Menu
RSS

როგორ განიმუხტება მოძრაობა თბილისში და რა ცვლილებები შედის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რეფორმები, რომელთა გატარებასაც კახა კალაძე გეგმავს

თბილისის მერიამ MAN-ის მარკის 90 ახალი, მწვანე ავტობუსი პოლონეთში შეიძინა. 220 ავტობუსის შესყიდვის მიზნით კი სატენდერო პროცედურა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ქალაქში არსებული ძველი, ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, მერია ახალ ავტობუსებს დამატებით შეიძენს. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მუშაობენ, რათა 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდეს და მათთვის სწრაფი გადაადგილების დერეფნები მოეწყოს. კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რომელიც კალაძემ ამომრჩეველს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გააცნო. დედაქალაქის მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას, კერძო ავტომანქანების მოხმარების შემცირებას, სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

ბოლო წლებში, პრაქტიკულად, საკანონმდებლო დონეზე იყო წახალისებული ძველი ავტომანქანების შემოყვანა, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი კი მოუწესრიგებელი გახლდათ. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ქალაქი ძველი სატრანსპორტო საშუალებებით გაივსო, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა, საცობების რიცხვი და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად გაუარესდა. 

ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, მოსახლეობას იმის საშულებაც უჩნდება, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალებები შეიძინოს და ეს ტენდენციაც მზარდია, თუმცა ამ ფონზე თუ ქალაქმა შესაბამისი ზომები არ მიიღო და რადიკალური ნაბიჯებიც არ გადადგა, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თბილისში მოძრაობა შეუძლებელი იქნება, ჰაერის კრიტიკულ დაბინძურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აქედან გამომდინარე, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა პირველ წლებში იმდენად შედეგიანი არ იყოს, როგორც მომდევნო პერიოდში. 

ასეა თუ ისე, თბილისის მერიაში ყველა მხარე _ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც თანმხდება, რომ კერძო ავტომანქანების მოხმარების მაჩვენებლების შესამცირებლად, მოსახლეობისთვის გარკვეული სტიმული უნდა შეიქმნას. ,,ვერსიას'' თბილისის მერიაში განუმარტეს, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად, მუნიციპალური ტრანსპორტის ისეთი მოდელი უნდა შეიქმნას, როდესაც მოქალაქე დაინახავს, რომ უმჯობესია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ვიდრე _ კერძო ავტომობილით. მეტიც, შესაძლოა, ადამიანი ავტომანქანას ფლობდეს, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო მეტად მოიხმარდეს. სწორედ ამგვარი პრაქტიკა არსებობს განვითარებულ სამყაროში. რაც მთავარია, ევროკავშირის ქვეყნებში კერძო ავტომობილის ფლობის საგრძნობლად დიდი მაჩვენებელია, სამაგიეროდ, მოხმარება მცირეა, რაც ნიშნავს, რომ ევროპელები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ. 

,,ამ შედეგის მიღწევას რიგი ინსტრუმენტების გამოყენება სჭირდება, მათ შორის, პარკირების რეფორმა, რომელიც ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინსტრუმენტია შედეგის მისაღწევად. ამ რეფორმის ამოცანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების სტიმულის ზრდაა, კერძო ავტომანქანის მოხმარების მცირედი გაძვირებით, მაგრამ პარკირების რეფორმა უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად. სწორედ ამიტომ, რეფორმა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყება, რადგან 1 ივლისამდე, იმ არეალში, სადაც ზონალური პარკირების საპილოტე პროექტი ამოქმედდება, მუნიციპალიტეტი გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას მოქალაქეებისთვის. ეს გულისხმობს ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას, რაოდენობრივ ზრდას და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება პარკირების რეფორმის საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' თბილისის მერიაში. 

მალე კომპანია „სისტრა“ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმაზე მუშაობას დაასრულებს. გარდა ამისა, შეიქმნება ავტობუსების სწრაფი გადაადგილების 10 დერეფანი. თბილისის მერიაში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ მერიის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ერთდროულად გულისხმობს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, ასევე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ქსელის ოპტიმიზაციასა და რაც მთავარია, მეტროს სისტემის განახლებასაც. კერძოდ, ეს მეტროსადგურების კოსმეტიკური რემონტი კი არა, მთელი ქსელის სრული მოდერნიზაცია იქნება, ხოლო მეტროსადგურებს ახალი შემადგენლობები (მატარებლები) დაემატება. 

თბილისის მერის წინასაარჩევნო პერიოდში კალაძე, როგორც მერობის კანდიდატი, ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მისი მერობის ოთხწლიან პერიოდში, მეტროსადგურებს 12 შემადგენლობა დაემატებოდა. ეს პირობა ორი წლის ვადაშივე შესრულდება: მეტროსადგურებს 8 შემადგენლობა უკვე დაემატა, ოთხის რეაბილიტაციაზე კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე მათი მოდერნიზებაც დასრულდება. 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე, თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, თბილისის მერიამ მეტროს სრულიად ახალი ხაზის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო _ რვა ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, რაც ,,სამგორის'' მეტროსადგურს ლილოს ბაზრობასთან დააკავშირებს, აეროპორტისა და მიმდებარე დასახლებების გავლით. ამასთან, ხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სამგორიდან რუსთავამდე მიწისზედა მეტროს გაყვანასთან დაკავშირებით, რომელმაც პროექტის მიზანშეწონილობა უნდა აჩვენოს. 

მერიის ტრანსპორტის პოლიტიკა კერძო ტაქსებით მომსახურების გაუმჯობესებასაც გულისხმობს. ფაქტია, რომ სრულიად დერეგულირებულ ბაზარზე, გაზრდილი მიწოდებითა და ამორტიზებული ავტოპარკით გაწეული ტაქსის მომსახურება დაბალხარისხიანია. არადა, ყველამ კარგად იცის, რამდენად მოწესრიგებულია ეს სფერო განვითარებულ ქვეყნებში. თბილისის მერიის მიზანია, რომ უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში, თბილისის ტაქსის ბაზარი სრულიად განახლდეს. ამ მხრივ აუცილებელია ვიზუალური სტანდარტიზება და უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება. 

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის რეფორმის მეორე ფაზა იწყება. მუნიციპალიტეტმა შექმნა მოდელი, რომლის მიხედვით, კერძო სექტორის დაფინანსებით, ტაქსების ვიზუალურ სტანდარტში მოქცევა _ ფერის შეცვლა ხორციელდება. თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ, მათზე განთავსდება რეკლამა, რომელიც დამატებითი შემოსავალი იქნება უშუალოდ ტაქსების მძღოლებისთვის. ამავე რეფორმის ფარგლებში, ისინი, ინტერიერის ქიმწმენდის ვაუჩერსაც მიიღებენ. 

ტაქსების გარდა, დედაქალაქში აუცილებლად შეიცვლება მიკროავტობუსების პარკიც, რაც ახლა სრულიად ამორტიზებულია. გარდა ამისა, გადალაგდება ავტობუსების ქსელიც ანუ თუ დღეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ავტობუსი და მიკროავტობუსი ერთმანეთის პარალელურად, ერთმანეთის კონკურენციაში მოძრაობენ, მიკროავტობუსები გარეუბნებში გადაინაცვლებენ. შესაბამისად, გარეუბნები ცენტრალურ საავტობუსო და მეტროს ქსელს სწორედ განახლებული მიკროავტობუსებით დაუკავშირდებიან. 

,,ვერსიას'' თბილისის მერიაში ისიც აუხსნეს, რომ სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენება სწორი მეთოდი არაა, რადგან ნებისმიერ ინფრასტრუქტურას აქვს თავისი ლიმიტი. ამიტომ, თუ ქალაქმა სწორი პოლიტიკა არ გაატარა, შესაძლოა, ნებისმიერი ტიპის ინფრასტრუქტურა გადაიტვირთოს, რის გამოც საცობებსა და ჰაერის დაბინძურებას ვერ ავცდებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა არ უნდა გაუმჯობესდეს. არსებობს სატრანსპორტო კვანძები, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარკვეული რეკონფიგურაცია, ცვლილებები და გაუმჯობესება. მაგალითად, ყველას ახსოვს, რა გადატვირთული იყო ცინცაძე-კარტოზიას გზის მონაკვეთი და რამხელა სხვაობა მოგვცა პატარა გზაგამტარმა. 

,,დაახლოებით, ერთ თვეში, ვაშლიჯვრის კვანძის მშენებლობა დასრულდება. იქაურმა მოსახლეობამ იცის, რამხელა სხვაობას მივიღებთ მისი ამოქმედების შემდეგ. ასევე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან გზაგამტარი მოეწყობა და ესაა 112-ის ოფისიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე დამაკავშირებელი სრულიად ახალი საგზაო კვანძი, რომელიც ვაშლიჯვრის დასახლებიდან ჩამოსასვლელ ქუჩას განტვირთავს. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტიდან წყნეთის გზატკეცილთან დასაკავშირებელი ხიდის მშენებლობაც, რაც უნივერსიტეტის ქუჩასა და თამარაშვილის გამზირს საგრძნობლად დაეხმარება'', _ ამბობენ მერიაში. 

ყველა ეს პროექტი თბილისის მერიას 2019 წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში