Menu
RSS

ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ახალგაზრდა სპორტსმენს თვითმფრინავში ფიზიკურად გაუოსწრდა

გაუხმაურებელი სპორტული სკანდალი და ქართული ფეხბურთის სამი საინტერესო ტრანსფერი

ბელორუსში მიმდინარე მინსკის ევროპული თამაშები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, საერთო ჯამში, 30 მედალი მოიპოვა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ გაცილებით მეტი შეიძლებოდა. ჩვენი დელეგაცია კრივში სახილ ალახვერდოვის ოქროს მისტირის _ სახილმა ფინალი მტკივანი ხელით ჩაატარა და იმის მიუხედავად, რომ ორი ნემსი გაიკეთა, ტკივილგამაყუჩებელმა არ უშველა. ალახვერდოვმა ვერცხლი კი მოიპოვა, მაგრამ ტრავმა იმდენად გაიმიზეზა, დიდი შანსია, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი გამოტოვოს. 

ქართულ დელეგაციას გული სწყდება იაკობ ქაჯაიას წაგებული ფინალის გამო, ვარლამ ლიპარტელიანის ფინალში მარცხისა და ნინო ოძელაშვილის მიერ სამბოში ტრავმის გამო წაგებულ ოქროზეც. 

რაც შეეხება მედლებს, სამბო _ ოქროს მედალი: ვახტანგ ჩიდრაშვილი, ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი დავით ლორიაშვილი; ვერცხლის მედალი: მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე; ბრინჯაოს მედალი: გივი ნადარეიშვილი, გეგა ჩირგაძე, პაატა ღვინიაშვილი, ბექა ბერულავა. 

ძიუდო _ ოქროს მედალი: ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი; ვერცხლის მედალი: ვარლამ ლიპარტელიანი; ბრინჯაოს მედალი: ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბაგრატ ნინიაშვილი. 

ტყვიის სროლა _ ბრინჯაოს მედალი: ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი (წყვილთა თანრიგი). 

ბატუტზე ხტომა _ ვერცხლის მედალი: ლუბა გოლოვინა. 

თავისუფალი ჭიდაობა _ ვერცხლის მედალი: გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; ბრინჯაოს მედალი: ავთანდილ კენჭაძე, ელიზბარ ოდიკაძე. 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა _ ვერცხლის მედალი: იაკობ ქაჯაია, შმაგი ბოლქვაძე; ბრინჯაოს მედალი: დათო ჩხარტიშვილი. 

კრივი _ ვერცხლის მედალი: სალიხ ალახვერდოვი; ბრინჯაოს მედალი: ოთარ ერანოსიანი. 

კარატე _ ბრინჯაოს მედალი: გოგიტა არქანია. 

ყველაფერი ეს კარგი, მაგრამ ისე როგორ იქნებოდა, საქართველოს დელეგაციას თავი ბოლომდე არ ,,ესახელებინა''. ჩვენ ხომ ასე გვჭირს, ყოველი დიდი ტურნირის შემდგომ, ისეთი რამ უნა ვქნათ, რაც მერე საერთაშორისო თუ შიდა ასპარეზზე თავს გვჭრის. 

მოკლედ, ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, როცა ძიუდოისტთა ნაკრები უკან ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ჩხუბი ატყდა და ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, გიორგი ბაინდურაშვილი ახალგაზრდა ძიუდოისტს, ბრინჯაოს მედლის მომგებ ლუკა მაისურაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. 

როგორც ფაქტის თვითმხილველები გვეუბნებიან, კონფლიქტი მწვრთნელმა დაიწყო და ის იმ დროს ნასვამი გახლდათ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ძიუდოისტები მორიგ სკანდალში ეხვევიან და არ არის პირველი შემთხვევა, როცა გვეუბნებიან, რომ ყველაფერი სიმთვრალის გამო ხდება. 

ან ალკოჰოლი დაუმალეთ ამ ხალხს, ან ვისაც მთვრალს ნახავთ, გააგდეთ ნაკრებიდან. რა უბედურებაა, რომ ყოველთვის ძიუდოისტთა ნაკრების ან წევრები, ან მწვრთნელები ხან ჩხუბობენ, ხან იპარავენ, ხან აწონვაზე აგვიანებენ და ხანაც კიდევ გაუპატიურებისთვის აკავებენ (იყო ასეთიც თავის დროზე)?! 

ძალიან გვინდა, გვჯეროდეს, რომ აღნიშნულ ინციდენტს ძიუდოს ფედერაცია არ მიჩქმალავს და შიდა მოკვლევის შემდეგ, დამნაშავეს უმკაცრესად დასჯის. 

ჰო, ეს 30 მედალი საქართველოს საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილისთვის ეყო, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არაა თუნდაც იმიტომ, რომ 50 მონაწილე ქვეყანას შორის, ყველაზე დაბალი მშპ სწორედ საქართველოზე მოდის. 

*** 

ახლა ქართველთა მოუშუშებელ ტკივილზე ანუ ქართულ ფეხბურთზე გადავიდეთ. ჩემპიონთა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები კარს მოგვადგა და, სიმართლე გითხრათ, არავინ იცის, რა მოხდება. 

მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყნის რანგით მეორე კლუბი, ქუთაისის ,,ტორპედო'', პრაქტიკულად, დაიშალა. გუნდი ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელმა დატოვა, მთლიანად კი იმერული გუნდიდან 11 ფეხბურთელი წავიდა და დანარჩენებსაც გაქცევაზე უჭირავთ თვალი. 

„სამწუხაროდ, საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ ფოთის „კოლხეთი 1913“, დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რადგან გასულ სეზონში, რბილად რომ ვთქვათ, გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო, მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება. უპირველეს ყოვლისა, უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში, 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწადნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება, რაც ბუნებრივია, გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი მაინც გადასახდელი დარჩება. 

ასევე, 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება, რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში, გუნდს სავარაუდოდ, ისევე, როგორც გასულ სეზონში, 6 ქულით დააჯარიმებენ, რაც დაგვეთანხმებით, კატასტროფის ტოლფასია“, _ ეს განცხადება ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. 

პრინციპში, რაღა ხელმძღვანელობამ, გუნდი გენერალურმა დირექტორმა, ნიკო ჯაშმა 11 ივნისს დატოვა და ეს თანამდებობა... მთავარ მწვრთნელმა, სოსო ფილიამ შეითავსა. 

იცით, რა ვერ გავიგეთ? _ ფეხბურთის ფედერაცია ამბობს, კლუბებს სოლიდურ თანხებს ვაძლევთ, თუ საგარანტიო ფული არ ექნებათ, რომლებიც ხელფასებს მთელი სეზონის განმავლობაში გაისტუმრებს, ისე ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევო და ხომ ვერ აგვიხსნიან, რა ხდება? სად არის ის გარანტირებული სახელფასო ფონდი ან ფედერაციის მიერ გაღებული თანხები? 

ჟურნალისტური გამოძიება უკვე დაწყებული გვაქვს და უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ, სად მიდის თანხები და რასთან გვაქვს საქმე. 

იმ სქემასაც გეტყვით, როგორ ბრუნდება კლუბებში გადარიცხული თანხები ისევ ფედერაციაში და რატომ წუწუნებენ კლუბების მფლობელები კულუარებში და არა _ საჯაროდ. 

*** 

საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა ქართულ ფეხბურთში _ ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი პოლონური ,,იაგელონიას'' საკუთრებაა. ლუკა ჯარის წესით გორის ,,დილაში'' თამაშობდა, თუმცა გასულ კვირას შიდაქართლელებს დაემშვიდობა და კარიერას ესპაური პრიმერადივიზიონის ,,გრანადაში'' გააგრძელებს. 

,,გრანადა'' უძლიერესთა შორის წელს დაბრუნდა და მართალია, ლუკას ნომერ პირველ მეკარედ ამ ეტაპზე არ განიხილავენ, მაგრამ მას თასზე უნდა ჰქონდეს თავის გამოჩენის შანსი და, ესეც არ იყოს, იმ ლიგაში თამაში, სადაც ,,რეალი'' და ,,ბარსელონა'' ასპარეზობენ, ძალიან ბევრს ნიშნავს. 

ყაზანურ ,,რუბინთან'' 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა 18 წლის ზურიკო დავითაშვილმა. ზურა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, სულიკო დავითაშვილის (აბრეზა) შვილია და მისთვის საქართველოდან რუსულ პრემიერლიგაში გადასვლა ძალიან დიდი ნაბიჯია. 

რუსეთის პირველობა 15 ივლისს იწყება და დავითაშვილის ,,რუბინი'' პირველ ტურში საბა კვირკველიას და ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის ,,ლოკომოტივს'' ხვდება. 

2006 წელს, 16 წლის ლევან მჭედლიძე სერია ,,ემპოლიში'' გადავიდა და მაშინ მასზე, როგორც ჩვენ, ისე იტალიელები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ლევანს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ვერ მისცა. 13-წლიანი კარიერის განმავლობაში, ლევანმა იტალიაში გამართულ 152 მატჩში 19 გოლი გაიტანა. 30 ივნისს, მას კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. 

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალ სეზონში ბელგიური „გენტი“ სამი გიორგით შეუტევს. გიორგი ჩაკვეტაძე პოსტოპერაციულ პერიოდს გადის, გიორგი ბერიძე და გიორგი ქვილითაია კი ფორმაში არიან და წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებს თამაშობენ. ბერიძემ 4 გოლის გატანა მოახერხა, ქვილითაიამ _ ერთის და, როგორც ბელგიური მედია იუწყება, გუნდი ქართველებზე დიდ იმედებს ამყარებს. 

ბერძნულმა „პერისტერმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ილიას ზუროსი დაინიშნა. არადა, ზუროსი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი მწვრთნელი გახლავთ და შესაბამისად, ეს დანიშვნა გაგვიკვირდა, თუმცა შემდეგ ფედერაციამ გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ ყველაფერი მათთან შეთანხმებით მოხდა და ზუროსს საკლუბო საქმე სანაკრებოში ხელს არ შეუშლის. 

*** 

ცუდი ამბავია იტალიური „მილანის“ გულშემატკივართათვის. ფინანსური „ფეარ პლეის“ პრინციპების დარღვევის გამო, უეფამ „მილანი“ ევროტურნირებიდან მოკვეთა. იტალიურმა გრანდმა ანალოგიური სასჯელი შარშანაც მიიღო, მაგრამ წარმატებული აპელაციის შემდეგ, ევროპა ლიგაში თამაში შეძლო. ამჯერად, ეს აღარ გამოვა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მილანის“ ადგილს იტალიის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული „რომა“ დაიკავებს, ხოლო სერია A-ს მეშვიდეადგილოსანი „ტორინო“ ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში