Menu
RSS

„ლოთობა აკრძალულია!“ _ სკანდალური ჩანაწერი ძიუდოს ნაკრების წევრების ხელშეკრულებაში

რა შარში გაეხვა ტულას „არსენალის“ ქართველი მცველი, გია გრიგალავა

ცოტა სასაცილოა, მაგრამ ფაქტია _ ზედიზედ მესამე კვირაა, სპორტის ამბებს ძიუდოთი ვიწყებთ. ახლა კი, ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ვიცინოთ, თუ არა, მაგრამ... ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ძიუდოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრის ხელშეკრულება გადაიხედება და ჩაემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნაკრების წევრებს აეკრძალებათ... ლოთობა! არ ვხუმრობთ და არც ტერმინს ვიგონებთ, ხელშეკრულებაში პირდაპირ ასე ჩაიწერება და ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მინსკის ევროპის თამაშებიდან მომავალი გუნდის რამდენიმე წევრი თვითმფრინავში დათვრა და მუშტი-კრივიც გამართა. მანამდე კი უფრო საინტერესო ოლიმპიურ სოფელში მოხდა, როცა მთვრალმა ძიუდოისტებმა, თურმე, ისე შეაწუხეს სხვა ქვეყნების სპორტსმენები, რომ მათ სამართალდამცავებს გამოუძახეს. რაღა თქმა უნდა, ფედერაციაში ყველაფერი ეს მხოლოდ ნაწილობრივ დაადასტურეს და სხვა დელეგაციების „შეწუხება“, დაახლოებით, ასე ახსნეს: „ნაკრების მთვრალი წევრები გორაობდნენ გაზონზე და ღრიალებდნენ ანუ არავისთან უჩხუბიათ''...

კარგია, რომ არ იჩხუბეს, მაგრამ... რადგან ძიუდოზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ გურიაში არსებული ძიუდოს დარბაზის სახურავის შეცვლის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. იმ ღამეს, სახურავი რომ გადახადეს, კოკისპირული წვიმა წამოვიდა და რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ხომ გააფუჭა, კედლებიც მთლიანად ჩამორეცხა, ახლა შენობა ბოლომდე სარემონტოა, ინვენტარი კი საყიდელი. 

 

*** 

სასიამოვნოდ გაგავაოცეს ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა: ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად თამაშობს ევროტურნირზე, ტირასპოლში „შერიფი“ 3:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად, გაინაღდა. ეს თამაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარ სენსაციად მოინათლა, რადგან „საბურთალოსგან“ ასეთ თამაშს არავინ ელოდა. 

მართალია, წინ თბილისური საპასუხო მატჩია, მაგრამ პრაქტიკულად, გამორიცხულია, „შერიფმა“ 0:3 ამოქაჩოს. 

სტუმრად იმარჯვა საჩხერის „ჩიხურამ“, რომელიც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლუქსემბურგში „ფოლას“ ეთამაშებოდა, 2:1 იმარჯვა და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. 

შემდეგ ეტეპზე გასვლა გაინაღდა თბილისის „დინამომ“. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ანდორულ ენგორდანთან ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა. 

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელმაც ევროთასები მარცხით დაიწყო, ქუთაისის „ტორპედოა“. კახა ჩხეტიანის გუნდმა, ყაზახეთში „ორდაბასთან“ 0:1 წააგო, თუმცა იმის ფონზე, რომ იმერული კლუბი მატჩამდე ორიოდე კვირით ადრე ძირითადი შემადგენლობის ცხრა ფეხბურთელმა დატოვა, ეს შედეგი ნამდვილი გმირობაა. 

ცნობისათვის: ყაზახების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელიც თავის გუნდს, ქუთათურებთან საპასუხო მატჩის სათამაშოდ, მიმდინარე კვირაში ჩამოიყვანს. 

ძალიან საინტერესო რამ მოხდა სწორედ ორდაბასი-ტორპედოს მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე: ქართული კლუბის თავკაცი კახა ჩხეტიანი მშობლიურ ენაზე საუბრობდა, როცა მას ჰკითხეს, რატომ არ საუბრობდა რუსულად, როცა პრაქტიკულად, უაქცენტოდ იცოდა რუსული ენა. 

„რატომ არ ვსაუბრობ რუსულად? იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!“ _ ასეთი იყო ჩხეტიანის პასუხი.

*** 

ალბათ, გახსოვთ, რუსეთში მოთამაშე ქართველმა მორაგბეებმა, მორიგი ლელოს შემდეგ, ცალ თვალზე ხელი რომ აიფარეს. მაშინ ჩვენებურები გუნდიდან გამოუშვეს, თუმცა რამდენიმე დღეში დააბრუნეს. ამის მიუხედავად, რუსული მედია ქართველ ლეგიონერებს გამადიდებელი შუშით აკვირდება და ახლა მორიგ შარში საფეხბურთო კლუბის, ტულას „არსენალის“ მცველი, გია გრიგალავა გაეხვა. რუსული პრემიერლიგის პირველ ტურში, „არსენალი“ საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა, როცა გრიგალავამ შორიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა და გუნდს ქულა გადაურჩინა. გოლის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა ხელით ის ჟესტი გააკეთა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ და ატყდა ერთი ამბავი, ნეტავ, ვის მიუძღვნა ყველაფერი ეს ქართველმა _ ჩვენ, თუ მეტოქე გუნდსო... 

*** 

ცოტა არ იყოს, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ორმა ქართველმა ფეხბურთელმა: მათე ვაწაძე და ლაშა თოთაძე კარიერას უზბეკურ „ქიზილქუმში“ გააგრძელებენ. ვერ გეტყვით, ვინ და საიდან გამონახა ეს ვარიანტები, მაგრამ ისიც უცნაურია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ერთ დროს ეროვნულ გუნდშიც თამაშობდნენ, 4-თვიან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი, რაც საფეხბურთო საზომებით, ძალიან მცირე ვადაა. 

*** 

2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში ტარდება ხოლმე. ამჯერად, მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მამები შეიკრიბნენ, რათა ის 4 ქვეყანა დაესახელებინათ, რომელიც კონტინენტის პირველობას 2021 წელს უმასპინძლებს. ოთხ ვაკანტურ ადგილზე განაცხადი ჩეხეთს, ესტონეთს, იტალიას, გერმანიას, უნგრეთს, სლოვენიას და საქართველოს ჰქონდათ შეტანილი. წილისყრის ცერემონიალს საქართველს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა და როგორც კი საქართველო გამოაცხადეს, ქართული კალათბურთის ჩინოვნიკებთან ერთად, ბავშვივით გაიხარა. წამყვანმა მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გვერდში დგომა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს გარდა, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს, ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებენ. 

სანამ კალათბურთის ფედერაციის პირველი პირები მიუნხენში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ჭიდაობდნენ, 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპირველობის B დივიზიონში შთამბეჭდავი შეხვედრები ჩაატარა და ერთი-მეორის მიყოლებით ჰოლანდიის, სომხეთისა და შვედეთის ნაკრებები დაამარცხა. ამით საქართველოს 20-წლამდელებმა მომავალ ჩემპიონატზე A დივიზიონში თამაშისა და მედლებისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს. ამავე ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა რეკორდიც დაამყარა და მეტოქეს 53-ქულიანი სხვაობით სძლია. ეს მეტოქე კი სომხეთი აღმოჩნდა, რომელსაც ჩვენმა ბიჭებმა 98:46 მოუგეს. 

*** 

კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა და კვ¬ლავ ესპანეთში. ასპარეზზე ამჯერად „ბარსელონა“ გამოვიდა, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოდან“ ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი 120 მილიონ ევროდ იყიდა. 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში, 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც საკმაოდ სოლიდური ჯამაგირია. ახლა სპეციალისტები იმაზე იმტვრევენ თავს, როგორ უნდა ითამაშოს შეტევაში „ბარსამ“, რომელსაც წინა ხაზზე მესი, სუარესი, კოუტინიო, დემბელე და ახლა კიდევ გრიზმანი ჰყავს. 

ცნობისათვის: ბოლო 5 წელიწადში, ტრანსფერებზე დახარჯული თანხების მიხედვით, მსოფლიო ბაზრის ლიდერი, სწორედ „ბარსელონაა“. კატალონიელებმა ხუთწლიანი სატრანსფერო ისტორია ციფრებში ასე ასახეს _ ფეხბურთელების შეძენაში დაიხარჯა 1.08 მილიარდი ევრო, ფეხბურთელების გაყიდვიდან შევიდა 627 მილიონი ევრო. ამ მაჩვენებლით, მადრიდის „რეალი“, რომელზეც ბევრს საუბრობენ ხოლმე, მერვე ადგილზეა და დახარჯული 755 მილიონი ევროს წილ, ფეხბურთელების გაყიდვით 543 მილიონი აქვს მიღებული.

*** 

ახლა კი ერთი საინტერესო ისტორია _ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდი დევიდ მოიესს ჩააბარეს, თუმცა მან ვერ გაამართლა და თანამდებობიდან მალევე გაუშვეს. ჰოდა, „მანჩესტერში“ მუშაობის დროს, უფრო კონკრეტულად კი 2013 წელს, მოიესმა გუნდის ხელმძღვანელებს ვინმე ჰარი მაგუაირის შეძენა სთხოვა. ეს ბიჭი მაშინ 20 წლის იყო და „შეფილდში“ აგორებდა ბურთს. მოიესმა დიდი მცდელობის მიუხედავად, კლუბის შეფებს ის 3 მილიონი ევრო ვერ გაამეტებინა, რომელსაც „შეფილდი“ ითხოვდა. გავიდა ექვსი წელი და „მანჩესტერი“ მაგუაირს მაინც ყიდულობს, ოღონდ ახლა მისი ფასი... 90 მილიონი ფუნტია. მოიესმა კი აშკარად დაამტკიცა, რომ ფეხბურთელების შერჩევა-შემჩნევაში „რაღაც“ გაეგება. 

*** 

უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში ისტორიული ფინალი გათამაშდა. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას, როჯერ ფედერერს ხვდებოდა. მატჩი კი ისტორიული იმიტომ იყო, რომ ის ტურნირის არსებობის მანძილზე, ყველაზე მეტ ხანს, ხუთ საათსა და ორ წუთს გაგრძელდა. დაძაბულ ბრძოლაში სერბმა იმარჯვა და თასთან ერთად 2.5 მილიონიც მიიღო. 

ქალთა ტურნირში კი ფედერერზე არანაკლებ ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა, რუმინელ სიმონა ჰალეპთან მატჩი წააგო. ჩვენ კი გეტყვით, რომ ჩოგნის ქნევით კარიერის მანძილზე ფედერერს 126 266 005 დოლარი აქვს გამომუშავებული, სერენა უილიამსს _ 90 382 096 და, ალბათ, ამიტომაც ეძახიან სპორტის ამ სახეობას მილიონერთა კლუბს. 

*** 

ნაგოია ბაშოს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გამოეთიშა. ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ, ლევანმა აღიარა, რომ ტრავმით ასპარეზობდა და ტკივილს გამაყუჩებელი ნემსებიც ვეღარ უჩრებდნენ. შესაბამისად, ტოჩის უარყოფითი ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სექტემბრის ბაშოზე კოდობანში იქნება ჩაყენებული. მოგეხსენებათ, ლევანი ოძეკის ტიტულის მფლობელია და სექტემბერში გასამართ ბაშოზე დადებით ბალანსს (15-დან მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს) თუ ვერ დააფიქსირებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში