Menu
RSS

უტოპიად ქცეული განათლების რეფორმა

რატომ იცვლება პრემიერების შეცვლასთან ერთად ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია

2017 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის #533 დადგენილება გამოქვეყნდა. დადგენილებას ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს და ის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“-ის დამტკიცებას ეხება. აღნიშნული დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დევს, როგორც მთავარი სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, კარგია, როცა კონკრეტული სამინისტრო გრძელვადიან გეგმასა და სტრატეგიას მიჰყვება, თუმცა...

მანამდე იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დამტკიცებული გეგმა, რომელიც რატომღაც დაიწუნეს, შესწორებები შეიტანეს და, საბოლოო ჯამში, მიიღეს ის დოკუმენტი, რომელიც #533-ე დადგენილების სახით შევიდა ძალაში. კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძემ შეცვალა და ახალმა პრემიერმა განათლების ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა. ბატონმა მამუკამ ამ თემას სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა და განაცხადა, რომ განათლების სისტემა მისახედია, რადგან სხვაგვარად, ქართველები კონკურენტუნარიანები ვერ ვიქნებით. 

 

„როცა 2012 წელს, ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, განათლების სამინიტროს ბიუჯეტი 700 მილიონი იყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტში განათლების სექტორზე 1.6 მილიარდი ლარია გათვალიწინებული, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში კონკურენტუნარიანი სახელმწიფო გერქვას, თუ განათლების სისტემაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ ათ პროცენტს არ ხარჯავ. ამიტომ, 2020 წელს, განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი იქნება, 2021 წელს _ 2.5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს, ბიუჯეტი 3.4 მილიარდი გახდება ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%“, _ განაცხადა ბახტაძემ. 

ყველაფერი ეს ძალიან კარგია, რადგან განათლების სფეროში ჩადებული კაპიტალი ყველაზე სწორი და გამართლებული ინვესტიციაა, მაგრამ... 

ბახტაძეს თუ დავუჯერებთ, ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, თუ განათლებაზე პროცენტულად მთლიანი შიდა პროდუქტის, მინიმუმ, ორნიშნა ციფრს არ დახარჯავს. აქედან გამომდინარე, 2022 წლისთვისაც კი ანუ მაშინ, როცა განათლების სექტორს არნახული ბიუჯეტი _ 3.4 მილიარდი ლარი ექნება, ჩვენ კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით, რადგან ეს თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 6% იქნება. 

შედარებისთვის გეტყვით, რომ იაპონია, რომელიც განათლების დაფინანსების მხრივ მსოფლიოს ლიდერია, ამ სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის... 40%-ს ხარჯავს. ყველაფერი ეს იაპონელებმა თავდაცვის შემცირების, სამხედრო ექსპერიმენტების და იარაღის შეძენის ხარჯზე მოახერხეს. როგორც ისინი ამბობენ, არ სჯერათ, რომ 21-ე საუკუნეში დასჭირდებათ ან ბირთვული იარაღი, ან ისეთი შეიარაღება, რომ ფართომასშტაბიან ომში ჩაებან. 

ამის ფონზე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის, რომ ჩვენ გასულ წელს, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა ,,ჯაველინი'' შევიძინეთ, რომელიც 75 მილიონი დაგვიჯდა და, სხვათა შორის, როცა სულ რაღაც ორი თვის წინ, თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას ჰკითხეს, ,,ჯაველინების'' გასროლას სად და როდის აპირებთო, პასუხი არ გაუცია. 

ოკუპაციის პირობებში შეიარაღება აუცილებელია, მაგრამ იქნებ, სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რომ ომამდე არ მივიდეთ და სროლა არ დაგვჭირდეს, თორემ კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. 

„ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა“, _ იმავე ბრიფინგზე განაცხადა ბახტაძემ. 

მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან დატოლება და გატოლება ძალიან კარგია, მაგრამ როცა ხუთწუთიანი ინტერვალით აცხადებ, რომ 2022 წლის ჩათვლით არაფერი გვეშველება, რადგან კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით და მერე, იმას ვამტკიცებთ, რომ დანიას, ფინეთს და სინგაპურს უნდა გავუტოლდეთ, მინიმუმ, უხერხულია! 

პრემიერის თქმით, საქართველოში ეკონომიკა და განათლება აცდენილია ერთმანეთს (დაახლოებით, ისე, როგორც დემოკრატიამ გაუსწრო ეკონომიკას) ანუ თავი და თავი ეკონომიკაა და ისე ჩანს, სწორედ ეკონომიკის მომძლავრებით ეშველება ყველა სფეროს. 

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა სფეროს კი არ უნდა მივაბათ ეკონომიკა, არამედ ეკონომიკას უნდა მივაბათ ყველაფერი და სადამდეც საბანი გაგვწვდება, იქამდე უნდა დავიფაროთ. მერე, ისე არ გამოვიდეს, რომ განათლებაში მილიარდები ჩაიდოს და აქეთ სოფლის მეურნეობას მოაკლდეს, იქეთ _ ჯანდაცვას და თავდაცვას. თანაც, რამდენჯერაც პრემიერი შეიცვლება, იმდენჯერ თუ სტრატეგიები ვცვალეთ ყველა მიმართულებით, საშველი აღარ იქნება და ისე გამოვა, რომ მხოლოდ ქაღალდზე დარჩება დაწერილი ოცნებები და განხორციელებას ვერ მოვახერხებთ, რადგან ახალი ხელმღვანელი ახლებურად დაინახავს მოვლენებს და ახლიდან ჩამოწერს განვითარების გეგმას. 

აგერ, კვირიკაშვილის აზრით, რაღაც ნიშნულამდე 2021 წელს უნდა მივსულიყავით, ბახტაძემ ეს ნიშნული 2022 წლამდე გადაწია და ყოველი პრემიერის შეცვლის შემდეგ, 1-2 წელს თუ მივამატებთ, ბოლოში ვერასდროს გავალთ. 

„ძალიან მინდა, რომ პედაგოგი საქართველოში გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, ამიტომ ყოველწლიურად შევეცდებით, გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო დაწესებულებებში“, _ იმავე ბრიფინგზე განაცხადა პრემიერმა. 

ბატონო მამუკა, ყველაფერი ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ წინა პრემიერმა თქვა, რომ როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო დაწესებულებებში არიან პედაგოგები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი განათლება, არ აქვთ შესაბამისი დიპლომი და ბავშვები ვერ იღებენ შესაბამის ცოდნას. მანვე დააანონსა, რომ ამ მიზნით მოხდებოდა პედაგოგთა გადამზადება, სპეციალური გამოცდების ჩატარება, მოთხოვნების გაზრდა-გამკაცრება, რადგან საქმე ბავშვებს, ჩვენს მომავალს ეხება. და თქვენ თუ იცით, რომ ამ მიმართულებით არაფერი განხორციელებულა, არაფერი შეცვლილა და ამის მიუხედავად, ადგილებზე კვირიკაშვილის მოწოდება თავისებურად გაიგეს და, პრაქტიკულად, ყველა ტერიტორიულ ერთეულში, სკოლამდელ დაწესებულებაში მომუშავე იმ პედაგოგებს, რომლებსაც დიპლომი აქვთ, ხელფასი 50 ლარით გაუზარდეს. 

ჰო, დიპლომსა და უდიპლომობას შორის, ზუსტად 50-ლარიანი ზღვარი გაივლო და მეტი არაფერი შეცვლილა. 

ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებაში მომუშავე მზარეულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერთიფიკატი ანუ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ საკვების მომზადების მიმართულებით რაღაც გაეგებათ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ _ სკოლამდელ დაწესებულებებში მზარეულთა 90%-ზე მეტი ამ სერთიფიკატის გარეშე მუშაობს და ბავშვებს საკვებს უმზადებს. 

სხვათა შორის, განათლების სისტემაზე კოლოსალური თანხების დახარჯვა ქართული „ნოუ ჰაუ“ არ გახლავთ. ბოლო რამდენიმე წელია, პრაქტიკულდ, ყველა ქვეყანა განათლების სისტემაში სერიოზულ თანხებს დებს. 

ავსტრიის მაგალითზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანამ განათლების სფეროში ჩადებული თანხით არამარტო ცოდნის საერთო დონე აამაღლა, არამედ ტურისტული პოტენციალიც გაზარდა. მას შემდეგ, რაც ავსტრიას ხელსაყრელი და შესაბამისი განათლების მიღების იმედით არაერთმა უცხოელმა მიაკითხა, ყველაფერი ტურიზმსაც დაეტყო. სტუდენტებმა ავსტრიაში ჩაიყვანეს ოჯახის წევრები, ოჯახის წევრებმა _ მეგობრები და ისე გამოვიდა, რომ განათლების სფეროს წამოწევით, ტურისტულმა პოტენციალმა 12%-ით მოიმატა, რაც ავსტრიული მასშტაბებით, ასეულ მილიონობით ევროა. 

უცხოელი სტუდენტების რაოდენობას, ერთი შეხედვით, ჩვენც არ ვუჩივით, მაგრამ საქართველოში განათლების მისაღებად ძირითადად ინდოეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან ჩამოდიან. ევროპული ქვეყნების სტუდენტები ჩვენთან თითქმის არ არიან და თუ ბახტაძის ინიციატივის შემდეგ ისე მოხდება, რომ საქართველოში ევროპის წამყვანი ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ, მაგას რა აჯობებს, თუმცა მანამდე ალბათ, ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე უნდა შეთანხმდეს, რომ ახალი პრემიერის, ან ახალი განათლების მინისტრის, ან მთლიანად, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, აღებული გეზი არ შეიცვლება და ისინი განვითარების სტრატეგიას საკუთარ თარგზე არ მოჭრიან. სხვაგვარად არაფერი გამოვა, რადგან გამორიცხულია, ახლადმოსულს წინამორბედის გეგმებთან შენიშვნები არ ჰქონდეს და საკუთარ გუნდს „უკეთესი“ იდეები არ დააწერინოს. განათლება კი ის სფეროა, რომელზეც სახელმწიფოს აწმყო და მომავალი ერთნაირად დგას.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში