Menu
RSS

ქართული გინება ტატამზე _ ემუქრება თუ არა გურამ თუშიშვილს ოლიმპიადიდან დისკვალიფიკაცია

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „გაჩარხული“ სამი ქართული ტრანსფერი

მართალია, კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი გახურდა და დიდ ინტერესსაც იწვევს, მაგრამ საქართველოსთვის უფრო საინტერესო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. საკალათბურთო ფორუმზე საქართველო არ თამაშობს, რაგბისტების მსოფლიო თასზე კი ჩვენი გუნდი გამოდის და შესაბამისად, „ბორჯღალოსანთა“ ბანაკში მიმდინარე პროცესები ძალიან საინტერესოა. ნაკრების თავკაცმა, მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 31 მორაგბე, რომელიც მსოფლიოს თასზე ითამაშებს. ნაკრებში დაბრუნდა ბოლო დროის ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას: 

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი მელიქიძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე. 

უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, თედო აბჟანდაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, ზურა ძნელაძე, მირიან მოდებაძე, თაზო მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, სოსო მათიაშვილი. 

*** 

ძიუდოისტთა ნაკრებზეც ვთქვათ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოილია. ლუხუმ ჩხვიმიანის ოქრო და ლუკა მაისურაძის ბრინჯაო _ ეს არის ჩვენი ძიუდოისტების მონაგარი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება გურამ თუშიშვილის უმედლოდ დარჩენა იყო. ახლა გაირკვა, რომ მტკივანი მუხლით იჭიდავა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და იმედია, ისე არ გაიმიზეზა, ოლიმპიადის გამოტოვება მოუხდეს. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. 

თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჰოლანდიელ როი მეიერთან დათმო. 

ყველაზე ცუდი კი ამ ამბავში ის იყო, რომ მეიერთან შეხვედრის მიწურულს, ტატამზე ქართული გინება გაისმა. ეს კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ აკრძალულია და ისჯება. რა თქმა უნდა, გინება მსაჯებმაც გაიგეს და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ინციდენტი ეთიკის კომისიას გადაუგზავნა, რომელიც რაიმე სახის სასჯელს თუშიშვილს აუცილებლად დაადებს და დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სასჯელი დისკვალიფიკაცია არ იქნება. 

გურამი რომ ოლიმპიადის გარეშე ამ გინების გამო დარჩეს, კატასტროფა იქნება. ჰო, ძიუდოისტებზე ისიც ვთქვათ, რომ ეგებ დროა, ნაკრები გაერთიანდეს, ცალ-ცალკე არ იმოგზაუროს ტურნირებზე, ცალ-ცალკე არ მოემზადოს და იქნება, ყველა ყველას დაელაპარაკოს. 

ეს ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელიც ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ირანელმა საიდ მოლაიმ, 81კგ-ში საოცრად იჭიდავა, მაგრამ ნახევარფინალში ბელგიელ სპორტსმენთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი ქართველ ლუკა მაისურაძესთან დათმო. 

ცოდვა გამხელილი სჯობს და, ორივე შემთხვევაში, მოლაი უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს მეტოქეებს დანებდა. რა მოხდა რეალურად? 

საქმე ისაა, რომ როცა მოლაი ნახევარფინალში ბელგიელ მეტოქეს ეჭიდავებოდა, მეორე ნახევარფინალში ეგვიპტელი სპორტსმენი და ებრაელი, საგი მუკი ჭიდაობდნენ. მუკიმ მოიგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში, მოლაი ფინალში სწორედ ებრაელს უნდა დაჭიდებოდა და... დამარცხდა. მოგეხსენებათ, ირანელ სპორტსმენებს აკრძალული აქვთ ევროპელებთან ჭიდაობა და თუ ირანელი ტატამზე არ გავიდოდა, მას დისკვალიფიკაცია ელოდა. ეს კი ავტომატურად ოლიმპიადის გამოტოვებას ნიშნავდა. 

„არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ახლა გერმანიაში ვარ და სამშობლოში დაბრუნების მეშინია. ძიუდოს ფედერაცია საქმის კურსშია, მე ჩემი ხელისუფლება მემუქრება. ნახევარფინალში რომ გავედი, დამირეკეს, მომილოცეს და მითხრეს, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში, მუკისთან არ უნდა მეჭიდავა. ეს კი დისკვალიფიკაციას ნიშნავდა. ნახევარფინალში წაგების შემდეგ, ისევ დამირეკეს და მითხრეს, თუ მუკი მოიგებდა, მე კვარცხლბეკზე, როგორც მესამეადგილოსანი, არ უნდა ავსულიყავი, რადგან ისრაელის ჰიმნი არ უნდა მომესმინა, ამიტომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაც დავთმე. 

მე ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მონდომებით ვემზადებოდი, ტიტულის შენარჩუნება მსურდა, მაგრამ უკვე ნათქვამი მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე. ხელისუფლება ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობით მემუქრება და არ ვიცი, რა ვქნა“, _ ამბობს მოლაი. 

ძიუდოს ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ მოლაი ოლიმპიადაზე ნებისმიერ შემთხვევაში იჭიდავებს, მანამდე კი ირანის ძიუდოს ფედერაციასთან შეეცდებიან ვითარების გარკვევას. 

*** 

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, სამი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი „გაიჩარხა“, თუმცა სამივე შემთხვევაში, კმაყოფილები აშკარად ვერ ვიქნებით. თბილისის „დინამოს“ კაპიტანი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ლევან შენგელია კარიერას თურქულ „კონიასპორში“ გააგრძელებს. კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა და არ არის „კონიასპორი“ ის გუნდი, რომლისთვისაც ლევანი გვემეტებოდა. თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, ლევანის გუნდს 3 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში, მე-13 ადგილზეა. 

ბელგიურმა „გენტმა“ გიორგი ბერიძე ქვედალიგელ „ლოკერენში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა. სეზონისწინა შეკრებაზე ბერიძე დაფრინავდა, თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა და დარწმუნებული ვიყავით, რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარად განსაჯა და ბერიძე გაანათხოვრა. 

4 ტურის შემდეგ, „ლოკერენი“ ბელგიის მეორე ლიგის ბოლო საფეხურზეა. 

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ირაკლი ძარია კარიერას მალტურ „ვალეტაში“ გააგრძელებს. „ვალეტა“ ადგილობრივ ჩემპიონატში ერთ-ერთ მოწინავე გუნდად ითვლება, მაგრამ თავად მალტის ჩემპიონატი ერთ-ერთი, ყველაზე დაბალი დონისაა მსოფლიოში და რამდენად კარგია თავად ძარიასთვის ასეთ გუნდში თამაში, ვერ გეტყვით. 

*** 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კი ორი მატჩისთვის ემზადება. 5 სექტემბერს, სტამბოლში ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეას ვხვდებით, ხოლო 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიას ვმასპინძლობთ. ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ორი მცველი ტრავმის გამო გამოაკლდა _ საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა გუნდს ვერ დაეხმარებიან. ორი ყველაზე ძლიერი და გამოცდილი მცველის გამოკლება ვლადიმერ ვაისისთვის დიდი დანაკლისია და ეს განსაკუთრებით დანიასთან დაგვეტყობა. დანიელები უკვე იმუქრებიან, რომ თბილისში არამხოლოდ სამი ქულისთვის, არამედ, დიდი ანგარიშით მოგებისთვის მოდიან. 

*** 

13-14 სექტემბერს, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ნორვეგიის ნაკრებს, ოსლოში დაუპირისპირდება და უკვე ცნობილია, რომ ჩვენს გუნდს საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ დაეხმარება. ჩოგბურთის ფედერაცია ჯერჯერობით მიზეზს არ განმარტავს, მაგრამ აშშ-ს ღია პირველობაზე ნიკო ტრამვირებული მკლავით თამაშობდა და შეიძლება მიზეზიც ეს იყოს. სხვა მხრივ კი, ნებისმიერი ჩოგბურთელი ვალდებულია, ნაკრებში გამოცხადდეს. 

*** 

მადრიდის „რეალის“ მეკარე, კეილორ ნავასი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „პსჟ“-ში გადაბარგდა და გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. 32 წლის კიპერი, წლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს. პარიზულმა კლუბმა არგენტინელი მაურო იკარდიც დაიმატა, გუნდში დარჩა ნეიმარიც და ასეთი შემადგენლობის პირობებში, თუ ფრანგები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავლენ, გუნდის თავკაცს, ტომას ტუხელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება. 

18 წლის ქართველმა კალათბურთელმა, რატი ანდრონიკაშვილმა გასული სეზონი ესპანეთის მეოთხე დივიზიონის „მილოფლორესში“ გაატარა. რატი ქართველ კალათბურთელთა შორის, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და ამიტომ, არ გაგვკვირვებია, რომ მეოთხე დივიზიონიდან, პირდაპირ საბერძნეთის უმაღლესი ლიგის „იონიკოსში“ ჩაირიცხა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ასეთ დონეზე ასპარეზობა რატის უდიდეს გამოცდილებას შესძენს. 

*** 

კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილ კაპიტანს, შემდეგ კი მწვრთნელს, ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი გარდაეცვალა. ჰანას, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო იცნობდა, რადგან მამამისს მუდმივად თან დაჰყვებოდა და მოედანზეც ხშირად შერბოდა, სიმსივნის დიაგნოზი ხუთი თვის წინ დაუსვეს და იმის მიუხედავად, რომ ლუის ენრიკემ არც სახსრები დაიშურა და არც დრო, შვილს ვერაფერი უშველა. მამამ ექიმებს მადლობა გადაუხადა, რადგან დარწმუნებულია, რომ მედიკოსებმა მისი შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ვერ შეძლეს. 

*** 

და ერთიც: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ესპანური გრანადას მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა ახალ გუნდში 13-ნომრიანი მაისური აირჩია და სახელისა და გვარის მაგივრად, სხვა რამ დაიწერა. მოკლედ, ლუკა მთელი სეზონის განმავლობაში მაისურზე წარწერით RACHVELI იასპარეზებს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში