კგ -ელიზბარ ოდიკაძე, 125 კგ _ გენო პეტრიაშვილი. 

* * * 

აშშ-ის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო და ეს ესპანელის მე-19 ტიტულია. შედეგად, დიდი მუზარადის ტურნირებით, ის მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება ლეგენდარულ როჯერ ფედერერს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ მოგებული 19 დიდი მუზარადიდან, 12 „როლან გაროსზე“ მოდის. 

რაც შეეხება ქალთა ფინალს, ყველასთვის მოულოდნელად, აქ 19 წლის ბიანკა ვანესა ანდრეესკუმ იმარჯვა და ფინალში ლეგენდარული სერენა უილიამსი ორ სეტში, 6:3, 7:5 დაამარცხა. ამ მოგებით ანდრეესკუ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანიც გახდა და რაც მთავარია, 3 850 000 დოლარიც გამოიმუშავა. 

* * * 

„ფორმულა-1“-ის ლეგენდარული პილოტი მიხაელ შუმახერი, 2013 წელს დაშავდა. თხილამურებით სრიალისას, მან თავის ტვინი დაიზიანა და მას შემდეგ კომაშია. არაოფიციალური ცნობით, შუმახერის მკურნალობა ოჯახს წლურად 6 მილიონი ევრო უჯდება, მაგრამ კარიერის განმავლობაში მოპოვებული მილიარდამდე დოლარი ამის შესაძლებლობას აძლევს. ახლა ირკვევა, რომ საკუთარი სახლიდან, სადაც შესაბამისი პალატაა მოწყობილი, შუმახერი პარიზში გადაიყვანეს, რათა მას თავის ტვინზე ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდეს. როგორც წესი, ოჯახი მისი ჯანმრთელობის შესახებ არ საუბრობს და მედიაც დიდი ძალისხმევის შედეგად იგებს მის ამბებს. 

* * * 

იტალიური „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია დაუდგინეს და ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის. მიხაილოვიჩი სამწვრთნელო საქმიანობას მაინც არ ეშვება და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობა ამის უფლებას ნაკლებად აძლევს. აი, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პოსტმა კი ყველას გული გაათბო. 

„დილა, 13 ივლისი, 2019 წელი... პირველი ამბავი, რომელიც დღეს გავიგე სინიშა მიხაილოვიჩს ეხებოდა. „ის ავადაა და სიცოცხლისთვის იბრძვის“ -მომესმა. ჩემი სინიშა? სინიშა, რომელიც ჩემი ტელეფონის ეკრანზეა გამოსახული? ყველაფრის სურვილი დავკარგე, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა...სინიშა მიხაილოვიჩი -კაცი, ფეხბურთელი, პატრიოტი, ჰუმანისტი, მამა, მეუღლე და ყოველმხრივ ბრწყინვალე პიროვნება. ადამიანი, რომელმაც 19 წლის წინ სიცოცხლე მაჩუქა. მან მომცა საშუალება ვყოფილიყავი ის, ვინც ახლა ვარ და მქონოდა ცხოვრება, რომელიც მაქვს, რომელი გზითაც დავდივარ... მინდა, დაგეხმარო ისევე, როგორც შენ დამეხმარე. მინდა, გნახო, ჩაგეხუტო და გითხრა, რომ შენ ამ ბრძოლას მოიგებ. თუმცა, ლოცვის მეტი არაფერი შემიძლია, ლოცვა -შენი მორიგი გამარჯვებისთვის! მე შენთვის ვილოცებ, მიხა ლეგენდავ, მიხა მეფეო, მიხა... იბრძოლე! არ დანებდე! შენ გაიმარჯვებ!“ _ ეს პოსტი ახალგაზრდა გოგონას ნიკოლინა რადუნოვიჩს ეკუთვნის. 

2000 წელს, მაშინ, როცა სინიშა მიხაილოვიჩი რომის „ლაციოში“ თამაშობდა, შემთხვევით გაიგო, რომ ვინმე ნიკოლინა რადუნოვიჩი გულის თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, სხვა შემთხვევაში ის ვერ იცოცხლებდა. სინიშამ ანგარიშის ნომერი მოითხოვა და სრულიად უცნობ ოჯახს ოპერაციისთვის საკმარისი თანხა გადაურიცხა. გოგონა გადარჩა, თმცა 19 წელი ისე გავიდა, რომ მიხაილოვიჩს არ შეხვედრია. სინიშა თავად ამბობდა, რა საჭიროა მადლობა, მთავარია ბავშვი გადარჩაო... ახლა კი მისთვის სწორედ ეს გადარჩენილი გოგონა ლოცულობს...

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში