Menu
RSS

რატომ გააძევა მსაჯმა ზაზა ფაჩულია მოედნიდან

NBA-ის ყველაზე ძვირადღირებული ვარსკვლავები

ზაზა ფაჩულია NBA-ში ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველია, მაგრამ ეს ჯერჯერობით, რადგან ივნისში გასამართ დრაფტზე აუცილებლად აირჩევენ გოგა ბითაძეს, რომელიც ამერიკულ კარიერას გაისად დაიწყებს. გოგას თამაში არაერთმა სკაუტმა ნახა და უფრო მეტიც _ სკაუტები ევროპაში ბითაძის გუნდს, ქართველის თამაშის სანახავად დაჰყვებიან.

რაც შეეხება ზაზას, გასულ კვირას მას ინციდენტი შეემთხვა. დეტროიტი-ტორონტოს მატჩის დროს, ფაჩულია მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, ჩათვალა, რომ მეტოქე მას ეუხეშა და რეფერისგან ჯარიმას ითხოვდა. საბოლოოდ, ზაზა მოედნიდან გააძევეს (რაც კალათბურთში იშვიათია) და შემდეგ, მომხდარზე სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა. 

,,დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა'' _ ასეთი ვერდიქტი გამოიტანა სადისციპლინო კომიტეტმა და ქართველი ცენტრი 25 ათასი დოლარით დააჯარიმა. გაგიკვირდებათ და, NBA-ს საზომებით, ეს არ არის სოლიდური ჯარიმა და კალათბურთელებს ასეულ ათასობით დოლარიც გადაუხდიათ ჯარიმის სახით. მაღალი ჯარიმები კი მაღალი ხელფასებით არის გამოწვეული. დღეის მდგომარეობით, ზაზას ჯამაგირი 2 393 887 დოლარია და ეს მაშინ, როცა თავის დროზე ზაზა 4 მილიონზე მეტს იღებდა, მაგრამ ახლა ის ვეტერანად ითვლება და ხელფასი მართალია, სოლიდური აქვს, მაგრამ NBA-ს საზომებით, არცთუ _ მაღალი. 

რას ვგულისხმობთ NBA-ს საზომებში, ახლავე აგიხსნით და იმ კალათბურთელთა ათეულსაც შემოგთავაზებთ, რომლებსაც ამერიკულ საკალათბურთო ლიგაში ყველაზე მაღალი ჯამაგირი აქვთ. 

პირველ ადგილზე, რაღა თქმა უნდა, მეფედ შერაცხული ლებრონ ჯეიმსია. ის ლოს-ანჯელესის ,,ლეიკერსში'' გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ოფიციალურ ანაზღაურებად 35.7 მილიონი დოლარი აქვს. ამას ემატება სპონსორებისგან დარიცხული 53 მილიონი და გამოდის, რომ წლიურად ჯეიმსი 88.7 მილიონს იღებს, რაც NBA-ში დღეისთვის ყველაზე სოლიდური შემოსავალია. 

ცნობისათვის, ჯეიმსი 35 წლის 30 დეკემბერს გახდება. მან შარშან ,,ლეიკერსთან'' 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ანუ კალათბურთს, მინიმუმ, 38 წლამდე ითამაშებს და, მთლიანობაში, 354.8 მილიონ დოლარს მიიღებს. 

მეორე ადგილზე ,,გოლდენ სტეიტის'' კალათბურთელი, ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი, სტეფ კარია. ის წლიურად 79.5 მილიონ დოლარს იღებს, საიდანაც 37.5 მილიონი სუფთა ხელფასია, ხოლო დარჩენილი 42 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებიდან ერგება. 

მესამე ადგილზე ფაჩულიას კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი, კევინ დიურანტია. დიურანტი 30 მილიონ დოლარს ხელფასად იღებს, 35 მილიონს სპონსორები უხდიან ანუ მთლიანად 65 მილიონს. 

სხვათა შორის, დიურანტი არ მალავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, კალათბურთში დარჩენა უკვე NBA-ს რომელიმე გუნდის მფლობელად სურს და საამისოდ თანხასაც აგროვებს. მას კარიერის განმავლობაში 350 მილიონი გამომუშავებული აქვს, ერთ ამდენს კიდევ გამოიმუშავებს, მაგრამ რომელიმე კლუბს მთლიანად მაინც ვერ იყიდის და მხოლოდ აქციონერი თუ გახდება... მსხვილი აქციონერი. 

რასელ ვესტბრუკი მეოთხე საპატიო ადგილს იკავებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაისად მესამეზე გადავა. მართალია, ის მესამეზე მყოფ დიურანტს გვარიანად ჩამოუვარდება, რადგან ხელფასად 35.7 მილიონი აქვს, ხოლო სპონსორებისგან სულ რაღაც 18 მილიონს იღებს, მაგრამ ,,ნაიკმა'' მისი სახელობის ფეხსაცმელი გამოუშვა და, როგორც ჩანს, საკმაოდ სარფიანად, რადგან ,,ნაიკი'' კიდევ ერთი ახალი სპორტული ფეხსაცმლის ჩაშვებას აპირებს და ისიც ვესტბრუკის სახელობის იქნება. ეს კი მის შემოსავალს ავტომატურად გაზრდის ანუ სარეკლამო შემოსავალს, თორემ ხელფასად ვესტბრუკს ზუსტად იმდენი აქვს, რამდენიც პირველ ადგილზე მყოფ ლებრონ ჯეიმსს. 

მეხუთე ადგილზე NBA-ში ყველაზე ცნობილი წვერის მქონე ჯეიმს ჰარდენია. ჰარდენს, ხელფასის სახით, ყოველწლიურად 30.4 მილიონი ერიცხება, სპონსორებიდან _ 17, თუმცა მის ხელფასზე საინტერესო სხვა რამაა: მას წვერის მოვლა თვეში, დაახლოებით, ათი ათასი დოლარი უჯდება და ამას არც მალავს. 

საგულისხმოა ისიც, რომ ჰარდენის გუნდის, ,,ჰიუსტონ როკეტსის'' გენერალური სპონსორი ,,ნაიკია'', მისი პირადი სპონსორი კი _ ,,ნაიკის'' კონკურენტი ,,ადიდასი''. შედეგად, თამაშებზე ჰარდენი ,,ნაიკის'' ლოგოიანი მაისურით თამაშობს, მოედნის გარეთ კი მხოლოდ ,,ადიდასი'' აცვია, რადგან კონტრაქტით ასეა გათვალისწინებული. 

მეექვსე ადგილზე კრის პოლი გახლავთ. მან ,,ჰიუსტონთან'' კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა და ისიც, ჯეიმსის დარად, 34 წლის გახლდათ, ჯემისის დარად, 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ისევ ჯეიმსის დარად, წლიურად 35.7 მილიონს იღებს, ამას რეკლამებიდან მიღებული 8 მილიონიც დაამატეთ და მიხვდებით, რომ პოლს უზრუნველი სიბერე გარანტირებული აქვს. 

მეშვიდე ადგილზე NBA-ში, ალბათ, ყველაზე უცნაური გვარის მქონე იანის ანტეტოკოუნმპოა. საინტერესოა, რომ ვესტბრუკის დარად, ,,ნაიკი'' მისი სახელობის ფეხსაცმელის გამოშვებასაც აპირებს და, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მყიდველს მაღაზიაში ანტეტოკოუნმპოს წარმოთქმა ძალიან გაუჭირდება. 

რაც შეეხება ხელფასს, იანისი წლიურად 24.2 მილიონს იღებს, სპონსორები კი ზედ 19 მილიონს ამატებენ. 

,,პორტლენდის'' მოთამაშე დემიენ ლილარდი, საპატიო მერვე ადგილს იკავებს. მან ზუსტად იცის, კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებს, რადგან აშშ-ში საკმაოდ ცნობილი რეპერია და რამდენიმე ალბომიც აქვს გამოშვებული. მისი ალბომები კარგად იყიდება და რომც არ გაიყიდოს, წლიური 28 მილიონი ხელფასი და 13 მილიონი სარეკლამო შემოსავალი ჩავარდნილ ალბომსაც აიტანს. 

მეცხრე ადგილზე გასულ ბლეიკ გრიფინს კიდევ 4 წელი შეეძლება მშვიდად ყოფნა. მან შარშან გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც წლიურად 32.1 მილიონს ხელფასად აიღებს, სპონსორებისგან კი 7 მილიონი ერგება. 

ათეულს პოლ ჯორჯი ხურავს. ,,ოკლაჰომას'' ლიდერს წლიურად 38.6 მილიონი აქვს, რომლიდანაც 8 მილიონი რეკლამებზე მოდის, დანარჩენი ხელფასია. 

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს NBA-ში დაწესებული ჯარიმები და ამიტომ, არც ზაზასთვის დაკისრებული 25 ათასი დოლარი გაჰკვირვებია ვინმეს. 

ისე, თავში გოგა ბითაძე ვახსენეთ, რომელსაც 99%-იანი სიზუსტით, დრაფტის პირველ წრეში აირჩევენ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მას კლუბმა მინიმუმ, 5-წლიანი კონტრაქტი უნდა გაუფორმოს და ასევე, მინიმუმ, ხელფასად 4 მილიონი დაუნიშნოს. 

გოგა 20 წლის 20 ივლისს ხდება ანუ ახალ გუნდში დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე გადავა და დაგვეთანხმებით, რომ 19 წლის ბიჭისთვის, ეს ურიგო მომავალი ნამდვილად არ არის.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში