Menu
RSS

გაიყიდა თუ გაუქმდა მწერალთა სახლი

რა ორგანიზაცია იფუნქციონირებს მწერალთა სახლის შენობაში, რატომ აანონსებს ნატა ლომოური სამართლებრივ ბრძოლას და რა პასუხი აქვს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბრალდებებზე

 

„მწერალთა სახლის“ გაუქმებისა და მისი გაყიდვის შესახებ საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და სოციალურ სივრცეში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ეს თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა (საპროტესტო აქციებმა) გადაფარა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების მიღმა დარჩა. „ნიუსვიკმა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „მწერალთა სახლის“ ადმინისტრაციას, მის რედაქტორ-მენეჯერ ნატა ლომოურსა და „მწერალთა სახლში“ განთავსებულ კაფე „ლიტერას“ მფლობელსა და შეფმზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძეს მიმართა. 

„მწერალთა სახლი“, როგორც სსიპ-ი (საჯარო სამართლის იურიდული პირი), განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბრძანებულებით გაუქმდა. „ნიუსვიკმა“ გაარკვია, რომ მწერალთა სახლის შენობას გაყიდვის საფრთხე არ ემუქრება და იქ კვლავ გაგრძელდება სალიტერატურო და საგანმანათლებლო საქმიანობა. 

რას აცხადებენ გაანთლებისა და კულტურის სამინისტროში, რას ამბობს „მწერალთა კავშირის“ აწ უკვე ყოფილი დირექტორ-მენეჯერი და რა ბედი ელის კაფე „ლიტერას“ _ ყველაფერ ამას, „ნიუსვიკის“ მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებული მასალებიდან გაიგებთ.

„მწერალთა სახლის“ გაუქმების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ასევე, „მწერალთა სახლის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: „მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია _ „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში“. 

ამასთან, როგორც „მწერალთა სახლის“ აწ უკვე ყოფილი დირექტორ-მენეჯერი, ნატა ლომოური „ნიუსვიკთან“ საუბარში აცხადებს, „მწერალთა სახლის“ გაუქმების გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ ზურგს უკან მიიღო. 

როგორც ლომოური აღნიშნავს, ვიდრე სამინისტრო „მწერალთა სახლის“, როგორც სსიპ-ის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებდა, შეთანხმდნენ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, სსიპ-ების გამსხვილებამდე, „მწერალთა სახლის“ ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გაიმართებოდა და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, თუ რა სახით გაგრძელდებოდა ფუნქციონირება: 

„განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ორი სსიპ-ის _ მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. მათ უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის განვითარების ეროვნული ფონდი. რომ ამბობენ, არ გაუქმდა „მწერალთა სახლიო“, სიმართლე არ არის, რადგან იურიდიული ფორმა, როგორც სსიპ „მწერალთა სახლი“, აღარ არსებობს, გაუქმებულია. 

ის, რომ შენობა იყიდება, ან ქირავდება, სიმართლეს არ შეესაბამება. დეკლარირებულად, ფურცელზე ისევ წერია, რომ შენობა კვლავ მოემსახურება ლიტერატურას, მწერლობას და ა.შ. აქ ორივე ორგანიზაციის დებულებაა ,,გადმოკატავებული'', რაღაც ამოვარდა, რაღაც დაემატა, მაგრამ ჩვენი მთავარი პრეტენზია და მოთხოვნა ისაა, რომ ჩვენ, თანამშრომლებს დაგვპირდნენ _ ახალი სტრუქტურის შემუშავებაში ჩაგრთავთო. გვითხრეს, რომ აპირებდნენ „მწერალთა სახლის“ გაუქმებას, ძალიან მალე დაგვიძახებდნენ და საკუთარ ხედვას გაგვაცნობდნენ. თუმცა ყოველგვარი ხედვებისა და აზრების გაცვლა-გამოცვლის გარეშე, სამინისტრომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

რაც შემეხება მე, აღარ ვმუშაობ, აქ ჩემი ადგილი აღარ არსებობს! ავტომატურად გამიუქმდა „მწერალთა სახლის“ დირექტორ-მენეჯერის თანამდებობა. ახლა უკვე, ახალ სრუქტურაში, ახალი პოზიციის დასაკავებლად ვიყავი გასაუბრებაზე, როგორც რიგითი თანამშრომელი და არა, რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ან მოადგილე. ყველა ეს ადგილი უკვე გადანაწილებულია, თანამდებობებზე უკვე დანიშნულები არიან, მაგრამ არა ჩვენი ორგანიზაციებიდან _ „მწერალთა სახლიდან“ და „წიგნის ცენტრიდან“. გავაპროტესტე, თუ რატომ არ დაინიშნა ჩვენი თანამშრომელი, როდესაც შრომის კოდექსის მიხედვით, პრიორიტეტი ჩვენ გვეკუთვნის“, _ აცხადებს ნატა ლომოური. 

„ნიუსვიკის“ კითხვაზე, ახლადშექმნილ „ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდში“ არსებულ დეპარტამენტებში, თანამშრომლები და უფროსები გასაუბრებით შეირჩნენ თუ არა, ლომოური პასუხობს, რომ ისინი ყოველგვარი გასაუბრებისა და შერჩევის გარეშე დანიშნეს: 

,,ჩემმა გასაუბრებამ შედეგი არ გამოიღო. აუცილებლად ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას. კონკრეტულად ჩემს მიმართ, შრომითი უფლებები დაირღვა. როგორც ვიცი, ბევრი რამ არასწორად გაკეთდა და ამ ნაწილსაც მოვიცავ. ასევე, ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ჩართვასა და იურისტების გვერდში დაყენებას. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ! კაბინეტებში მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჰკითხეს არც ერთ მწერალსა და გამომცემელს ამის შესახებ. მწერალთა სახლიცა და წიგნის ცენტრიც უამრავი კონსულტაციის გავლის შედეგად შეიქმნა. 2011 წელს, „მწერალთა სახლის“ დირექტორად დავინიშნე და უნდა გენახათ, აქაურობა რა მდგომარეობაში იყო, ამ დრომდე რა გავაკეთე და რამდენი ვიმუშავე... არავინ აგვიხსნა, რა საჭირო იყო ორი, ძალიან წარმატებული ორგანიზაციის გაუქმება, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ აქვთ მენეჯმეტში, არ არიან კორუფციაში მხილებულნი და ამასთან, ძალიან დიდი ნდობა აქვთ მწერლებისგან. ეს გადაწყვეტილებები მიღებულია განათლებისა და კულტურის სამინისტრში. განათლების მინისტრი, გიორგი ბატიაშვილი, ჩემი 4-თვიანი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ მხვდება მიუხედავად იმისა, რომ ყველა ახლად დანიშნული მინისტრი მოდიოდა „მწერალთა სახლში“, პროტოკოლით გათვალისწინებული ვიზიტის ფარგლებში'', _ აცხადებს ლომოური. 

ნატა ლომოურმა აღნიშნა, რომ ,,ლიტერატურის ეროვნული ფონდის'' დირექტორს, ირმა რატიანსაც შეხვდა: 

,,ვთხოვე რატიანს, რომ მოეთხოვა და გადაეხედა სტრუქტურისთვის იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისიც მოატყუეს, როდესაც დაახვედრეს სტრუქტურა, რომელიც თითქოს ჩვენთან იყო შეთანხმებული. როგორც თვითონ ამბობს უთხრეს, რომ ყველაფერი დალაგებული და შეთანხმებული ჰქონდათ ორივე ორგანიზაციასთან, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ფონდში შეიქმნა სამი დეპარტამენტი _ სტრატეგიული განვითარების, ადგილობრივი პროექტებისა და ადმინისტრაციული, სადაც როგორც უკვე აღვნიშნე, მე არ მოვიაზრები. როგორც რატიანმა განმიცხადა, მას თავიდან ბოლომდე, სწორედ ამ ფორმით დალაგებული სტრუქტურა დაახვედრეს. ვფიქრობ, ასეთი გაუმჭვირვალე პროცესი განათლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიმართულ პროცესებს დაშლის და დაასუსტებს, საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევა. ვფიქრობ, ეს იმ დიდი აქციის ნაწილიცაა, და სწორედ ამიტომ აქვს ჩვენს ქეისს ასეთი დიდი გამოხმაურება“, _ აღნიშნავს ნატა ლომოური. 

„მწერალთა სახლში“ მდებარე კაფე „ლიტერას“ მფლობელი და შეფმზარეული, თეკუნა გაჩეჩილაძე, სოლიდარობას უცხადებს „მწერალთა სახლის“ ადმინისტრაციას და აღნიშნავს, რომ „მწერალთა სახლის“, როგორც სსიპ-ის გაუქმება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კაფე „ლიტერას“ მწერალთა სახლში არსებობასაც: 

„ჩვენი კაფე პირდაპირ კავშირშია „მწერალთა სახლთან“ იქიდან გამომდინარე, რომ „მწერალთა სახლისგან“ ვქირაობთ ფართს. შესაბამისად, ჩვენი კაფეს არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „მწერალთა სახლი“ კულტურის სამინისტროს ბრძანებულებით გაუქმდა. პირველივე დღიდან, „მწერალთა სახლთან“ ერთად, კაფე ,,ლიტერამ'' შექმნა ყველა ის პირობა, რომ აქ მოსულ სტუმრებს თავი კომფორტულად და სასიამოვნო გარემოში ეგრძნოთ, ახლა კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუკი ახალი ფონდის კეთილი ნება და სურვილი იქნება, კაფე „ლიტერა“ გააგრძელებს თანამშრომლობასა და მუშაობას. „მწერალთა სახლი“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რომელსაც მართავს კულტურის სამინისტო, ხოლო მფლობელი სსიპ „მწერალთა სახლია“, რომელიც გაუქმდა“. 

 

„მწერალთა სახლის“ გაუქმებისა და ახალი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი, ირმა რატიანი, რომელიც ,,მწერალთა სახლის'' გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს. მისი თქმით, მწერალთა სახლი არათუ უქმდება, არამედ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი ქართულ საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლება და მსოფლიოში ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა: 

„... თავისი ისტორიიდან გამომდინარე, მწერალთა სახლს ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო, მინდა, ყველა დაგამშვიდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი. 

„მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებითა და რესურსებით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ განვმარტავთ, სიცრუეა ინფორმაცია, რომ მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა. ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი. ახალი, გაერთიანებული და გაძლიერებული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, სწორედ მწერლების სამსახურში, „მწერალთა სახლში“ იქნება! 

ფონდის მთავარი მიზანია, წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ის აერთიანებს ყველა იმ აქტივობასა და ფუნქციას, რაც აქამდე ეკისრებოდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, მწერალთა სახლს და სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამების სამსახურს, თუმცა ფონდის მისია კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება. 

ასე რომ, გაერთიანების შემდეგ, ლიტერატურის ფონდი, უკვე არსებული და დამატებული ფუნქციებით, სწორედ მწერალთა სახლში დაიწყებს თავის ფუნქციონირებას. ორივე სსიპ-ის თანამრომლები აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, მათი რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული. მე შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ ლიტერატურაზე, მის პოპულარიზაციაზე და საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაზე!“ 

ამასთან, „ნიუსვიკს“ განათლებისა და კულტურის სამინისტროდან მოაწოდეს დოკუმენტი, სადაც საუბარია კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ორგანიზაციების, გაერთიანებისა და მოდერნიზების შესახებ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება, რაც საფრთხეს არ უქმნის „მწერალთა სახლის“ შენობასა, თუ მის არსებით დატვირთვას. 

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ-ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება. 

გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები, შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად“, _ აღნიშნულია დოკუმენტში. 

,,ნიუსვიკი'' სამინისტროში განხორციელებულ სხვა, ამ ტიპის ცვლილებებსაც გთავაზობთ: 

,,სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმს; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თემატურად ერთიანდებიან სსიპ-ები _ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; 

სსიპ „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს; 

სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე, სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება. ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების 

მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით; სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმები''. 

ბაჩო ტურაშვილი „ნიუსვიკი“

დაბრუნება დასაწყისში