Menu
RSS

რატომ არ მისცეს ქართველ ძიუდოისტებს კანადის ვიზები

„ბიჭებო, „ზადნიში“ რატომ გადართეთ?“ _ ჩვენებურმა ორმა მორაგბემ ანტისაოკუპაციო ჟესტი უკან წაიღო

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ მინსკში დასრულებული ევროპის თამაშებიდან დაბრუნების დროს, თვითმფრინავში, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მგზავრობდა, ინციდენტი მოხდა. უფრო კონკრეტულად კი, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, გიორგი ბაინდურაშვილი ახალგაზრდა ძიუდოისტს, ლუკა მაისურაძეს ფიზიკურად შეეხო. ისიც ვთქვით, რომ ბაინდურაშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია, ცხადია, უარყო.

„ფიზიკური შეხება არ ყოფილა და არც ინციდენტი მომხდარა. ადგილი ჰქონდა დისციპლინარულ გადაცდომას, რაც გამოიხატა ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღებაში. ჩვენ ამ თემაზე გვექნება მსჯელობა და გადავწყვეტთ, რა დისციპლინარული სასჯელი უნდა დავაკისროთ მათ, ვინც ალკოჰოლი ზედმეტი დოზით მიიღო“, _ განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა. 

აბა, რა უფლება გვაქვს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს არ დავუჯეროთ, მაგრამ... ჯიუტად გავიმეორებთ, რომ თვითმფრინავში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. 

 

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი უსიამოვნო ამბავი, რომელშიც ძიუდოს ფედერაცია გაეხვა. გასულ უქმეებზე კანადაში, კონკრეტულად კი ქალაქ მონრეალში, ძიუდოისტთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე უნდა წასულიყო, მაგრამ გუნდს კანადის ვიზები არ მისცეს. ვიზა მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა, მასაჟისტმა და მწვრთნელმა მიიღო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გუნდი საერთოდ არ წავიდოდა. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული _ როგორც გვეუბნებიან, წამსვლელთა სიაში, ნაკრების ოფიციალური წევრების გარდა, რამდენიმე გულშემატკივარი იყო ჩაწერილი, რომლებიც კანადაში ჩასვლის შემდეგ იქ დარჩებოდნენ ანუ ჩვეულებრივი არალეგალი მიგრანტები გახდებოდნენ. 

მოგეხსენებათ, კანადა ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანაა მათთვის, ვისაც მუშაობა სურს, მაგრამ იქ მოხვედრა ძალიან რთულია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ გაუგებარი ხალხის სიაში ჩაწერა იყო კანადელთა მხრიდან უარის მიზეზი. 

სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ეს ადამიანები „ჯიგრულად“ არავის მიჰყავდა და ისიც ვთქვათ, რომ ადრე, სხვადასხვა ნაკრებების დონეზე, არაერთხელ ყოფილა, რომ შეჯიბრზე წასული დელეგაციიდან ნახევარი იქ დარჩენილა, იგივე კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში... 

* * * 

არანაკლებ სკანდალური გამოდგა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბავი. ქართველმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მოსკოვის ,,ლოკომოტივში'' გაატარა, შეკრებაც ამ გუნდთან ერთად გაიარა და მაშინ, როცა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, მოულოდნელად, ყაზანის „რუბინში“ აღმოჩნდა. ეს იმდენად დიდი მოულოდნელობა გახლდათ, რომ კარგა ხანს ჩვენც კი ვერ ვარკვევდით, რა და როგორ მოხდა, სანამ რუსულმა საიტებმა სრული ინფორმაცია არ გაავრცელეს. 

მათი თქმით, 18 წლის ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, უნიჭიერესი ქართველის სანაცვლოდ, „ლოკომოტივს“ თავისთვის 3 მილიონი ევრო მოსთხოვა, ხოლო ფეხბურთელისთვის ერთჯერადად, „პადიომნის“ სახით, ნახევარი მილიონი ევრო მოითხოვა. ამ წინადადებას რკინიგზული კლუბი არ დასთანხმდა, მაგრამ დასთანხმდა „რუბინი“. შესაბამისად, ჯუღელმა 3 მილიონი ევრო მიიღო, კვარაცხელიამ _ 500 ათასი, პლუს, 5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით, თვეში 30 ათასი ევრო დაენიშნა. 

რა უფლება გვაქვს, ფეხბურთელისა და აგენტის ურთიერთობაში ჩავერიოთ, მაგრამ გვგონია, რომ „ლოკომოტივი“ ახალგაზრდა ფორვარდისტვის ბევრად უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. ჯერ ერთი, „ლოკო“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და მეორეც, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერისთვის უდიდესი გამოცდილებაა. 

* * * 

11 ივლისს, ქართული კლუბები ევროპა-ლიგაზე თამაშს იწყებენ. თბილისის „დინამო“ ანდორულ „ენგორდანს“ ხვდება, საჩხერის „ჩიხურას“ მეტოქე ლუქსემბურგული „ფოლა“ იქნება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასის“ ესტუმრება. ერთი დღით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“, რომელიც ტირასპოლში „შერიფს“ დაუპირისპირდება. ყველაზე მძიმე დღეში ქუთათურები არიან, რადგან ჯერ ერთი, ევროთასებზე გასული ქართული კლუბებიდან მეტოქედ ყველაზე ძლიერი გუნდი ერგოთ და მეორეც, ფინანსური კრიზისის გამო, „ტორპედო“ ათმა ფეხბურთელმა დატოვა და ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე _ ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძე, გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. გამოდის, რომ ,,ტორპედო'' ყაზახეთში, პრაქტიკულად, ახალ გუნდს წარადგენს და რამდენად მოახერხებენ ახალბედები ამ დონეზე ასპარეზობას, ერთად ვნახავთ. 

* * * 

საბა ილურიძე და და რევაზ ბროძელი ის მორაგბეები არიან, რომლებიც რუსული კლუბის, „სლავას“ ღირსებას იცავენ. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შიდა ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა ლეგიონერებმა ლელო დადეს, შემდეგ კი ცალ თვალზე ხელი აიფარეს და ასე გამოხატეს მხარდაჭერა თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციისადმი. ეს ჟესტი კლუბის ხელმძღვანელობამ ,,შესაბამისად'' გაიგო და ორივე მორაგბეს კონტრაქტი გაუწყვიტა. მორაგბეები თბილისში მოფრინავდნენ, როცა აეროპორტში მისულებს დაურეკეს და დაბრუნება სთხოვეს. როგორც გაირკვა, საქმეში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე ჩაერია და სიტუაციაც ამის შემდეგ განიმუხტა. ვერ გეტყვით, რაზე მოილაპარაკეს სვანიძემ და „სლავას“ ხელმძღვანელებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველები გუნდში დააბრუნეს, თუმცა... 

„ორივე მორაგბისთვის უკვე შეძენილი იყო თბილისში გასამგზავრებლად ბილეთები, მაგრამ დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი მოგვარდა. ილურიძე და ბროძელი მოსკოვში დარჩნენ. გაურკვეველია, დააკისრებენ თუ არა მათ რაიმე სახის საჯარიმო სანქციას, მაგრამ ისინი გააგრძელებენ კლუბში გამოსვლას, თამაშს რუსეთში და თანხის გამომუშავებას ქვეყანაში, რომელსაც საქართველო აგრესორად მოიხსენიებს. ამაში წინააღმდეგობრივს მოთამაშეები ვერაფერს ხედავენ. 

მათ ხომ განმარტება გააკეთეს. ბროძელმა თქვა, რომ ჟესტი არ იყო პოლიტიკური და ის, უბრალოდ, იმ ადამიანების მხარდასაჭერად იყო, რომლებიც ძალოვანებმა დააზარალეს. რევაზმა ისიც აღნიშნა, რომ მას რუსეთთან პრობლემა არ აქვს, რომ ის ჩვეულებრივი სპორტსმენია და რომ სურს, კარგად ითამაშოს რაგბი. 

ყველაფერი გასაგებია. როგორ უნდა გამოიმუშავო ფული კარგი კონტრაქტით _ უნდა წახვიდე რუსეთში. როგორ უნდა გააკეთო პოლიტიკური ჟესტები _ რუსეთში ყველაფერს გაგიგებენ და გაპატიებენ, მაგრამ როგორც კი რუსეთი პასუხს მოგთხოვს შეხედულებების გამო, იტყვი, რომ არაფერი დაგიშავებია და არასწორად გაგიგეს. მომისმინეთ, ბიჭებო, თქვენ გსურდათ თქვენი პოზიციის გამოხატვა და თქვენ ის გამოხატეთ, ნათლად და გარკვევით. ეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ „ზადნიში“ რაღატომ გადართეთ? შეგეშინდათ ფულის დაკარგვის? თქვენ ხომ კარგი მორაგბეები ხართ. მოძებნიდით სხვა ქვეყანაში სხვა კლუბს და არც რუსეთის საწინააღმდეგო ჟესტებზე ინაღვლებდით. საბოლოოდ, პოლიტიკურ ჟესტზე პატიების ჟესტით უპასუხეს და ყველა დამშვიდდა. დიდი ხნით?“ _ ასე გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ანდრეი შიტიხინი მომხდარს და პირობაც დადო, ამ ბიჭებს აღნიშნულ ამბავს არაერთხელ მწარედ შევახსენებო. 

* * * 

37 წლის როჯერ ფედერერი გულშემატკივართა გაოცებას ისევ განაგრძობს. უიმბლდონის მერვედფინალში გასვლით, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა _ პირველი ის, რომ არავინ გასულა უიმბლდონის მერვედფინალში 17-ჯერ და მეორე, დიდი მუზარადის ტურნირებზე ეს ფედერერის 350-ე გამარჯვებაა, რაც აქამდე არავის მოუხერხებია. 

რადგან ფედერერზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ მან სპორტის ამ სახეობაში, პრაქტიკულად, რევოლუცია მოახდინა, რადგან ასეთ ასაკში, ასეთი შედეგებით ვერავინ დაიკვეხნის. ესეც არ იყოს, შვეიცარიელმა მხოლოდ მიმდინარე წელს, ჩოგნის ქნევით, 4 260 013 დოლარი გამოიმუშავა. ოფიციალური საიტის ცნობით, ეს არ არის წლევანდელი მონაგარის ბოლო გაჩერება, რადგან როჯერს აუცილებლად დაემატება უიმბლდონის თანხები. შედარებისთვის გეტყვით, რომ ოფიციალური ცნობით, რეიტინგის მე-16 ნომრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წლევანდელი მონაგარი 627 392 დოლარია. 

* * * 

კავაი ლეონარდი ის კაცია, ვინც NBA-ს წლევანდელი სეზონი, ისტორიაში პირველად, ტორონტოს მოაგებინა. სეზონის დასრულებასთან ერთად, ლეონარდს კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და დიდი თხოვნის მიუხედავად, მან დარჩენა არ ისურვა. ლეონარდის აგენტმა ორ ლოსანჯელესურ კლუბთან _ „ლეიკერსთან“ და „კლიპერსთან“ წამოიწყო მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, 28 წლის კალათბურთელის მადა „კლიპერსმა“ დააკმაყოფილა. ლეონარდი მომდევნო ოთხ სეზონს სწორედ „კლიპერსში“ გაატარებს და თითოეული სეზონის, სანაცვლოდ 35,5 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც საერთო ჯამში, 142 მილიონია. ეს მხოლოდ ხელფასია, სარეკლამო შემოსავალი კი ამ თანხის ნახევარი მაინც იქნება. 

* * * 

რადგან რეკორდულ თანხებზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქ¬ვათ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მაურინიოს ჩინურმა „გუანჯოუ ევერგრანდმა“ ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზა. ჟოზეს, ჩინურ კლუბში გასატარებელი 3 სეზონის სანაცვლოდ, საერთო ჯამში, 100 მილიონიან ჯამაგირს დაჰპირდნენ, მაგრამ მაურინიომ უარი განაცხადა, აქაოდა, ფული ისედაც ბევრი მაქვს, პრესტიჟული სამუშაო მინდაო. ის რომელიმე ევროპული გრანდის წინადადებას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ხვდება, სად შეიძლება დასაქმდეს მაურინიო. პრაქტიკულად, ყველა წამყვან ევროპულ კლუბს მთავარი მწვრთნელი უკვე ჰყავს და მაურინიოს კულუარებშიც კი არავინ ახსენებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში