Menu
RSS

რევოლუციური ცვლილებები ფეხბურთში _ მატჩის დრო 45-დან 30 წუთამდე მცირდება

რა ერქმევა ამიერიდან ეროვნულ ლიგას და რატომ ეწერა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს მაისურებზე აზერბაიჯანი

სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციაში აქტიურად მიდის ხოლმე იმის განხილვა, რა უნდა გამოსწორდეს, რა წესი უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა დაიხვეწოს სახეობა, რომ უფრო დინამიური და თვალსასეირო გახდეს. ძირითადად, წესები ძალისმიერ სპორტში შეაქვთ: ჭიდაობასა და ძიუდოში ხან ხელის ფეხში ავლება იკრძალება, ხან _ პირიქით და...

აი, ფეხბურთში ძალიან იშვიათად იცვლება რამე და ალბათ, იმიტომ, რომ სპორტის ნომერ პირველ სახეობად ფეხბურთი აგერ, უკვე მერამდენე ათეული წელია, რჩება. ამის მიუხედავად, ფიფა-ში ფეხბურთის წესების ცვლილებაზე მაინც დაფიქრდნენ და ისეთი ამბავი ამცნეს გულშემატკივარს, სოციალური ქსელი აფეთქდა და შვეიცარიაში, ფიფა-ს შტაბ-ბინის წინ აქციებიც გაიმართა. ვერ გეტყვით, ვის მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ ფიფა-ს უახლოეს კონგრესზე საფეხბურთო მატჩის დროის შემცირებაზე იმსჯელებენ ანუ 45-წუთიანის ნაცვლად, 30-წუთიანი ტაიმები გაიმართება და მთელი მატჩი ერთი საათი გაგრძელდება. 

,,შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ გულშემატკივარს დროს ვპარავთ. არადა, პირიქით, დროს ვუმატებთ. ეს ერთი საათი იქნება სუფთა დრო, როგორც კალათბურთშია ანუ როცა ბურთი არ იქნება თამაშში, დრო ავტომატურად გაჩერდება. შეხედეთ საკალათბურთო შეხვედრებს. ოფიციალურად ისინი 40 წუთს თამაშობენ, რეალურად კი შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გრძელდება'', _ აცხადებენ ფიფაში. 

აღნიშნულ პროექტს უკვე აპროტესტებენ ის კომპანიები, რომლებიც საფეხბურთო ბაზარზე რეკლამის განთავსებით არიან დაკავებული. რეკლამებიდან საფეხბურთო კულბებსა თუ ფედერაციებს, ყოველწლიურად, სამ მილიარდ დოლარზე მეტი შესდით და, რაღა თქმა უნდა, დროის შემცირება ავტომატურად შემოსავლის შემცირებას გამოიწვევს. ესეც არ იყოს, კალათბურთთან ფეხბურთის შედარება არ შეიძლება, რადგან როცა კალათბურთში ათი წამია დარჩენილი, მეტოქე გუნდები ათასგვარ სქემას ხაზავენ და ისტორიას ისიც ახსოვს, რომ 11 წამში, საკალათბურთო მატჩში 9 ქულა ჩავარდნილა. აი, ფეხბურთში კი დარჩენილი ათი წამი არაფერი იქნება, ფეხბურთელები, უბრალოდ, დადგებიან და ერთმანეთს დაუწყებენ ყურებას, თუმცა... 

,,როცა ფეხბურთელს ეცოდინება, რომ 90 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 60 წუთი მოუწევს სირბილი, ის ბოლომდე დაიხარჯება, ეს კი თამაშს უფრო დინამიურს გახდის'', _ ასეთია ფიფა-ს მოსაზრება. 

ამ წესთან ერთად, ფიფა-ში კიდევ ორ შესაძლო ცვლილებაზე იმსჯელებენ. პირველი, სტუმრად გატანილი გოლის ფაქტორს ეხება. მოგეხსენებათ, სტუმრად გატანილი გოლი მომდევნო შეხვედრაში მასპინძელ გუნდს უპირატესობას აძლევს. მაგალითად, თუ მეტოქე პირველ შეხვედრას სტუმრად 1:2-ს წააგებს, სახლში კი 1:0-ს მოიგებს, საერთო ჯამში, საყაიმო ანგარიშის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გუნდი გადის, ვინც სტუმრად გოლის გატანა მოახერხა. ფიფა ფიქრობს, რომ ეს წესი უნდა შეიცვალოს და სტუმრად თუ საკუთარ მოედანზე გატანილ გოლს თანაბარი ძალა ჰქონდეს. 

კიდევ ერთი ცვლილება შესაძლოა, მეკარესთვის ბურთის დაბრუნების წესს შეეხოს: თუ მეკარეს თანაგუნდელი საჯარიმოში უბრუნებს ბურთს და მეკარე მას ხელით ეხება, მოქმედი წესების თანახმად, თავისუფალი დარტყმა ინიშნება. ახალი წესის მიხედვით კი, პირდაპირ 11-მეტრიანი დაინიშნება და სავარაუდოდ, ბოლო ორი ცვლილება მარტივად დამტკიცდება. 

აი, 90 წუთის 60-მდე დაყვანის თემა კი სერიოზული პოლემიკის საგანი უნდა გახდეს. 

ეს, რაც შეეხება შესაცვლელ წესებს, თორემ იმავე სხდომაზე ფიფა-მ ფეხბურთში ერთბაშად შვიდი ახალი ცვლილება უკვე შეიტანა და ამიერიდან, ფეხბურთელები ამ ახალ წესებს დაემორჩილებიან. 

1. თუ გოლის გატანისა და საგოლე მომენტის დროს, ფეხბურთელი ბურთს ხელით შეეხო სპეციალურად თუ უნებლიეთ, ამიერიდან წესების დარღვევად ჩაითვლება. აქამდე გამიზნულად ხელით თამაში ისჯებოდა და ამასაც მსაჯი წყვეტდა, როდის იყო გამიზნული და როდის _ არა. 

2. შეცვლილმა ფეხბურთელმა მოედანი ახლოს მდებარე გვერდით ხაზთან უნდა გადაკვეთოს. აუცილებელი აღარ იქნება მოედნის ცენტრთან მისვლა და შემცვლელთან ჩახუტება. ამით, რა თქმა უნდა, დრო იზოგება, როცა ფეხბურთელები ნელა მიდიან მოედნის ცენტრამდე. 

3. საჯარიმო დარტყმის დროს შემტევი გუნდის ფეხბურთელები „კედელში“ ვერ ჩადგებიან, რომელსაც მეტოქე დგამს. მინიმალური დაშორება მეტოქეებს შორის ერთი მეტრი უნდა იყოს. ამასთან ერთად, შემტევი გუნდის ფეხბურთელებს მეტოქის „კედელსა“ და ბურთს შორის საკუთარი „კედლის“ დადგმა შეუძლიათ. ამის მიზანი ფეხბურთელებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრა და დროის დაზოგვაა. 

4. გაუქმებულია წესი, რომლის მიხედვითაც, კარიდან დარტყმის შემდეგ, ბურთმა მეკარის საჯარიმო ზონა უნდა დატოვოს, სანამ მოედნის ფეხბურთელი შეეხება. ახლა მეკარე და ფეხბურთელი საჯარიმოშივე შეძლებენ ბურთის გათამაშებას. 

5. ამიერიდან პენალტის დარტყმის დროს, მეკარეს შეუძლია, კარის ხაზს მხოლოდ ერთი ფეხით შეეხოს. პრინციპში, წინა წესს, როცა ორივე ფეხი ერთ ხაზზე უნდა ჰქონოდა, პრაქტიკულად, ერთი მეკარეც არ ასრულებდა. 

6. ყვითელ და წითელ ბარათებს ახლა მწვრთნელებსაც მისცემენ. აქამდე მსაჯები ჟესტებით და სიტყვებით მწვრთნელებს ტრიბუნაზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. 

7. თუ ბურთი მსაჯს მოხვდა, „სადავო ბურთი“ დაინიშნება. აქამდე, მსგავს მომენტებში თამაში არ ჩერდებოდა. 

რადგან მსოფლიო ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ეროვნულ პირველობაზეც ვთქვათ, რომელმაც სტარტი გასულ უქმეებზე აიღო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სპონსორი, საბუკმეიკერო კომპანია ,,კრისტალბეთი'' გახდა. ამაში უცხო არაფერია, რადგან არაერთ წამყვან ჩემპიონატს ჰყავს სპონსორად საბუკმეიკერო კომპანიები, მაგრამ ჩვენთვის ცოტა უცნაური ის გახლავთ, რომ ეროვნულ ლიგას, 2019 წელს, ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა'' ერქმევა და ოფიციალურ დონეზეც ასე იქნება მოხსენიებული. 

სხვათა შორის, უცნაური გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მაგალითად, 2012-13 წლების სეზონში, მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მაისურზე აზერბაიჯანი ეწერა. ეს ჩვენი მეზობლების სახელმწიფო პროგრამა იყო და ამ წარწერის სანაცვლოდ, 50 მილიონი დოლარიც კი გადაიხადეს. სამაგიეროდ, ,,ატლეტიკომ'' ევროთასებსა თუ შიდა ქვეყნის ჩემპინატზე ასამდე მატჩი ჩაატარა, ყველა მათგანს მილიონობით გულშემატკივარმა უყურა და ყველა ძალაუნებურად კითხულობდა მაისურზე წარწერას _ ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი რეკლამა იყო და, როგორც ითქვა, გაამართლა კიდეც. 

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ერთი პერიოდი ,,ატლეტიკოს'' სპონსორი ადგილობრივი კინოთეატრი იყო და ყოველ თამაშზე გუნდის ფეხბურთელებს მაისურზე იმ ფილმის სახელწოდება ეწერათ, რომელიც კინოთეატრში მომავალ კვირას უნდა გასულიყო. შესაბამისად, მთელი სეზონი გუნდმა სხვადასხვა წარწერიანი მაისურებით ითამაშა და ქართულ სინამდვილეში ამის განხორციელება საინტერესო იქნებოდა: ერთ კვირას რომ ფეხბურთელებს მაისურზე ,,არაჩვეულებრივი გამოფენა'' ეწერებოდათ, მეორე კვირას _ ,,მაგდანას ლურჯა'' და თვის ბოლოს _ ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ'', მართლა თვალსასეირო სანახავი იქნებოდა.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში