Menu
RSS

რა დაგიჯდებათ საქართველოში დასვენება

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ და შეხვდი ზამთარს მშიერი ანუ ფულის შოვნა პატრიოტული მოტივებით

ზაფხული ყველასთვის დასვენებასთან ასოცირდება და გამონაკლისი არც ქართველები ვართ. შესაბამისად, კარგა ხნით ადრე, თუ სპონტანურად დაგეგმილი დასვენების დღეების გატარებას ყველა თავისებურად ცდილობს, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ბევრს გეგმა შეაცვლევინა.

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ _ ეს მოწოდება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველო რუსმა ტურისტებმა დატოვეს და ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლაც აიკრძალა. ექსპერტების გაანგარიშებით, ზარალი ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, უფრო მეტი იქნება. შესაბამისად, რუსი ტურისტების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აღმოსაფხვრელად, მოწოდება _ „გაატარე ზაფხული საქართველოში“, არამარტო ქართულ სინამდვილეში გამოჩნდა. 

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და საელჩოები აქტიურად ეწევიან ამ კამპანიას და სურთ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდონ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ... 

დასვენება, ყველაფერთან ერთად, ნერვების დაწყნარებას და განიავებასაც ნიშნავს ანუ ყველა ცდილობს, რაც შეიძლება კომფორტულად და იაფად დაისვენოს, თუმცა საქართველოში ამის გაკეთება, პრაქტიკულად, გამორიცხულია და ახლავე აგიხსნით, რატომ: 

ინტერნეტში მარტივად იპოვით ევროტურებს და ტუროპერატორები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გეპატიჟებიან. ესპანეთი, ეგვიპტე, თურქეთი _ ეს სამი ქვეყანა ყველაზე პოპულარული და ყველაზე ხელმისაწვდომია. ჰო, ხელმისაწვდომი და, ასე განსაჯეთ, იმდენად ხელმისაწვდომი, რომ ძალიან ჩაგაფიქრებთ ტერმინი _ „გაატარე ზაფხული საქართველოში“. 

მოდით, პატრიოტიზმში ნუ გაგვეჯიბრებით, უბრალოდ, ციფრები ვთქვათ და თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ციფრები არასოდეს ტყუიან. 

არ დავიწყებთ არცერთი ტუროპერატორის ქებასა და რეკლამირებას, უბრალოდ, გეტყვით, რომ რამდენიმე ტურისტული კომპანია 7-დღიან ტურებს, თავისი გადაფრენა-გადმოფრენით, კვებითა და ტურისტული მარშუტებით, სულ რაღაც 1500 ლარად გვთავაზობს ანუ დღეში, დაახლოებით, 200 ლარი. 

ერთადერთი, რაშიც დამატებით თანხას გადახდა მოგიწევთ, იმ ტურისტული სანახაობების ბილეთების ფასია, რომელიც 3-დან 5 ევრომდე მერყეობს ანუ დაახლოებით, 2000 ლარად, მშვიდად შეგიძლიათ ეწვიოთ ბარსელონას, მადრიდს, ქაიროს, ანკარას, სტამბოლს... 

ახლა საქართველოზე ვთქვათ. იგივე სერვისი რომ მოითხოვოთ ჩვენს ქვეყანაში (თანაც, აქ გადაფრენა არ გჭირდება), დღე, მინიმუმ, 200 დოლარი დაგიჯდებათ ანუ 7 დღე _ 1400 დოლარი. შესაბამისად, იმაზე ორჯერ ძვირი, ვიდრე საზღვარგარეთ დასვენება. 

ამასთან ერთად, ისიც ვთქვათ, რომ ქართული ტურიზმის აქილევსის ქუსლი ანუ მომსახურება კვლავ ისეთივეა, როგორიც შარშან, შარშანწინ და იმისწინ იყო. მომსახურე პერსონალის (აბსოლუტური უმრავლესობის) დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს მაშინ, როცა საზღვარგარეთ ამის პრობლემა, უბრალოდ, არ არსებობს _ ყველა გიღიმის, გეფერება, ზუსტად იცის, რომ ასე უნდა მოიქცეს, რადგან მომავალ წელსაც იქით გაგიწიოთ გულმა. 

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ყველა დიდმა, თუ პატარა სასტუმრომ ლოზუნგად _ „გაატარე ზაფხული საქართველოში“ რომ გამოფინა და პატრიოტიზმისკენ მოგვიწოდა, რატომ არის ეს პატრიოტიზმი ცალმხრივი? 

ქართული ჯამაგირის ამბავი ყველაზე კარგად ქართველებმა ვიცით და რამდენი ოჯახია საქართველოში, თუნდაც სრულფასოვანი, ერთკვირიანი დასვენების სანაცვლოდ, 1400 დოლარს რომ გადაიხდის? 

რატომ ღირს პროდუქტი საკურორტო ზონებში, მინიმუმ, სამჯერ ძვირი და რატომ არის ერთი ბოთლი წყლის ფასი ისეთი, თითქოს უკვდავების იყოს? 

ამ პირობებში, ასი პროცენტით უნდა გამორიცხოთ პენსიონერების დასვენება, რადგან 200-ლარიანი პენსიით, ერთი კვირა კი არა, ერთი დღეც ვერსად წავა ის 600 ათასი ადამიანი, ვისაც პენსიონერი ჰქვია. 

თუ პენსიონერი არ მუშაობს და დასვენება მაინც არ სჭირდება? ნურას უკაცრავად, ჰაერის გამოცვლა (თან როგორი ჰაერის) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის და, მით უმეტეს, ასაკიანი ხალხისთვის. 

საკურორტო ზონებში დავრეკეთ და კვების ფასები ვიკითხეთ. ოთხსულიანი ოჯახის დღიური კვება 60-დან 80 ლარამდე გვითხრა, პრაქტიკულად, ყველამ. ჩვენც მინიმუმი ავიღოთ _ 60 ლარი ვიანგარიშოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 დღით წასულ ოჯახს, მხოლოდ კვებაში (საჭმელი რომ არ გააკეთოს და მართლა დაისვენოს), 600 ლარი სჭირდება. უხეშად რომ დავთვალოთ, ოჯახმა დღეში ერთი კილო ხორცი რომ შეჭამოს, 10 დღეში 150 ლარი გამოდის. ამას დაუმატეთ რძის პროდუქტები, ხილი, ცილები, ნახშირწყლები და მეორე 150 ლარიც წავიდა. ჰოდა, ამ დანახარჯს სასტუმროს მეპატრონე ამრავლებს ორზე და იღებს იმ თანხას, რომელსაც ითხოვს ანუ ქართული მიდგომა, რომ სამ თვეში იმდენი უნდა ვიშოვოთ, რომ მთელი წელი გვეყოს, დაახლოებით ისეა, ბანკები თვეში ეფექტურ 7%-ს რომ გვთავაზობენ და წლის ბოლოს, ეს 7% მარტივად რომ ადის 84%-მდე. 

არადა, სწორედ სასტუმროების მფლობელები წუწუნებენ, რომ რუსი ტურისტების ბოიკოტის ფონზე, მათ ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა, გადასახადებს ვეღარ იხდიან, ბანკი ახრჩობს, მაგრამ ამის მიუხედავად, არავის უფიქრია, ფასები დაეწია, ქართულ რეალობაზე მოერგო. 

გვერწმუნეთ, არაერთი დეპუტატი, მინისტრი, უბრალოდ, ჩინოვნიკი აუცილებლად გაატარებს რამდენიმე დღეს ქართულ კურორტებზე, აუცილებლად გადაიღებს ბევრ ფოტოს, დადებს სოციალურ ქსელში, რათა ამით პატრიოტიზმი დააფიქსიროს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად წავა სხვა ქვეყანაში და იმაზე ბევრად იაფად და კომფორტულად დაისვენებს, ვიდრე _ საქართველოში. 

მოწოდება _ შპენდ ყოურ სუმმერ ინ Gეორგია კარგია, მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს რომ გვთხოვთ პატრიოტიზმს, თქვენც გამოიჩინეთ პატრიოტიზმი, ოღონდ ისე კი არა, ერთ-ერთმა სასტუმრომ ხმაური რომ ატეხა, 25%-იანი ფასდაკლება მაქვს ქართველი ტურისტებისთვის და სასტუმროს ნომერი სულ რაღაც 250 დოლარად ქირავდებაო. 250 დოლარი 700 ლარზე მეტია და 700 ლარი ნახევარ საქართველოს ხელფასი არ აქვს. შესაბამისად, ვერც ერთ დღეში გაისვრის მთელი თვის ნაშრომს და ისიც იცის, რომ ზაფხულს შემოდგომა და ზამთარი მოჰყვება, რაც კომუნალური გადასახადების ავტომატურ რეჟიმში გაზრდას ნიშნავს. 

ამიტომ, ერთად ვიყოთ პატრიოტები და ცალმხრივი სიყვარულივით ნუ გამოგვივა ურთიერთობა, ბატონებო!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში