Menu
RSS

იყო თუ არა ჩაწყობილი „საბურთალოს“ „არარატ-არმენიასთან“ წაგება

რატომ არ დატოვა თანამდებობა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო-არარატ არმენიას“ შორის დასრულებული მატჩის შემდეგ ერთადერთი სიტყვა ისმოდა: „კატასტროფა“. მართლაც, კატასტროფად შეიძლება შეფასდეს ის, რაც მოხდა. ერევანში მოგებული შეხვედრის შემდეგ, „საბურთალო“ შინაურ კედლებში დამარცხდა და თან ისე, რომ გულშემატკივარმა ობსტრუქცია მოაწყო - „საბურთალოს“ წარმომადგენლებისკენაც გაიწია და ზოგადად, სტადიონზე კარგი გარემო ნამდვილად არ იყო.

რაც მთავარია, სოციალურ ქსელში გულშემატკივართა უმრავლესობა ჯიუტად ამტკიცებს, რომ შეხვედრა გარიგებული იყო და განსაკუთრებით ჩვენს კარში გატანილ მეორე გოლზე აპელირებს - შეტევაში მყოფმა „საბურთალოს“ ფეხბურთელმა ბურთი საკუთარი ნახევრისკენ ისე დააბრუნა, რომ ის მეტოქეს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და შედეგად, პენალტი დაინიშნა...

რა თქმა უნდა, გაბრაზებულმა გულშემატკივარმა შესაძლოა, მისცეს თავს უფლება და გარიგებულ შეხვედრაზე ისაუბროს, მაგრამ...

„ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის ფიქსირდება კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების დინამიკა. ეს არის მეორე შემთხვევა. ადრე საეჭვო კოეფიციენტები ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში დაფიქსირდა. „საბურთალოს“ მოგების კოეფიციენტი 8 აგვისტოს 1.85-დან 1.95 ქულამდე მერყეობდა, რაც შეესაბამებოდა 51-54%-იან მოგების ალბათობას. მიუხედავად ამისა, 14 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონის კოეფიციენტი 2.36-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისური გუნდის გამარჯვების ალბათობა 42%-მდე შემცირდა. ამასთან, „არარატ-არმენიას“ გამარჯვების საწყისი კოეფიციენტი 4.1 იყო, რაც შეესაბამება 24%-იან ალბათობას. ამ ეტაპზე შესაძლებელია დაიდოს ფსონი სომხური კლუბის გამარჯვებაზე 2.9 კოეფიციენტით. ალბათობის პროცენტი 35%-მდე გაიზარდა. ფრის შედეგის შანსებმა ასევე, განიცადა მცირედი ცვლილებები. ის, რაც ახლა ხდება, როდესაც კოეფიციენტი 3.34-დან 2.98-მდე ეცემა, ყველა მიზეზს გვაძლევს, რომ მატჩი საეჭვოდ მივიჩნიოთ. ზოგიერთ ბუკმეკერულ კანტორაში თანაფარდობამ 4.00-იან კოეფიციენტს მიაღწია. სტუმრების გამარჯვებაზე დიდი მოთხოვნაა. ანალოგიურად, შანსები შეიძლება შემცირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელის ტრავმაზე გახდება ცნობილი. იმის გამო, რომ არ არის მსგავსი ფაქტი, მაშინ ნამდვილად არსებობს კოეფიციენტების საეჭვო მოძრაობა“, - ყველაფერი ეს უკრაინულმა საბუკმეიკერო კანტორამ საკუთარ ვებ-გვერდზე, bookmaker-ratings.com.ua-ზე გამოაქვეყნა და განმარტება რუსულმა ვებ-გვერდმა - ODDS.ru-მ გააკეთა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ახსნა-განმარტებასა და მატჩის საეჭვოობაზე მასალა ვებ-გვერდის მთავარმა რედაქტორმა... არტემ ჰარუთიანმა მოამზადა.

ნამდვილად არ ვაპირებთ, ხელი გავიშვირთ „საბურთალოს“ ბოსებისკენ და ისინი გარიგებაში დავადანაშაულოთ, მაგრამ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება რომ ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია და კიდევ, იცით, რა არის საინტერესო? - ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, არ ვარ ღირსი, საქართველოს ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი მერქვასო და... თანამდებობაზე დარჩა ანუ მას ისევ საქართველოს ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰქვია.

ბათო ჯაფარიძე  

დაბრუნება დასაწყისში