Menu
RSS

„ვასაძე და მისი მომხრეები სვეტიცხოველს ალყაში მოაქცევენ!“

„თბილისი პრაიდიდან“ რაინდამდე _ რა სკანდალურ ფაქტებს ანსაჯაროვებს გოჩა მირცხულავა

იმის შესახებ, რომ ამ ზაფხულს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა პიკს მიაღწევდა, სამთავრობო, ოპოზიციურ, თუ ე.წ. ექსპერტულ წრეებში საუბარი ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაიწყეს. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი ხმაურით ჩაიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალბატონი ზურაბიშვილი „ხალხთან ახლოს და ხალხზე ზევით“ ოფიციალურად დადგა ანუ მთავარსარდლის ფიცი დადო, პოლიტიკური ცხოვრება თითქოს მინავლდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ ქალბატონი პრეზიდენტი აზერბაიჯანში არ ჩავიდა და საზღვრების დელიმიტაციაზე არ დაიწყო საუბარი, პოლიტიკური ვნებები დამცხრალი იყო. აი, ზურაბიშვილის ბაქოური ვიზიტით კი ცუდი ამბების მთელი კასკადი დაიწყო: ჯერ იყო და, დავით გარეჯის თემა გააქტიურდა (დავით გარეჯის პრობლემა დღესაც ცხელია); მერე იყო და, ვითარების ესკალაციის ნიშნები პანკისში გამოჩნდა. ამასობაში, „თბილისი პრაიდიც“ გააქტიურდა, რასაც ავტომატურად, თანამედროვე „მეკომბლეთუხუცესის“, ლევან ვასაძისა და მისი მიმდევრების გამოცოცხლებაც მოჰყვა და აი, ზუსტად მაშინ, როცა რაინდმა სახალხო ლეგიონი შექმნა, „თბილისი პრაიდმა“ კი კვირეულისთვის აქტიური მზადება დაიწყო, „სოლნიჩნაია გრუზიას“ „მეფისნაცვალი“, ესე იგი, რუსი „დუმელი“, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, ბოლშევიკების მართლმადიდებელი შთამომავალი, სერგეი გავრილოვი ეწვია, რომელმაც რუსეთისგან ოკუპირებულ საქართველოში თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ჰოდა, თავისი პატივცემული უკანალი ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში „ჩაასვენა“. გავრილოვის ამ სითავხედეს, ბუნებრივია, ხალხის გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა _ ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და მართლმადიდებელმა კომუნისტმა თბილისი ისე ფაცხა-ფუცხით დატოვა, რომ ქუსლებს ლამის კისერში ირტყამდა. ამის მიუხედავად, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები არ დამშვიდდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. კობახიძემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სპიკერობიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო... ხალხი კიდევ უფრო გახელდა და შსს იძულებული გახდა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაეშალა. 

აი, ეს დაშლა კი ახალი პროტესტის საბაბი გახდა ანუ ვინაიდან დაშლის დროს, მომიტინგეები დაშავდნენ და ზოგმა თვალიც დაკარგა, ანტისაოკუპაციო აქციაზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა _ გიორგი გახარიას გადადგომა. ამასობაში, 8 ივლისიც მოახლოვდა და „თბილისი პრაიდმა“ გვამცნო, ვინაიდან სიტუაცია მეტ-ნაკლებად განიმუხტა, დროა, დაკონსერვებული „ღირსების მარში“ ჩავატაროთო და მეკომბლეთუხუცესმაც, თავისი რაზმითურთ იხუვლა. „ღირსების მარშამდე“ 24 საათით ადრე, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მეორე დღეს, დიდი გაწევ-გამოწევა ატყდებოდა. ამასთან, გონიერი ადამიანები იმასაც ამბობდნენ, რომ „თბილისი პრაიდი“ და ვასაძე შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 

ზოგადად, პრაიდისა და რაინდის საერთო მფარველის შესახებ ხმები, დიდი ხანია, მუსირებს. ამ ვერსიას ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავაც იზიარებს, რომელიც „ვერსიასთან“ საუბრისას, ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულ მოვლენებს სკრუპულოზულად აფასებს. ისე, მირცხულავას წინამდებარე ინტერვიუ სკეპტიკოსებს, შესაძლოა, შეთქმულების თეორიად მოეჩვენოთ, მაგრამ ეს მათი ნებაა. ფაქტია, რომ 2019 წლის „ცხელი ზაფხულის პოლიტიკურ ქრონიკებს“ ვიღაც ისეთი „წერს“, რომელსაც ჩრდილოეთთან, მინიმუმ, კარგი სანაცნობო წრე ჰყავს! 

„8 ივლისს, რუსეთმა საქართველოში მორიგი სპეცოპერაციის მნიშვნელოვანი ფაზა დაასრულა'', _ აცხადებს ჩვენს გამოცემასთან საუბრისას, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა. „ვერსია“, ცხადია, დაინტერესდა, ამ „მორიგი სპეცოპერაციით“ მოსკოვმა რა ხეირი ნახა?

გოჩა მირცხულავა: _ ამ ფაზის შედეგად, კრემლისთვის რამდენიმე რამ გახდა გასაგები. კერძოდ: ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის ჟანგბადით სუნთქავენ და რუსეთისვე ფულით საზრდოობენ, უსარგებლონი არიან, მაგრამ კუთხეში მაინც უნდა „ეყარონ“; ამასთან, კრემლი მიხვდა, რომ ვერც ერთი ხელისუფლების, ვერც ერთი პოლიტიკური ორიენტაციისა და სტრატეგიის პირობებში, საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შეთრევას ვეღარ შეძლებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სისხლისმსმელის იმიჯი, კეთილი „ბიძია-ბაბუას“ იმიჯით შეცვალოს. პარალელურად, აუცილებელია ახალი ისტორიული ნაღმების ჩალაგება და, პარალელურად, საკუთარი გავლენის ქვეშ უნდა შეინარჩუნოს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია _ საქართველოს საპატრიარქო, სადაც საკუთარი ეგზარქოსი უნდა აღაზევოს. სხვათა შორის, კრემლს ამ ეტაპზე, „ეგზარქოსობის“ ორი კანდიდატი ჰყავს, თუმცა პატრიარქის მოსაყდრე შიო, ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა. 

კრემლი იმასაც მიხვდა, რომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებაში, პირველ ეტაპზე, თუნდაც კოალიციური მთავრობის პირობებში, ის პოლიტიკური ძალა მოიყვანოს, რომლის პროდასავლურობაში საჯარო ეჭვის შეტანა გაჭირდება. 

_ ანუ იმას ამბობთ, ბატონო გოჩა, რომ ლევან ვასაძეს, რომელიც „გავრილოვის კრიზისამდე“ აღარსად ჩანდა, რუსეთი თამაშიდან გაიყვანს? 

_ თუ გახსოვთ, ვასაძემ ერთხელ განაცხადა, პოლიტიკაში პატრიარქის კურთხევით მოვდივარო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის პატრიარქის კურთხევას გულისხმობდა. ისე, პოლიტიკაში მოსვლაზე კურთხევა, შეიძლება, მეუფე შიომ მისცა. 

_ მეუფე შიო პატრიარქი არ არის. 

_ დიახ, მაგრამ მის გაპატრიარქებას მხარს რუსეთი უჭ¬ერს. 

ზოგადად, ლევან ვასაძის პერიოდული გააქტიურება იდეალებს არ უკავშირდება. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ 8 ივლისს, ვასაძე და რუსული ორბიტის სხვა წარმომადგენლები ასპარეზზე, „თბილისი პრაიდის“ განცხადებამ გამოიყვანა. ეს ხალხი ცდილობს, რომ საქართველო რუსეთში დააბრუნოს! 

_ „თბილისი პრაიდსა“ და ვასაძის ფარულ კავშირებს ხედავთ? 

_ ყოველ შემთხვევაში, ვასაძემ და მისმა მიმდიევრებმა, საქართველოში ყველაზე წმინდა ადგილი, სადაც ბოლო 30 წელია, ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება, დიახ, სწორედ „თბილისი პრაიდის“ მესვეურთა ხელშეწყობით დაიკავეს. რუსთაველის გამზირი პოლიტიკურად წმინდა ადგილია. 

_ რას გულისხმობთ? 

_ აქ, წლების წინ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, აქციებს ვაწყობდით. მერე, სწორედ ამ გამზირზე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. დღეს იქ ახალგაზრდები, ისევ ოკუპაციას აპროტესტებენ და ისევ თავისუფლებისთვის იბრძვიან. აი, ეს ადგილი, 8 ივლისს, იმ ძალამ დაიკავა, რომელიც გვეუბნება, გინდა თუ არა, საქართველოს ადგილი რუსეთშიაო. 

რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ შორენა თეთრუაშვილი და ლევან ვასაძე რუსეთის დავალებით ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს პატრიარქის ტახტზე, რუსეთის ეგზარქოსი, მეუფე შიო აიყვანონ, მაგრამ ამის მიღწევა გაუჭირდებათ. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა მოაწყონ, რომ ე.წ. საერო ფრთაზე, რელიგიურ-ეროვნული ლიდერი გამოჩნდეს. ასეთად კი, ამ ეტაპზე, ვასაძეა შერჩეული. 

_ ბატონო გოჩა, ის, რასაც ვასაძე ამბობს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის თუ არა, დიდი ნაწილისთვის მისაღებია ანუ ხალხს ჰგონია, რომ ერი, უხეშად თუ ვიტყვით, ,,გაპიდარასტების'' საფრთხის წინაშე დგას. 

_ ასეთი საფრთხე არ არსებობს! 

_ ასე გადაჭრით რატომ ამბობთ? 

_ ალბათ, გახსოვთ, 2000-იან წლებში რა ხდებოდა _ ზოგიერთი სასულიერო პირი იეჰოვას მოწმეებს იმ მოტივით დასდევდა, რომ ისინი, თითქოს, რაღაც ორგიებს აწყობდნენ, მაგრამ ეს თემა დღეს აქტუალური აღარაა. უფრო მეტიც, დღეს იეჰოვას მოწმეები ქუჩაში მშვიდად დგანან. 

ისე, ვინმეს, შესაძლოა, მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ საქართველოს ,,გაპიდარასტება'' ემუქრება და ამას აპროტესტებს კიდეც, თუმცა, სწორედ ამ ხალხის გამოყენებას ცდილობენ გარკვეული ძალები ანუ მათ უნდათ, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე, ამ ხალხის დახმარებით დააბრუნონ და მის კოლონიად აქციონ. 

_ სხვათა შორის, ვასაძის მიერ გამოცხადებული „ნამდვილი ვაჟკაცების“ „საყოველთაო მობილიზების“ მიუხედავად, „თბილისი პრაიდმა“ ე.წ. ღირსების მარში მაინც ჩაატარა. ამას როგორ ხსნით? 

_ წეღანაც გითხარით და კიდევ ვიმეორებ: „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა განცხადება ვასაძემ იმისთვის გამოიყენა, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაეკავებინა ანუ ეს ჩვეულებრივი ობსტრუქცია იყო. 

ისე, ვასაძე ამბობს, ოკუპაციას მეც ვაპროტესტებო, მაგრამ მაინტერესებს, როგორ აპროტესტებს ანუ არ მოსწონს, რომ რუსული ჯარი მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში დგას და უნდა, რომ ეს ჯარი მთელ საქართველოში იდგეს?! მგონია, რომ ქუჩაში პერიოდულად, ზუსტად ამას გასაპროტესტებლად გამოდის და ამასთან, იმის სურვილიც აქვს, რომ როგორმე ქვეყნის ხელისუფალი გახდეს.

 

სხვათა შორის, ზუსტად მაშინ, როცა ვასაძის ამალამ რუსთაველი დაიკავა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან მქონდა საუბარი, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ. 

_ ვასაძის ქუჩაში გამოსვლით იყვნენ აღშფოთებულნი? 

_ აღშფოთებულნი იმით იყვნენ, რომ ვასაძე ხელისუფლების ცალკეული წამომადგენლის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. ერთი ცნობილი პერსონისგან კი ისიც მოვისმინე, ვასაძის დასაცავისა და მხარდასაჭერის დედაცო... 

_ ამით რისი თქმა გინდათ, ბატონო გოჩა? 

_ ქართული მედიის ნაწილი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ რაინდი პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ აქციის ჩასაშლელად მივიდა. არადა, თუ ამ აქციის ჩაშლა უნდოდა, პარლამენტთან რატომ მივიდა, როცა „თბილისი პრაიდს“ არ განუცხადებია, „ღირსების მარშს“ პარლამენტის წინ ვატარებო? 

თუ ვასაძემ არ იცოდა, „მარში“ სად ტარდებოდა, ვერის ბაღში რატომ არ დარჩა, სადაც „სახალხო ლეგიონი“ „განალაგა“. მოკლედ, მაინტერესებს, პარლამენტის წინ რატომ მივიდა და ანტისაოკუპაციო მიტინგის ჩაშლა რატომ სცადა? 

მოკლედ, „ღირსების მარში“ მხოლოდ იმის მიზეზი იყო, რომ ანტისაოკუპაციო აქცია ჩაეშალათ და ამას კონკრეტული ფაქტიც ადასტურებს. 

_ კერძოდ? 

_ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და ორგანიზატორებმა, რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ ცნობილ და პოპულარულ სასტუმროში 200-კაციანი ღონისძიება გამართეს, მაგრამ ამ ღონისძიებაზე ხმა ვასაძესა და მის მიმდევრებს არ ამოუღიათ. რატომ? _ აი, ეს არის საინტერესო. 

აქვე, კითხვა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთანაც მაქვს _ „პრაიდის“ კვირეულის დამთავრების შემდეგ, „მარშის“ ჩატარება დღის წესრიგში ისევ რატომ დადგა? 

_ თქვენი ვერსია როგორია? 

_ არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ვასაძესთან ყოფილიყო შეთანხმებული. 

_ რა მიზნით? 

_ იმ მიზნით, რომ „განეიტრალებული“ რაინდი ასპარეზზე ისევ გამოსულიყო. 

სხვათა შორის, ასპარეზზე დაბრუნებული ვასაძისა და მისი „ლაშქრის“ უმთავრესი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება იყო და ეს მოთხოვნა, სამწუხაროდ, მხოლოდ საზოგადოების ნაწილმა კი არა, არამედ სასულიერო პირებმაც გაიზიარეს. არადა, იმ ხალხის უმეტესობას, ვინც გაუქმებას ითხოვს, ეს კანონი წაკითხულიც არ აქვს. 

_ სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმთავითვე აპროტესტებდნენ და მის მიღებასაც ეწინააღმდეგებოდნენ. 

_ დიახ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ, როცა ამ კანონს იღებდნენ, პარლამენტში სასულიერო პირები იყვნენ ჩამწკრივებულნი ანუ მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ საპატრიარქოს ძალიან ბევრი მოთხოვნა გაითვალისწინა. ჩემი ინფორმაციით, ამ კანონის ყველა პუნქტი საპატრიარქოსთან იქნა გავლილი და მას პატრიარქმა კურთხევაც მისცა. 

_ ანუ ვასაძე პატიარქს უპირისპირდება? 

_ ყოველ შემთხვევაში, საინტერესოა, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ვისი კურთხევით ითხოვს? ისე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გვექნებოდა, ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებდით. ამასთან, ამ კანონში სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაზე არაფერი წერია ანუ კანონში, ზოგადად, ყველა უმცირესობის დაცვაზეა საუბარი. ასევე, საუბარია შრომით უფლებებზე, უმრავლესობის უფლებებზე და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ ვიღაცები ქუჩაში „ტაბურეტკებით“, ჯვრებითა და კომბლებით შეიარაღებულნი დარბიან... 

8 ივლისის სამარცხვინო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში ერთი ამბავი გავრცელდა _ თბილისელ ტაქსის მძღოლს უთქვამს, ამათ უნდა მასწავლონ, ვისთან დავწვე და ვისთან _ არაო?! მოკლედ, მინდა, სასულიერო პირებს, ახლა ბევრს რომ ლაპარაკობენ, სამების გახსნა და იქ გამართული პირველი ოფიციალური ღონისძიება გავახსენო. 

_ ბატონო გოჩა, ვასაძესთან სამების გახსნას რა კავშირი აქვს? 

_ მეტს არ დავაკონკრეტებ, თუმცა გამგები გაიგებს... ერთი სიტყვით, მთელ ამ ამბავს ერთი მიზანი ჰქონდა _ ვასაძე როგორმე პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენილიყო და ადამიანების ტვინებში ჩაწერილიყო, რომ ის ეროვნული იდეებისთვის იბრძვის. 

_ ეს მიზანი შესრულდა? 

_ ვერა! ისე, თავიდან გვითხრეს, „პრაიდს“ ვებრძვითო. „პრაიდი“ ათმა კაცმა სადღაც მაინც ჩაატარა, მაგრამ ვასაძემ განაცხადა, დევნას კურდღლებს ხომ არ დავუწყებდიო. 

ხალხმაც მშვენივრად დაინახა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. 

_ რა მოხდა? 

_ ვასაძემ რუსეთის მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა_ საქართველომ უარი თქვას ნატოზე, ევროპასა და აშშ-ზე. დავუშვათ, დასავლეთი ასეთი მიუღებელია, იქნებ, მიპასუხონ, იგივე ვასაძე, ევროპა-აშშ-ში რატომ დადის? მის ზოგიერთ „თანამებრძოლს“ კი დასავლეთში შვილი სასწავლებლადაც ჰყავს გაგზავნილი ანუ მათი შვილები არ ირყვნებიან და სხვების _ გაირყვნებიან? 

შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საქართველოში, ლევან ვასაძის მზე ვერასდროს ამოანათებს და ეს თავადაც იცის, თუმცა აქტიურობას თავს არ დაანებებს. 

_ თუ იცის, რომ მისი დრო არასოდეს მოვა, აქტიურობას რაღა აზრი აქვს? 

_ დავალება აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს. 

_ დავალება? 

_ დიახ, დავალება და ეს დავალება მეუფე შიოს ეგზარქოსობაა. გვინდა თუ არა, ფაქტია: საქართველოს, ოდესმე, ახალი პატრიარქის არჩევა მოუწევს, სწორედ მაშინ, ვასაძე და მისი მომხრეები სვეტიცხოველს ალყაში მოაქცევენ. პარალელურად, მღვდელმთავრებს დაემუქრებიან, რომ მათ მხარი პატრიარქობის რუსეთისთვის სასურველ კანდიდატს დაუჭირონ, მაგრამ ვიმეორებ: ეს „ტრიუკი“ ვასაძეს არ გაუვა! 

_ ბატონო გოჩა, თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ საქართველოში რუსული განწყობები გაზრდილია და ხალხს ოკუპაცია აღარ აღელვებს? 

_ ეს გამორიცხულია! საქართველოს საზოგადოებამ თავისი ევროატლანტიკური ნება რეფერენდუმზე გამოხატა და ვასაძე ვინაა, რომ ნატო-ზე უარი გვათქმევინოს?! მას მხოლოდ ერთი დავალება აქვს _ მეუფე შიო როგორმე პატრიარქი გახადოს და, პარალელურად, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები თავადაც მიიღოს... 

ისე, ზოგს, შესაძლოა, მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოეჩვენოს, მაგრამ ხელისუფლებას ერთ რჩევას მივცემ _ დროზე შეცვალოს, რეორგანიზაცია ჩაუტაროს და შინაარსი შეუცვალოს რელიგიის საკითხთა საბჭოს. 

_ რატომ? 

_ მეტი კონკრეტიკისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს დავამატებ: ტყუილად არაფერს ვამბობ და „ისე რა“, არც რჩევებს ვიძლევი. 

_ ბატონო გოჩა, პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის გაუკუღმართებაზეც გკითხავთ. ეს რას ემსახურებოდა? 

_ დავიწყოთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასაგებია, რატომ მიესალმა და ისიც გასაგებია, მადლობა რისთვისაც გადაუხადა, მაგრამ სად იყო განცხადება პუტინის გამოსვლის უმთავრეს ნაწილზე ანუ დაახლოებით, ასეთი შინაარსის: მადლობა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, რომლის მიმართაც პატივიცემის ჟესტი გამოიჩინა რუსეთის პრეზიდენტმა, უკმაყოფილებას გამოთქვამს და აბსოლუტურად არ ეთანხმება საქართველოს ისტორიის არასწორად წარმოჩენის მცდელობასო? 

ზოგადად, საქართველოს ისტორია თბილისის გუბერნიიდან არ იწყება და თუ ღრმა ისტორიულ პასაჟებს არ მოვიშველიებთ, ქართველთა მეფეები, სააუკუნეების განმავლობაში, აფხაზთა მეფეებად იწოდებოდნენ. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიც არასოდეს ყოფილა საქართველოს ეთნიკური წარმონაქმნი და ამის დადასტურება, უამრავ პატიოსან, რუს ისტორიკოსს არ გაუჭირდება... 

სხვათა შორის, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პუტინი უფრო ადეკვატური აღმოჩნდაო და მთავარი კონტექსტი, ხელისუფლებისთვის თავში წამორტყმით, სანქციების პრიზმაში გადაიტანა, ისტორიულ თემას კი გვერდი აუარა. ვფიქრობ, ესეც არანაკლებ დამაზიანებელია, რადგან გამოდის, რომ ოპოზიციის ლიდერი გადაწერილ ისტორიას ეგუება. 

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო გუბაზ სანიკიძეს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან „კავკასიის“ ეთერში გააკეთა. მადლობას ვუხდი ცალკეულ ადამიანებსაც, რომლებიც პოზიციას საკუთარ Fაცებოოკ-გვერდებზე აფიქსირებენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება არ, ან ვერ ამბობს სათქმელს, მის ნაცვლად სათქმელი ყველამ უნდა თქვას და ამ ვითარებაში, სულაც არაა აუცილებელი ხელისუფლების სუსტად წარმოჩენა. ეს ამის გარეშეც შეიძლება. 

ისე, ბევრისთვის ცუდ რამეს ვიტყვი _ პოლიტიკურად, სანქციები მერჩივნა, ვიდრე ის მორალური უპირატესობა, რომელსაც მავანი ვაი-ქართველის წარმოსახვაში, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა მიაღწია! საერთოდ, ეს თემა ერთ დღეში არ უნდა ამოიწუროს, რადგან თუ ასე მოხდება, მერწმუნეთ, თავს მუდმივად იჩენს! 

მოდით, ახლა ცივი გონებით შევხედოთ რეალობას: გავრილოვიდან გაბუნიამდე განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური ჯგუფების ვნებები იმდენადაა აცდენილი სახელმწიფოებრივ, თუ პრაგმატულ პოლიტიკურ განზომილებას, სიღრმეებში რომ ჩავყვეთ, შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ: ვაი, უბედურო საქართველოვ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა. 

შორს რომ არ წავიდეთ, ის, რაც ამ დღეებში მოხდა, პუტინის განცხადებას ვგულისხმობ, მავანთა ცინიზმის მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს უდიდესი მარცხია. კი ბატონო, რუსეთმა ომი არ გამოგვიცხადა და არც დაგვბომბა, პირიქით, საჭმელი და სარჩო გამოგვიწოდა „დიდსულივნად“, რაზეც ხელისუფლებამ მადლობები გადაიხადა და ოპოზიციამ ხელისუფლებას დასცინა, მაგრამ ამასობაში, ყველას დაავიწყდა, რომ საქართველოა თემა. ყველას დაავიწყდა, რომ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს შეხიდებოდა და ეჩვენებინა, რომ მისთვის საქართველოა თემა, რომ საქართველოში უყვართ საკუთარი თავი და არა _ საქართველო საკუთარი თავისთვის! 

რაც შეეხება პუტინის განცხადებას, რომელიც მას კი არ დაესიზმრა, არამედ მის მომზადებაში სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული, დათო გამცემლიძეს დავესესხები და ისე გეტყვით: რუსეთის უშიშროების საბჭო სპეციალიზებული ლაბორატორიაა და უნდა მივხვდეთ, რომ სპონტანური, ქუჩაში მომზადებული პასუხები საკმარისი არ არის. ის, რაც პუტინმა თქვა, მხოლოდ ხელისუფლების კი არა, არამედ პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკოსისა და თითოეული მოქალაქის პრობლემაა! 

გინდათ, გაგახსენოთ, რა პატრიოტულ ნამუსზე შეგდებას ჰქონდა ადგილი? _ „ომის გეშინიათ, ომს დაიწყებსო''. ჯარები რომ ჰყოლოდა შემოჭრისთვის საზღვართან გამზადებული, ისეთი მოცემულობა შევქმენით, რომ ყველა გონიერი მთავარსარდალი უკან გაიხმობდა. რატომ? _ იმიტომ, რომ პუტინმა მორიგი ომი დაიწყო და ორ წუთში დაასრულა. ომი კიდევ ერთხელ მოგვიგო და ახლა ვიქილიკოთ და ვიდარდიმანდოთ! სხვათა შორის, ნებისმიერი ომის ფინალი ისტორიაა და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!. 

დიახ, მორიგი კრიზისისთვის ჩვენ ისევ მოუმზადებელნი აღმოვჩნდით. პუტინმა ისტორია გადაგვიწერა და რა გაცინებთ, რითი ხართ კმაყოფილები? ეს „უწყინარი“ განცხადება და პასუხად, ისტორია არ იცისო, სიბრიყვეა. ესაა გადაწერილი ისტორია, რომლის მიზანი ძალიან მზაკვრულია, ისტორია, რომლის არსს ოპიზიციამ წაუყრუა, მთავარი კონტექსტი ჩამოაშორა და ცუგცვანგში მყოფ ხელისუფლებას შესტენა. არადა, ისტორია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას ნარატივი ასაზრდოვებს. ეს ნარატივი დახვდება შემდგომ ხელისუფლებებს _ შესაძლოა, მათ, ვინც დღეს დუმს, ან ქილიკობს. 

მოკლედ, ეს არაა თემა, რომელიც ოპოზიციამ ვინმეს უნდა შესტენოს, ხელისუფლებამ კი წაუყრუოს! 

თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ პუტინის განცხადებები მისთვის საამურია და ეს ივანიშვილის დასამარცხებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ცდება! უფრო მეტიც, საკუთარი თავისთვის გამოაქვს ვერდიქტი და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ პრობლემა გადააგორა, ცდება და მასაც საკუთარი თავისთვის გამოაქვს ვერდიქტი. ეს არაა სახელმწიფოებრივი აზროვნება, არც ერთი და არც მეორე მხრიდან! 

ამ ვითარებაში, გვჭირდება ფულის დახარჯვა უცხოურ მედიაში, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ვერ უნდა აღმოჩნდეს წყალგამყოფი ვერც ერთი ქართველისთვის. ახლა ერთად დგომაა საჭირო! 

ისე, რომ შემეძლოს, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მსოფლიოს რომელიმე ლიდერს, საჯარო შეხვედრისას, პუტინისთვის პაატა ქურდოვანიძის „ქართულ აფხაზური ალბომი“ ეჩუქებინა! 

ჩერჩილი მაინც გავიხსენოთ, „უმწეო“ ჩემბერლენის პირობებში როგორ იცავდა ბრიტანეთის ინტერესებს ისე, რომ პოლიტიკური ოპონენტი ერთხელაც არ გაულანძღავს. რატომ? _ ეს ბრიტანეთის სისუსტის დემონსტრირება იქნებოდა. ჩვენთან პირიქით ხდება და ეს მაშინ, როცა უმეტესობას მსოფლიოს ნომერ პირველ პოლიტიკოსად, სწორედ ჩერჩილი მიაჩნია. 

ბოლოს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მივმართავ პოლიტიკოსებს ყველა ფლანგზე, მედიასა და ისტორიკოსებს, ამ თემის გარშემო მაინც გავერთიანდეთ და ნურავის გადავაწერინებთ საქართველოს ისტორიას! 

ასევე, მივმართავ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს _ დღეს ნუ დავკარგავთ საქართველოს წარსულს, ისტორიას. დღის წესრიგი სწორად უნდა განისაზღვროს და მესიჯებიც. 

ჩვენ, ყველას, ახლა საქართველო გვიყურებს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში