Menu
RSS

ქართველი ძიუდოისტების იაპონური გამარჯვება და ვიქტორ სანიკიძის დასრულებული კარიერა

თენგიზ ხუბულური _ 1979, 1981, ამირან ტოტიკაშვილი _ 1989, კობა კურტანიძე _ 1989, ირაკლი ცირეკიძე _ 2007, ავთანდილ ჭრიკიშვილი _ 2014, გურამ თუშიშვილი _ 2018 _ ეს ის ექვსი ქართველი ძიუდოისტია, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს და ეს ექვსეული შესანიშნავ შვიდეულად გასულ უქმეებზე, ლუხუმ ჩხვიმიანმა აქცია. ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლუხუმმა საოცარი ჭიდაობა აჩვენა და პირველობა არავის დაუთმო. ძიუდოს სამშობლოში ოქროს მედლის მოგება ურთულესი საქმეა და იოლად არც ლუხუმს უვლია, მაგრამ ტურნირზე გამოჩნდა, რომ ის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად იყო მომზადებული და აკი, პირველობა არავის დაანება. ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატი შაბათს სრულდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ლუხუმის ოქრო ქართულ ყულაბაში ერთადერთი მედალი არ იქნება.

შესაძლოა, ამ მაჟორულ ნოტაზე არ უნდა ვთქვათ, მაგრამ... ტოკიოში ჩვენი ნაკრები ცალ-ცალკე ცხოვრობს და, სამწუხაროდ, ცალ-ცალკე დაჯგუფებები ჯერაც არ დასრულებულა. არადა, ერთიანობით რომ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ყველაზე კარგად ძიუდოისტებმა უნდა იცოდნენ და ეგებ, ეს მსოფლიო იყოს გარდამტეხი და გამაერთიანებელი ეროვნულ გუნდში. 

*** 

მსოფლიოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტოკიოში სტარტს სექტემბრის ბაშო აიღებს და უძლიერესის გარკვევას სუმოისტები შეეცდებიან. ახალი რეიტინგი უკვე გამოქვეყნდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კადობანშია ჩაყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 8 სექტემბერს დასაწყებ ბაშოზე ლევანი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს და 15 ბრძოლიდან, მინიმუმ, 8 ბრძოლას ვერ მოიგებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს. 

*** 

რანგში დაქვეითდა მეორე ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ. წინა ბაშოზე ის აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იყო და ტრავმის გამო, მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგო. შესაბამისად, ის მეათე ნომრამდე დაქვეითდა და სექტემბრის ბაშოზე უძლიერესთა შორის გადასვლის შანსი არ ექნება. 

*** 

„დიდი მუზარადის“ მორიგი ტურნირი _ ამერიკის ღია პირველობა დაიწყო და სასიხარულოა, რომ ტურნირზე საქართველოს წარმომადგენელი, როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის ჰყავს. ვაჟებში მე-17 ნომრადაა განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ხოლო მარიამ ბოლქვაძემ მცირე სასწაული მოახდინა და ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. მარიამი დღეისათვის მსოფლიო კვალიფიკაციაში 202-ე პოზიციაზეა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მან ბირტანელი ჰეზერ უოტსონი (101-ე ნომერი) დაამარცხა, მეორე ეტაპზე სამხრეთ კორეის წარმომადგენელს, ნა ლაე ჰანს (163) სძლია, ხოლო ძირითად ბადეში მოსახვედრად ბოლო შეხვედრა, ჩინელ შილინ ქსუს (2015) მოუგო. საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით, მარიამმა 40 სარეიტინგო ქულა და 58 ათასი დოლარი გამოიმუშავა, დიდი მუზარადის ტურნირი კი მის კარიერაში პირველია. 

ორივე ქართველმა თავისი შეხვედრა 26 აგვისტოს გამართა. ბასილაშვილის მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი იყო, რომელსაც ქართველი მანამდე 7-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა. პირველი სეტი ფუჩოვიჩმა მარტივად _ 6:3 მოიგო, მეორე სეტში უკვე ჩვენებურმა იმარჯვა _ 6:4, მესამე სეტიც ბასილაშვილის სრული უპირატესობით წარიმართა და ნიკამ 6:2 გაიმარჯვა, მეოთხე სეტი _ 6:3 ფუჩოვიჩმა მოიგო და გადამწყვეტი, მეხუთე სეტის დრო დადგა. ქართველი ჩოგბურთელი ბოლო სეტის სტარტზე არადამაჯერებელი ჩანდა, თუმცა შემდეგ კონცენტრაცია მოახდინა და 6:3 იმარჯვა. მეორე წრეში, ნიკა კვალიფიკაციიდან გასულ ჯენსონ ბროვსკის შეხვდება, რომელმაც მცირე სენსაცია მოახდინა და ყველასთვის მოულოდნელად, ტომაშ ბერდიხს მოუგო. შეხვედრა 28 აგვისტოს, თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება. 

რაც შეეხება მარიამს, მან „დიდი მუზარადის“ სადებიუტო ტურნირზე, პირველი შეხვედრა რეიტინგის 65-ე ნომერთან, ამერიკელ ბერნარდა ტერასთან ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ტერა საკუთარ კედლებში თამაშობდა და პუბლიკის მხარდაჭერაც არ აკლდა, ის ბევრად გამოცდილია და სავარაუდოდ ამიტომ, ქართველის მოგებაზე კოეფიციენტი 4.00 იყო. მარიამმა საუცხოო შეხვედრა ჩაატარა, პირველი სეტი _ 6:3 მოიგო, მეორე სეტში ტერას გაუმართლა და _ 7:5 იმარჯვა, მესამე სეტში კი ჩვენებურს ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა მარიამმა კორტზე დაბრუნება მოახერხა. ტერა 4:2-ს იგებდა და ბევრს მისი გამარჯვება გარდაუვალი ეგონა, თუმცა ქართველმა გოგონამ სასწაული მოახდინა და მომდევნო ოთხი გეიმი, შესაბამისად, სეტი და მატჩიც მოიგო. მეორე წრეში მარიამი, მარიამობა დღეს, ძალიან გამოცდილ, ჩეხ კაროლინა პლისკოვას ხვდება. პლისკოვა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მესამე ნომრადაა განთესილი და მასთან თამაში ქართველი ჩოგბურთელისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მარიამი მიმდინარე ტურნირის უდიდესი სენსაციის ავტორი გახდება. გარდა იმისა, რომ კაროლინას 2016 წელს, ამ ტურნირის ფინალი აქვს ნათამაშები, კარიერის განმავლობაში, მან 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც სოლიდური თანხაა. 

*** 

საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატმა აიღო სტარტი და შესაბამისად, ტოპ-14-ის გუნდებისკენ დიდი ყურადღებაა მიპყრობილი. პირველ ტურში, ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა „ტულონმა“, სტუმრად „აჟენი“ დაამარცხა და ჩვენთვის სასიხარულო ის არის, რომ გამარჯვებულთა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული მამუკა გორგოძე იყო, რომელმაც ორი ლელო დადო და მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. 

*** 

„ყურადღება!!! 

თუ 31 აგვისტომდე, „ტორპედოში“ დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას _ 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, „ტორპედოს“ ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ. 

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა, კაპიკი არ აუღიათ. 4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე!!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რომ მოგვშორდი, თორემ ამ გუნდის ლიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით. ასევე, მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რომ დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!! 

ეს გუნდი არ გავარდეს, თორემ საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!! 

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ლიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას!!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!!!“, _ ეს განცხადება ქუთაისის „ტორპედოს“ ფან-კლუბმა გაავრცელა. 

მოკლედ, იმერულ გუნდში ცუდი ამბებია, მის მფლობელებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გუნდში ფინანსები ჩადონ, ხოლო ქუთაისის მერიას არ სურს, „ტორპედო“ კვლავ ბალანსზე აიყვანოს და რამდენიმე მილიონი დაახარჯოს. ერთი სიტყვით, სიტუაცია ძალიან გაურკვეველია და გულშემატკივართა გულისწყრომა გასაგებია, თუმცა ასეთ რადიკალურ განცხადებას მაინც არავინ ელოდა.

*** 

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, წარმატებულ სვლას აგრძელებს. მსოფლიო თასის მორიგ ეტაპზე, რომელიც უნგრეთში გაიმართა, ქართველმა ნიჩბოსანმა მესამე ადგილი და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი აიღო. ნადირაძე ნელ-ნელა დამკვიდრდა ნიჩბოსნობის ელიტაში და ტოკიოში გასამართ 2020 წლის ოლიმპიადაზე, მედლის ერთ-ერთ ფავორიტად ჩავა. 

*** 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ კარიერა ნაადრევად, 33 წლის ასაკში, მას შემდეგ დაასრულა, რაც ბერძნულ „არისში“ ასპარეზობისას, 2017 წელს, უმძიმესი ტრავმა მიიღო. როგორც ჩანს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელებს სანიკიძე, როგორც მხოლოდ კალათბურთელი არ მოსწონდათ, მისი მენეჯერული ნიჭიც შეამჩნიეს და გასულ კვირას, ჩვენებური „არისის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სწორედ სანიკიძის გადასაწყვეტი იქნება, რომელი კალათბურთელი დასჭირდება გუნდს და მათთან მოლაპარაკებებიც, მის მარიფათზე იქნება დამოკიდებული. 

საკალათბურთო თემში კი ისეთი რამ მოხდა, რაც 13 წელია, აღარავის ახსოვს. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში, აშშ-ის ნაკრები ანუ „დრიმ თიმი“, ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. მორიგი ამხანაგური მატჩი მათ ავსტრალიასთან ჰქონდათ და... ამერიკელები 98:94 დამარცხდნენ. ეს „დრიმ თიმის“ პირველი მარცხია 2006 წლის შემდეგ და ამერიკელთა 78-მატჩიანი მოგებათა სერია, სწორედ ავსტრალიამ შეწყვიტა. 

*** 

უცხოურ ფეხბურთზეც ვთქვათ: როგორც ჩანს, ბრაზილიელი ნეიმარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი დასასრულს მიუახლოვდა. მისი იჯარით აყვანა მადრიდის „რეალმა“ საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან ერთწლიან იჯარაში, პსჟ-მ 20 მილიონი ევრო მოითხოვა, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიურ ჯამაგირად 35 მილიონი სურს ანუ მთლიანობაში 55 მილიონი და ამას დაამატეთ ის 200 მილიონი, რომლის გადახდაც „რეალს“ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ ნეიმარის ტრანსფერის გამოსყიდვას დააპირებს. ყველაფერი ერთად, მეოთხედ მილიარდზე მეტი გამოდის და „სამეფო გუნდი“ ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს. „რეალზე“ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ საწყის ორ ტურში, გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, მეორე _ ფრედ დაასრულა და ეს სავსებით საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გასული სეზონის მიწურულს, „სამეფო გუნდში“ დიდი იმედებით დაბრუნებულ ზინედინ ზიდანს წყალი შესდგომოდა. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ზიდანის შემცვლელად, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ჟოზე მაურინიო ჰყავს შეგულებულიო. თავის მხრივ, მაურინიო კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ უმუშევრად მყოფმა პორტუგალიელმა რამდენიმე წინადადება უარყო და როგორც ვარაუდობენ, ის სწორედ „რეალის“ შეთავაზებას ელოდება. 

*** 

დასასრულ, ლეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა, ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი ტორესი, ბოლოს იაპონურ კლუბში აგორებდა ბურთს და გასულ კვირას, კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, კარიერის დასაწყისში მეკარის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მისი საქმე გოლების გატანა იყო და თავდამსხმელად გადავიდა, რამაც აშკარად გაამართლა.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში