Menu
RSS

თბილისის „დინამომ“ შესაძლოა, ძველი დიდება და ტრიმფი გაიმეოროს!

რუსული ბულინგი - „ზენიტის“ კატალონიელი ფეხბურთელი გულშემატკივარმა კანის ფერის გამო დაიწუნა

8 აგვისტოს დიდი მატჩია... ძალიან დიდი. შეიძლება ითქვას, რეტრო მატჩიც კი. 38 წლის წინ, 1981 წელს, თბილისის „დინამო“ თასების თასის ნახევარფინალში „ფეიენოორდს“ შეხვდა, ეს ბარიერი დაძლია, ფინალში გავიდა და შემდეგ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ყველაზე დიდი გამარჯვება აჩუქა.

ჰოდა, ახლა, 38 წლის შემდეგ, „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისევ ჰოლანდიურ გრანდს ხვდება. რა თქმა უნდა, მაშინდელსა და ახლანდელ „დინამოს“ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ მაშინდელი და ახლანდელი „ფეიენოორდის“ შედარებაც არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ, „ფეიენოორდი“ ლეგენდარულ ჰოლანდიელ მცველს, იაპ სტამს ჩააბარეს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერაში ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს და საკუთარი კვალიფიკაცია დასამტკიცებელი აქვს. ევროპელი ბუკმეიკერები თვლიან, რომ „ფეიენოორდი“ ძალიან ძლიერია „დინამოზე“ და ქართულ კლუბს პირველ მატჩში, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართება, კოეფიციენტად 12.00 დაუწერეს, თუმცა ქართველ გულშემატკივარს სჯერა, რომ ძალიან კარგ ფორმაშ მყოფი თბილისური კლუბი თავს არ შეირცხვენს და ღირსეულად ითამაშებს.

სწორედ 8 აგვისტოს, დაახოლებით, ღამის 12 საათზე გვეცოდინება, ექნება თუ არა აზრი საპასუხო მატჩს თბილისში და წამოიღებს თუ არა სასურველ ანგარიშს „დინამო“.

საბუკმეიკერო კანტორებისგან განსხვავებით, „დინამოს“„ფეიენოორდი“ აშკარად სერიოზულად უყურებს. ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ კვირას, საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ლოკომოტივი“-„დინამოს“ შეხვედრას ჰოლანდიური კლუბის წარმომადგენელი, ლეგენდარული ვეტერანი, როი მაკაი დაესწრო და სამშობლოში კარგ განწყობაზე აშკარად არ დაბრუნდებოდა - „დინამომ“ „ლოკომოტივს“ 6 უპასუხო გოლი გაუტანა...

***

ჩვენთვის სასიხარულო რამ მოხდა უნგრეთის ჩემპიონატში. მეზოკოვეშდი-ზალაეგერშეგის მატჩში, მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ქართველ ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს. მისმა გუნდმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა და ერთადერთი გოლი სწორედ ჩვენებურის ანგარიშზეა.

***

ლეგენდარული ავტომრბოლელი მიხაილ შუმახერი აგერ, უკვე რამდენიმე წელია, კომაშია და იმის მიუხედავად, რომ ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ, ოჯახს მისი გამოჯანმრთელების სჯერა, თუმცა გასულ უქმეებზე მედიის ყურადღება შუმახერის 20 წლის ვაჟმა, მიკ შუმახერმა მიიპყრო. იგი მამის კვლას გაჰყვა და მართალია, ჯერ მხოლოდ „ფორმულა-2“-ში ასპარეზობს, მაგრამ წარმატებები უკვე აქვს. კვირას მან უნგრეთის გრან-პრი მოიგო და რაც მთავარია, ის „ფერარის“ გუნდის წევრია ანუ იმ საჯინიბოსი, სადაც მამამისმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

***

დასასრულ, ძალიან უცნაური რამ მოხდა რუსეთის ჩემპიონატში: სანქტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ იმდენი მოახერხა, რომ ორი კვირის წინ, კატალონიური „ბარსელონას“ ფეხბურთელი, მალკოლმი შეიძინა და მის სანაცვლოდ 41 მილიონი დოლარიც გადაიხადა ანუ იმაზე მეტი, რამდენიც საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ყველა კლუბს ერთად არ აქვს. მალკოლმის დებიუტი კვირას შედგა და... მოედანზე გამოსულ ფეხბურთელს „ზენიტის“ გულშემატკივრები რასისტული შეძახილებით დახვდნენ და ბოლო ხმაზე უსტვინეს. არადა, ყველა ვარაუდობდა, რომ გუნდის შეფების ასეთი შენაძენი ფანებში მოწონებას დაიმსახურებდა, მაგრამ ისე ჩანს, რუს გულშემატკივარს მალკოლმის კანის ფერი არ მოეწონა!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში