Menu
RSS

განქორწინება, რომელიც 27 წლის ბეისბოლისტს 700 მილიონი დაუჯდა

დაბრუნდება თუ არა კონორ მაკგრეგორი რინგზე და რატომ დასაჯეს გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით

გასულ კვირას სპორტული სამყარო ლეგენდარული მოჩხუბრის, კონორ მაკგრეგორის განცხადებამ გააოცა. მაშინ, როცა ყველა ელოდა, რომ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშის აღებას შეეცდებოდა და ამ ბრძოლისთვის მოემზადებოდა, ირლანდიელმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. არადა, მაკგრეგორი ჯერ მხოლოდ 30 წლისაა და, წესით, 2-3 წელი ჩხუბი კიდევ თავისუფლად შეეძლო, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა გახლავთ და თითო ჩხუბში, მინიმუმ, 10 მილიონს იღებს. მოკლედ, კონორი წავიდა და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, განცხადებაში სწორედ ასე უწერია, მაგრამ ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ კონორმა დაბრუნება, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ჩხუბისთვის ინებოს და სანაცვლოდ 100 მილიონი მოითხოვოს, რასაც... აუცილებლად გადაუხდიან.

მაკგრეგორის ამბავი გაციებულიც კი არ იყო, როცა სპორტული სამყარო სხვა თემაზე გადაერთო. დარწმუნებული ვართ, მაიკ ტრაუტის სახელი და გვარი საქართველოში უმრავლესობას არაფერს ეუბნება. ეს ბიჭი აშშ-ში, ბეისბოლის გუნდ ,,ლოს ანჯელეს ენჯელსში'' თამაშობს, 27 წლისაა და გუნდთან კონტრაქტი კიდევ 12 წლით გაახანგრძლივა ანუ ტრაუტი 39 წლამდე აპირებს თამაშს და რაც მთავარია, ამ 12 წელიწადში, 430 მილიონ დოლარს მხოლოდ ხელფასის სახით მიიღებს. 

ეს მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია და თუ ამ თანხას იმ სარეკლამო შემოსავლებსაც დავუმატებთ, რომელიც ტრაუტს მრავლად აქვს, 40 წლის ასაკში, აშშ-ს მისი სახით კიდევ ერთი მილიარდერი შეემატება. 

შეგახსენებთ, რომ პირველი სპორტსმენი, ვინც საკუთარი შრომით მილიარდი იშოვა, გოლფისტი ტაიგერ ვუდსი გახლდათ. მან ქონება, ლამის 25-წლიანი კარიერის განმავლობაში დააგროვა და ძირითადად _ სარეკლამო შემოსავლებით, თუმცა ტაიგერს მილიარდით ტკბობა დიდ ხანს არ დასცალდა _ ცოლმა ღალატში გამოიჭირა, დაშორდა და საქორწინო კონტრაქტის თანახმად, თანხის უდიდესი ნაწილი, 700 მილიონი წაიღო. 

საინტერესო შემთხვევა მოხდა არგენტინაშიც: როზანა პაცი ქალისთვის თითქოს უჩვეულო პროფესიას, მსაჯობას მისდევს და ერთ-ერთი შეხვედრა მისთვის ცუდად დასრულდა. არგენტინის ქვედა დივიზიონის შეხვედრაში, როზანა გვერდითა არბიტრად მსაჯობდა და გულშემატკივრებს მისი რამდენიმე გადაწყვეტილება არ მოეწონათ. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, როზანას სახეში ცხელი წყალი შეასხეს. მართალია, ქალი ამტკიცებს, სახე დამეწვა და შესაბამისი ცნობაც მაქვსო, მაგრამ იმ გუნდის პრეზიდენტი, რომლის გულშემატკივრებმაც აღნიშნული საქციელი ჩაიდინეს, ამბობს, რომ როზანა ტყუის, რადგან მატჩის მიწურულს, ფანები სტადიონზე ვერ მიიტანდნენ მდუღარე წყალს. მომხდარს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი სწავლობს. 

,,ვაშინგტონმა'' არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო სტენლის თასი. შესაბამისად, ჰოკეის მთელი გუნდი თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მიიწვიეს და ყველაფერი ხმაურის გარეშე ჩაივლიდა, რომ არა ერთი ,,უხერხულობა'' _ ,,ვაშინგტონის'' კაპიტანი, რუსულ რაკეტადწოდებული ალექსანდრ ოვეჩკინია, რომელიც ვლადიმირ პუტინის უახლოეს მეგობრად ითვლება. ჰოდა, ტრამპი იძულებული იყო, ყველაზე მეტჯერ ხელი სწორედ ოვეჩკინისთვის ჩამოერთმია, სურათებშიც სწორედ მის გვერდით დამდგარიყო და ზოგადად, წარმატებაზე, რომელშიც ოვეჩკინს ლომის წილი მიუძღვის, ყველაზე ხშირად მასთან ესაუბრა. 

ამერიკელმა ექსპერტებმა თეთრ სახლში ოვეჩკინის ვიზიტი პუტინის ვიზიტსაც კი შეადარეს... 

როგორც ქართველებს, ისე ყაზახებს აქვთ საკუთარი ეროვნული ჭიდაობა და მას მსოფლიო ,,ყაზახ-კურეშის'' სახელით იცნობს. ყოველწლიურად, ყაზახები მსოფლიოს უძლიერეს ფალავნებს იწვევენ ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და სოლიდურ პრემიებსაც აწესებენ. შარშან, ზამთარში, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა გასული წლის მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმაც მიიღო და ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივ მოჭიდავესთან დამარცხდა. თითქოს არც არაფერი, მაგრამ... 

,,იმ ძიუდოისტს, რომელიც მსოფლიოს რეიტინგშია, აკრძალული აქვს სხვა ძალისმიერ სახეობაში მონაწილეობის მიღება და ეს წესი იცის ყველამ. რადგან გურამ თუშიშვილმა აღნიშნული კანონი დაარღვია, ის ორთვიანი დისკვალიფიკაციით ისჯება'', _ ეს განცხადება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გააკეთა. შედეგად, გასულ უქმეებზე, თბილისი გრან-პრიზე თუშიშვილმა ვერ იჭიდავა. არადა, საქართველოს დედაქალაქს ამ ტურნირში მონაწილეობისთვის 55 ქვეყნის 429 ძიუდოისტი ესტუმრა და ქართველ გულშემატკივარს თუშიშვილის გამოსვლის ნახვა ძალიან სურდა, თუმცა... 

,,მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. საქმე ისაა, რომ ამ აკრძალვის შესახებ არაფერი ვიცოდი, თორემ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მივიღებდი'', _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში თავად თუშიშვილმა გაავრცელა. 

რა გამოდის? _ სპორტსმენმა არ იცოდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესები და აკრძალვები, რაც როგორც უშუალოდ მისი, ისე ფედერაციის ბრალიცაა. 

საბედნიეროდ, გურამს უახლოეს ორ თვეში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი არ უწევს, თორემ მისი გამოუსვლელობა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, თანაც მაშინ, როცა პრაქტიკულად, ნებისმიერი ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულებს იძლევა. 

ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნულ ტურნირზე საჭიდაოდ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, უკრაინელი დარია ბილოდიდიც ჩამოვიდა, ფინალამდე ტრიუმფალურად იარა, ფინალში კი მოულოდნელად, ფრანგ მელანი კლემენტთან დამარცხდა. 

გასულ კვირას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წაგების შესახებ დავწერეთ და მედი გვქონდა, რომ ახლა მოგებაზე მოგვიწევდა წერა. საქმე ისაა, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ირლანდიას სტუმრობდა და იმის მიუხედავად, რომ ირლანდიელებთან გამართული 9 შეხვედრიდან, 8 მარცხი და 1 ფრე გვქონდა, ამჯერად წარმატების იმედად ვიყავით. მიზეზი მარტივი იყო _ მარცხი საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევიდან ფინალურ ეტაპზე მოხვედრის პრაქტიკულ შანსებს უნულებდა და მეორეც, ირლანდიელებს კარგა ხანია, ასეთი სუსტი გუნდი არ ჰყოლიათ. ნავსი ვერც ამჯერად გავტეხეთ, ჩვენმა გუნდმა ისევ წააგო და ორი შეხვედრიდან ნული ქულითა და ამდენივე გატანილი გოლით, ჯგუფში ბოლო ადგილზეა. 

რადგან ჩვენს ტკივილზე, ქართულ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ დღევანდელი საზომებით, ორი ყველაზე ძლიერი გუნდის _ თბილისის ,,დინამოსა'' და ,,საბურთალოს'' შეხვედრას ,,დინამო არენაზე'', დაახლოებით, იმდენი ადამიანი დაესწრო, საშუალო შეძლების კაცი ქორწილში რომ ეპატიჟება ხოლმე. არადა, ეს გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში 1-2 ადგილებს იყოფენ, შეხვედრაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, თუმცა გულშემატკივარი თამაშებზე, უბრალოდ, არ დადის. ჰოდა, სანამ მაყურებელი არ დაუბრუნდება სტადიონს, არ ეშველება ქართულ ფეხბურთს და ცოდვა გამხელილი სჯობს _ უხერხულიც არის, გოლის გატანის შემდეგ, ფეხბურთელი ტრიბუნის იმ ადგილისკენ რომ მიდის, სადაც ოჯახის წევრი ეგულება. აბა, დანარჩენი ადგილები ცარიელია და სად გაიქცეს, სად გამოხატოს სიხარული?.. 

დასასრულ, ძალიან კარგი ამბავი: ადრიატიკის ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ანუ MVP-იდ ქართველი გოგა ბითაძე დასახელდა. 

,,ბითაძემ ეს აღიარება ლიგაში საკუთარი დომინაციით დაიმსახურა. ლიგის 2018/2019 წლების სეზონი დასრულდა და შედეგების შეჯამების შემდეგ, საუკეთესო კალათბურთელი ,,ბუდუჩნოსტის'' ,,დიდი კაცი'', გოგა ბითაძე გახდა'', _ წერს ადრიატიკის ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი. 

ეს აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ გოგა ახალ სეზონს აუცილებლად NBA-ში დაიწყებს და რაც დრო გადის, მას სულ უფრო აწინაურებენ. თუ აქამდე მასზე ამბობდნენ, რომ მეორე წრეში აირჩევდა NBA-ს რომელიმე გუნდი, შემდეგ პირველ წრეში არჩევაზე მიდგა საქმე და 27-ე ნომრადაც დაასახელეს, ახლა კი ამბობენ, რომ გოგას მე-20 ნომრად ,,ბოსტონ სელტიკსი'' აირჩევს, რაც ძალიან დიდი წარმატება იქნება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში