Menu
RSS

„გული მწყდება“ _ რატომ გაუნაწყენდა ქართველი ტანმოვარჯიშე ქართულ მედიას

კახა კალაძე ფეხბურთს დაუბრუნდა _ თბილისის მერმა „ლივერპულისა“ და „მილანის“ ლეგენდების საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გასულ კვირას იაპონიაში, ჰარუ ბაშო დასრულდა. სამწუხაროდ, ლევან გორგაემ, იგივე ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსის გაკეთება ვერ მოახერხა _ 15 ბრძოლიდან 7 მოიგო, 8 წააგო და შესაბამისად, ოძეკის ტიტული დაკარგა. მომდევნო ბაშოზე, ქართველი გოლიათი სეკივაკეს ტიტულით წარსდგება გულშემატკივართა წინაშე. არადა, იერარქიულად, ოძეკი იოკუძუნას შემდეგ, ყველაზე მაღალი წოდებაა.

სხვათა შორის, აღნიშნული მარცხის შემდეგ, ბევრს ჰგონია, რომ ტოჩინოშინი ოძეკობამდე ვეღარ აღზევდება _ საამისოდ მომავალ ბაშოზე, 15 შეხვედრიდან 10-ის მოგება სჭირდება, რაც წარმოუდგენლად სულაც არ ჩანს და ლევანს ძველ საფეხურზე დაბრუნების კარგი შანსი ექნება. 

რაც შეეხება ქვედა ლიგაში მოასპარეზე მეორე ქართველს, გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა ტურნირი დადებითი _ 8:7 ბალანსით დაასრულა. ჰარუ ბაშო კი ლეგენდარულმა იოკუძუნა ჰაკუჰომ მოიგო _ 15-ვე ორთაბრძოლაში იმარჯვა, მაგრამ ბოლო შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა. ბოლო სუპერმატჩი მასსა და კიდევ ერთ იოკუძუნას, კაკურიუს შორის შედგა და მართალია, ჰაკუჰომ გაიმარჯვა, მაგრამ მოგება მარჯვენა ხელის კუნთის გაწყვეტად დაუჯდა. ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ჰაკუჰომ იმპერატორის თასის ხელში დაჭერა და აღმართვა ვერ შეძლო. 

გასული კვირა ფეხბურთელებისთვისაც გამორჩეული იყო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირველ შეხვედრაში, შვეიცარიასთან დამარცხდა. შვეიცარია, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზეა და ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები 91-ე ადგილს იკავებს. ვლადიმერ ვაისის გუნდს მთავარი დამრტყმელი ძალა, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო არ ჰყავდა, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ჩაკვეტაძის ყოფნის პირობებშიც კი, შვეიცარიული საათივით აწყობილი გუნდის დამარცხება ძალიან ძნელი იქნებოდა. 

ცნობისათვის: არაერთხელ უთქვამთ, რომ ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე ხშირად არასათანადოდ იქცევიან და ანაგვიანებენ. აი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც შვეიცარიელი გულშემატკივრების ტრიბუნასთან არის გადაღებული. შვეიცარიელებს თბილისში 500-მდე ქომაგი ჩამოჰყვათ და დანაგვიანება იმას ჰქვია, რაც ამ ხალხმა გააკეთა. 

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში თუ სურს, ეს შესარჩევი გუნდის უკეთ შესათამაშებლად, უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს და მომავალი წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის ნახევარფინალში თბილისში ჯერ ბელორუსს აჯობოს, შემდეგ კი ფინალში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს მოუგოს. დაგვეთანხმებით, რომ ეს წარმოუდგენელი სულაც არაა და საქართველოს ამ ბარიერის დაძლევა შეუძლია. ისე, ადრე, ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი ამბობდა, მთავარია მოთამაშეები შეხვედრაზე ,,მანდრაჟით'' არ გავიდნენ და ყველა მატჩის მოგება შეიძლებაო. თუ გახსოვთ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე შეხვედრა მოუგო. ჰოდა, სანამ საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდებოდა, ერთი დღით ადრე, იმავე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ეგიდით, ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე შოტლანდია... 3:0 დაამარცხა და რატომღაც გვგგონია, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მეტოქეს ,,მანდრაჟით'' არ ეთამაშები. 

უფრო შორს წასვლა თუ გაინტერესებთ, არგენტინამ (ლიონელ მესისთან ერთად) ვენესუელასთან 1:3 წააგო, ბრაზილიამ პანამას ვერ მოუგო და ფრეს დასჯერდა... ასე რომ, თამაში ყველასთან შეიძლება... 

სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ფეხბურთელებისთვის ფინანსურადაც სერიოზული სტიმული უნდა იყოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ყველა ნაკრები უეფასგან 9.2 მილიონ ევროს მიიღებს. შემდეგ, თითო გამარჯვებაზე ნაკრებს 1.5 მილიონი ევრო ერგება, ფრე კი 750 ათასად ფასობს. რა თქმა უნდა, ევროპიც ჩემპიონობაზე ფიქრი აბსურდია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონი უეფასგან დამატებით 10 მილიონს მიიღებს. 

მართალია, მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება ახლა შესარჩევ ტურნირებზეა გადატანილი, მაგრამ კვირის ბოლოსთვის ყველა უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია და წინ თვალსასეირო სანახაობა გველის. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მეტოქე ,,ბარსელონა'' იქნება, ხოლო მადრიდის ,,რეალის'' დამმარცხებელი ,,აიაქსი'' კრიშტიანუ რონალდუს ,,იუვენტუსს'' შეხვდება. დარჩენილი ორი მეოთხედფინალური წყვილი თითქოს ნაკლებად საინტერესოა _ ,,ლივერპული''-,,პორტუ'' და ,,ტოტენჰემი''-,,მანჩესტერ სიტი''. პირველი შეხვედრები 9/10 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 16/17 აპრილს შედგება. ნახევარფინალურ წყვილებში კი ერთმანეთს ტოტენჰემი-სიტი/აიაქსი-იუვენტუსს შორის გამარჯვებულები და შესაბამიად, მანჩესტერი-ბარსელონა/ლივერპული-პორტუს შორის უძლიერესები შეხვდებიან. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტს, მინიმუმ, 200 მილიონი ევროთი გაიუმჯობესებს, რაც ევროპული საზომებითაც კი ძალიან სოლიდური თანხაა. 

აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშება გაიმართა ძიუდოისტებს შორის. საქართველო რვა ძიუდოისტით იყო წარდგენილი, თუმცა უმედლოდ დარჩა. ამ ამბავში კი ყველაზე საინტერესო სხვა რამ გახლდათ _ აღნიშნული ევროპის თასის გათამაშება მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის, ილიას ილიადისის სახელობის გახლდათ. მოგეხსენებათ, ილიადისი საბერძნეთში ცხოვრობს და სანამ კარიერის გასაკეთებლად იქ გადაიხვეწებოდა, ახმეტელი ჯარჯი ზვიადაური იყო. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ თავის დროზე ჯარჯი, 14 წლის ასაკში, საბერძნეთს ორ ტატამში გავუცვალეთ. 

,,კიევში გამართულ გრან პრიზე, ოქროს ორი მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ, მაინტერესებს _ რატომ?!'' _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ გაავრცელა. 

კიევში გამართულ გრან-პრიზე, ქართველმა ტანმოვარჯიშემ უკან უკრაინელი და რუსი მეტოქეები ანუ არამარტო პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცის, არამედ მსოფლიოს დონის ტანმოვარჯიშეები მოიტოვა. გრან პრის პარალელურად, გაიმართა ლეგენდარული უკრაინელი ტანმოვარჯიშის, ირინა დერუგინას თასის გათამაშებაც, სადაც სალომე ასევე, პირველი იყო. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ დერუგინა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ოლეგ ბლოხინის ცოლი (ყოფილი) და უკრაინის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა კონკურენციაში მოუწევდა სალომეს ოქროს მედლისკენ სავალი გზის გაკვალვა და რამდენად აჯობებდა მეტოქეებს, რომლებსაც სწორედ დერუგინა წვრთნის. 

ფეხბურთით დავიწყეთ და ფეხბურთით დავასრულოთ: მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები თბილისში შვეიცარიას მასპინძლობდა, თბილისის მერი, კახა კალაძე ინგლისში, ,,ლივერპულისა'' და ,,მილანის'' ლეგენდების საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობდა. ,,მილანის'' რიგებში დიდამ, მალდინიმ, ინძაგიმ, კაკამ, კაფუმ, კოსტაკურტამ და სხვა ლეგენდებმა ითამაშეს, ,,ლივერპულის'' ღირსებას კი ისეთი ვეტერანები იცავდნენ, როგორებიც ჯერარდი, ფაულერი, კუიტი, ჰიიპია, აგერი და დუდეკი არიან. შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში