Menu
RSS

პარკირების საათობრივი საფასური 50 თეთრით განისაზღვრება

როგორ განტვირთავს პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადი თბილისს საცობებისგან

პარკირების საათობრივი საფასური, მინიმუმ, 50 თეთრით განისაზღვრება. თუმცა თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, გამორიცხული არაა, რომ ეს გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. უკვე ცნობილია, რომ პარკირების საათობრივი გადასახადის სისტემა 2019 წლის 1 ივლისიდან, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩით დაიწყება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააანონსა, რომ დედაქალაქში პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადი დაწესდებოდა. საერთოდ, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი განვითარება კალაძის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და სამარშრუტო სქემის გაფართოებას გულისხმობდა. 

პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადიც იმ პროგრამის ნაწილია, რომლითაც კალაძე დედაქალაქის მერი გახდა. პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის შესახებ თბილისის ვოცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკმაოდ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოში სპეციალური შეხვედრა გაიმართება, სადაც პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის შესახებ იმსჯელებენ: 

,,თათბირს საკრებულოს ტრანსპორტის კომისია, ან თავმჯდომარე ჩაატარებს. სურვილი მაქვს, ამ სხდომაზე სპეციალისტებიც მოვიდნენ, რათა ერთად შევჯერდეთ, თუ რა საფეხურებით წავიდეთ ზონალური პარკირების საფასურთან დაკავშირებით. ჩემი იდეაა, რომ მინიმალური საფასური 50 თეთრიდან დავიწყოთ, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, რადგან ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და პროცესში უნდა დავაკვირდეთ. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი _ ყოფილი ლესელიძის ქუჩა, მიმდებარე ქუჩების ჩათვლით. თუ 50-ტეთრიანმა ტარიფმა შედეგი მოგვცა, დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი ფულის მოკრება კი არა, მანქანების მოხმარების შემცირებაა“. 

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემის შემოღების მიზანი ისაა, რომ მძღოლებმა საკუთარი ავტომობილები სახლებთან დატოვონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდნენ, თუმცა ვიცე-მერმა იქვე დასძინა, რომ ამისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც აუცილებელია: 

„ვერ ვიქნები მართალი მოსახლეობასთან, რომ ამ ინსტრუმენტით ვაიძულო, ის ტრანსპორტი მოიხმარონ, რომელიც დღეს ქალაქში დადის. საათობრივი საფასურის სისტემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლების პარალელურად უნდა შემოვიდეს და აქაც მინიმალური საფასური 50 თეთრი უნდა იყოს. შედეგს უნდა დავაკვირდეთ... მოთხოვნა საპარკინზე ადგილზე უნდა დავაბალანსოთ ისე, რომ შევსებული და თავისუფალი სივრცე 85/15%-ზე იყოს“. 

სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძემ ისიც განაცხადა, რომ თვითონ, როგორც ქალაქის ვიცე-მერი, პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის სისტემის შემოღების შემდეგ, აუცილებლად გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების მიზანი ისაა, რომ მოსახლეობას, რომელიც ამ შემთხვევაში, ყოფილ ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრობს, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და ქალაქი საცობებისგან განტვირთოს. მისივე განმარტებით, ლესელიძისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწევთ: 

„პარკირების გადახდის ეს სისტემა მთელ ქალაქში არ ხორციელდება. თავდაპირველად, ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებზე დაიწყება, სადაც მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდას აპირებს. ზონალურ-საათობრივი პარკირება მიზნად ისახავს, კომფორტი შეუქმნას ადგილობრივ მაცხოვრებელს მანქანის პარკირებაზე ანუ მათ, საცხოვრებელ სახლთან მანქანის პარკირებაზე საათობრივი საფასური არ დაუწესდებათ. რაც შეეხება სამსახურსა და ოფისებში მიმავალ თანამშრომლებს, ისინი უფრო მეტად უნდა მოიხმარდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის შემოღებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანი ქსელი მერიამ განაახლა, რომელიც მარტში დასრულდება და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ გაიზრდება''. 

ირაკლი ხმალაძემ დააზუსტა, რომ 1 ივლისამდე ანუ იქამდე, ვიდრე პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის სისტემა ამოქმედდება, დედაქალაქის ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც ლესელიძემდე მიდის. მისი თქმით, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება და ამის შემდეგ დაწესდება საფასური, როგორც ლესელიძეზე, ასევე სხვა უბნებში, თუმცა ხმალაძემ იქვე დასძინა, რომ თბილისის შემდგომი არეალების დაფარვის მიზნით მუშაობა 2019 წლის ბოლოდან დაიწყება. 

თბილისის ვიცე-მერმა ისიც განმარტა, რომ ლესელიძის ქუჩაზე სპეციალური აღნიშვნები და გადახდის აპარატებიც დამონტაჟდება. მსურველებს პარკირების საფასურის გადახდა სპეციალური აპლიკაციის საშუალებითაც შეეძლებათ. მისივე თქმით, ავტობუსებთან ერთად, ლესელიძის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსებიც ივლიან. 

რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, ირაკლი ხმალაძეს არ დაუკონკრეტებია, რამდენი იმოძრავებს ლესელიძის ქუჩაზე, თუმცა აღნიშნა, რომ იქ, თავდაპირველად, 10-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. 

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის პარალელურად, თბილისში ერთწლიანი, 50-ლარიანი საპარკინგე საშვებიც შენარჩუნდება. მისივე თქმით, ეს საშვები იმ არეალებს ეხება, სადაც პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადი არ გავრცელდება. რაც მთავარია, ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას კვლევას მარტის ბოლოს წარუდგენს, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადებისა და ახალი ხაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება ასახული. 

თბილიის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანასა და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება: 

,,ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი, ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, დავარეგულიროთ ქალაქში სატრანსპორტო ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად, კერძო მანქანებისკენ იზრდება. ჩვენი მიზანი, სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა''. 

ალაძემ განმარტა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში, დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელია და ის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა: 

,,ამ დღეებში, საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადავუგზავნით თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, 1 ივლისიდან, რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით, დიფერენცირებული იქნება. ამაზე საკრებულოსთან ერთად, დამატებით ვიმსჯელებთ. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებია. ამავდროულად, თბილისის მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას სხვა არეალებზეც“. 

დედაქალაქის მერის განმარტებითვე, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებსა და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო, 15-წუთიანი პარკირებით. 

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი: ყოველწლიურად, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა, საშუალოდ, 8%-ით იზრდება. დღეს, ქვეყანაში 1 200 000 ავტომობილია. 2018 წელს, 52 308 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა. ავტოპარკის ნახევარი, 20 წელზე ზევითაა. საქართველოში რეგისტრირებული მანქანების 36%, თბილისშია. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერიის გათვლებით, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე, ხელს პარკირების ახალი პოლიტიკის შემოღება შეუწყობს. ეს გულისხმობს ქალაქის ზონებად დაყოფასა და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში